თავის ტვინის სიმსივნეები | მკურნალი.გე
  1. თავის ტვინის სიმსივნეები
  2. ბავშვთა ასაკის სიმსივნეები
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
თავის ტვინის სიმსივნეები

  • ბავშვებს შორის თავის ტვინის სიმსივნეების ყველაზე ხშირი ფორმაა ასტროციტომა, მედულობლასტომა და ეპენდიმომა;

  • თავის ტვინის სიმსივნეები მრავალფეროვან სიმპტომებს იწვევს. ასეთია თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, მხედველობის დარღვევა, მოდუნება და კოორდინაციისა ან წონასწორობის დარღვევა;

  • დიაგნოზი, ჩვეულებრივ, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიისა და ბიოფსიის შედეგად მიღებულ მონაცემებს ეფუძნება;

  • მკურნალობა შესაძლოა მოიცავდეს ქირურგიულ ჩარევას, სხივურ თერაპიას, ქიმიოთერაპიას ან მათ კომბინაციას.

თავის ტვინის სიმსივნეები 15 წლამდე ბავშვებს შორის გავრცელებით მეორე ადგილზე მდგომი სიმსივნეებია (ლეიკემიების შემდეგ) და, ასევე, მეორე ადგილზეა კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის მიზეზებს შორის. თავის ტვინის სიმსივნეების გამომწვევი მიზეზი ცნობილი არაა.

სიმპტომები

პირველადი სიმპტომების მიზეზი ქალას შიდა წნევის (ინტრაკრანიალური წნევა) მომატება შეიძლება იყოს. წნევა იმატებს, რადგან სიმსივნე ახშობს თავისა და ზურგის ტვინის სითხის მოძრაობას ან გარკვეულ სივრცეს იკავებს. მომატებულმა წნევამ შესაძლოა გამოიწვიოს:

  • ჩვილებსა და პატარა ბავშვებში თავის ზომაში მომატება (ჰიდროცეფალია)

  • თავის ტკივილები

  • გულისრევა და ღებინება (ხშირად ბავშვის გამოღვიძებისას)

  • მხედველობის დარღვევა, როგორიცაა მხედველობის გაორება

  • თვალების ზემოთ მოძრაობის გაძნელება

  • ხასიათისა და ცნობიერების ცვლილება, ბავშვი ხდება გაღიზიანებული, მოდუნებული, დაბნეული ან აქვს მომატებული ძილიანობა.

სხვა სიმპტომები დამოკიდებულია თავის ტვინში სიმსივნის მდებარეობაზე.

დიაგნოზი

ექიმს თავის ტვინის სიმსივნის არსებობაზე ეჭვი სიმპტომების მიხედვით მიაქვს. დიაგნოზის დასასმელად, ექიმები გამოსახულებით კვლევას ატარებენ, როგორიცაა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ), რომელიც სიმსივნის არსებობას ავლენს. მრტ-ის ჩატარებამდე, ვენაში შეჰყავთ საკონტრასტო ნივთიერება. კონტრასტი სურათს უფრო მკვეთრს ხდის. თუ თავის ტვინის სიმსივნეა საეჭვო, დიაგნოზის დასადასტურებლად ბიოფსია ტარდება. ზოგჯერ, ბიოფსიასთან ერთად, სიმსივნის ამოკვეთაც ტარდება.

ზოგჯერ, თავისა და ზურგის ტვინის სითხის ასაღებად და მისი მიკროსკოპული შესწავლისათვის ზურგის ტვინის პუნქციას ატარებენ (ლუმბალური პუნქცია – იხ. ნახატი გვ. 699). აღნიშნული პროცედურა რუტინულად ტარდება, ზოგიერთი სიმსივნის გავრცელების შესაფასებლად, როდესაც სავარაუდოა მისი შეღწევა თავ-ზურგის ტვინის სითხეში ან როდესაც დიაგნოზი უცნობია.

