გასტროეზოფაგური რეფლუქსი (საჭმლის მონელების დარღვევები) | მკურნალი.გე
  1. გასტროეზოფაგური რეფლუქსი (საჭმლის მონელების დარღვევები)
  2. საჭმლის მონელების დარღვევები
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
გასტროეზოფაგური რეფლუქსი (საჭმლის მონელების დარღვევები)

გასტროეზოფაგური რეფლუქსი არის საკვებისა და მჟავას უკუმიმართულებით ამოსვლა კუჭიდან საყლაპავში და ხანდახან – პირშიც.

  • რეფლუქსი შეიძლება გამოწვეული იყოს ჩვილის მდებარეობით კვების დროს; კოფეინის, ნიკოტინის მოხმარებითა და თამბაქოს მოწევით; საკვების აუტანლობით ან ალერგიით; საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პათოლოგიით;

  • სიმპტომებია: ღებინება, ძლიერი წამოქაფება, კვების ან სუნთქვის პრობლემები;

  • დიაგნოზის დასმაში ექიმს ეხმარება ბარიუმის ფაფით გამოკვლევა, საყლაპავის pH გაზომვა, კუჭის დაცლის გადაღება და ენდოსკოპია;

  • მკურნალობა გულისხმობს შესქელებული საკვების მიღებას, სპეციალურ პოზას კვებისას, ხშირ ამობოყინებას, ჰისტამინ-2 (H2) ბლოკერებს, პროტონური ტუმბოს ინჰიბიტორებს და, გარკვეულ შემთხვევებში, მეტოკლოპრამიდს და ოპერაციას.

თითქმის ყველა ჩვილს აქვს გასტროეზოფაგური რეფლუქსის ეპიზოდები, რომლებიც ხასიათდება კვების შემდეგ ამობოყინებით, ამოღებინებით ან წამოქარვებით. როცა ამობოყინება კვების შემდგომ ხდება, ეს ფიზიოლოგიური მდგომარეობაა და ნორმალურია. გასტროეზოფაგური რეფლუქსი საგანგაშოა, თუ იგი:

  • გავლენას ახდენს კვებასა და ზრდაზე;

  • აზიანებს საყლაპავს (ეზოფაგიტი);

  • იწვევს სუნთქვის გაძნელებას (როგორიცაა ხველა, ვიზინგი ან სუნთქვის გაჩერება);

  • გრძელდება ჩვილობის შემდეგაც ბავშვთა ასაკში.

მიზეზები

ჯანმრთელ ჩვილს აქვს რეფლუქსი მრავალი მიზეზის გამო. ზოგადად, საყლაპავისა და კუჭის დაკავშირების ადგილას კუნთოვანი რგოლი (საყლაპავის ქვედა სფინქტერი) ხელს უშლის კუჭის შიგთავსის მოხვედრას საყლაპავში. ჩვილებში კი ეს კუნთი შეიძლება არ იყოს კარგად განვითარებული, ან შეიძლება მოხდეს მისი მოდუნება არასასურველ დროს, რაც საშუალებას აძლევს კუჭის შიგთავსს, დაბრუნდეს საყლაპავში (რეფლუქსი). კვებისას ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ყოფნა ან კვების შემდგომ მალევე დაწვენა აძლიერებს რეფლუქსს, რადგან სიმძიმის ძალა ვეღარ აკავებს შიგთავსს კუჭში და ამოდის უკან საყლაპავში. ზედმეტი კვება და გაზიანი სითხეების მიღება განაპირობებს რეფლუქსს კუჭში წნევის მომატების გამო. თამბაქოს კვამლი (პასიური მწეველობა) და კოფეინი (სასმელებში ან დედის რძეში) ადუნებს საყლაპავის ქვედა სფინქტერს, და ხელს უწყობს რეფლუქსის ხშირ განვითარებას. კოფეინი და ნიკოტინი (დედის რძეში) აგრეთვე ახდენს მჟავას პროდუქციის სტიმულაციას, ამიტომ რეფლუქსი უფრო მჟავე შემცვლობისაა. საკვებისმიერი ალერგია ან აუტანლობა აგრეთვე ხელს უწყობს რეფლუქსს, მაგრამ შედარებით უფრო იშვიათი გამომწვევია.

ანატომიური პათოლოგიები, როგორიცაა საყლაპავის შევიწროება, კუჭის ნაწილობრივი დახშობა (პილოროსტენოზი) ან ნაწლავების პათოლოგიური პოზიცია (მალროტაცია), დასაწყისში შეიძლება ჰგავდეს რეფლუქსს. თუმცა პათოლოგიები უფრო მეტად სერიოზულია, პროგრესირებს ღებინება და ობსტრუქციის სხვა სიმპტომები, როგორიცაა მუცლის ტკივილი, მივარდნილობა და დეჰიდრატაცია.

