რესპირატორული სინციტიური ვირუსი იწვევს ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციას.
რესპირატორული სინციტიური ვირუსი (რსვ) სასუნთქი გზების ინფექციის ყველაზე ხშირი გამომწვევია, ძირითადად ბავშვებში. თითქმის ყველა ბავშვი ინფიცირდება 4 წლის ასაკისთვის, ბევრი სიცოცხლის პირველ წელიწადს. ინფექცია არ წარმოქმნის იმუნიტეტს, ასე რომ, ხშირია რეინფექცია, თუმცა ხშირად ნაკლებად სერიოზულია. ეპიდემიები ძირითადად გვხვდება ზამთარსა და ადრეულ გაზაფხულზე.
პირველი ინფექცია ხშირად მოიცავს ქვედა სასუნთქ გზებს და უფრო ხშირად იწვევს ბრონქიოლიტს. მოგვიანებით ინფექციები მოქმედებს ზედა სასუნთქ გზებზე. ბავშვებს, რომელთაც ჰქონდათ ბრონქიოლიტი, აქვთ ასთმის განვითარების მეტი რისკი უფროს ასაკში. სერიოზული ფონური დაავადებების (როგორიცაა თანდაყოლილი გულის დაავადება, ასთმა, კისტური ფიბროზი ან იმუნური სისტემის სუპრესია) მქონე ბავშვები ან დღენაკლები არიან მძიმე დაავადებების განვითარების რისკის ქვეშ. მოზრდილები აგრეთვე ავადდებიან რსვ-ით და მოხუცებს შეიძლება განუვითარდეთ პნევმონია.
ცხელება და ცხვირიდან გამონადენი იწყება ინფექციის დაწყებიდან 3-5 დღეში. პირველი ინფექციისას ბავშვებს აქვთ ხველა და ვიზინგი, რაც მიუთითებს ქვედა სასუნთქი გზების ჩართულობაზე. 6 თვეზე პატარა ასაკის ბავშვებისთვის პირველი სიმპტომები შეიძლება იყოს სუნთქვის გაჩერება (აპნოე). ზოგიერთ ბავშვს, ძირითადად ჩვილებს, უვითარდებათ მძიმე რესპირატორული დისტრესი, რაც ზოგჯერ პაციენტის სიკვდილით მთავრდება.
ექიმები ხშირად ამოიცნობენ რსვ-ულ ინფექციას, როდესაც ტიპური სიმპტომები გვხვდება წელიწადის შესაბამის დროს ან ეპიდემიებისას. ძირითადად არ ტარდება გამოკვლევები, თუ ექიმი არ ცდილობს ეპიდემიის იდენტიფიცირებას. საჭიროების შემთხვევაში, ნაზალური სეკრეტების ნიმუშები უნდა გაიგზავნოს სწრაფი ანტიგენის ტესტირებისთვის.
ექიმებმა შეიძლება გაუკეთონ რსვ-ის განვითარების მაღალი რისკის მქონე ბავშვებს ყოველთვიურად პალივიზუმაბის ინექციები, რომელიც შეიცავს რსვ-ის საწინააღმდეგო ანტისხეულებს. ბავშვებს, რომლებიც იღებენ პალივიზუმაბს, ნაკლებად სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია, მაგრამ ექიმები არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ ეს მკურნალობა ახდენს სიკვდილის ან სერიოზული გართულებების პრევენციას.
ბავშვები, რომლებსაც აქვთ სუნთქვის გაძნელება, თავსდებიან საავადმყოფოში. მდგომარეობის მიხედვით ექიმებმა შეიძლება უმკურნალონ ჟანგბადით და წამლებით, როგორიცაა ალბუტეროლი ან ეპინეფრინი, სასუნთქი გზების გაფართოებისთვის (ბრონქოდილატატორები). აღარაა რეკომენდებული რიბავირინის, ანტივირუსული წამლის, გამოყენება. მას მხოლოდ დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ბავშვებში იყენებენ.