კრუპი | მკურნალი.გე
  1. კრუპი
  2. სასუნთქი გზების დაავადებები
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
კრუპი

კრუპი (ლარინგოტრაქეობრონქიტი) არის სასულის (ტრაქეის) და ხახის (ლარინგსი) ანთება, რომელიც, როგორც წესი, გამოწვეულია გადამდები ვირუსული ინფექციით, იწვევს ხველას, ხმაურიან სუნთქვას (სტრიდორი) და ხანდახან ჩასუნთქვის (ინსპირაცია) გაძნელებას.

  • კრუპს იწვევს ვირუსები;

  • სიმპტომებია ცხელება, ცხვირიდან გამონადენი და დამახასიათებელი მყეფავი ხველა;

  • დიაგნოზი დაფუძნებულია სიმპტომებზე;

  • ბავშვების უმეტესობა გამოჯანმრთელდება სახლში, მაგრამ ნაწილი საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას – სითხეების, ჟანგბადის მიწოდებასა და წამლებს.

კრუპი გამოწვეულია ვირუსული ინფექციით, რომელიც იწვევს სასუნთქი გზების ამომფენი ლორწოვანის შეშუპებას, განსაკუთრებით ხახის მიდამოში. პარაგრიპის ვირუსი ყველაზე ხშირი გამომწვევია, მაგრამ კრუპის მიზეზი შეიძლება იყოს რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი ან გრიპის ვირუსი. მიუხედავად იმისა, რომ კრუპი ყველაზე ხშირია შემოდგომასა და ზამთარში, იგი გვხვდება წლის ნებისმიერ დროს. კრუპი ძირითადად ემართებათ 6 თვიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვებს, თუმცა იშვიათად – უფრო პატარებს ან მოზრდილებსაც. გრიპის ვირუსით გამოწვეული კრუპი შეიძლება მიმდინარეობდეს განსაკუთრებულად მძიმედ და დაემართოს ნებისმიერი ასაკის ბავშვს. ინფექცია ვრცელდება ვირუსის შემცველი ჰაერის წვეთების შესუნთქვით ან ამ წვეთებით დაბინძურებულ ნივთებთან კონტაქტით. ბავშვების უმეტესობას კრუპის მხოლოდ ერთი ეპიზოდი აღენიშნება, მაგრამ მათ მცირე ნაწილს ვირუსული ინფექციით გამოწვეული განმეორებითი შეტევები (სპაზმური კრუპი) უვითარდება, რომელთა სიხშირე და სიმძიმე თანდათანობით იკლებს.

სიმპტომები და დიაგნოზი

კრუპი, როგორც წესი, იწყება სურდოს მსგავსი სიმპტომებით – ცხვირიდან გამონადენი, ცემინება, დაბალი ცხელება და მცირე ხველა. შემდგომ ბავშვს უვითარდება ხმის ჩახლეჩა და ხშირი, უჩვეულო ხმით ხველა, რომელიც აღწერილია როგორც ლითონის ხმა ან ყეფა. კრუპის სიმძიმე სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს. ზოგჯერ სასუნთქი გზების შეშუპება იწვევს სუნთქვის გაძნელებას, რომელიც უფრო მეტად შეიმჩნევა ჩასუნთქვისას (ინსპირაცია). მძიმე კრუპის დროს ყოველი შესუნთქვისას შეიძლება ისმოდეს ხმამაღალი, მკვეთრი ხმიანობა (სტრიდორი). ბავშვების 50%-ს შეიძლება ჰქონდეს ცხელება. ყველა ჩამოთვლილი სიმპტომი უპირატესად ღამით ვლინდება და ამან შეიძლება გამოაღვიძოს ბავშვი. ბავშვის ზოგადი მდგომარეობა უმჯობესდება დილით და ისევ უარესდება შემდგომ ღამეს.

ექიმი განასხვავებს კრუპს დამახასიათებელი სიმპტომებით, განსაკუთრებით ხველის ხმიანობით. ყველაზე რთული სიმპტომები გრძელდება 3-5 დღე და მყეფავი ხველა იცვლება უფრო დაბალი ხმიანობის ხველით. ამ ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს მშობლის ეჭვი, რომ ინფექციამ გადაინაცვლა გულმკერდში. თუმცა, ეს არის დაავადების ნორმალური მიმდინარეობა.

კისრისა და გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევა ეხმარება ექიმს დიაგნოზის დაზუსტებაში.

მკურნალობა

თუ ბავშვს აღენიშნება კრუპის მსგავსი ხველა, მშობლები უნდა დაუკავშირდნენ ექიმს, რადგან კრუპის მქონე ბავშვის მდგომარეობა შეიძლება სწრაფად დამძიმდეს. ზოგადად, ბავშვს, რომელსაც აქვს საშუალო სიმძიმის კრუპი, მკურნალობა შეიძლება ჩაუტარდეს სახლში და იგი გამოჯანმრთელდება, როგორც წესი, 3-4 დღეში. ბავშვს უნდა შევუქმნათ კომფორტული გარემო, მივცეთ ბევრი სითხე და მოვასვენოთ, რადგან მღელვარებამ და ტირილმა შეიძლება გამოიწვიოს მდგომარეობის გაუარესება. სახლის დამატენიანებელი მოწყობილობები (მაგალითად, გრილი ორთქლის ინჰალატორი ან დამატენიანებელი) ატენიანებს ზედა სასუნთქ გზებს და აადვილებს სუნთქვას. ტენიანობა შეიძლება სწრაფად გაიზარდოს აბაზანაში ცხელი შხაპის ორთქლით. ბავშვის გარეთ გაყვანა ცივი, ღამის ჰაერის ჩასასუნთქად აგრეთვე მნიშვნელოვნად ეხმარება სასუნთქ გზებს.

ბავშვებში კრუპის შეტევისას ექიმმა შეიძლება საჭიროდ მიიჩნიოს კორტიკოსტეროიდების ერთჯერადი დოზის გამოყენება სიმპტომების გაუარესების პრევენციისთვის. უწყვეტი კრუპის შემთხვევაში ბავშვი დაუყოვნებლივ უნდა ნახოს ექიმმა, რომელიც სავარაუდოდ ურჩევს კორტიკოსტეროიდებს და შეიძლება მოათავსოს ბავშვი საავადმყოფოში დაკვირვებისა და მკურნალობისთვის. ბავშვებს სუნთქვის მზარდი გაძნელების, აჩქარებული გულისცემის, მივარდნილობის ან კანის მოლურჯო ფერის შემთხვევაში ეძლევათ ჟანგბადი და აგრეთვე – ინტრავენურად სითხეები.

ექიმები, როგორც წესი, მკურნალობენ ეპინეფრინის ინჰალაციითა და კორტიკოსტეროიდების ინექციით ან ტაბლეტის მიღებით. ეს წამლები ხსნის სასუნთქი გზების ქსოვილების შეშუპებას. თუ მკურნალობის შედეგად მდგომარეობა უმჯობესდება, ბავშვები იგზავნებიან სახლში, უფრო მძიმე შემთხვევისას კი რჩებიან საავადმყოფოში. ანტიბიოტიკების გამოყენება ხდება ძალიან იშვიათად, როდესაც კრუპის მქონე ბავშვს უვითარდება ბაქტერიული ინფექცია. იშვიათად საჭირო ხდება ხელოვნური სუნთქვის აპარატი. საბედნიეროდ, ბავშვების უმეტესობა სრულად გამოჯანმრთელდება.