ჩუტყვავილა | მკურნალი.გე
  1. ჩუტყვავილა
  2. ვირუსული ინფექციები (ინფექციები)
  3. ინფექციები
ჩუტყვავილა

ჩუტყვავილა (varicella) არის varicella-zoster ვირუსული გადამდები ინფექცია, რომელიც ხასიათდება ქავილის მქონე გამონაყარით, პატარა, ამობურცული, ბუშტუკოვანი ან ქერცლოვანი ლაქებით.

  • ჩუტყვავილა გამოწვეულია varicella-zoster ვირუსით;

  • გამონაყარის გაჩენამდე, ბავშვებს აქვთ სუსტი თავის ტკივილი, ზომიერი ცხელება, უმადობა და სისუსტე;

  • დიაგნოზი დაფუძნებულია სიმპტომებზე, განსაკუთრებით, გამონაყარზე;

  • ბავშვების უმეტესობა გამოჯანმრთელდება სრულად, თუმცა ზოგიერთის მდგომარეობა მძიმდება და ხანდახან არის სიკვდილის შემთხვევებიც;

  • რუტინულ ვაქცინაციას შეუძლია ჩუტყვავილას პრევენცია;

  • როგორც წესი, საჭიროა მხოლოდ სიმპტომების მკურნალობა.

ჩუტყვავილა არის ინფექცია, რომელიც ძირითადად გვხვდება ბავშვებში. ვაქცინის შექმნამდე 1995 წელს, ბავშვების დაახლოებით 90%-ს უვითარდებოდა ჩუტყვავილა 15 წლის ასაკამდე. ამჟამად ვაქცინის გამოყენებამ შეამცირა ჩუტყვავილას შემთხვევების რიცხვი ყოველწლიურად 70%-მდე. დაავადება ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით, varicella-zoster ვირუსის შემცველი წვეთებით. ჩუტყვავილას მქონე პიროვნება ყველაზე მეტად გადამდებია, როდესაც იწყება სიმპტომები და გრძლედება ბუშტუკების სრულ აქერცვლამდე.

მიუხედავად იმისა, რომ ხალხის უმეტესობას ჩუტყვავილას დროს აქვთ კანზე და პირის ღრუში წყლულები, ვირუსმა შეიძლება დააინფიციროს ფილტვები, თავის ტვინი, გული ან სახსრები. ასეთი სერიოზული ინფექციები ძირითადად ხშირია ახალშობილებში, მოზრდილებსა და დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში.

ადამიანს, რომელსაც ჰქონდა ჩუტყვავილა, უვითარდება იმუნიტეტი და შემდგომში აღარ ავადდება. თუმცა, varicella-zoster ვირუსი რჩება უმოქმედოდ სხეულში ჩუტყვავილათი ინფექციის შემდგომ და ხანდახან განიცდის რეაქტივაციას მოგვიანებით სიცოცხლეში – იწვევს მწვავე ჰერპესს. varicella-zoster-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ხელმისაწვდომია მოზრდილებისთვის, რამაც შეიძლება შეამციროს მწვავე ჰერპესის განვითარების რისკი მომავალში.

სიმპტომები და დიაგნოზი

სიმპტომები იწყება ინფიცირებიდან 11-15 დღეში. ისინი მოიცავენ მსუბუქ თავის ტკივილს, ზომიერ ცხელებას, უმადობას და სისუსტეს (უგუნებობას). პატარა ბავშვებს ხშირად არ აქვთ სიმპტომები, მაგრამ ისინი ძალიან მძიმეა მოზრდილებში.

პირველი სიმპტომების გამოვლენიდან 24-36 საათში, ჩნდება პატარა, ბრტყელი, წითელი გამონაყარი. პირველად, როგორც წესი, ტანსა და სახეზე, შემდგომში – ხელებსა და ფეხებზე. ზოგიერთ ბავშვს აქვს მხოლოდ რამდენიმე გამონაყარი. დანარჩენებს თითქმის ყველგან, თავის ქალას და პირის ღრუს შიგნითა ზედაპირის ჩათვლით. 6-8 საათის განმავლობაში, ყველა გამონაყარი წამოიწევა; წარმოიქმნება მრგვალი, სითხით სავსე ბუშტუკები წითელ ფონზე, ახასიათებს ქავილი; საბოლოოდ ხდება აქერცვლა. გამონაყარი კვლავ წარმოქმნება და იქერცლება რამდენიმე დღე. ზოგჯერ გამონაყარი ინფიცირდება ბაქტერიით, რაც იწვევს წითელ ქარს, პიოდერმიას, ცელულიტს ან ბულოზურ იმპეტიგოს. ახალი გამონაყარი აღარ ჩნდება დაახლოებით მეხუთე დღისთვის, უმრავლესობა იქერცლება მეექვსე დღისთვის და სრულად ქრებიან 20 დღეზე ნაკლებ დროში.

პირის ღრუში გამონაყარი სწრაფად სკდება და წარმოიქმნება სისხლმდენი დაზიანებები (წყლულები), რომლებიც ყლაპვას მტკივნეულს ხდიან. სისხლმდენი წულულები შეიძლება გაჩნდნენ ქუთუთოზე და ზედა სასუნთქ გზებში, სწორ ნაწლავსა და საშოში. ხორხსა და ზედა სასუნთქ გზებში გამონაყარი იშვიათად იწვევს სუნთქვის გაძნელებას. კისრის მხარეს ლიმფური კვანძები შეიძლება გადიდდნენ და დარბილდნენ. დაავადების ყველაზე ცუდი პერიოდი გრძელდება დაახლოებით 4-7 დღე.