მკურნალობა

მკურნალობა, ჩვეულებრივ, სიმსივნის ამოკვეთას გულისხმობს. ამის შემდეგ ქიმიო, სხივური თერაპია ან ორივე ერთად გამოიყენება. მკურნალობა ბავშვთა თავის ტვინის სიმსივნეების ექსპერტების გუნდის მიერ უნდა დაიგეგმოს.

თუ სიმსივნე თავ-ზურგის ტვინის სითხის მოძრაობას აფერხებს, სიმსივნის ქირურგიული გზით ამოკვეთამდე, სითხის დრენირებისათვის შეიძლება მცირე ზომის მილაკის (კათეტერის) გამოყენება. ზოგადი ან ადგილობრივი ანესთეზიის შემდეგ, თავის ქალაზე გაკეთებული მცირე ზომის ნახვრეტიდან იდგმება მილაკი და იცლება სითხე, რაც ამცირებს ზეწოლას თავის ქალაზე. მილაკი მიერთებულია საზომთან, რომელიც ზომავს ქალას შიდა წნევას. რამდენიმე დღის შემდეგ მილაკს ამოიღებენ ან გადააკეთებენ მუდმივ დრენაჟად (შუნტი).

თუ შესაძლებელია, სიმსივნე თავის ქალას გახსნის შემდეგ (ეწოდება კრანიოტომია) ქირურგიულად ამოიკვეთება. ზოგიერთი სიმსივნის ამოკვეთა თავის ტვინის მცირედი დაზიანების ან მის გარეშეა შესაძლებელი. ქირურგიული ჩარევის შემდეგ, შეიძლება ჩატარდეს მრტ, რომელიც საზღვრავს, დარჩენილია თუ არა სიმსივნის ნაწილი და, თუ ასეა, როგორი მოცულობით.

თუ სიმსივნის ქირურგიულად ამოკვეთა შეუძლებელია, სხვა დამატებითი მკურნალობაა საჭირო. 5-10 წელზე მცირე ასაკის ბავშვებს შორის, სიმსივნის სახეობის მიხედვით, დასაწყისში შესაძლებელია ქიმიოთერაპიის გამოყენება, რადგან სხივურმა თერაპიამ, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ზრდასა და ტვინის განვითარებაზე. საჭიროების შემთხვევაში, სხივური მკურნალობა უფრო მოზრდილ ბავშვებში გამოიყენება. სერიოზული გვერდითი ეფექტები შეიძლება ჰქონდეს ქიმიოთერაპიას.

ვინაიდან სიმსივნეები ბავშვთა ასაკში შედარებით იშვიათობაა, კლინიკურ კვლევებში მონაწილეობა თავის ტვინის სიმსივნის მქონე ყველა ბავშვთან უნდა იქნეს განხილული. ასეთი კვლევების დროს, ზოგ ბავშვს სტანდარტული მკურნალობა უტარდება, ხოლო სხვებს – ისეთი მკურნალობა, რომელიც კვლევის პროცესშია. ექსპერიმენტული მკურნალობა შეიძლება ახალ წამლებს, წამლების ახალი მეთოდებით გამოყენებას ან ახალ ქირურგიულ ტექნიკას გულისხმობდეს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ექსპერიმენტული მკურნალობა ყოველთვის შედეგიანი არაა და შესაძლოა მისი გვერდითი ეფექტები ან გართულებები უცნობი იყოს.

ასტროციტომა

ასტროციტომა ვარსკვლავისებური უჯრედებიდან (ასტროციტები), ანუ იმ უჯრედებიდანგანვითარებული სიმსივნეა, რომლებიც ნერვულ უჯრედებს თავის ტვინის (ან ზურგის ტვინის) ფუნქციონირებაში ეხმარებიან. აღნიშნული სიმსივნეები შესაძლოა ავთვისებიანი ან არაავთვისებიანი იყოს.

