ბარძაყის ძვლის თავის ეპიფიზის დაცილება (ეპიფიზეოლიზი) ნიშნავს ძვლის დაშორებას მისი ზრდის ფირფიტისაგან.
ეს პათოლოგია, ჩვეულებრივ, ჭარბწონიან მოზარდებში ვითარდება, უპირატესად ვაჟებში. მიზეზი უცნობია, თუმცა, ამ დარღვევის გამომწვევი შეიძლება იყოს ზრდის ფირფიტის სისუსტე, რომელიც ვითარდება ტრავმის, ანთების ან სისხლში ჰორმონების დონის ცვლილების შედეგად, რასაც ნორმალურად ადგილი აქვს პუბერტულ პერიოდში. ეს დაცილება იწვევს ბარძაყის ძვლის ზედა ნაწილში სისხლით მომარაგების შემცირებას და, საბოლოო ჯამში, მის დაზიანებას, დაშლასა და კოლაფსს.
პირველი სიმპტომი შეიძლება იყოს მოძრაობის შეზღუდვა და ტკივილი ბარძაყის მიდამოში, თუმცა, ისეთი შეგრძნება ჩნდება, რომ ტკივილი მოდის მუხლიდან. ტკივილი მცირდება მოსვენებულ მდგომარეობაში და ძლიერდება სიარულის ან ბარძაყის მოძრაობის დროს. მოგვიანებით ვითარდება კოჭლობა, რასაც მოჰყვება ბარძაყის ტკივილი, რომელიც ბარძაყის შიგნით იწყება და გადადის მუხლზე, დაზიანებული ფეხი, ჩვეულებრივ გარეთ ქანაობას იწყებს.
დაზიანებული ბარძაყის რენტგენოლოგიური გამოკვლევით მოჩანს ბარძაყის ძვლის თავის აცილება ან მისი დაშორება ძვლის დანარჩენი ნაწილისგან. ულტრასონოგრაფია და მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის გაკეთება მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, თუ რენტგენოლოგიური კვლევის შედეგი ნორმალურია. ადრეული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანია, რადგან დაგვიანებით დაწყებული მკურნალობა უფრო რთულია და ნაკლებ ეფექტიანი.
ქირურგიული ოპერაცია, ჩვეულებრივ, საჭიროა. მისი საშუალებით ხდება ბარძაყის ძვლის დაცილებული ბოლოების შეერთება და მათი ერთად დაფიქსირება სპეციალური მეტალის ფირფიტით. კეთდება ბარძაყის თაბაშირით იმობილიზაცია, რომელიც რამდენიმე კვირიდან 2 თვემდე უნდა გაგრძელდეს.