რევმატული ცხელება არის სხეულის ორგანოთა სისტემების, განსაკუთრებით სახსრების და გულის, ანთება, რაც გამოწვეულია ყელის სტრეპტოკოკული ინფექციის გართულებით.
მიუხედავად იმისა, რომ რევმატული ცხელება მოსდევს ყელის სტრეპტოკოკულ ინფექციას (სტრეპ ყელი), ის არ არის ინფექცია. ის უფრო მეტად არის ანთებითი რეაქცია ინფექციაზე. ვითარდება სხეულის ნაწილების ანთება, როგორიცაა სახსრები, გული, კანი და ნერვული სისტემა. რევმატული ცხელების მქონე ადამიანები გამოჯანმრთელდებიან, მაგრამ მცირე პროცენტში გული მუდმივად რჩება დაზიანებული.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, რევმატული ცხელება იშვიათად ვითარდება 3 წლამდე და 40 წლის შემდგომ ასაკში და ნაკლებად ხშირია განვითარებად ქვეყნებთან შედარებით. ამის მიზეზი სავარაუდოდ ადრეულ ეტაპზე სტრეპტოკოკული ინფექციების საწინააღმდეგოდ ანტიბიოტიკების ფართო გამოყენებაა. თუმცა, რევმატული ცხელების სიხშირე ხანდახან იზრდება და კლებულობს გაუგებარი მიზეზებით განსაზღვრულ ადგილებში. მჭიდრო საყოფაცხოვრებო პირობები ზრდის რევმატული ცხელების რისკს, აგრეთვე მემკვიდრეობითობა თამაშობს გარკვეულ როლს. ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბავშვებში, რომელთაც აქვთ ყელის სტრეპტოკოკული ინფექცია, მაგრამ არ ჩატარებიათ მკურნალობა, რევმატული ცხელების განვითარების შანსი მხოლოდ 0.4-3%-ია. ბავშვების ნახევარს, რომელთაც ჰქონდათ რევმატული ცხელება, კვლავ უვითარდებათ ყელის სტრეპტოკოკული ინფექციის შემდეგ, თუ არ მოხდება მისი მკურნალობა. რევმატული ცხელება მოსდევს ყელის სტრეპტოკოკულ ინფექციას, მაგრამ არა კანის (იმპეტიგო) ან სხეულის სხვა ნაწილების ინფექციას. მიზეზი უცნობია.
რევმატული ცხელების სიმპტომები განსხვავებული შეიძლება იყოს და დამოკიდებულია იმაზე, თუ სხეულის რომელი ნაწილია ანთებით დაზიანებული. როგორც წესი, სიმპტომები იწყება ყელის ინფექციის გაქრობიდან რამდენიმე კვირაში. რევმატული ცხელების ყველაზე ხშირი სიმპტომებია სახსრების ტკივილი, ცხელება, გულმკერდის ტკივილი ან გულისცემის აჩქარება, რაც გამოწვეულია გულის ანთებით (კარდიტი), უნებლიე უკონტროლო მოძრაობები (სიდენჰამის ქორეა), გამონაყარი, კანქვეშა პატარა კვანძები (ნოდულები). ბავშვს შეიძლება ჰქონდეს ერთი ან რამდენიმე სიმპტომი.
სახსრები: სახსრების ტკივილი და ცხელება ყველაზე ხშირი პირველი სიმპტომებია. ერთი ან რამდენიმე სახსარი უცბად ხდება მტკივნეული და შეხების დროს მგრძნობიარე. ისინი შეიძლება იყოს წითელი, ცხელი და შესივებული და შეიცავდნენ სითხეს. ძირითადად არ ზიანდება კოჭები, მუხლები, იდაყვები და მაჯები. შეიძლება დაზიანდეს მხრები, მენჯის, ხელის და ფეხის წვრილი სახსრები. როდესაც ტკივილი ერთი სახსრში იკლებს, გადადის მეორე სახსარში (მიგრაციული ტკივილი). სახსრების ტკივილი შეიძლება იყოს მსუბუქი ან ძლიერი და ტიპურად გაგრძელდეს 2-4 კვირა. რევმატული ცხელება არ იწვევს სახსრის გრძელვადიან დაზიანებას.
