სასუნთქი გზების ინფექციები | მკურნალი.გე
  1. სასუნთქი გზების ინფექციები
  2. ვირუსული ინფექციები (ინფექციები)
  3. ინფექციები
სასუნთქი გზების ინფექციები

სასუნთქი გზების ინფექციები აზიანებს ცხვირს, ხახას და სასუნთქ გზებს და გამოწვეულია მრავალი სხვადასხვა ვირუსით.

  • სასუნთქი გზების ზოგადი ინფექციები მოიცავს სურდოსა და გრიპს;

  • ტიპური სიმპტომებია: ცხვირის გაჭედვა, ცხვირიდან გამონადენი, ყელის ფხაჭნა, ხველა და გაღიზიანებულობა;

  • დიაგნოზი დაფუძნებულია სიმპტომებზე;

  • ამ ინფექციების პრევენციის საუკეთესო გზაა კარგი ჰიგიენა. ყოველწლიურ ვაქცინაციას შეუძლია გრიპის პრევენცია;

  • მკურნალობის მიზანია სიმპტომების შემსუბუქება.

ბავშვებს წელიწადში საშუალოდ 6-ჯერ აქვთ სასუნთქი გზების ვირუსული ინფექცია. იგულისხმება სურდო და გრიპი. ექიმები განიხილავენ მათ, როგორც ზედა სასუნთქი გზების ინფექციებს (ზსგი), რადგან იწვევენ ძირითადად ცხვირის და ყელის სიმპტომებს. პატარა ბავშვებში, ვირუსები ხშირად იწვევს ქვედა სასუნთქი გზების ინფექციას – ტრაქეა, ბრონქები და პნევმონია. ეს ინფექციები მოიცავს კრუპს, ბრონქიოლიტს და პნევმონიას. ბავშვებში ხშირად ერთდროულად ზიანდება ზედა და ქვედა სასუნთქი გზები.

ბავშვთა ასაკის ვირუსული სასუნთქი ინფექციების მთავარი გამომწვევებია რინოვირუსები, გრიპის ვირუსები (ყოველწლიური ზამთრის ეპიდემიების დროს), პარაგრიპის ვირუსები, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი (რსვ), ენტეროვირუსები და ადენოვირუსების ზოგიერთი შტამები.

ყველაზე ხშირად, სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციები ვრცელდება დაინფიცირებული ადამიანის ცხვირის სეკრეტებთან ბავშვის ხელებით კონტაქტით. ეს სეკრეტები შეიცავენ ვირუსებს. შემდეგ, როდესაც ბავშვი ეხება საკუთარ პირს, ცხვირს ან თვალებს, ვირუსი შეაღწევს და წარმოქმნის ახალ ინფექციას. შედარებით იშვიათად, ინფექციები ვრცელდება, როდესაც ბავშვი შეისუნთქავს ინფიცირებული ადამიანის ამოხველებული ან დაცემინებული ჰაერის წვეთებს. სხვადასხვა მიზეზით, სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციის მქონე ბავშვების ნაზალურ ან რესპირაციულ სეკრეტებში უფრო მეტი ვირუსებია, ვიდრე დაინფიცირებულ მოზრდილებში. ვირუსების ეს დიდი რაოდენობა ჰიგიენის წესების დარღვევასთან ერთად იწვევს იმას, რომ ბავშვები უფრო ავრცელებენ ინფექციას, ვიდრე სხვები. გადაცემის შესაძლებლობა უფრო მაღალია, როდესაც ბევრი ბავშვი ერთადაა თავშეყრილი, მაგალითად, საბავშვო ბაღსა და სკოლებში. ხალხში გავრცელებული მოსაზრების საპირისპიროდ, სხვა ფაქტორები, როგორიცაა შეციება, დასველება ან გადაღლა, არ იწევევს სურდოს და არ ზრდის ბავშვის მგრძნობელობას ინფექციისადმი.

სიმპტომები და გართულებები

როდესაც ვირუსები შეიჭრებიან სასუნთქი გზების უჯრედებში, ისინი აპროვოცირებენ ანთებას და ლორწოს პროდუქციას. ეს სიტუაცია იწვევს ცხვირის გაჭედვას, გამონადენს, ყელის ფხაჭნას და ხველას, რაც შეიძლება გაგრძელდეს 14 დღის განმავლობაში. ხშირია 101-103ºF-მდე (დაახლოებით 38.3-38.9ºC) ცხელება. ბავშვებში სხვა სიმპტომებია მადის დაქვეითება, ლეთარგიულობა და ზოგადი სისუსტე (უგუნებობა). თავის და სხეულის ტკივილი ვითარდება განსაკუთრებით გრიპის დროს. ჩვილებს და პატარა ბავშვებს არ შეუძლიათ სპეციფიკური სიმპტომების გადმოცემა და უბრალოდ ჭირვეულობენ და მოუსვენრად არიან.

რადგან ახალშობილები და პატარა ბავშვები უპირატესობას ანიჭებენ ცხვირით სუნთქვას, საშუალო სიმძიმის ცხვირის გაჭედვაც კი იწვევს სუნთქვის გაძნელებას. შედეგად ვითარდება კვების პრობლემები, რადგან ჩვილები ძუძუს ან ბოთლის წოვის დროს ვერ სუნთქავენ. იმის გამო, რომ ჩვილებს არ შეუძლიათ ნახველის ამოღება, ისინი ხშირად აღებინებენ, რაც სასუნთქ გზებს ახშობს.

