ოსტეოპეტროზები არის ჯგუფი სხვადასხვა დარღვევის, რომლის დროსაც ძვლების სისქე მატულობს.
ოსტეოპერტოზის (ზოგჯერ მას მარმარილოსებრ ძვლებს უწოდებენ) დროს ორგანიზმს არ შესწევს უნარი, გაიმეოროს ძვლის ძველი უჯრედების ახლით შეცვლის ციკლი. ამის შედეგად მატულობს ძვლების სისქე და გასქელებული ძვლების ფორმა იცვლება. ეს ცვლილებები იწვევს ძვლების დასუსტებას. გასქელებული ძვლების მასა შეიძლება დაგროვდეს ძვლის ტვინის გარშემო, სადაც სისხლის უჯრედების ფორმირება ხდება.
ოსტეოპეტროზები შეიძლება იყოს მსუბუქი და მძიმე და ზოგჯერ სიცოცხლისათვის საშიშიც. სიმპტომები შეიძლება დაიწყოს ჩვილობის პერიოდში (ადრეული ფორმა) ან მოგვიანებით (გვიანი ფორმა).
მიუხედავად იმისა, რომ ოსტეოპეტროზები სხვადასხვა დარღვევით ხასიათდება, ბავშვების უმეტესობაში ბევრი ერთმანეთის მსგავსი სიმპტომი ვითარდება. ძვლის ზრდის პროცესი, ჩვეულებრივ, ფერხდება. ძვლები სქელდება და ადვილად ტყდება. სისხლის უჯრედების ფორმირება შეიძლება შენელდეს, რადგან შემცირებულია ძვლის ტვინის მოცულობა, რაც იწვევს ანემიას, ინფექციებს ან სისხლდენას. თავის ქალაზე ძვლების ჭარბად ზრდამ, შეიძლება, გამოიწვიოს ნერვების კომპრესია, რასაც შედეგად მოყვება სახის დამბლა ან მხედველობისა და სმენის დაკარგვა. შეიძლება, ასევე, სახისა და კბილების დეფორმირება მოხდეს.
ექიმები, ჩვეულებრივ, დიაგნოზის დასმისას ეყრდნობიან სიმპტომებს და რენტგენოლოგიურ კვლევას, რომელიც აჩვენებს ძლიერ გასქელებულ ძვლებს. როცა სიმპტომები არ აღინიშნება, ოსტეოპეტროზები შეიძლება შემთხვევით იქნეს აღმოჩენილი, სხვა მიზნით გაკეთებული რენტგენოლოგიური კვლევის დროს.
ადრეულად დაწყებული ოსტეოპეტროზები, თუ მკურნალობა ძვლის ტვინის გადანერგვით არ ჩატარებულა, ჩვეულებრივ, იწვევს სიკვდილს ჩვილობის პერიოდში ან ადრეული ბავშვობისას. სიკვდილის მიზეზი შეიძლება იყოს ანემია, ინფექცია ან სისხლდენა. მოგვიანებით განვითარებული ოსტეოპეტროზები ხშირად მსუბუქად მიმდინარეობს.
მკურნალობა, ფაქტობრივად, არ არსებობს. კორტიკოსტეროიდები, როგორიცაა პრედნიზოლონი, ამცირებს ახალი ძვლოვანი უჯრედების წარმოქმნას და აძლიერებს ძველი ძვლოვანი უჯრედების მოცილების სისწრაფეს, რის შედეგადაც ამყარებს ძვლებს. ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია შეიძლება ეფექტიანი იყოს ზოგიერთი ჩვილი ბავშვისთვის დაავადების ადრეულ სტადიაზე. თუმცა ტრანსპლანტაციის მოგვიანებითი პროგნოზი უცნობია.
მოტეხილობის, ანემიის, სისხლდენისა და ინფექციის შემთხვევებში, საჭიროა შესაბამისი მკურნალობის ჩატარება. თუ თავის ქალაზე არსებული ნერვების კომპრესია აღინიშნება, შეიძლება, საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა, ნერვებზე კომპრესიის მოსახსნელად, აგრეთვე – ორთოდონტიული მკურნალობა დაზიანებული კბილების კორექციის მიზნით.