გული: გულის ანთების მქონე ზოგიერთ ბავშვს არ აქვს სიმპტომები და წარსულში არსებული ანთების დადასტურება ხდება წლების შემდეგ, როდესაც აღმოაჩენენ გულის დაზიანებას. ზოგიერთი ბავშვი გრძნობს, რომ მათი გული სწრაფად ცემს. დანარჩენებს აქვთ გულმკერდის ტკივილი გულის გარშემო არსებული ღრუს ანთებით. შეიძლება განვითარდეს გულის უკმარისობა, ბავშვმა თავი იგრძნოს დაღლილად, გაუძნელდეს სუნთქვა, ჰქონდეს გულისრევის შეგრძნება, ღებინება, მუცლის ტკივილი, წყვეტილი და მშრალი, არაპროდუქტიული ხველა.
გულის ანთება ქრება თანდათანობით, 5 თვის მანძილზე. თუმცა, მან შეიძლება მუდმივად დააზიანოს გულის სარქველები და გამოიწვიოს რევმატული გულის განვითარება. რევმატული ცხელების ალბათობა ვარირებს გულის საწყისი ანთების სიმძიმის მიხედვით. პაციენტთა დაახლოებით 1 %-ს, რომელსაც არ ჰქონდა გულის ანთება, უვითარდება რევმატული გულის დაავადება, მსუბუქი ანთები მქონე პაციენტების 30%-ს და მძიმე ანთებისას კი 70%-ს ემუქრება რევმატული გულის ჩამოყალიბება. რევმატული გულის დაავადების დროს ყველაზე ხშირად ზიანდება მარცხენა წინაგულსა და პარკუჭს შორის სარქველი (მიტრალური სარქველი). იგი შეიძლება გახდეს არამყარი (მიტრალური სარქვლის რეგურგიტაცია), პათოლოგიურად ვიწრო (მიტრალური სარქვლის სტენოზი) ან ორივე ერთად. სარქვლის დაზიანება იწვევს გულის დამახასიათებელ შუილს, რომელიც საშუალებას აძლევს ექიმს, დასვას რევმატული ცხელების დიაგნოზი. მოგვიანებით სიცოცხლეში, ძირითადად შუა ასაკში, სარქვლის დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს გულის უკმარისობა და წინაგულების ფიბრილაცია ან გულის პათოლოგიური რიტმი.
კანი: ბრტყელი, უმტკივნეულო გამონაყარი ტალღოვანი კიდეებით (მცოცავი ერითემა) შეიძლება იყოს დაავადების ალაგების შემდეგ კიდევ ერთი სიმპტომი. იგი გრძელდება მხოლოდ მცირე ხნით, ხანდახან – ერთ დღეზე ნაკლები. გულის ან სახსრების ანთების მქონე ბავშვებში, შეიძლება გაჩნდეს პატარა, მკვრივი კვანძები კანქვეშ, ძირითადად დაავადებული სახსრების ირგვლივ. კვანძები, როგორც წესი, უმტკივნეულოა.
ნერვული სისტემა: უნებლიე, უკონტროლო მოძრაობები (სიდენჰამის ქორეა) შეიძლება განვითარდეს რევმატული ცხელების მქონე ბავშვებში თანდათანობით, მაგრამ ძირითადად მას შემდეგ, რაც ყველა სიმპტომი ალაგდება. შეიძლება გავიდეს ერთი თვე, სანამ უნებლიე მოძრაობები იმ ინტენსივობის გახდება, რომ ბავშვი ნახოს ექიმმა. მას შემდეგ, როგორც წესი, ბავშვს აქვს დამახასიათებელი, სწრაფი, უმიზნო, სპორადული მოძრაობები, რომლებიც ქრება ძილში. ამგვარ მოძრაობებში ჩართული შეიძლება იყოს ყველა კუნთი, თვალების გარდა. ისინი ძირითადად იწყება ხელებიდან და ვრცელდება ფეხებისკენ და სახისკენ. ხშირია სახის გრიმასა. მსუბუქი შემთხვევებისას, ბავშვები შეიძლება ჩანდნენ მოუქნელები და ჰქონდეთ ჩაცმის და ჭამის დროს სიძნელეები. მძიმე შემთხვევებში, ბავშვები დაცულნი უნდა იყვნენ მოძრავი ხელებით და ფეხებით საკუთარი თავის დაზიანებისგან. ქორეა გრძელდება 4-8 თვე.
