ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსული ინფექცია | მკურნალი.გე
  1. ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსული ინფექცია
  2. ვირუსული ინფექციები (ინფექციები)
  3. ინფექციები
ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსული ინფექცია

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის ინფექცია (აივ) არის ვირუსული ინფექცია, რომელიც პროგრესულად აზიანებს განსაკუთრებულად სისხლის თეთრ უჯრედებს და იწვევს შეძენილ იმუნოდეფიციტის სინდრომს (შიდსი).

  • აივ ინფექცია გამოწვეულია HIV-1და HIV-2 ვირუსებით, პატარა ბავშვებში ძირითადად შეძენილია დედისგან;

  • ინფექციის ნიშნებია ნელი ზრდა, განვითარების შეფერხება, მორეციდივე ბაქტერიული ინფექციები და ფილტვების ანთება;

  • დიაგნოზი დაფუძნებულია სისხლის სპეციალურ ანალიზებზე;

  • ბავშვები, რომლებიც იღებენ ანტი-HIV წამლებს, შეუძლიათ იცხოვრონ ადრეულ მოზრდილობამდე;

  • ინფიცირებულ დედებს შეუძლიათ ახალშობილის დაინფიცირების პრევენცია ანტი-HIV წამლების მიღებით, ხელოვნური კვებით და საკეისრო კვეთით;

  • ბავშვების მკურნალობა ხდება იმავე წამლებით, რითაც მოზრდილების.

ამერიკის შეერთებულ შტატებში აივ-ით ინფიცირებულ ხალხთა მხოლოდ დაახლოებით 2%-ია ბავშვები ან მოზარდები. მსოფლიო მასშტაბით, უფრო პრობლემურია აივ ინფექცია ბავშვთა ასაკში.

არსებობს ადამიანის იმუნოდეფიციტის 2 ვირუსი – HIV-1და HIV-2. ორივე პროგრესულად აზიანებს განსაკუთრებულად სისხლის თეთრ უჯრედებს, რომელთაც ეწოდებათ ლიმფოციტები და არიან ადამიანის იმუნური დაცვის მნიშვნელოვანი ნაწილი. როდესაც ეს ლიმფოციტები ნადგურდებიან, სხეული ხდება მგრძნობიარე მრავალი ინფექციური ორგანიზმის მიმართ. აივ ინფექციის ბევრ სიმპტომი და გართულება, სიკვდილის ჩათვლით, არის სხვა ინფექციის შედეგი და არა თვითონ აივ ინფექციისა. აივ ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს მრავალი პრობლემური ინფექცია ორგანიზმებით, რომლებიც ჩვეულებრივ არ ახდენენ გავლენას ადამიანის ჯანრმთელობაზე. მათ ეწოდებათ ოპორტუნისტული ინფექციები, გამომწვევები კი არიან ვირუსები, პარაზიტები და ბავშვებში, მოზრდილებისგან განსხვავებით – ბაქტერიები.

შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი (შიდსი) აივ ინფექციის ყველაზე მძიმე ფორმაა. როდესაც ბავშვს დაავადების ერთი გართულება მაინც უვითარდება ან როდესაც სახეზეა სხეულის ინფექციისგან თავდაცვის უნარის საგრძნობი დაქვეითება, უნდა ვივარაუდოთ, რომ მას აქვს შიდსი.

ინფექციის გადაცემის გზა

პატარა ბავშვებში, აივ ინფექციის შეძენა ძირითადად ხდება დედისგან. შიდსით დაავადებული ბავშვების 7%-ზე ნაკლებს ეს ინფექცია ხვდება სხვა წყაროებიდან – სისხლის გადასხმა (ჰემოფილიის მკურნალობისთვის ჩატარებული სისხლის პროცედურები) ან სექსუალური ძალადობა. რადგან სისხლის და სისხლის პროდუქტების უსაფრთხოების ზომები გაუმჯობესდა, ამჟამინდელი ინფექციების ძალიან მცირე ნაწილია გამოწვეული ამ მექანიზმებით.