ასტროციტომა ბავშვთა ასაკში ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა, რომელზეც შემთხვევების 50%-მდე მოდის. აღნიშნული სიმსივნის დიაგნოზი, ჩვეულებრივ, 5-დან 9 წლის ასაკამდე ისმება.

სიმპტომები და დიაგნოზი

რაც უფრო მეტად იზრდება თავის ქალაზე ზეწოლა, მით უფრო გამოხატულია თავის ტკივილი (განსაკუთრებით, ბავშვის გამოღვიძებისას), ღებინება და მოდუნება. ბავშვმა შესაძლოა დაკარგოს კოორდინაციის უნარი და გაუჭირდეს სიარული. მხედველობა დაბინდული ან დაკარგულია, თვალები შესაძლოა ამოდრეკილი იყოს ან უნებლიეთ მოძრაობდეს რომელიმე მიმართულებით (ნისტაგმი).

ზურგის ტვინის ასტროციტომამ შესაძლოა ზურგის არეში ტკივილი, სიარულის გაძნელება და კუნთოვანი სისუსტე გამოიწვიოს.

ტარდება მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია კონტრასტის გამოყენებით. თუ მისი ჩატარება შეუძლებელია, კომპიუტერული ტომოგრაფია გამოიყენება, თუმცა იგი ნაკლებად ზუსტი კვლევაა. ამის შემდეგ, ექიმები იღებენ სიმსივნის ქსოვილის ნიმუშს და მიკროსკოპულად სწავლობენ (ბიოფსია), რადგან მკურნალობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეცვლილია სიმსივნური უჯრედები (სიმსივნის ხარისხი). აღნიშნული სიმსივნეები, ჩვეულებრივ, ავთვისებიანობის ხარისხის მიხედვით კლასიფიცირდება, როგორც დაბალი ხარისხის (მაგალითად, იუვენილური პილოციტური ასტროციტომა), საშუალო და მაღალი ხარისხის (მაგალითად, გლიობლასტომა).

მკურნალობა

დაბალი ავთვისებიანობის ხარისხის ასტროციტომების უმრავლესობა ქირურგიულად იკვეთება. ზოგჯერ, სიმსივნის ტვინის ნორმალური ქსოვილისაგან გამოყოფა საკმაოდ რთულია ან სიმსივნესთან მიდგომა ვერ ხერხდება. ასეთ შემთხვევაში, ქირურგიული ჩარევის ნაცვლად, სხივური თერაპია ტარდება. სხივური მურნალობა ასევე გამოიყენება იმ შემთხვევაში თუ სიმსივნე ინტელექტუალურ ფუნქციაზე გავლენას ახდენს ან სწრაფად პროგრესირებს. თუ ბავშვის ასაკი 10 წელზე ნაკლებია, სხივურის ნაცვლად, ქიმიოთერაპია შეიძლება ჩატარდეს, რადგან მცირე ასაკის ბავშვებში სხივურმა თერაპიამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ზრდასა და ტვინის განვითარებაზე. ავთვისებიანობის დაბალი ხარისხის ასტროციტომების უმრავლესობის განკურნება შესაძლებელია.

საშუალო ხარისხის ავთვისებიანობის ასტროციტომას შუალედური ადგილი უჭირავს დაბალი და მაღალი ავთვისებიანობის ხარისხის მქონე სიმსივნეებს შორის. თუ იგი უფრო მაღალი ხარისხის სიმსივნის მსგავსად გამოიყურება, მისი მკურნალობა უფრო აგრესიულად ტარდება (სხივური და ქიმიოთერაპია), ხოლო თუ დაბალი ხარისხის სიმსივნის მსგავსია – მხოლოდ ქირურგიული ჩარევა ტარდება და ამის შემდეგ სხივური (მოზრდილ მავშვებში) ან ქიმიოთერაპია (პატარა ბავშვები).