ექიმის მიერ დასმული რევმატული ცხელების დიაგნოზი დაფუძნებულია ძირითადად დამახასიათებელი სიმპტომების კომბინაციაზე. შეიძლება დაგვეხმაროს სისხლის ანალიზები, რომლებიც აჩვენებენ სტრეპტოკოკის მიმართ მომატებული ანტისხეულების დონეს, მაგრამ, ბევრ ბავშვთან, რომელთაც არ აქვთ რევმატული ცხელება, ამ ანტისხეულების დონე შეიძლება იყოს დაბალი. ელექტროკარდიოგრამაზე (ეეგ– გულის ელექტრული აქტივობის ჩანაწერი) შეიძლება ინახოს გულის პათოლოგიური რიტმი, რომელიც გამოწვეულია გულის ანთებით. შეიძლება ექოკარდიოგრამის (გულის სტრუქტურების ულტრაბგერითი ტალღებით წარმოქმნილი გამოსახულება) ჩატარება გულის სარქვლების პათოლოგიის დიაგნოსტირებისთვის.
რევმატული ცხელების პრევენციის საუკეთესო გზაა ყელის სტრეპტოკოკული ინფექციის სწრაფი და სრულყოფილი ანტიბიოტიკოთერაპია. ბავშვებს, რომელთაც ჰქონდათ რევმატული ცხელება, დამატებით უნდა მიეცეთ დასალევად პენიცილინი ყოველდღე ან თვეში ერთხელ – კუნთში გასაკეთებლად, სხვა სტრეპტოკოკული ინფექციის პრევენციისთვის. რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ეს პრევენციული მკურნალობა, უცნობია. იგი დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე და ძირითადად გრძელდება დაახლოებით მოზრდილობამდე. ზოგიერთი ექიმი რეკომენდაციას უწევს მის გაგრძელებას მუდმივად პაციენტებში, ვისაც აქვთ გულის გახანგრძლივებული დაზიანება, ჰქონდათ ქორეა ან აქვთ ახლო კონტაქტი პატარა ბავშვებთან (რადგან ბავშვები შეიძლება იყვნენ სტრეპტოკოკული ინფექციის მტარებლები, რაც გამოიწვევს ამ ადამიანების რეინფექციას).
რევმატული ცხელების მკურნალობას აქვს სამი მიზანი: ნებისიმიერი ნარჩენი სტრეპტოკოკული ინფექციის ელიმინაცია; ანთების შემცირება, განსაკუთრებით სახსრებსა და გულში და, შესაბამისად, სიმპტომების კლება; ფიზიკური აქტივობის შეზღუდვა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ანთებითი სტრუქტურების გაძლიერება.
რევმატული ცხელების მქონე ბავშვებს ექიმები უკეთებენ ხანგრძლივად მოქმედი პენიცილინის ინექციას, ნებისმიერი ნარჩენი ინფექციის ელიმინაციისათვის. ეძლევათ ასპირინი მაღალი დოზებით ანთების და ტკივილის შესამცირებლად, განსაკუთრებით, თუ ანთება აღწევს სახსრებსა და გულს. სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლები (NSAIDs), როგორიცაა ნაპროქსენი, ისეთივე ეფექტურია, როგორიც ასპირინი. თუ გულის ანთება მძიმედ მიმდინარეობს, ანთების შესამცირებლად შეიძლება მიეცეთ კორტიკოსტეროიდები, როგორიცაა პრედნიზოლონი.
წოლითი რეჟიმი შეიძლება დაგვეხმაროს სახსრების ანთებისას არსებული ტკივილის გამო განვითარებული სტრესის თავიდან არიდებაში. როდესაც გულშია ანთება, რეკომენდებულია მკაცრი წოლითი რეჟიმი (მხოლოდ საპირფარეშოსთვის ადგომა).
თუ ზიანდება გულის სარქვლები, სარქვლის ინფექციის (ენდოკარდიტის) განვითარების რისკი მუდამ რჩება. ადამიანებმა, რომელთაც აქვთ დაზიანებული გულის სარქველი, მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა მიიღონ ანტიბიოტიკები ნებისმიერი ოპერაციის წინ, სტომატოლოგიური ოპერაციების ჩათვლით.