7000 აივ-დაინფიცირებულ ქალზე მეტი მშობიარობს ყოველწლიურად ამერიკის შეერთებულ შტატებში. პრევენციული ღონისძიებების გარეშე, მათი 25-33% ახდენს ინფექციის გადადებას ბავშვებზე. ყველაზე მაღალია რისკი იმ დედებში, რომლებსაც ემართებათ ეს ინფექცია ორსულობის დროს, აქვთ მეტი ვირუსი სხეულში ან არიან ძალიან მძიმედ ავად. გადაცემა ხშირად ხდება ჭინთვებისა და მშობიარობისას.

ვირუსის გადადება შეიძლება მოხდეს ძუძუს რძით – 12-14% ბავშვებში, რომლებიც არ იძენენ აივ ინფექციას დაბადებისას, ავადდებიან აივ-ინფიცირებული დედის ძუძუთი კვებისას. ყველაზე ხშირად, ტრანსმისია ხდება სიცოცხლის პირველ კვირებში ან თვეებში, თუმცა შეიძლება მოხდეს მოგვიანებითაც. ის უფრო ხშირია დედებში, რომლებიც ავადდებიან ძუძუთი კვების დროს ან აქვთ ძუძუს ინფექცია (მასტიტი).

მოზარდებში, ტრანსმისიის გზები იგივეა, რაც უფროსებში: სქესობრივი კავშირი – ორივე: ჰეტეროსექსუალური და ჰომოსექსუალური – და წამლების ინექციისას ინფიცირებული ნემსების გაზიარება.

ვირუსი არ გადაეცემა საკვებით, წყლით, სახლის ნივთებით ან სახლში სოციალური კონტაქტით, სამსახურში ან სკოლაში. ძალიან იშვიათ შემთხვევაში, აივ შეიძლება გავრცელდეს კანზე ინფიცირებული სისხლით კონტაქტისას. უმეტეს შემთხვევაში, კანის ზედაპირი დაზიანებული უნდა იყოს ნაკაწრებით ან ღია ჭრილობით. მიუხედავად იმისა, რომ ნერწყვი შეიცავს ვირუსს, ინფიცირებულის კოცნით ან კბენით ვირუსის გადაცემა არასდროს დადასტურებულა.

სიმპტომები

აივ ინფექციით დაბადებულ ბავშვებს იშვიათად აქვთ სიმპტომები პირველი რამდენიმე თვის მანძილზე. თუ ბავშვებს არ ჩაუტარდებათ მკურნალობა, დაახლოებით 20%-ს განუვითარდება პრობლემები სიცოცხლის პირველი ან მეორე წლის მანძილზე. ბავშვების დანარჩენ 80%-ს პრობლემები შეიძლება არ ჰქონდეთ 3 წლამდე ან უფრო მეტხანს მკურნალობის ჩაუტარებლობის შემთხვევაშიც კი. ეფექტური ანტი-აივ წამლების გამოყენებისას აივ ინფექციის მქონე ბავშვებს შესაძლოა არც განუვითარდეთ სიმპტომები. მოზარდობის ასაკში შეძენილი აივ ინფექციის სიმპტომები მოზრდილების მსგავსია.

ბავშვებში აივ ინფექციის პირველი ნიშანებია: ზრდის შეფერხება და მომწიფების დაგვიანება, მორეციდივე დიარეა, ფილტვების ინფექცია ან პირის ღრუს სოკოვანი ინფექცია (კანდიდა). ხანდახან ბავშვებს უმეორდებათ ბაქტერიული ინფექციები, როგორიცაა შუა ყურის ანთება, სინუსიტი ან პნევმონია.