ავთვისებიანობის მაღალი ხარისხის ასტროციტომების მკურნალობა კომბინირებულია და ქირურგიულ (თუ შესაძლებელია), სხივურ და ქიმიოთერაპიას მოიცავს. პროგნოზი ცუდია სიმსივნის მაღალი ავთვისებიანობის ხარისხის დროს. ამ დროს გადარჩენის ალბათობა მხოლოდ 20-30%-ია.

ეპენდიმომა

ეპენდიმომა ნელა მზარდი სიმსივნეა, რომელიც თავის ტვინის სივრცეების (პარკუჭების) ამომფენი ეპითელიდან ვითარდება.

ეპენდიმომა ბავშვთა ასაკის სიმსივნეებს შორის სიხშირით მესამე ადგილზეა, რომელზეც დაავადების 10% მოდის. ბავშვების უმრავლესობა, რომელთაც ეპენდიმომას დიაგნოზს უსვამენ, 8 წელზე უმცროსი ასაკისაა, ხოლო შემთხვევების დაახლოებით მესამედი 3 წლამდე ასაკის ბავშვებში ვლინდება.

ეპენდიმომა, ძირითადად, თავის ტვინის უკანა ნაწილში ან მის მახლობლად, ქალას ფსკერზე ვითარდება (ეწოდება უკანა ფოსო). აღნიშნული მიდამო ახლოსაა ნათხემთან (რომელიც კოორდინაციასა და წონასწორობის დაცვას უზრუნველყოფს) და ტვინის ღეროსთან (რომელიც ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციებს მართავს, როგორიცაა სუნთქვა). ეპენდიმომას გავრცელება ახასიათებს ღეროს მიმართულებით. ზოგჯერ იგი ზურგის ტვინშიც ვითარდება.

სიმპტომები და დიაგნოზი

პირველადი სიმპტომები ქალას შიდა წნევის მომატების შედეგად ვლინდება. ასეთია თავის ტკივილი, ღებინება და მოდუნება. შესაძლებელია ბავშვი ასაკის შესაბამისი განვითარების ნიშნებს ვერ ავლენდეს, იყოს გაღიზიანებლი და უმადო. ხასიათი ან პიროვნული თვისებები შესაძლოა შეიცვალოს და ბავშვს გაუჭირდეს ყურადღების კონცენტრირება. ასევე, შესაძლებელია წონასწორობის, კოორდინაციისა და სიარულის დარღვევა. ზოგიერთ ბავშვს აქვს გულყრა.

ზურგის ტვინის ეპენდიმომამ შესაძლებელია ზურგის ტკივილი გამოიწვიოს და ბავშვს გაუჭირდეს შარდვისა და ნაწლავთა მოქმედების გაკონტროლება.

დიაგნოზი ემყარება მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის შედეგებსა და ბიოფსიას.

პროგნოზი და მკურნალობა

რამდენად კარგად იქნება ბავშვი მკურნალობის შემდეგ, ნაწილობრივ მის ასაკზეა დამოკიდებული:

  • 5-წლიანი გადარჩენა 4 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში 25-46%-ია;

  • 5-წლიანი გადარჩენა 70%-ზე მეტია შედარებით უფროსი ასაკის ბავშვებს შორის.

რამდენად კარგად იქნებიან ბავშვები, ასევე, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სრულად ამოიკვეთა სიმსივნე. გადარჩენილ ბავშვებში შესაძლებელია ინტელექტუალური შესაძლებლობების დაქვეითება.

საწყისი მკურნალობა მოიცავს სიმსივნის ამოკვეთას ისეთი მოცულობით, რამდენადაც ეს შესაძლებელია უსაფრთხოდ შესრულდეს. ამის შემდეგ საჭიროა სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია ან ორივე ერთად.

მედულობლასტომა

მედულობლასტომა სწრაფად მზარდი სიმსივნეა, რომელიც ნათხემში ვითარდება (ტვინის ნაწილი, რომელიც წონასწორობასა და კოორდინაციას უზრუნველყოფს).

