ახალშობილთა ანემია | მკურნალი.გე
  1. ახალშობილთა ანემია
  2. პრობლემები ახალშობილთა ასაკში
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
ახალშობილთა ანემია

ანემია არის დარღვევა, როდესაც სისხლში ძალიან ცოტა სისხლის წითელი უჯრედებია.

  • ანემია შესაძლოა განვითარდეს, როდესაც სისხლის წითელი უჯრედები სწრაფად იშლება, იკარგება ბევრი სისხლი ან ძვლის ტვინი ვერ წარმოქმნის საკმარისი რაოდენობის სისხლის წითელ უჯრედებს;

  • თუ სისხლის წითელი უჯრედები ძალიან სწრაფად იშლება, მაშინ ბილირუბინის დონე იზრდება და ახალშობილის კანი და სკლერები ყვითელი ფერის ხდება (სიყვითლე);

  • თუ დიდი რაოდენობით სისხლი ძალიან სწრაფად იკარგება, ახალშობილს შესაძლოა განუვითარდეს შოკი, გაფერმკრთალდეს, გაიზარდოს გულისცემის სიხშირე და ზედაპირული სუნთქვის ფონზე წნევა დაეცეს;

  • თუ არის ნაკლებად მწვავე სისხლის დანაკარგი ან სისხლი თანდათანობით იკარგება, ახალშობილი სტაბილურადაა, მაგრამ ფერმკრთალია;

  • მკურნალობა შესაძლოა მოიცავდეს სითხეების მიცემას ინექციით (ინტრავენურად), რასაც მოჰყვება სისხლის გადასხმა ან სისხლის შენაცვლებითი ტრანსფუზია.

ნორმაში ძვლის ტვინი არ ახორციელებს ახალი სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას დაბადებასა და 3-4 კვირის ასაკს შორის, რაც იწვევს სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის ნელ ვარდნას (ფიზიოლოგიური ანემია) სიცოცხლის 2-3 თვის ასაკში. ღრმა დღენაკლულ ახალშობილს აღენიშნება სისხლის წითელი უჯრედების შედარებით მეტი ვარდნა. უფრო მძიმე ანემია შესაძლოა განვითარდეს, როდესაც:

  • სისხლის წითელი უჯრედები ძალიან სწრაფად იშლება;

  • დღენაკლული ახალშობილის ძალიან ბევრი სისხლი სისხლის ანალიზებისთვის იხარჯება;

  • ძალიან ბევრი სისხლი იკარგება ჭინთვებისა ან მშობიარობის დროს;

  • ძვლის ტვინი ვერ გამოიმუშავებს სისხლის უჯრედებს.

ამ პროცესებიდან შესაძლოა ერთდროულად ერთზე მეტი განვითარდეს

სისხლის წითელი უჯრედების ძლიერი დაშლა იწვევს ანემიას და ბილირუბინის მაღალ შემცველობას (ჰიპერბილირუბინემია). ახალშობილის ჰემოლიზურმა დაავადებამ შესაძლოა გამოიწვიოს ახალშობილის სისხლის წითელი უჯრედების სწრაფი განადგურება. სისხლის წითელი უჯრედები შესაძლოა აგრეთვე სწრაფად განადგურდნენ, თუ ახალშობილს აქვს სისხლის წითელი უჯრედების მემკვიდრეობითი პათოლოგია. მაგალითად: მემკვიდრეობითი სფეროციტოზი, როდესაც სისხლის წითელი უჯრედები მიკროსკოპში დათვალიერებისას პატარა სფეროებს ჰგვანან. ზოგიერთ ჩვილს, რომელსაც სისხლის წითელი უჯრედების სპეციფიკური ფერმენტის (გლუკოზა-6-ფოსფატა დეჰიდროგენაზა [G6PD]) ნაკლებობა აქვს, აღენიშნება სხვა იშვიათი დაავადება. მსგავს შემთხვევაში, ორსულობაში მიღებულმა რომელიმე წამალმა (როგორიცაა ანილინის საღებავი, სულფა წამლები და ბევრი სხვა), შესაძლოა გამოიწვიოს ჩვილების სისხლის წითელი უჯრედების სწრაფი დაშლა.

მშობიარობამდე შეძენილმა ინფექციებმა, როგორიცაა ტოქსოპლაზმოზი, წითელა, ციტომეგალოვირუსული ინფექცია, მარტივი ჰერპესული ინფექცია და სიფილისი, შესაძლოა სწრაფად დააზიანონ სისხლის წითელი უჯრედები, ისევე როგორც მშობიარობის ან მის შემდგომ შეძენილმა ბაქტერიულმა ინფექციებმა.