სიმპტომების და გართულებების ნაირფეროვნება შეიძლება განვითარდეს ბავშვის იმუნური სისტემის გაუარესების დროს. აივ ინფიცირებული ბავშვების დაახლოებით ერთ მესამედს აღენიშნება ფილტვების ანთება (ლიმფოციტური ინტერსტიციალური პნევმონიტი) ხველით და სუნთქვის გაძნელებით.

აივ ინფექციით დაბადებულ ბავშვებს ძირითადად აქვთ პირველ 15 თვეში პნევმოცისტური პნევმონიის მინიმუმ ერთი ეპიზოდი, თუ არ იღებს ანტი-აივ წამლებს. არანამკურნალები ბავშვების ნახევარს რაღაც მომენტში უვითარდება პნევმონია. შიდსის მქონე ბავშვების და მოზრდილების სიკვდილის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია პნევმოცისტური პნევმონია.

აივ ინფიცირებული ბავშვების უმრავლესობაში თავის ტვინის დაზიანების პროგრესირება ახდენს განვითარების ეტაპების (როგორიცაა სიარულის დაწყება და მეტყველება) შეჩერებას ან შეფერხებას, ამ ბავშვებს აგრეთვე შეიძლება ჰქონდეთ დაქვეითებული ინტელექტი და სხეულთან შედარებით თავის მცირე ზომა. არანამკურნალები დაინფიცირებული ბავშვების 20% პროგრესულად კარგავს სოციალურ და მეტყველების უნარებს და კუნთების კონტროლს. შეიძლება მოხდეს ნაწილობრივი დამბლა ან ფეხებში სისუსტის ან კუნთების ცოტაოდენი რიგირდობის განვითარება.

ანემია (სისხლის მცირე წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება) ხშირია აივ-ინფიცირებულ ბავშვებში და იწვევს მათ სისუსტეს და ადვილად დაღლას. არანამკურნალები ბავშვების დაახლოებით 20%-ში ვითარდება გულის პრობლემები, როგორიცაა სწრაფი და არარეგულარული გულისცემა ან გულის უკმარისობა.

უფრო იშვიათად, არანამკურნალებ ბავშვებში ჩნდება ღვიძლის (ჰეპატიტი) ან თირკმლის ანთება (ნეფრიტი). შიდსის მქონე ბავშვებში იშვიათია სიმსივნე, მაგრამ არა-ჰოჯკინის ლიმფომა და თავის ტვინის ლიმფომა შეიძლება განვითარდეს რამდენადმე უფრო ხშირად, ვიდრე არაინფიცირებულ ბავშვებში. ძალიან იშვიათია ბავშვთა ასაკში კაპოშის სარკომა, შიდს-თან დაკავშირებული სიმსივნე, რომელიც გავლენას ახდენს კანზე და შინაგან ორგანოებზე.

დიაგნოზი

ბავშვებში აივ ინფექციის დიაგნოზი იწყება რუტინული პრენატალური სკრინინგით ორსულ ქალებში აივ ინფექციის აღმოჩენით. უნდა მოხდეს დაავადებული ან აივ ინფექციის მაღალი რისკის ქვეშ მყოფი (ცხოვრების სტილიდან გამომდინარე) დედების ახალშობილების გამოკვლევა. ჩვილებს უნდა ჩაუტარდეთ გარკვეული ინტერვალით ანალიზები – ძირითადად სიცოცხლის მეორე დღეს, დაახლოებით 1 თვის და 4-6 თვეებს შორის ასაკში. ასეთი ხშირი კვლევებით ხდება უმეტესი აივ ინფიცირებული ჩვილების აღმოჩენა 6 თვის ასაკში.