ფილტვის ინფექცია ვითარდება 400 ადამიანიდან 1-ში, განსაკუთრებით მოზარდებსა და მოზრდილებში – იწვევს ხველას და სუნთქვის გაძნელებას. თავის ტვინის ინფექცია (ენცეფალიტი) ნაკლებად გვხვდება, მის ფონზე შეიძლება განვითარდეს მერყევი სიარული, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე და გულყრები. გულის ინფექცია ხანდახან იწვევს გულის შუილს, სახსრების ანთებას – სახრების ტკივილს. შეიძლება განვითარდეს აგრეთვე ღვიძლის ანთება და სისხლდენები.

რეიეს სინდრომი იშვიათია, მაგრამ გვხვდება ძალიან მძიმე გართულებები მხოლოდ 18 წლამდე ასაკში, გამონაყარის დაწყებიდან 3-8 დღეში.

ექიმი ჩუტყვავილას დიაგნოზს ძირითადად ადასტურებს გამონაყარით და სხვა ტიპური სიმპტომებით. იშვიათადაა საჭირო სისხლში ანტისხეულების დონის განსაზღვრა და ვირუსის ლაბორატორიული იდენტიფიკაცია.

პროგნოზი

ჯანმრთელი ბავშვები თითქმის ყოველთვის გამოჯანმრთელდებიან ჩუტყვავილას შემდგომი პრობლემების გარეშე – კვდება მხოლოდ დაახლოებით 100000 ბავშვიდან 2. რუტინულ იმუნიზაციამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად იღუპებოდა 100 ბავშვი ჩუტყვავილას გართულებების გამო. ინფექცია უფრო მძიმედ მიმდინარეობს მოზრდილებში, რომელთაგანაც 100000-დან 20 იღუპება. ჩუტყვავილა ფატალურია დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანთა დაახლოებით 15%-ში.

პრევენცია

ამერიკის შეერთებულ შტატებში, 12 თვის ასაკში ხდება რუტინულად varicella-zoster-ის წინააღმდეგ ვაქცინაცია, მეორე დოზა ეძლევათ 4-6 წლის ასაკში. შეიძლება მოხდეს უფროსი ბავშვების ვაქცინაციაც, რომელთაც არ აქვთ იმუნიტეტი. მგრძნობიარე პირებს, რომლებსაც აქვთ გართულებების მაღალი რისკი (როგორიცაა დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე პაციენტები და ორსული ქალები) და მათ, ვისაც კონტაქტი ჰქონდათ ჩუტყვავილასთან, შეიძლება მივცეთ ანტისხეულები ვარიცელას ვირუსის წინააღმდეგ (ვარიცელა-ზოსტერ იმუნოგლობულინი). დაინფიცირებული პიროვნების იზოლაცია გვეხმარება ინფექციის გავრცელების პრევენციაში იმ ადამიანებში, რომელთაც არ ჰქონიათ ჩუტყვავილა. ბავშვები არ უნდა დაბრუნდნენ სკოლაში და მოზრდილები – სამსახურში, სანამ ბოლო ბუშტუკი არ აიქერცლება.

მკურნალობა

ჩუტყვავილას მსუბუქი შემთხვევები საჭიროებენ მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობას. კანზე სველი საფენების დადება ეხმარება ქავილის შემცირებას, რომელიც შეიძლება იყოს ინტენსიური და ახდენს კაწვრის პრევენციას, რამაც შეიძლება გაავრცელოს ინფექცია და გამოიწვიოს ჭრილობები. ბაქტერიული ინფექციის განვითარების რისკის გამო უნდა მოხდეს კანის ხშირი დაბანა საპნით და წყლით, ხელების სისუფთავის დაცვა, ფრჩხილების დაჭრა დაკაწვრის მინიმიზაციისთვის და ტანსაცმლის სუფთად და მშრალად შენახვა. დასალევად ხანდახან ინიშნება ქავილის შესამცირებელი წამლები, როგორიცაა ანტიჰისტამინები. თუ განვითარდა ბაქტერიული ინფექცია, შეიძლება საჭირო გახდეს ანტიბიოტიკი.

ექიმები ზოგჯერ ნიშნავენ ანტივირუსულ წამლებს, როგორიცაა აციკლოვირი, ვალაციკლოვირი და ფამციკლოვირი, მოზარდებისა და მოზრდილებისთვის და აგრეთვე გართულებების განვითარების მაღალი რისკის მქონე ჯგუფისთვის, როგორიცაა ეგზემის მსგავსი კანის დარღვევებით და ასპირინით ან კორტიკოსტეროიდებით ნამკურნალევი ხალხი, დღენაკლული ჩვილები და იმუნური სისტემის დარღვევების მქონე ბავშვები. ეფექტის მისაღებად წამლები უნდა მიეცეთ დაავადების დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში. ანტივირუსული წამლები არ ენიშნებათ ორსულ ქალებს.