სისხლის დანაკარგი ანემიის კიდევ ერთი გამომწვევია. სისხლის კარგვა შესაძლოა სხვადასხვა გზით მოხდეს. მაგალითად, სისხლი იკარგება, როდესაც სახეზე გვაქვს გრძელი ტრანსფუზია ფეტალური სისხლის პლაცენტის (ორგანო, რომელიც აკავშირებს ნაყოფს და საშვილოსნოს და უზრუნველყოფს ნაყოფის კვებას) გავლით დედის ცირკულაციაში მოხვედრისას (ნაყოფის-დედის ტრანსფუზია) ან თუ მშობიარობისას პლაცენტაში ძალიან ბევრი სისხლი გროვდება, როდესაც ჭიპლარის გადაკვანძვის დროს ახალშობილი უჭირავთ მაღლა. ტყუპებს შორის ტრანსფუზიამ, რომლის დროსაც სისხლი ერთი ნაყოფიდან მეორისკენ მოძრაობს, შესაძლოა გამოიწვიოს ანემია ერთ ტყუპისცალში და სისხლსავსეობა (პოლიციტემია) მეორეში. პლაცენტა შესაძლოა აშრევდეს საშვილოსნოს კედლიდან მშობიარობამდე (პლაცენტის აშრევება), რაც ფეტალური სისხლის ჰემორაგიებს იწვევს.

იშვიათად, ანემია შესაძლოა გამოიწვიოს ნაყოფის ძვლის ტვინის უკმარისობამ. უკმარისობის მაგალითები მოიცავს იშვიათ გენეტიკურ დარღვევებს, როგორიცაა ფანკონისა და დიამონდ-ბლექფანის ანემია. ზოგიერთი ინფექცია (როგორიცაა ციტომეგალოვირუსული, სიფილისი, აივ ინფექცია) აგრეთვე აფერხებს ძვლის ტვინიდან სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას.

სიმპტომები და დიაგნოზი

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ანემიის მქონე ახალშობილების უმეტესობას სიმპტომები არ აქვთ. საშუალო სიმძიმის ანემიამ შესაძლოა გამოიწვიოს მივარდნილობა (ლეთარგიულობა), კვების შემცირება ან არ ჰქონდეს სიმპტომები. ახალშობილებს, რომლებმაც უცბად დაკარგეს დიდი რაოდენობით სისხლი ჭინთვებისა და მშობიარობის დროს, შესაძლოა განუვითარდეთ შოკი, გახდნენ ფერმკრთალნი და ჰქონდეთ მომატებული გულისცემის სიხშირე, დაქვეითებული წნევა, სწრაფ და ზედაპირული სუნთქვასთან ერთად. როდესაც ანემია ვითარდება სისხლის წითელი უჯრედების სწრაფი დაშლით, აგრეთვე იმატებს ბილირუბინის წარმოქმნის დონე და ახალშობილის კანი და სკლერები ყვითელი შეფერილობის (სიყვითლე) ხდება. დიაგნოზი დამყარებულია სიმპტომებზე და დადასტურებულია სისხლის ტესტებით.

მკურნალობა

ახალშობილების უმრავლესობა, რომელთაც აქვთ მსუბუქი ანემია, მკურნალობას არ საჭიროებს.

ახალშობილებს, რომლებმაც სწრაფად დაკარგეს სისხლის დიდი მოცულობა ჭინთვებისა და მშობიარობის დროს, უტარდებათ მკურნალობა ინტრავენურად სითხეების მიწოდებით, რასაც სისხლის ტრანსფუზია მოჰყვება. ძალიან მძიმე ანემია, რომელიც გამოწვეულია ჰემოლიზური დაავადებით, შესაძლოა ასევე საჭიროებდეს სისხლის ტრანსფუზიას, მაგრამ ანემიის მკურნალობა უფრო ხშირად ტარდება სისხლის შენაცვლებითი ტრანსფუზიით, რომელიც აქვეითებს ბილირუბინის დონეს და ამავდროულად, ზრდის სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობას. შენაცვლებითი ტრანსფუზიის დროს, ახალშობილს სისხლის მცირე ნაწილი ნელ-ნელა აკლდება (ერთი შპრიცი დროის ერთ მომენტად) და ჩანაცვლდება იმავე მოცულობის დონორის ახალი სისხლით.