სტარჯ-ვებერის სინდრომი არის იშვიათი პათოლოგია, რომლის დროსაც ზიანდება წვრილი სისხლძარღვები. იგი ხასიათდება მოწითალო-მოყავისფრო თანდაყოლილი ლაქით სახეზე, ასევე, სისხლის ძარღვების სიმსივნის (ანგიომა) სახით ტვინის დამფარავ ქსოვილებში, ან ორივეს ერთდროული არსებობით.
მიუხედავად იმისა, რომ სტარჯ-ვებერის სინდრომი დაბადებისას ვლინდება, იგი არ არის მემკვიდრეობითი. იგი აზიანებს სისხლის ძარღვებს, რომლებიც მდებარეობს კანში, აგრეთვე, იმ ქსოვილებში, რომლებიც ფარავს ტვინსა და თვალში არსებულ სისხლძარღვებს. თანდაყოლილი ლაქის განვითარების მიზეზია კანქვეშ არსებული წვრილი სისხლის ძარღვების (კაპილარების) ჭარბი ზრდა. სიმსივნეები, რომლებიც ჭარბად გამრავლებულ სისხლძარღვებს შეიცავს (ანგიომები), შეიძლება განვითარდეს ტვინის დამფარავ ქსოვილებში და გამოიწვიოს კრუნჩხვები და სისუსტე სხეულის ერთ მხარეს. თვალებში სისხლძარღვების რაოდენობის არანორმალურმა ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს გლაუკომა და დააზიანოს მხედველობა. არტერიების კედლებში სისხლძარღვების გამრავლებამ შეიძლება ინსულტის განვითარების რისკი გაზარდოს.
სტარჯ-ვებერის სინდრომის 3 ტიპი არსებობს:
თანდაყოლილი ლაქები განსხვავებულია ერთმანეთისგან ზომებით და ფერით. ფერი შეიძლება მერყეობდეს ღია წითლიდან მუქ მეწამულამდე. ლაქები, ჩვეულებრივ, ჩნდება შუბლზე და თვალბუდის ზედა ნაწილში, თუმცა, შესაძლოა, თვალბუდის ქვედა ნაწილზეც იყოს. თუ პროცესში ორივე თვალბუდეა ჩართული, მეტად სავარაუდოა, რომ ადამიანს ტვინის ანგიომაც ჰქონდეს.
კრუნჩხვები ადამიანების 75-დან 90%-ს უვითარდება და ტიპურ შემთხვევებში 1 წლამდე ასაკში იწყება. ჩვეულებრივ, კრუნჩხვები სხეულის ერთ მხარეს ვითარდება, ლაქის ადგილის მოპირდაპირე მხარეს, თუმცა შეიძლება, მთელი სხეულიც მოიცვას. ადამიანების დაახლოებით 20-50%-ს აღენიშნება სისუსტე და დამბლა ლაქის საპირისპირო მხარეს. ადამიანების დაახლოებით 50%-ს ინტელექტის მეტ-ნაკლებად დაქვეითება აღენიშნება, რაც უფრო მეტად იმ შემთხვევებში ვითარდება, როცა კრუნჩხვები 2 წლამდე ასაკში ვითარდება და იგი არ ექვემდებარება მედიკამენტოზურ მკურნალობას. შეიძლება, აგრეთვე, შეფერხდეს მოტორული და მეტყველების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების პროცესი.
თვალის შიდა წნევის მომატებამ შეიძლება დააზიანოს მხედველობის ნერვი, გლაუკომის განვითარების გამო. ჩვეულებრივ, ეს ხდება ლაქის ადგილის მხარეს არსებულ თვალში. გლაუკომა შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან მოგვიანებით განვითარდეს. თვალბუდე შეიძლება გადიდდეს და გამოიბურცოს.
ექიმები ეჭვობენ ამ დიაგნოზზე ბავშვებში, რომლებსაც დამახასიათებელი თანდაყოლილი ლაქა აღენიშნებათ. ამ დროს კეთდება კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ). ანგიომას არსებობის შემოწმების მიზნით, ნევროლოგიური გამოკვლევა ტარდება კრუნჩხვების და სისუსტის არსებობის დროს.
მკურნალობის მიზანია სიმპტომების შემსუბუქება. გამოიყენება ანტიკონვულსანტები და, ასევე, გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტები. შეიძლება საჭირო იყოს გლაუკომის ქირურგიული ოპერაციით მკურნალობა.
შეიძლება მიეცეთ ასპირინი, ინსულტის რისკის შემცირების მიზნით.
ლაზერით მკურნალობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს თანდაყოლილი ლაქის გასაფერმკრთალებლად ან ამოსაღებად.