პატარა ბავშვების ვიწრო სასუნთქი გზები შეიძლება ძლიერ შევიწროვდეს ანთებისას და ლორწო აძნელებს სუნთქვას. ბავშვები სუნთქავენ სწრაფად და უვითარდებათ ამოსუნთქვის დროს მაღალი ტონალობის ხმიანობა (ვიზინგი) ან იგივე ხმიანობა ჩასუნთქვისას (სტრიდორი). სასუნთქი გზების ძლიერი შევიწროება ბავშვებში გამოიწვევს სუნთქვის გაძნელებას და კანის სილურჯეს (ციანოზი). სუნთქვის ასეთი პრობლემები ხშირია პარაგრიპის ვირუსით და რსვ-ით გამოწვეული ინფექციის დროს. დაავადებულ ბავშვებს ესაჭიროებათ სასწრაფოდ ექიმთან ვიზიტი.

სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციის მქონე ზოგიერთ ბავშვს უვითარდება შუა ყურის ან ფილტვის ქსოვილის ანთება (პნევმონია). ისინი შეიძლება გამოიწვიოს თავად ვირუსმა ან ბაქტერიულმა ინფექციამ, რომელიც ვითარდება ქსოვილის ვირუსული ანთებისას სხვა გამომწვევებზე მომატებული მგრძნობელობის გამო. ასთმის მქონე ბავშვებში, სასუნთქი გზების ინფექცია ხშირად ხელს უწყობს ასთმის შეტევის განვითარებას.

დიაგნოზი

ექიმები და მშობლები ცნობენ სასუნთქი გზების ინფექციებს ტიპური სიმპტომებით. ზოგადად, ზედა სასუნთქი გზების ინფექციის მსუბუქი სიმპტომების მქონე, სხვა მხრივ ჯანმრთელი ბავშვის ნახვა ექიმის მიერ აუცილებელი არ არის, ვიდრე არ ექნება საყურადღებო სიმპტომები: გაძნელებული სუნთქვა, სითხის მიღებაზე უარის თქმა და მომატებული ტემპერატურა ერთ ან ორ დღეზე მეტხანს. შეიძლება გადავუღოთ კისრის და გულმკერდის რენტგენოგრამა ბავშვებს, რომელთაც აქვთ სუნთქვის გაძნელება, სტრიდორი, ვიზინგი ან მოსმენით – ფილტვის შეგუბება. სისხლის და რესპირატორული სეკრეტების გამოკვლევები იშვიათადაა ინფორმაციის მომცემი.

პრევენცია და მკურნალობა

პრევენციული ღონისძიებებიდან საუკეთესოა კარგი ჰიგიენა. დაავადებულმა ბავშვმა და ოჯახის წევრებმა უნდა დაიბანონ ხელები ხშირად. რაც უფრო მეტი ფიზიკური კონტაქტი (როგორიცაა ჩახუტება, მოფერება ან საწოლის გაზიარება) იქნება ავადმყოფ ბავშვთან, მით უფრო მეტია ოჯახის სხვა წევრებზე ინფექციის გავრცელების რისკი. მშობლებმა უნდა დააბალანსონ რისკი ავადმყოფი ბავშვის კომფორტის საჭიროებასთან. ბავშვები უნდა დარჩნენ სახლში მანამ, სანამ სიცხე არ დაიწევს და თავს კარგად არ იგრძნობენ სკოლაში ან ბაღში წასასვლელად.

სასუნთქი ინფექციებიდან შესაძლებელია მხოლოდ გრიპის პრევენცია ვაქცინაციით. 6-დან 59 თვემდე ასაკის ყველა ბავშვმა უნდა ჩაიტაროს ყოველწლიური ვაქცინაცია, ისევე როგორც – განსაკუთრებული დარღვევების მქონე უფროსმა ბავშვებმა. დარღვევები გულისხმობს: გულის და ფილტვის დაავადებებს (კისტური ფიბროზი და ასთმა), დიაბეტს, თირკმლის უკმარისობას, ნამგლისებრუჯრედოვან დაავადებას. ვაქცინაცია აუცილებელია ბავშვებისათვის, რომელთა იმუნური სისტემა დასუსტებულია (იმუნოდეფიციტის ვირუსის ან ქიმიოთერაპიის ფონზე).

სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციების მკურნალობისას არაა საჭირო ანტიბიოტიკების გამოყენება. ასეთ ბავშვებს ესაჭიროებათ დამატებითი დასვენება და სითხის ნორმალური რაოდენობის მიწოდება. აცეტამინოფენი ან არასტეროიდული ანტიანთებითი წამლები, როგორიცაა იბუპროფენი, შეიძლება მიეცეთ ცხელებისა და

ტკივილის დროს. სკოლის ასაკის ბავშვებმა ურეცეპტოდ (ერთჯერადად) უნდა მიიღონ შეშუპების მომხსნელი წამლები – ცხვირის გაჭედვისთვის, თუმცა წამალი ხშირად ვერ შველის. ჩვილები და პატარა ბავშვები განსაკუთრებით მგრძნობიარეები არიან შეშუპების მომხსნელი წამლების მიმართ და შეიძლება განვითარდეს აჟიტირება, ჰალუცინაციები, დაბნეულობა, ლეთარგიულობა და სწრაფი გულისცემა. ჩვილებსა და პატარა ბავშვებში, შეშუპება შეიძლება მოიხსნას გრილი ორთქლის ინჰალატორით ჰაერის დატენიანებით და რეზინის საქაჩით ცხვირის ლორწოსგან განთავისუფლებით.