მედულობლასტომები ბავშვთა ასაკის თავისა და ზურგის ტვინის სიმსივნეების 20%-ია. შემთხვევების პიკი 5-7 წლის ბავშვებზე მოდის, თუმცა, ასევე, შესაძლებელია ჩვილებსა და მოზარდებს შორის განვითარდეს. სიმსივნის აღნიშნული სახეობა ვაჟებს შორის უფრო ხშირია.

მედულობლასტომა თავის ტვინის იმ ნაწილში ვითარდება, რომელიც კოორდინაციასა და წონასწორობას არეგულირებს (ნათხემი) და რომელიც თავის ტვინის უკანა ქვედა ნაწილშია მოთავსებული. მედულობლასტომებს თავისა და ზურგის ტვინის, ზოგჯერ კი სხეულის სხვა ნაწილებზე გავრცელება ახასიათებს.

მედულობლასტომის გამომწვევი მიზეზები უცნობია. იგი ზოგჯერ მემკვიდრული დაავადებების მქონე პირებს უვითარდებათ (მაგალითად, როგორიცაა გორლინის ან ტურკოტის სინდრომი).

სიმპტომები და დიაგნოზი

მრავალ ბავშვს შორის პირველი სიმპტომი ხშირი ღებინებაა. ბავშვი შესაძლებელია მოუქნელი გახდეს ან სიარული არამყარი ჰქონდეს ან გაუჭირდეს წონასწორობის დაცვა. ასევე, შესაძლებელია თავის ტკივილი, ლეთარგია და მხედველობის გაორება. დიაგნოზი ემყარება მრტ კვლევას კონტრასტის გამოყენებით და ბიოფსიის შედეგს.

პროგნოზი

რამდენად კარგად იქნება ბავშვი მკურნალობის შემდეგ, დამოკიდებულია იმაზე, როგორი კატეგორია ენიჭება დაავადებას – საშუალო რისკის თუ მაღალი რისკის.

რისკი საშუალოა, თუ:

  • სიმსივნე თავის ტვინის სულ უკანა ნაწილშია;

  • ქირურგიული ჩარევით სიმსივნე ამოიკვეთა მთლიანად ან თითქმის მთლიანად;

  • სიმსივნე გავრცელებული არაა სხეულის სხვა ნაწილებში.

რისკი მაღალია თუ:

  • სიმსივნე თავის ტვინის სულ უკანა ნაწილში არაა;

  • ქირურგიული ჩარევით სიმსივნის ნაწილის ამოკვეთა ვერ მოხერხდა;

  • სიმსივნე გავრცელებულია თავის ან ზურგის ტვინის ან სხეულის სხვა ნაწილებზე.

3 წელზე უფროს ასაკში, საშუალო რისკის სიმსივნის შემთხვევაში 5-წლიანი სიმსივნისგან "თავისუფალი" პერიოდი 80%-ია და დაახლოებით 50-60% – მაღალი რისკის შემთხვევაში. 3 წლისა და უფრო მცირე ასაკის ბავშვებში გამოსავალი ძნელად გამოსაცნობია, თუმცა ზოგადი გამოსავალი არაკეთილსაიმედოა. ასეთი ბავშვების 40%-ში სიმსივნე გავრცელებულია. როდესაც ბავშვი მცირე ასაკისაა, მეტად მოსალოდნელია ინტელექტუალური სფეროს დაზიანება, მაგალითად, შესაძლოა უჭირდეთ სწავლა, დამახსოვრება და გადაწყვეტილების მიღება.

მკურნალობა

მედულობლასტომის მკურნალობის საუკეთესო გზაა მისი ამოკვეთა და ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია ან ორივე ერთად. ქიმიოთერაპია ეფექტიანი მხოლოდ ბავშვების მცირე ნაწილთანაა (3 წელზე მცირე ასაკის).