ელასტიკური ფსევდოქსანტომა არის შემაერთებელი ქსოვილის პათოლოგია, რომელიც იწვევს კანის, თვალებისა და სისხლის ძარღვების მხრივ ცვლილებებს.
ელასტიკური ფსევდოქსანტომის დროს აღინიშნება ელასტიკური ბოჭკოების გამკვრივება, რაც ამცირებს ქსოვილის წელვადობას. ელასტიკური ბოჭკოები არის კანში და სხეულის სხვადასხვა ქსოვილში, სისხლძარღვებში. ამ დროს შეიძლება სისხლძარღვები გამკვრივდეს, რის გამოც ისინი კარგავენ გაწელვის ნორმალურ უნარს და, აქედან გამომდინარე, სისხლის საკმაო რაოდენობის გატარების შესაძლებლობას. ეს გამკვრივება ასევე ხელს უშლის სისხლძარღვების შეკუმშვას.
კისრის, იღლიების, შორისის მიდამოებში და ჭიპის გარშემო კანი სქელდება, ხდება არადრეკადი და არაფიქსირებული. ჩნდება ყვითელი ფერის, უსწორმასწორო ხორკლიანი კვანძები კანზე, რის გამოც კანი ემსგავსება ფორთოხლის ან გაპუტული ქათმის კანს. შეიძლება ეს გარეგნული ცვლილებები სუსტად იყოს გამოხატული და ამიტომ ისინი ვერ შეამჩნიონ ადრეულ ბავშვობაში, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად იგი შესამჩნევი ხდება.
სისხლძარღვების გამკვრივების შედეგად მატულობს სისხლის წნევა. შეიძლება განვითარდეს ცხვირიდან სისხლდენა, ასევე სისხლდენა ტვინში, საშვილოსნოსა და ნაწლავებში. სისხლის ნაკადის შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი მკერდის არეში და ფეხების ტკივილი სიარულის დროს. სისხლდენა შეიძლება გახანგრძლივდეს. თვალის უკან ბადურის დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაკარგვა და სიბრმავე.
ელასტიკური ფსევდოქსანტომის მკურნალობა არ არსებობს, არც შემაერთებელი ქსოვილის დარღვევების კორეგირებაა შესაძლებელი, მკურნალობის მიზანი მხოლოდ გართულებების პრევენციაა. ადამიანებმა თავი უნდა აარიდონ ისეთი მედიკამენტების მიღებას, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს კუჭიდან ან ნაწლავებიდან სისხლდენა, როგორიცაა ასპირინი, სხვადასხვა არასტეროიდული ან ანტიანთებითი პრეპარატი და ანტიკოაგულანტები. ასევე, არ უნდა მიიღონ მონაწილეობა სპორტის ისეთ სახეობებში, რომლებშიც თვალების დაზიანების რისკი არსებობს. გართულებები ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას.