ჰისტოპლაზმოზი არის ინფექცია, რომელსაც იწვევს fungus Histoplasma capsulatum. იგი უპირატესად ფილტვებში ვითარდება, თუმცა, ზოგჯერ შეიძლება მთელ სხეულში გავრცელდეს.
ჰისტოპლაზმოზის სპორები ნიადაგში არსებობენ. ჰისტოპლაზმოზი განსაკუთრებით ხშირია შეერთებული შტატების აღმოსავლეთსა და შუა დასავლეთში, ოჰაიოსა და მდინარე მისისიპის ხეობის გასწვრივ, ფერმერები და სხვები, ვინც მიწასთან მუშაობენ, სავარაუდოდ, უფრო ხშირად ჩაისუნთქავენ სპორებს. ინფექციის მძიმე ფორმა ვითარდება, როცა სპორების დიდი რაოდენობით ჩასუნთქვა ხდება. ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) დაავადებულებს ჰისტოპლაზმოზი მეტი სიხშირით უვითარდებათ, განსაკუთრებით – მისი მძიმე ფორმა. ასეთ შემთხვევებში სპორები სისხლის ნაკადით ვრცელდებიან სხეულის სხვადასხვა ორგანოში, როგორიცაა ღვიძლი, ელენთა, ლიმფური ჯირკვლები, თირკმელზედა ჯირკვლები, საჭმლის მომნელებელი სისტემა და ძვლის ტვინი.
ჰისტოპლაზმოზით დაავადებული ადამიანების უმრავლესობას სიმპტომები არ აღენიშნებათ. თუმცა, დაავადების ზოგიერთი ფორმა, იშვიათი ფორმების ჩათვლით, გარკვეულ სიმპტომებს იწვევს.
მწვავე ფილტვისმიერი ჰისტოპლაზმოზი: სიმპტომები, ჩვეულებრივ, ჩნდება სპორების ჩასუნთქვიდან სამიდან ოცდაერთი დღის ჩათვლით. ამ დროს ადამიანები თავს გრძნობენ სუსტად, აქვთ ცხელება, ხველა და ისეთი შეგრძნება, თითქოს დაავადებული არიან გრიპით. სიმპტომები, ჩვეულებრივ, ქრება ორ კვირაში, მკურნალობის გარეშე. იშვიათად შეიძლება 6 კვირაზე მეტხანს გაგრძელდეს.
ეს ფორმა ძალიან იშვიათად არის ფატალური, მაგრამ მან შეიძლება სერიოზული ხასიათი მიიღოს დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებში (შიდსი).
პროგრესირებადი დისემინირებული ჰისტოპლაზმოზი: ამ ფორმით, ჩვეულებრივ, ჯანმრთელი ადამიანები არ ავადდებიან. იგი ხშირად ემართებათ ჩვილებს, ადრეული ასაკის ბავშვებსა და დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებს. დასაწყისში სიმპტომები გაურკვეველი ხასიათისაა. ადამიანებს შეიძლება აღენიშნებოდეთ დაღლილობა, სისუსტე და ზოგადად თავს შეუძლოდ გრძნობდნენ. სიმპტომები შეიძლება ძალიან ნელა ან სწრაფად გაუარესდეს. შეიძლება განვითარდეს ღვიძლის, ელენთისა და ლიმფური კვანძების გადიდება. იშვიათად ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს წყლულების ფორმირება პირის ღრუსა და ნაწლავებში. ასევე იშვიათად ზიანდება თირკმელზედა ჯირკვალი (ადისონის დაავადება).
მკურნალობის გარეშე დაავადების ეს ფორმა ადამიანების 90%-ში ფატალური შედეგით მთავრდება. შიდსით დავადებულ ადამიანებში მკურნალობის შემთხვევაშიც კი სიკვდილი სწრაფად ვითარდება.
ქრონიკული კავერნოზური ჰისტოპლაზმოზი: ფილტვების ინფექცია თანდათანობით, რამდენიმე კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ვითარდება და იწვევს ხველებასა და გაძნელებულ სუნთქვას. სიმპტომები აგრეთვე მოიცავენ წონაში დაკლებას, სისუსტეს, ტემპერატურის მცირე მატებას და ზოგადად – შეუძლოდ ყოფნის შეგრძნებას.
ადამიანების უმეტესობა ჯანმრთელ მდგომარეობას უბრუნდება 2-6 კვირაში, თუმცა, სუნთქვის გაძნელება შესაძლოა თანდათან გაძლიერდეს და ზოგიერთ ადამიანს აღენიშნოს ხველა, ზოგჯერ – სისხლის დიდი რაოდენობით. ფილტვების დაზიანებამ ან ფილტვებში ბაქტერიების ინვაზიამ შეიძლება საბოლოო ჯამში სიკვდილი გამოიწვიოს.
დიაგნოზის დასმის მიზნით ექიმები იღებენ ნახველის, ძვლის ტვინის, შარდის ან სისხლის ნიმუშებს. ნიმუშები შეიძლება აგრეთვე აღებულ იქნეს ღვიძლიდან, ლიმფური კვანძებიდან ან პირის ღრუში არსებული წყლულებიდან. ეს ნიმუშები იგზავნება ლაბორატორიაში დასათესად და გამოსაკვლევად. შარდი და სისხლი შეიძლება გამოკვლეული იქნეს სოკოს მიერ გამოთავისუფლებული პროტეინების (ანტიგენები) შემცველობაზე.
ზოგიერთი იშვიათი ფორმის არსებობის შემთხვევაში დიაგნოზის დასაზუსტებლად (და მკურნალობისთვის) საჭიროა ინფექციური დაავადებების სპეციალისტის დახმარება.
მწვავე ფილტვისმიერი ჰისტოპლაზმოზის დროს იშვიათად მოითხოვება მკურნალობა. თუმცა ფლუკონაზოლი და იტრაკონაზოლი ხშირად ინიშნება დაავადების ხანგრძლივობის შემცირების მიზნით.
პროგრესირებადი დისემინირებული ჰისტოპლაზმოზის მქონე ადამიანები საჭიროებენ მკურნალობას და ისინი ხშირად კარგად ექვემდებარებიან ამფოტერიცინ B-ს ინტრავენურად შეყვანით მკურნალობას ან იტრაკონაზოლის (ან სხვა მსგავსი მედიკამენტების) მიღებას ორალურად. შიდსით დაავადებული ადამიანები, რომლებსაც აქვთ ჰისტოპლაზმოზი, საჭიროებენ ანტიფუნგური მედიკამენტებით მკურნალობას, ჩვეულებრივ – იტრაკონაზოლით, დარჩენილი სიცოცხლის მანძილზე. მაგრამ მათ შეიძლება შეუჩერდეთ ანტიფუნგური პრეპარატებით მკურნალობა, თუ CD4-ის რაოდენობა (თეთრი სისხლის ერთ-ერთი ტიპი) მატულობს და 6 თვის განმავლობაში საკმაოდ მაღალ დონეზე რჩება.
ქრონიკული კავერნოზული ჰისტოპლაზმოზის დროს დანიშნული იტრაკონაზოლი ან უფრო სერიოზული ინფექციების შემთხვევაში – ამფოტერიცინ B სოკოების ელიმინაციას ახდენს, თუმცა, აღნიშნული მკურნალობით შეუძლებელია ინფექციებით გამოწვეული დესტრუქციული პროცესების უკუგანვითარება. ადამიანების უმეტესობას შეიძლება გაუგრძელდეს სუნთქვის პრობლემები, რომლებიც ფილტვების ქრონიკული დაავადების დროს არსებული სიმპტომების მსგავსია.