დღენაკლულთა რეტინოპათია არის დარღვევა, რომლის დროსაც თვალის უკანა ზედაპირის (რეტინა) წვრილი სისხლძარღვები პათოლოგიურად იზრდება.
ნაადრევად დაბადებულ ჩვილებს შესაძლოა გარკვეული დროით შეუჩერდეთ იმ სისხლძარღვების ზრდა, რომლებიც რეტინას ამარაგებენ. როდესაც ზრდა გრძელდება, იგი არაორგანიზებულად ვითარდება. არაორგანიზებულად სწრაფი ზრდის პერიოდში წვრილი სისხლძარღვებიდან ვითარდება სისხლდენა, რაც დანაწიბურებას იწვევს. ყველაზე მძიმე შემთხვევებში ამ პროცესმა შესაძლოა საბოლოოდ თვალის უკანა ზედაპირიდან ბადურის აშრევება და მხედველობის დაკარგვა გამოიწვიოს.
ახალშობილებს, რომელთაც დღენაკლულთა რეტინოპათია უვითარდებათ, არ აქვთ სიმპტომები და დიაგნოზი დამოკიდებულია ოფთალმოლოგის მიერ თვალის უკანა ზედაპირის ყურადღებიან გასინჯვაზე. ამისთვის ოფთალმოლოგი გულდასმით სინჯავს დღენაკლული ახალშობილების თვალებს, რომლებიც დაბადებიდან 4 კვირაში 3 ფუნტზე ნაკლებს (1500 გ) იწონიან. თვალის შემოწმება ხდება განმეორებით, საჭიროების მიხედვით, ყოველ 1-2 კვირაში, სანამ ბადურაზე სისხლძარღვების ზრდა არ დასრულდება. მძიმე რეტინოპათიის მქონე ახალშობილებს ცხოვრების განმავლობაში თვალის გამოკვლევა მინიმუმ, ყოველწლიურად უნდა ჩაუტარდეთ. თუ ბადურის აშრევება ადრიანად მოხდება, მისი მკურნალობა შესაძლებელია, რათა დაავადებულ თვალში მხედველობის დაკარგვა თავიდან ავიცილოთ.
ჟანგბადის უკმარისობის მქონე დღენაკლულ ახალშობილებს ჟანგბადის დონე განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მიეწოდოს, მაქსიმალურად მცირე მოცულობით. ჟანგბადის დონეზე ირიბად დაკვირვება შესაძლებელია პულსოქსიმეტრის გამოყენებით (გარეთა სენსორი, რომელიც ფეხის ან ხელის თითზე სისხლში ჟანგბადის დონეს ზომავს).
რეტინოპათია, როგორც წესი, არის მსუბუქი და ლაგდება სპონტანურად. ძალიან მძიმე დღენაკლულთა რეტინოპათიისას ტარდება ლაზერული თერაპია ბადურის უკიდურესად გარეთა ნაწილზე. იგი აჩერებს სისხლძარღვების პათოლოგიურ ზრდას და ამცირებს ბადურის აშრევებისა და მხედველობის დაკარგვის რისკს.