პერტესის დაავადება არის ბარძაყის ძვლის ზრდის ფირფიტის დესტრუქცია
პერტესის დაავადება უფრო ხშირად ვითარდება 5-10 წლის ასაკის ვაჟებში. მას იწვევს ბარძაყის ზემოთ არსებული ზრდის ფირფიტის სისხლით ნაკლები მომარაგება. სისხლით მომარაგების შემცირების მიზეზი უცნობია.
პერტესის დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს ბარძაყის ძვლის მძიმე დაზიანება, რომელიც საწყის ეტაპზე სიმპტომებს არ იწვევს. თუმცა, მძიმე დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს მენჯ-ბარძაყის სახსარში პერმანენტული ართრიტი. პირველი სიმპტომები ხშირად არის ტკივილი ბარძაყის სახსარში და სიარულის სირთულე. ტკივილები თანდათანობით იწყება და ნელა პროგრესირებს. ტკივილი ძლიერდება მოძრაობისა და სიარულის დროს. ზოგჯერ შეიძლება კოჭლობა განვითარდეს მანამდე, სანამ ბავშვს ტკივილი გაუჩნდება. საბოლოო ჯამში, სახსრის მოძრაობა იზღუდება, ბარძაყის კუნთები ატროფიას განიცდის და ფეხის გამოყენება შეუძლებელი ხდება.
დიაგნოზი დასტურდება ძვლის სკანირებით ან მაგნიტურ-რეზონანსული კვლევით. მოგვიანებით, რენტგენოლოგიური კვლევით შეიძლება გამოვლინდეს ისეთი ცვლილებები ზრდის ფირფიტის ირგვლივ, როგორებიცაა ძვლის მოტეხილობა და დესტრუქცია.
მკურნალობა მოიცავს ბარძაყის ხანგრძლივ იმობილიზაციას. ზოგჯერ საკმარისია ნაწილობრივი იმობილიზაცია საწოლში დასვენებით, თუმცა, უმჯობესია სრული იმობილიზაცია 12-18 თვის განმავლობაში, რომლის დროს საჭიროა დაჭიმვები, დამჭერი ნახვევი, თაბაშირის დადება ან არტაშანის გაკეთება. ასეთი მკურნალობით შესაძლებელი ხდება ფეხების გარეთ როტაცია. ფიზიკური თერაპია გამოიყენება კუნთების გასამაგრებლად. თუ ბავშვი 6 წელზე მეტი ასაკისაა და აქვს საშუალო სიმძიმის ან მძიმე ფორმით გამოხატული ძვლის დესტრუქცია, საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა. დამოუკიდებლად იმისა, თუ როგორი მკურნალობა ჩატარდება, პერტესის დაავადების განკურნების პროცესი 2-დან 3 წლამდე დროს მაინც მოიცავს: ექიმებმა ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს, რომ ბისფოსფონატების გამოყენებით (მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან ძვლის სიმკვრივეს) შეიძლება შემცირდეს ქირურგიული ოპერაციის გაკეთების აუცილებლობა.