სიმპტომები

ჩვილებში გასტროეზოფაგური რეფლუქსის ყველაზე თვალსაჩინო სიმპტომებია ღებინება და ძლიერი წამოქაფება. რეფლუქსი, როგორც წესი, უარესდება სიცოცხლის პირველ თვეებში და პიკს აღწევს 6-7 თვის ასაკში, შემდგომ თანდათანობით იკლებს. რეფლუქსის მქონე ყველა ბავშვს ეს ჩივილები ეკარგება 18 თვის ასაკისთვის.

ზოგიერთ ჩვილთან, რეფლუქსი იწვევს გართულებებს და ეს ცნობილია როგორც გასტროეზოფაგური რეფლუქსის დაავადება (გერდ). გართულებები გულისხმობს გაღიზიანებას კუჭნაწლავის დისკომფორტის გამო, "კრთომებს", წრიალსა და პოზების ცვალებადობას, რაც შეიძლება შეცდომით კრუნჩხვებად იქნეს მიჩნეული. უფრო იშვიათად, კუჭიდან მცირე რაოდენობით მჟავა შეიძლება მოხვდეს სასულეში (ასპირაცია). სასულეში არსებულმა მჟავამ და სუნთქვითმა მოძრაობებმა შეიძლება გამოიწვიოს ხველა, ვიზინგი, სუნთქვის გაჩერება (აპნოე) ან პნევმონია. ასთმის მქონე ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ რეფლუქსი. გერდ-ის შედეგად შეიძლება განვითარდეს ყურის ტკივილი, ხმის ჩახლეჩა, სლოკინი და სინუსიტი. თუ საყლაპავი ძლიერადაა გაღიზიანებული (ეზოგაფიტი), შეძლება იყოს სისხლდენა, რაც იწვევს რკინადეფიციტურ ანემიას. ეზოფაგიტის დროს შეიძლება განვითარდეს ნაწიბუროვანი ქსოვილი და საყლაპავი შევიწროვდეს (სტრიქტურა). მოზარდებსა და მოზრდილებში გერდ-ის მთავარი სიმპტომი – გულძმარვა ყველაზე ხშირად გამოვლინდება გულმკერდის არეში ტკივილით, პატარა ბავშვებში კი – მუცლის ტკივილით.

დიაგნოზი

ჩვილებისთვის, რომელთაც სუსტად აქვთ გამოხატული ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ხშირი ამოქაფება, საჭირო არ არის კვლევების ჩატარება გასტროეზაფაგური რეფლუქსის დიაგნოსტირებისთვის. თუმცა, თუ უფრო მძიმე სიმპტომები აღინიშნება, შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა სადიაგნოსტიკო ტესტი.

ბარიუმის ფაფით კვლევა არის ყველაზე ხშირი ტესტი. ბავშვი ყლაპავს ბარიუმს, სითხე, რომელიც გამოკვეთს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს რენტგენოლოგიური კვლევისას. ეს ტესტი ადასტურებს გასტროეზოფაგურ რეფლუქსს და აგრეთვე ეხმარება ექიმს სხვა შესაძლო მიზეზების დადგენაში.

ეზოფაგური pH სინჯი არის მოძრავი მილი, რომელსაც აქვს სენსორი თავზე და ზომავს მჟავიანობას (pH). ექიმს შეაქვს მილი ბავშვის ცხვირში, ხახის გავლით საყლაპავის ბოლომდე. მილი, როგორც წესი, რჩება 24 საათის განმავლობაში. ნორმაში, ბავშვებს არ აქვთ მჟავა საყლაპავში, ასე რომ, თუ სენსორი დააფიქსირებს მჟავიანობას, ეს რეფლუქსის ნიშანია. ექიმები ხანდახან იყენებენ ამ გამოკვლევას ხველისა და სუნთქვის გაძნელების მქონე ბავშვებში, რომ ნახონ, აქვთ თუ არა მათ რეფლუქსი.

კუჭის დაცლის სკანირების დროს (რძის სკანირება), ბავშვი სვამს სასმელს, რომელიც შეიცავს მცირე რაოდენობით სუსტად რადიოაქტიურ ნივთიერებას. ეს ნივთიერება უსაფრთხოა ბავშვისთვის. განსაკუთრებული კამერა ან სკანერი, რომელიც ძლიერ მგრძნობიარეა რადიაციის მიმართ, ადგენს, თუ რა ადგილასაა ეს ნივთიერება ბავშვის სხეულში. კამერა აფიქსირებს, რამდენად სწრაფად ტოვებს კუჭს ნივთიერება და არის თუ არა რეფლუქსი, ასპირაცია ან ორივე ერთად.

