ბრონქიოლიტი | მკურნალი.გე
  1. ბრონქიოლიტი
  2. სასუნთქი გზების დაავადებები
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
ბრონქიოლიტი

ბრონქიოლიტი არის ინფექცია, რომელიც აზიანებს ჩვილებისა და 24 თვეზე ნაკლები ასაკის ბავშვების ქვედა სასუნთქ გზებს.

  • ბრონქიოლიტს ძირითადად იწვევს ვირუსი;

  • სიმპტომები მოიცავს ცხვირიდან გამონადენს, ცხელებას, ხველას, ვიზინგსა და სუნთქვის გაძნელებას;

  • დიაგნოზი დაფუძნებულია სიმპტომებსა და ფიზიკურ შეფასებაზე;

  • ბავშვების უმრავლესობა კარგადაა სახლის პირობებში და გამოჯანმრთელდება რამდენიმე დღეში, ზოგს სჭირდება ჰოსპიტალიზაცია;

  • მკურნალობა ძირითადად გულისხმობს ბავშვის დახმარებას სითხეებითა და ზოგჯერ ჟანგბადის მიწოდებით.

ბრონქიოლიტი უმეტესად გამოწვეულია რესპირატორული სინციტიური ვირუსით და პარაგრიპი 3-ის ვირუსით, თუმცა ჩართულია სხვა ვირუსებიც, როგორიცაა გრიპი, პარაგრიპის სხვა ფორმები, მეტაპნევმოვირუსი და ადენოვირუსი. იშვიათი გამომწვევებია რინოვირუსი, ენტეროვირუსი, წითელას ვირუსი და ბაქტერია მიკოპლაზმა. ინფექცია ავიწროებს სასუნთქ გზებს, შედეგად ფერხდება ჰაერის ნაკადი ფილტვებისკენ და ფილტვებიდან გარეთ.

ბრონქიოლიტი ძირითადად გხვდება 24 თვეზე ნაკლები ასაკის ბავშვებში და უფრო ხშირია 6 თვემდე ასაკის ჩვილებში. პირველი წლის განმავლობაში ბრონქიოლიტი ემართება 100 ბავშვიდან 11-ს, თუმცა ეპიდემიების დროს ჩვილების მეტი რაოდენობაა დაავადებული. შემთხვევების უმეტესობა არის ნოემბერსა და აპრილს შორის, პიკს აღწევს ავადობა იანვარსა და თებერვალში. ინფექცია უფრო ხშირია იმ ბავშვებში, რომელთა დედები ეწევიან თამბაქოს, განსაკუთრებით ორსულობის დროს. როგორც ჩანს, ინფექცია ნაკლებად უვითარდებათ ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებს. მშობლები და უფროსი და-ძმა შეიძლება დაინფიცირდნენ იმავე ვირუსით, მაგრამ მათთან ინფექცია იწვევს მხოლოდ მსუბუქ სურდოს.

სიმპტომები და დიაგნოზი

ბრონქიოლიტი იწყება სურდოს სიმპტომებით – ცხვირიდან გამონადენი, ცემინება, მსუბუქი ცხელება და მცირედი ხველა. რამდენიმე დღის შემდგომ, ბავშვს უძნელდება სუნთქვა, იმატებს სუნთქვის სიხშირე და ძლიერდება ხველა. ძირითადად ბავშვს აქვს მაღალი ხმიანობა ამოსუნთქვის დროს (ვიზინგი). ჩვილების უმრავლესობასთან ეს ჩივილები მსუბუქად მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვილები შეიძლება სუნთქავდნენ აჩქარებულად და ძნელად, ისინი რჩებიან აქტიურები, მხიარულები და იღებენ საკვებს კარგად. უფრო მძიმედ ინფიცირებული ჩვილები სუნთქავენ სწრაფად და ზედაპირულად, იხმარებენ სასუნთქ მუსკულატურას და სუნთქვისას ბერავენ ნესტოებს. აღინიშნება მოუსვენრობა და შფოთვა, ვითარდება დეჰიდრატაცია ღებინებისა და სითხის მიუღებლობის გამო. ასევე აღინიშნება ცხელება, მაგრამ არა ყოველთვის. ზოგიერთ ბავშვს უვითარდება ყურის ინფექცია. დღენაკლული ან 2 თვემდე ასაკის ჩვილები ხანდახან აჩერებენ სუნთქვას დროებით. ძალიან მძიმე და უჩვეულო შემთხვევაში შეიძლება აღინიშნებოდეს სილურჯე პირის გარშემო, რაც ჟანგბადის ნაკლებობითაა გამოწვეული.

ექიმის დიაგნოზი დაფუძნებულია სიმპტომებსა და ფიზიკურ შეფასებაზე. ხანდახან იღებენ ნაცხს ცხვირის ლორწოვანიდან ღრმად და ცდილობენ მოახდინონ ლაბორატორიაში ვირუსის იდენტიფიცირება. შეიძლება ჩატარდეს სხვა ლაბორატორიული ტესტები, ზოგჯერ საჭიროა გულმკერდის რენტგენოგრამა.

პროგნოზი და მკურნალობა

ბავშვების უმრავლესობა გამოჯანმრთელდება სახლში მე-3-5 დღეს. ავადმყოფობის დროს საჭიროა კვება მცირე ულუფებით და მეტი სითხე. ვიზინგი და ხველა შეიძლება გაგრძელდეს 2-4 კვირის მანძილზე. სუნთქვის მზარდად გაძნელება, კანის გალურჯება, მივარდნილობა და დეჰიდრატაცია მიუთითებს ბავშვის ჰოსპიტალიზაციის საჭიროებაზე. გულის ან ფილტვის თანდაყოლილი დაავადების ან დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე ბავშვების ჰოსპიტალიზაცია უფრო ადრეცაა აუცილებელი, რადგან ბრონქიოლიტის გართულებები მათ უფრო ხშირად უვითარდებათ. სწორი მოვლისას სერიოზული გართულებების განვითარების რისკი ქვეითდება იმ ბავშვებშიც კი, რომელთაც სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია.

ზოგიერთ ბავშვს აქვს ბრონქიოლიტის შემდეგ ვიზინგის განმეორებითი ეპიზოდები.

ბავშვების უმეტესობას მკურნალობა უტარდება სახლში სითხეებითა და სხვა დამხმარე ღონისძიებებით. საავადმყოფოში ჟანგბადის დონე კონტროლდება ფეხის ან ხელის თითზე მიმაგრებული სენსორით და ჟანგბადის მიწოდება ხდება ბალონით ან სახის ნიღბით. სუნთქვის დასახმარებლად შეიძლება საჭირო გახდეს ხელოვნური სუნთქვის აპარატი. თუ ბავშვი არ სვამს სასმელს ადეკვატურად, სითხეები ინტრავენურად გადაესხმება. შეიძლება ვიხმაროთ საინჰალაციო წამლები სასუნთქი გზების გახსნისთვის (ბრონქოდილატატორები), თუმცა საორჭოფოა მათი ეფექტურობა ბრონქიოლიტის დროს. ინჰალატორით მიწოდებული ანტივირუსული პრეპარატი რიბავირინი რუტინულად აღარ გამოიყენება, მაგრამ შეიძლება დაენიშნოთ დღენაკლულ ან სუნთქვის მძიმე პრობლემების განვითარების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვებს. ასეთ რისკებს ქმნის გულის ან ფილტვის თანდაყოლილი დაავადებები, კისტური ფიბროზი, შიდსი. ანტიბიოტიკები არ არის ეფექტური.