სოკო არც მცენარეა და არც ცხოველი. ადრე ფიქრობდნენ, რომ სოკოები მცენარეთა ჯგუფს მიეკუთვნება, მაგრამ ამჟამად სოკოები დამოუკიდებელ სამფლობელოდ განიხილება. ზოგიერთი სოკო, საფუარა სოკოების ჩათვლით, როგორიცაა კანდიდა, აგრეთვე ობის სოკოები, მაგალითად, ასპერგილი, შეიძლება აღმოჩენილი იყოს მხოლოდ მიკროსკოპული გამოკვლევით, ხოლო სხვა სოკოები, როგორიცაა პურისა და საკვები სოკოები, შეუნიღბავი თვალითაც შესამჩნევია. სოკოები შეიძლება იყოს მრგვალი ფორმის (როგორიცაა საფუარა სოკო) ან წვრილი ძაფისებრი ფორმის (hyphae). ზოგი მათგანი ორივე ფორმით შეიძლება არსებობდეს ცხოვრების ციკლის მანძილზე.
ზოგიერთი სოკო მრავლდება მიკროსკოპული სპორების გავრცელების გზით. ასეთი სპორები ხშირად არსებობენ ჰაერში, საიდანაც მათი შესუნთქვა ხდება. ზოგჯერ ისინი შეიძლება მოხვდნენ სხეულის ზედაპირზე, პირველ რიგში – კანზე. აქედან გამომდინარე, სოკოვანი ინფექცია იწყება, პირველ რიგში, ფილტვებში ან კანზე. სპორების უმრავლესობა, რომლებიც კანზე ხვდება ან ფილტვებში ჩაისუნთქება, ინფექციას არ იწვევს. თუ არ ჩავთვლით კანის ზოგიერთ ზედაპირულ ინფექციას, სოკოვანი ინფექციები იშვიათად გადაეცემა ერთი ადამიანიდან მეორეს. თუ ადამიანის იმუნური სისტემა ნორმაშია, სოკოვანი ინფექცია, როგორც წესი, არ ვრცელდება ორგანიზმის შინაგან ორგანოებში.
ზოგიერთი ტიპის სოკოები (როგორიცაა Candida) ჩვეულებრივ, შეიძლება სხეულის ზედაპირზე ან ნაწლავებში არსებობდნენ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ნორმაში ისინი უვნებელნი არიან, ზოგჯერ შეიძლება კანისა და ფრჩხილების ლოკალური ინფექციები გამოიწვიონ. სოკოები ადამიანებში იშვიათად იწვევენ სერიოზულ დაავადებას. გამონაკლისია მხოლოდ ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ დაქვეითებული იმუნიტეტი ან სხეულში უფიქსირდებათ უცხო, მათ შორის სამედიცინო მოწყობილობები (როგორიცაა, ინტრავენური კათეტერი, ან ხელოვნური სახსარი, ან გულის ხელოვნური სარქველი).
ზოგჯერ, როდესაც სხვადასხვა მიზეზით სოკოების ბალანსი ირღვევა, ვითარდება ინფექცია. მაგალითად, ბაქტერია, რომელიც არსებობს ნაწლავებსა და ვაგინაში, ზღუდავს გარკვეული სახის სოკოების ზრდის პროცესს ამ მიდამოებში, ან, როცა ადამიანები იღებენ ანტიბიოტიკებს, სასარგებლო ბაქტერიები შეიძლება დაიხოცოს, რაც სოკოს საშუალებას აძლევს, უკონტროლოდ გაიზარდოს. სოკოების ჭარბმა ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომები, რომლებიც ხშირად მსუბუქადაა გამოხატული. როდესაც ბაქტერიის ზრდის პროცესი ნორმალიზდება, ბალანსი აღდგება და პრობლემები ჩვეულებრივ იხსნება.
ზოგიერთი სოკოვანი ინფექცია – ჰისტოპლაზმოზი, ბლასტომიკოზი, კოკციდიოიდომიკოზი და პარაკოკციდიოდომიკოზი – შესაძლებელია სერიოზული მიმდინარეობით ხასიათდებოდეს ჯანმრთელ ადამიანებშიც. სოკოები, რომლებიც ამ ინფექციებს იწვევენ, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ჩვეულებრივ გარემოში არსებობენ. ზოგიერთი სოკოვანი ინფექცია უფრო ხშირია გარკვეულ გეოგრაფიულ ზონებში. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში კოკციდიოიდომიკოზი თითქმის ექსკლუზიურად გვხვდება ქვეყნის სამხრეთ დასავლეთში. ჰისტოპლაზმოზი განსაკუთრებით ხშირია ოჰაიოსა და მდინარე მისისიპის ხეობაში. ბლასტომიკოზი უფრო ხშირია ამერიკის აღმოსავლეთ და ცენტრალურ შტატებში (და აფრიკაში).
ვინაიდან ბევრი სოკოვანი ინფექცია ნელა ვითარდება, თვეები და წლები გადის მანამდე, სანამ ადამიანებს დასჭირდებათ სამედიცინო დახმარების მოძიება, მაგრამ დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებში სოკოვანი ინფექციები ძალიან აგრესიული მიმდინარეობით ხასიათდება, სწრაფად ვრცელდება სხვადასხვა ორგანოში და შეიძლება სიკვდილიც კი გამოიწვიოს. იმუნური სისტემა შეიძლება დაქვეითდეს ისეთი მედიკამენტების მიღების შედეგად, რომლებიც აქვეითებენ იმუნიტეტს (იმუნოსუპრესანტები), როგორიცაა ქიმიოთერაპიული მედიკამენტები ან მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტრანსპლანტირებული ორგანოს მოცილების დათრგუნვის მიზნით, აგრეთვე – შიდსით დაავადებულ პირებში.
სოკოვანი ინფექციების საწინააღმდეგოდ ხელმისაწვდომია მთელი რიგი მედიკამენტები, მაგრამ სოკოების თავისებური სტრუქტურისა და ქიმიური შემადგენლობის გამო მათი დახოცვა მედიკამენტებით რთულია. ანტიფუნგური მედიკამენტები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ადგილობრივად, უშუალოდ ინფიცირებულ კანსა ან სხვა ზედაპირზე, როგორიცაა ვაგინა ან ასევე – პირის ღრუში. ანტიფუნგური მედიკამენტები ასევე შეიძლება დაინიშნოს დასალევად ან ინექციის სახით. უფრო სერიოზული, მძიმე მიმდინარეობის ინფექციის დროს, ხშირად საჭიროა, მკურნალობა რამდენიმე თვე გაგრძელდეს.