ყივანახველა (მყეფავი ხველა) არის ბაქტერია Bordetella pertussis-ით გამოწვეული ძლიერ კონტაგიოზური ინფექცია, რომლის დროსაც შეტევითი ხველა მთავრდება გახანგრძლივებული, მაღალი ტონალობის, ღრმა შესუნთქვით (ყეფა).
ყივანახველა ერთ დროს ძალიან გავრცელებული იყო ამერიკის შერთებულ შტატებში, ამჟამად იგი უკეთესად კონტროლდება, თუმცა არ არის სრულად გამქრალი. ყოველ 2-4 წელიწადში ვრცელდება ლოკალური ეპიდემიები არაიმუნიზირებულ ადამიანებში. ყივანახველა მთავარ პრობლემად რჩება განვითარებად ქვეყნებში.
ყივანახველა შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ შემთხვევების მხოლოდ ერთი მესამედი გვხვდება ბავშვებში 10 წლამდე და ერთი მესამედი მოზარდებში 11-18 წლამდე ასაკში. ყივანახველა ყველაზე მძიმედ მიმდინარეობს 2 წლამდე ასაკის ბავშვებში და სიკვდილის ყველა შემთხვევა გვხვდება 6 თვეზე პატარებში. ყივანახველის ერთი შეტევა არ ნიშნავს სოცოცხლის მანძილზე სრული იმუნიტეტის ქონას, მაგრამ მეორე შეტევა ძირითადად სუსტია და ყოველთვის არ აღიქმება ყივანახველად. სინამდვილეში, "მოსიარულე პნევმონიის" მქონე მოზრდილებს აქვთ ყივანახველა.
დაინფიცირებული პიროვნება ავრცელებს ყივანახველის ბაქტერიას ჰაერით, ხველის დროს წარმოქმნილი წვეთებიდან. მის გარშემო მყოფმა ნებისმიერმა შეიძლება შეისუნთქოს წვეთები და დაინფიცირდეს. ყივანახველა აღარ არის გადამდები ინფექციის მესამე კვირიდან.
დაავადება გრძელდება 6-10 კვირა, პროგრესირებს 3 სტადიად: მსუბუქი გაციებისმაგვარი სიმპტომები, ძლიერი ხველითი შეტევები და თანდათანობითი გამოჯანმრთელება. გაციების მსგავსი სიმპტომებია ცემინება, ცხვირიდან გამონადენი, ღამით შეტევითი ხასიათის ხველა და ზოგადი სისუსტე (უგუნებობა). 1 ან 2 კვირის შემდგომ, პიროვნებას უვითარდება ტიპური ხველის შეტევები (რეპრიზები), რომლებიც შედგება 5 ან მეტი სწრაფი, თანმიმდევრული, ძლიერი ხველისგან. შეტევა ბოლოვდება წამოყეფებით (გახანგრძლივებული, მაღალი ტონალობის, ღრმად შესუნთქვა). შეტევის შემდგომ, სუნთქვა ნორმალიზდება, მაგრამ მალევე მოჰყვება შემდგომი რეპრიზა. ხველის დროს წარმოიქმნება დიდი ოდენობის სქელი ნახველი (ჩვილები და ბავშვები ყლაპავენ ნახველს ან მისი შემჩნევა შეიძლება ცხვირიდან წამოსული ბუშტების სახით). პატარა ბავშვებში ხველის გახანგრძლივებულ შეტევას ხშირად მოსდევს ღებინება. ჩვილებში კი უფრო ხშირია სუნთქვის გაძნელება და გაჩერება (აპნოე), ვიდრე ყეფა, ამის შედეგად კი შეტევისას შეიძლება კანი გალურჯდეს.
ბავშვების დაახლოებით ერთ მეოთხედს უვითარდება პნევმონია, რაც გამოიხატება სუნთქვის გაძნელებაში. ხშირად ვითარდება აგრეთვე ყურის ინფექცია (შუა ყურის ანთება). იშვიათად ახდენს გავლენას ყივანახველა ჩვილების თავის ტვინზე. სისხლდენამ, თავის ტვინის შეშუპებამ ან ანთებამ შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, თავის ტვინის დაზიანება და მენტალური განუვითარებლობა/ინტელექტუალური უნარშეზღუდულობა.
რამდენიმე კვირის შემდგომ ხველის რეპრიზები თანდათანობით იკლებს, მაგრამ შემაწუხებელი, შეუპოვარი ხველა შეიძლება თვეზე მეტ ხანსაც კი გაგრძელეს.
ექიმები ეჭვობენ ყივანახველაზე დამახასიათებელი შეტევითი ხველის ან სხვა სიმპტომების დროს. დიაგნოზს ადასტურებს ცხვირის ან ხახის ნაცხის ბაქტერიოლოგიური კვლევა. კულტურის შედეგები ხშირად უარყოფითია დაავადებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. შეიძლება დაგვეხმაროს ცხვირის ან ყელის სხვა დიაგნოსტიკური ტესტები (როგორიცაა პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია ან სწრაფი დეტექციის ტესტი).
ყივანახველის მქონე ბავშვები გამოჯანმრთელდებიან სრულად, თუმცა ნელა. 1 წლამდე ასაკის ბავშვების დაახლოებით 1-2 % კვდება.
ბავშვები რუტინულად იცრებიან ყივანახველის საწინააღმდეგოდ. ყივანახველის ვაქცინა ძირითადად კომბინირებულია დიფთერიის და ტეტანუსის ვაქცინასთან. ყივანახველასთან კონტაქტის შემთხვევაში საპროფილაქტიკოდ ეძლევათ ანტიბიოტიკი ერითრომიცინი (ხანდახან კლარიტრომიცინი ან აზითრომიცინი).
აუცილებელია მძიმედ ავადმყოფი ჩვილების ჰოსპიტალიზაცია, რადგან სუნთქვის უკმარისობა შეიძლება დამძიმდეს და საჭირო გახდეს ხელოვნური ვენტილაცია სასულეში ჩადგმული მილის მეშვეობით. სხვებს შეიძლება დასჭირდეთ დამატებითი ჟანგბადის და სითხეების ინტრავენურად მიწოდება. მძიმედ ავადმყოფი ჩვილები არიან იზოლაციაში (რათა არ მოხდეს სხვა ადამიანების დაინფიცირება ჰაერში არსებული წვეთებით) მანამ, სანამ არ ჩატარდება ანტიბიოტიკებით მკურნალობა 5 დღე. უფროსი ასაკის ბავშვებს, რომელთაც აქვთ მსუბუქი დაავადება, მკურნალობა უტარდებათ სახლში ანტიბიოტიკებით. ხველის წამლების ეფექტიანობა საეჭვოა და არ გამოიყენება.
ანტიბიოტიკები – ერითრომიცინი, კლარიტრომიცინი ან აზითრომიცინი – გამოიყენება ყივანახველის გამომწვევი ბაქტერიის გასანადგურებლად. ანტიბიოტიკები ინიშნება აგრეთვე იმ ინფექციის სამკურნალოდ, რომელიც თან ახლავს ყივანახველას, როგორიცაა პნევმონია და ყურის ინფექცია.