ეპიგლოტიტი არის ხორხსარქვლის მძიმე ბაქტერიული ინფექცია, რომელიც ახშობს ტრაქეას და იწვევს ჰაერის ნაკადის ობსტრუქციას.
ხორხსარქველი არის პატარა მოძრავი ქსოვილი, რომელიც ხურავს ხმოვან ყუთს (ხორხს) და სასულეს (ტრაქეას) ყლაპვის დროს. წარსულში, ეპიგლოტიტი ხშირად გვხვდებოდა 2-5 წლამდე ასაკის ბავშვებში და მისი გამომწვევი იყო ბაქტერია Haemophilus influenzae ტიპი b-თი. ამჟამად, რადგან ბავშვების უმეტესი ნაწილი ვაქცინირებულია Haemophilus influenzae ტიპი b-ს წინააღმდეგ, ეს დაავადება იშვიათია და უფრო ხშირად გვხვდება მოზრდილებში. მოზრდილებში მას იწვევს Streptococcus pneumoniae, აგრეთვე სხვა streptococci და staphylococci. ეპიგლოტიტის მქონე ბავშვებს ხშირად აქვთ ბაქტერია სისხლში (ბაქტერიემია), რომელიც ხანდახან ავრცელებს ინფექციას ფილტვებში, სახსრებში, თავის ტვინის მფარავ ქსოვილებში (მენინგეალური გარსები), გულის გარშემო ღრუში ან კანქვეშა ქსოვილებში.
ინფექცია, როგორც წესი, იწყება უცბად და პროგრესირებს სწრაფად. მანამდე ჯანმრთელ ბავშვს აღენიშნება ყელის ტკივილი და ხშირად – მაღალი ცხელება. ბავშვი შეიძლება იყოს გაღიზიანებული და შფოთავდეს. ხშირია სუნთქვის და ყლაპვის გაძნელება. ბავშვს აქვს ნერწყვდენა და სუნთქავს სწრაფად, გამოსცემს მაღალ ხმებს ჩასუნთქვის დროს (ეწოდება სტრიდორი). სუნთქვის გაძნელების გამო, ბავშვი იხრება წინ, ჭიმავს კისერს უკანა მიმართულებით და ცდილობს ჩაისუნთქოს მეტი რაოდენობის ჰაერი. გახშირებულმა სუნთქვამ შეიძლება ხელი შეუწყოს ნახშირორჟანგის დონის მატებას და სისხლში ჟანგბადის დაქვეითებას, რაც იწვევს აჟიტირებას და შეცბუნებას, ამას შემდგომ მოჰყვება მივარდნილობა (ლეთარგიულობა). შესივებული ხორხსარქველი აძნელებს ლორწოს ამოხველებას. ეპიგლოტიტი შეიძლება სწრაფად დასრულდეს ფატალურად, რადგან ინფიცირებული ქსოვილის შეშუპება იწვევს სასუნთქი გზების დახშობას და სუნთქვის შეწყვეტას.
ეპიგლოტიტი არის გადაუდებელი მდგომარეობა და ამ დაავადებაზე ეჭვის შემთხვევაში ბავშვი უნდა მოთავსდეს სტაციონარში დაუყოვნებლივ. თუ ბავშვს არ აქვს ეპიგლოტიტისთვის დამახასიათებლი ყველა ტიპური სიმპტომი და არ გამოიყურება ავად, ექიმი ხანდახან ატარებს კისრის რენტგენოლოგიურ კვლევას, რამაც შეიძლება აჩვენოს გადიდებული ხორხსარქველი. ექიმს არ უჭირავს ბავშვი დახრილ მდგომარეობაში და არ იყენებს შპადელს ყელის დასათვალიერებლად. ამ მანიპულაციებმა შეიძლება გამოიწვიოს სპაზმი და სასუნთქი გზების სრული დახშობა ეპიგლოტიტის შემთხვევაში.
თუ ჩანს გადიდებული ხორხსარქველი რენტგენოლოგიურ კვლევაზე ან ბავშვი არის სერიოზულად ავად, ექიმი საოპერაციო ოთახში სინჯავს მას ანესთეზიის ქვეშ. იგი ათავსებს ყელში თხელ მოძრავ მილს (ლარინგოსკოპი), უშუალოდ ხორხის დასათვალიერებლად.
უკეთესია ეპიგლოტიტის პრევენცია, ვიდრე მისი მკურნალობა. პრევენცია მიიღწევა, თუ მოხდება ყველა ბავშვის Haemophilus influenzae ტიპი b და Streptococcus pneumoniae კონიუგირებული ვაქცინით იმუნიზაცია.
თუ გასინჯვა დაადასტურებს ეპიგლოტიტის ან გაღიზიანებისას ხორხის სპაზმს, ექიმი ათავსებს პლასტმასის მილს (ენდოტრაქეალური მილი) სასუნთქ გზებში, მათი ღიად შენარჩუნების მიზნით. თუ სასუნთქი გზები იმდენადაა შეშუპებული, რომ ვერ ხერხდება ენდოტრაქეალური მილის მოთავსება, ექიმი კვეთავს კისრის წინა ზედაპირს (ტრაქეოსტომია) და ათავსებს მილს. იგი რჩება რამდენიმე დღე, მანამ, სანამ ხორხსარქვლის შეშუპება არ დაცხრება. ბავშვი იღებს აგრეთვე ანტიბიოტიკებს, როგორიცაა ცეფტრიაქსონი ან ამპიცილინ-სულბაქტამი. როგორც კი ბავშვის სასუნთქი გზები გაიხსნება, პროგნოზი კარგია.