ჩვილებში არ გამოიყენება მოზრდილის სტანდარტული აივ ანტისხეულების სისხლის ტესტები, რადგან ჩვილის სისხლი თითქმის ყოველთვის შეიცავს აივ ანტისხეულებს, თუ დედა აივ ინფიცირებულია (იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვილი არაა). აივ ინფექციის ზუსტი დიაგნოსტირებისათვის 18 თვემდე ასაკის ბავშვებში ატარებენ სპეციალური სისხლის ტესტებს (დნმ პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ტესტი), რომლებიც საზღვრავენ სისხლში ვირუსის არსებობას. სტანდარტული სისხლის გამოკვლევა გამოიყენება აივ ინფექციის დიაგნოსტირებისთვის 18 თვეზე უფროს ბავშვებსა და მოზარდებში.

როდესაც მოხდება აივ ინფექციის დიაგნოსტირება, ექიმი ახდენს ინფექციის კურსის მონიტორირებას ლიმფოციტების CD4+-ის რაოდენობის ხშირი განსაზღვრით (CD4 რაოდენობა, რომელიც იკლებს ინფექციის გაუარესებისას).

პროგნოზი

ამჟამინდელი მედიკამენტური თერაპიით, აივ ინფექციით დაბადებული ბავშვების უმრავლესობა ცხოვრობს კარგად 5 წელზე მეტხანს და დაახლოებით 50% კი სცილდება 10 წლის ასაკს. უფრო და უფრო მეტი ბავშვი გადადის მოზარდობაში და ადრეულ მოზრდილობაში. პროგნოზი ცუდია მათთვის, ვისთანაც ვირუსი აღმოჩენილ იქნა ადრე (დაახლოებით სიცოცხლის პირველი კვირის მანძილზე) ან რომელთაც განუვითარდათ სიმპტომები სიცოცხლის პირველ წელს.

პრევენცია

ახალშობილების ინფექციის პრევენციის ყველაზე ეფექტური საშუალებაა აივ-ინფიცირებული დედის მიერ ორსულობის თავიდან არიდება. თუ დაინფიცირებული დედა დაორსულდება, ანტი-აივ წამლები საკმაოდ ეფექტურია ინფექციის გადადების მინიმიზაციისთვის. ქალებს, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სამი ანტი-აივ წამლით კომბინაციური თერაპიის მოთხოვნებს, ეძლევათ ზიდოვუდინი (ZDV აგრეთვე ეწოდებათ AZT) დასალევად ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრებში (გრძელდება 6 თვე). ZDV აგრეთვე უკეთდებათ ვენაში (ინტრავენურად) ჭინთვების დროს და მშობიარობისას. ZDV უნდა დაენიშნოთ ყოველდღიურად ახალშობილებს 6 კვირის მანძილზე. ეს მკურნალობა ამცირებს ტრანსმისიის სიხშირეს 33%-იდან დაახლოებით 8%-მდე. ქალებში, რომლებიც იტარებენ კომბინაციურ თერაპიას, სიხშირე 2%-ზე ნაკლებია. აგრეთვე, საკეისრო კვეთა ამცირებს ბავშვებში აივ ინფექციის შეძენის რისკს.

ქვეყნებში, სადაც ხელმისაწვდომია ჩვილების მზა, კარგი ხელოვნური საკვები და სუფთა წყალი, აივ ინფიცირებულმა დედებმა უნდა კვებონ ბავშვები ბოთლით და არ უნდა ჩააბარონ რძე რძის დონორ ბანკებში. ქვეყნებში, სადაც ჭუჭყიანი წყლის გამო მაღალია კვების ნაკლებობის ან ინფექციური დიარეის რისკი, ძუძუთი კვების სარგებელი გადაწონის აივ ტრანსმისიის რისკს.