ზედა ენდოსკოპიის ჩატარებისას ბავშვს აძინებენ და პატარა მოძრავი მილი, რომელსაც ბოლოში დამაგრებული აქვს კამერა (ენდოსკოპი), ტარდება პირის ღრუდან საყლაპავსა და კუჭში. ქიმი ატარებს ზედა ენდოსკოპიას იმის დასადგენად, არის თუ არა წყლული ან გაღიზიანება ანდა საჭიროების დროს იღებს მასალას ბიოფსიისთვის. ბრონქოსკოპია არის მსგავსი გამოკვლევა, რომლის დროსაც ექიმი ენდოსკოპს იყენებს, რათა გამოიკვლიოს ხორხი და სასუნთქი გზები. ბრონქოსკოპია ეხმარება ექიმს იმის შეფასებაში, თუ რამდენად იწვევს ფილტვის ან სუნთქვის პრობლემებს რეფლუქსი.

მკურნალობა

რეფლუქსის მკურნალობა დამოკიდებულია ბავშვის ასაკსა და სიმპტომებზე.

თუ ჩვილს აქვს საკვების წამოქაფება, ექიმმა შეიძლება საჭიროდ არ მიიჩნიოს მკურნალობა ან შესთავაზოს ისეთი ზომები, როგორიცაა შესქელებული საკვების მიცემა, სპეციალური პოზა და ხშირი ამობოყინება. საკვები შეიძლება გავასქელოთ მის ერთ უნციაზე (28 გრამი) 1-3 ჩაის კოვზი ბრინჯის დამატებით. საწოვარას თავი შეიძლება გადავჭრათ განივად, რათა სქელმა საკვებმა კარგად იდინოს. რეფლუქსის მქონე ჩვილები უნდა იკვებონ ვერტიკალურ ან ნახევრად ვერტიკალურ პოზიციაში და კვების შემდგომ დარჩნენ ვერტიკალურად 30 წუთით.

უფროსი ბავშვებისთვის საწოლის თავი შეიძლება ავწიოთ 6 ინჩით (დაახლოებით 15 სანტიმეტრი), რათა შემცირდეს ღამის რეფლუქსი. უფროსმა ბავშვებმა აგრეთვე არ უნდა ჭამონ 2-3 საათის განმავლობაში დაძინებამდე, არ მიიღონ გაზიანი ან კოფეინის შემცველი სასმელი, არ დალიონ წამლები (როგორიცაა ანტიქოლინერგული პრეპარატები), არ მიირთვან გარკვეული საკვები (როგორიცაა შოკოლადი), არ დანაყრდნენ ზედმეტად. ყველა ბავშვი უნდა ავარიდოთ თამბაქოს კვამლს.

წამლები: თუ კვებისა და პოზის ცვლილებებმა სიმპტომები არ შეამცირა, ექიმმა უნდა დანიშნოს წამლები. რეფლუქსისათვის არსებობს სხვადასხვა ტიპის პრეპარატები:

  • მჟავიანობის გამანეიტრალებლები

  • მჟავის წარმოქმნის დამაქვეითებლები

  • საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოძრაობის გამაუმჯობესებლები.

ანტაციდები არის წამლები, რომლებიც ანეიტრალებს კუჭის მჟავიანობას. ისინი სწრაფად ხსნიან გულძმარვას.

უფრო მძიმე მდგომარეობის შემთხვევაში, საჭიროა მჟავიანობის შემამცირებელი წამლები. კუჭის მჟავიანობის დაქვეითებით, ეს წამლები ამცირებენ სიმპტომებს და საყლაპავს აძლევენ აღდგენის საშუალებას. არსებობს მჟავიანობის შემამცირებელი ორი ტიპის წამალი, ჰისტამინ-2 (H2) ბლოკერები და პროტონ ტუმბოს ინჰიბიტორები (PPIs). H2 ბლოკერები ვერ აქვეითებენ მჟავას წარმოქმნას ისე, როგორც PPIs.

მოტორიკის ხელშემწყობი წამლები საყლაპავში, კუჭსა და ნაწლავებში საკვების მასის მოძრაობას ასტიმულირებენ. ამ წამლებმა (როგორიცაა მეტოკლოპრამიდი) ზრდის საყლაპავის ქვედა სფინქტერის სიძლიერეს და კუჭის დაცლის სიჩქარეს. კუჭის დაცლის გაუმჯობესების შედეგად კი მცირდება კუჭში არსებული წნევა და რეფლუქსის შესაძლებლობა. ექიმები ამ წამლებს ხშირად ნიშნავდნენ რეფლუქსისთვის, მაგრამ ამჟამად ფიქრობენ, რომ ისინი ეფექტურია მხოლოდ ზოგიერთ შემთხვევაში.

ქირურგია: იშვიათად, რეფლუქსი არ ექვემდებარება არც ერთ არაქირურგიულ მკურნალობას და იმდენად მძიმე ფორმით არის გამოხატული, რომ ექიმები საჭიროდ მიიჩნევენ ოპერაციის ჩატარებას. ყველაზე ხშირი ქირურგიული პროცედურაა ფუნდოპლიკაცია. ფუნდოპლიკაციისას ქირურგები კუჭის ზედა ნაწილს საყლაპავის ქვედა ნაწილს შემოახვევენ, რაც მტკიცედ ამაგრებს შერთვის ადგილს და ამცირებს რეფლუქსის მოვლენებს.