ჩაჭედვა | მკურნალი.გე
  1. ჩაჭედვა
  2. საჭმლის მონელების დარღვევები
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
ჩაჭედვა

ჩაჭედვა არის დაავადება, რომლის დროსაც ნაწლავის ერთი ნაწილი ჩაცურდება მეორეში, როგორც ტელესკოპის ნაწილები. დაზიანებული სეგმენტი ახდენს ნაწლავის ობსტრუქციას და სისხლდენის შეფერხებას.

  • ჩაჭედვის მიზეზი უცნობია;

  • სიმპტომებია უეცარი მუცლის ტკივილი და ღებინება;

  • ჰაერის ოყნამ შეიძლება დაადასტუროს დიაგნოზი და აგრეთვე განკურნოს ეს მდგომარეობა;

  • ხანდახან საჭიროა ოპერაციული ჩარევა.

3 თვიდან 3 წლამდე ბავშვთა ასაკში ნაწლავის ბლოკადის ყველაზე ხშირი მიზეზია ჩაჭედვა. ბიჭებს ეს პათოლოგია ცოტა უფრო ხშირად აღენიშნებათ, ვიდრე გოგონებს. მიზეზი ხშირ შემთხვევაში უცნობია. ჩაჭედვა ხანდახან უვითარდებათ უფროს ბავშვებს, რომლებთანაც გამომწვევია ნაწლავში არსებული პოლიპი ან სიმსივნე. ზოგჯერ ჩაჭედილი (ტელესკოპირებული) ნაწილი ბრუნდება ნორმაში მკურნალობის გარეშე. თუ ამგვარად არ მოხდა, ისინი ახშობენ ნაწლავს და შემდგომ დაზიანებულ ადგილას წყდება სისხლმომარაგება. თუ სისხლის მიწოდება შეფერხდა რამდენიმე საათზე მეტხანს, დაზიანებული ნაწლავი კვდება (ვითარდება განგრენა). თუ ნაწლავის სეგმენტი მოკვდება, წარმოიქმნება პატარა ღრუები (პერფორაციები), რაც ხელს უწყობს ბაქტერიის შესვლას მუცლის ღრუში და შედეგად სერიოზული ინფექციის განვითარებას (პერიტონიტი).

სიმპტომები

ჩაჭედვა ძირითადად იწვევს უეცარ მუცლის ტკივილსა და ღებინებას სხვა მხრივ ჯანმრთელ ბავშვში. ტკივილის ეპიზოდები გრძელდება 15-20 წუთი. ზოგიერთი ბავშვი ეპიზოდებს შორის აგზნებულია, მივარდნილი და აპათიური. მკურნალობის გარეშე ტკივილი გრძელდება და ზოგიერთ შემთხვევაში განავალი ხდება წითელი მოცხარის ჟელეს მსგავსი – სისხლისა და ლორწოს შემცველი ან ვითარდება ცხელება. პერფორაციის განვითარებისას ბავშვები თავს ცუდად გრძნობენ და აქვთ ტკივილი მუცელზე შეხებისას.

დიაგნოზი და მკურნალობა

ექიმმა შეიძლება იეჭვოს ჩაჭედვა სიმპტომებისა და ფიზიკური შეფასების საფუძველზე. ექოსკოპიის დახმარებით ზუსტდება დიაგნოზი. თუ ულტრაბგერა ადასტურებს ჩაჭედვას, ტარდება ჰაერის ოყნა. ჰაერის ოყნისას ექიმი ბავშვის სწორ ნაწლავში უშვებს ჰაერს პატარა მილით და იღებს რენტგენს. ხშირად ჰაერის წნევა აბრუნებს ნაწლავის ჩაჭედილ ნაწილს თავის ადგილას. რენტგენი აჩვენებს, თუ რამდენად წარმატებული იყო პროცედურა. როდესაც ეს პროცედურა წარმატებულია, საავადმყოფოში 1 ღამით გაჩერების შემდგომ ბავშვს გაწერენ სახლში. მშობლებს ურჩევენ, რომ ყურადღება მიაქციოს ახალ სიმპტომებს, რადგან ჩაჭედვა შეიძლება განმეორდეს 1-2 დღის განმავლობაში. ოპერაციის გარეშე, ჩაჭედვის რეციდივი აღენიშნება ბავშვების დაახლოებით 5-10%-ს.

ოპერაცია საჭიროა, თუ ბავშვს აქვს ნაწლავის პერფორაციის ნიშნები, თუ ჰაერის ოყნა არ არის წარმატებული ან თუ დარღვევა განმეორდა. რეციდივის შემთხვევაში, ოპერაცია უნდა ჩატარდეს არა მარტო დაზიანების კორექციისთვის, არამედ პოლიპის, სიმსივნის ან სხვა პათოლოგიის აღმოსაჩენად, რომელმაც შეიძლება ახსნას ჩაჭედვის განმეორება.