რადგან ბავშვის აივ სტატუსი შეიძლება იყოს უცნობი, სკოლებმა და საბავშვო ბაღებმა უნდა გაითავისონ სპეციალური პროცედურების ჩატარების აუცილებლობა ისეთი შემთხვევების დროს, როგორიცაა ცხვირიდან სისხლდენა და სისხლის დაბინძურებული ზედაპირების გაწმენდა და დეზინფექცია. დასუფთავების დროს, პერსონალს ურჩევენ თავი აარიდონ კანის კონტაქტს სისხლით დაბინძურებულ საგნებთან. რუტინულად უნდა იყოს ხელმისაწვდომი ლატექსის ხელთათამები და მოხდეს ხელების დაბანა ხელთათმანების მოხსნის შემდგომ. დაბინძურებული ზედაპირები უნდა გაიწმინდოს და მოხდეს დეზინფექცია ახალმომზადებული მათეთრებელი ნივთიერებით, რომელიც შეიცავს 10 წილ საყოფაცხოვრებო მათეთრებელს, გაზავებულს წყლის 100 წილთან.

მოზარდებისთვის პრევენცია მოზრდილების მსგავსია. ყველა მოზარდს უნდა ჰქონდეს აივ ტესტირების შესაძლებლობა და მიეცეთ ინფორმაცია, თუ როგორ გადადის აივ ინფექცია და როგორ შეიძლება მისგან თავის არიდება, სექსისგან თავის შეკავების ან უსაფრთხო სექსის ინსტრუქციების ჩათვლით.

მკურნალობა

წამლით მკურნალობა: ბავშვებს უტარდებათ მკურნალობა მოზარდებისნაირი ანტი-აივ პრეპარატებით, ძირითადად მაღალი აქტივობის ანტი-რეტროვირუსული თერაპიის (HAART) კომბინაციით ორ ან მეტ უკუტრანსკრიპტაზას ინჰიბიტორთან და პროტეაზას ინჰიბიტორთან ერთად. თუმცა მოზრდილებში ხელმისაწვდომი ყველა წამალი არ გამოიყენება პატარა ბავშვებში, ნაწილობრივ იმიტომ, რომ არ არის ხსნარის ფორმით. შეიძლება ძნელი იყოს მშობლებისთვის და ბავშვებისთვის, მისდიონ წამლის რეჟიმების სირთულეს, რაც სავარაუდოდ შეამცირებს თერაპიის ეფექტურობას. ზოგადად, ბავშვებს უვითარდებათ იმავე ტიპის გვერდითი ეფექტები, როგორიც მოზრდილებს, მაგრამ, როგორც წესი, უფრო ნაკლები სიხშირით. თუმცა, წამლების გვერდითი მოვლენები ზღუდავს მკურნალობის შესაძლებლობებს. ექიმი აკვირდება მკურნალობის ეფექტურობას დინამიკაში სისხლში ვირუსის რაოდენობის რეგულარული განსაზღვრით და ბავშვის CD4+ უჯრედების დათვლით. სისხლში ვირუსის რაოდენობის მატება შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ ვირუსი ივითარებს რეზისტენტობას წამლების მიმართ ან ბავშვი არ იღებს წამლებს. ორივე შემთხვევაში ექიმმა უნდა შეცვალოს წამლები.

ოპორტუნისტული ინფექციების პრევენცია: პნევმოცისტური პნევმონიის პრევენციისათვის, ექიმები აძლევენ ტრიმეთოპრიმ-სულფამეტოქსაზოლს ყველა ბავშვს, რომელთაც დაუდასტურდათ აივ ინფექცია და აქვთ მნიშვნელოვნად დაქვეითებული იმუნური სისტემა, აგრეთვე აივ დაინფიცირებული დედისგან დაბადებული 4-6 კვირის ასაკის ბავშვებს (გრძელდება მანამ, სანამ ტესტი არ აჩვენებს, რომ ჩვილი არაა დანფიცირებული). 5 წლის და მეტი ასაკის ბავშვებს, რომლებიც ვერ ეგუებიან ტრიპეტოპრიმ-სულფამეტოქსაზოლს, ეძლევათ პენტამიდინი. დაპსონი არის 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ალტერნატიული წამალი, რომლებიც ვერ იღებენ ტრიმეთოპრიმ-სულფამეტოქსაზოლს.

მნიშვნელოვნად დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე ბავშვებს აგრეთვე ეძლევათ აზითრომიცინი ან კლარიტრომიცინი Mycobacterium avium კომპლექსული ინფექციის პრევენციისთვის. რიფაბუტინი არის ალტერნატიული წამალი. მორეციდივე ბაქტერიული ინფექციის მქონე ბავშვებს ეძლევათ იმუნოგლობულინი ვენაში, თვეში ერთხელ.

ვაქცინაცია: თითქმის ყველა აივ ინფიცირებულ ბავშვს უნდა უტარდებოდეს რუტინულად ბავშვთა ასაკის ვაქცინაციები: დიფტერია, ტეტანუსის და ყივანახველის ჩათვლით (DTaP); ინაქტივირებული პოლიომიელიტის ვაქცინა; Haemophilus influenzae; Streptococcus pneumoniae და B ჰეპატიტი. ცოცხალი ვირუსების შემცველ ვაქცინებს, როგორიცაა ორალური პოლიომიელიტის ვირუსი, ჩუტყვავილა და წითელა-წითურა-ყბაყურა, შეუძლიათ გამოიწვიონ მძიმე ან ფატალური დაავადება ბავშვებში, რომელთა იმუნური სისტემა ძლიერ დაქვეითებულია. თუმცა წითელა-წითურა-ყბაყურა და ყბაყურას ვაქცინა რეკომენდებულია აივ ინფიცირებული ბავშვებისთვის, რომელთა იმუნური სისტემა არაა მძიმედ დაქვეითებული. ყოველწლიურად გრიპის იმუნიზაცია რეკომენდებულია ყველა 6 წელზე უფროსი აივ-ინფიცირებული ბავშვისთვის. თუმცა, ნებისმიერი ვაქცინაციის ეფექტურობა აივ ინფიცირებულ ბავშვებში ნაკლებად ეფექტური იქნება.

სოციალური საკითხები: იმ ბავშვებისათვის, რომელთაც სჭირდებათ ბავშვთა სახლში, საბავშვო ბაღში ან სკოლაში ყოფნა, ექიმმა უნდა შეაფასოს ინფექციური დაავადებების გადადების მოსალოდნელი რისკი. ზოგადად, ისეთი ინფექციების გადადება, როგორიცაა ჩუტყვავილა, აივ-ინფიცირებულ ბავშვზე (ან ნებისმიერ ბავშვზე, რომელსაც აქვს დაქვეითებული იმუნური სისტემა) უფრო საშიშია, ვიდრე აივ-ინფექციის გადადება ამ ბავშვიდან სხვებზე. აივ-ინფიცირებული პატარა ბავშვები, რომელთაც აქვთ კანის ღია ჭრილობები ან პოტენციურად საშიში ქცევები, როგორიცაა კბენა, არ უნდა დადიოდნენ საბავშვო ბაღებში.

აივ-ინფიცირებული ბავშვები მონაწილეობას უნდა იღებდნენ იმდენ რუტინულ ბავშვთა აქტივობებში, რამდენის საშუალებასაც მისცემს მათი ფიზიკური მდგომარეობა. სხვა ბავშვებთან ურთიერთობა აძლიერებს სოციალურ განვითარებას და თვითშეფასებას. დაავადებასთან ასოცირებული სტიგმის და სხვა ბავშვზე ინფექციის გადაცემის ნაკლები ალბათობის გამო, არ არის საჭირო იცოდეს ბავშვის აივ-სტატუსის შესახებ მშობლების, ექიმების და, სავარაუდოდ, სკოლის ექთნის გარდა სხვამ.

როდესაც ბავშვის მდგომარეობა უარესდება, სასურველია მკურნალობა მიიღოს ნაკლებად შეზღუდული გარემოს პირობებში. თუ ხელმისაწვდომია სახლში მკურნალობა და სოციალური სერვისები, ბავშვმა შეიძლება გაატაროს უფრო მეტი დრო სახლში, ვიდრე საავადმყოფოში.