ვირუსი არის ინფექციის გამავრცელებელი პატარა ზომის ორგანიზმი – უფრო პატარა, ვიდრე სოკო ან ბაქტერიები. იგი ცოცხალ უჯრედში უნდა შეიჭრას იმისათვის, რომ გამრავლდეს (replicate). ვირუსი ემაგრება უჯრედს (რომელსაც უწოდებენ პატრონს), შედის მასში და უჯრედის შიგნით ათავისუფლებს დნმ-ს (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა-DNA) ან რნმ-ს (რიბონუკლეინის მჟავა-RNA). ვირუსი, თავისი გენეტიკური უნარის გამოყენებით, ახორციელებს უჯრედზე კონტროლს და აიძულებს მას, მოახდინოს ვირუსის გამრავლება. ინფიცირებული უჯრედი, ჩვეულებრივ, კვდება, ვინაიდან ვირუსი არ აძლევს მას ნორმალური ფუნქციონირების საშუალებას. როდესაც უჯრედი კვდება, იგი ახალ ვირუსებს ათავისუფლებს, რომლებიც მიემართებიან სხვა უჯრედების დასაინფიცირებლად.
ზოგიერთი ვირუსი არ ხოცავს უჯრედებს, მხოლოდ აინფიცირებს მათ და ამ გზით ცვლის მათ ფუნქციებს. ზოგჯერ ინფიცირებული უჯრედი კარგავს კონტროლს უჯრედის ნორმალური დაყოფის პროცესზე და ხდება კანცეროგენული. ზოგიერთი ვირუსი ტოვებს თავის გენეტიკურ მასალას პატრონ უჯრედში, სადაც ეს მასალა ხანგრძლივი დროით მთვლემარე მდგომარეობაში რჩება (ლატენტური ინფექცია). როდესაც უჯრედის მთლიანობა ირღვევა, ვირუსი თავიდან იწყებს გამრავლებას და იწყება დაავადების გამწვავება.
სხვადასხვა ვირუსი ჩვეულებრივ აინფიცირებს უჯრედების გარკვეულ ტიპს. მაგალითად, გაცივების ვირუსები ზემოქმედებენ მხოლოდ ზედა სასუნთქი ტრაქტის უჯრედებზე. ვირუსების უმეტესობა აინფიცირებს მცენარეების და ცხოველების სხვადასხვა სახეობების მცირე რაოდენობას. ზოგიერთი მხოლოდ ადამიანებში იწვევს ინფექციას. ბევრი ვირუსი უფრო ხშირად ჩვილებსა და ბავშვებშია გავრცელებული.
ვირუსები ვრცელდება სხვადასხვა გზით: ზოგიერთი გადაიყლაპება, ზოგიერთი ჩაისუნთქება და ზოგიერთი მწერების და პარაზიტების კბენით ვრცელდება (მაგალითად, კოღოები და ტკიპები), ზოგი სექსუალური გზით გადადის.
დაცვა: ორგანიზმს გააჩნია ვირუსებისგან დაცვის მთელი რიგი მექანიზმები. მაგალითად, ფიზიკური ბარიერები, როგორიცაა კანი, რომელიც იცავს ორგანიზმს ვირუსის ადვილად შეღწევისაგან. ინფიცირებული უჯრედები, ასევე დაცვის მიზნით, გამოიმუშავებენ ინტერფერონს, სუბსტანციას, რომელსაც შეუძლია არაინფიციებული უჯრედები გახადოს უფრო რეზისტენტული ვირუსული ინფექციების მიმართ.
როდესაც ვირუსი შედის ორგანიზმში, იგი ასტიმულირებს ორგანიზმის იმუნური დაცვის მექანიზმის ამუშავების პროცესს. ეს დაცვა იწყება სისხლის თეთრი უჯრედებიდან, როგორიცაა ლიმფოციტები და მონოციტები, რომლებიც სწავლობენ ვირუსების ან მათ მიერ დაინფიცირებული უჯრედების მიმართ შეტევას და მათ განადგურებას. თუ ორგანიზმი გადაურჩა ვირუსის შეტევას, სისხლის ზოგიერთი თეთრი უჯრედი იმახსოვრებს შემოჭრილ აგენტს და მომავალში შეუძლია უფრო სწრაფი და ეფექტური რეაგირებით განახორციელოს შეტევა იმავე ვირუსის განმეორებითი შეჭრით გამოწვეული ინფექციის მიმართ. ამ პროცესს ეწოდება იმუნიტეტი. იმუნიტეტის ჩამოყალიბება ასევე შეიძლება ვაქცინაციის გზით.
ვირუსული ინფექციების ტიპები: ყველაზე გავრცელებულ ვირუსულ ინფექციებს წარმოადგენენ: ცხვირის, ყელის და ზედა სასუნთქი გზების ინფექციები. მათ ახასიათებს ყელის ტკივილი, სინუსიტები და სურდო. გრიპი არის ვირუსული რესპირაციული ინფექცია. მცირე ასაკის ბავშვებში ვირუსები ხშირად იწვევენ კრუპს და ზედა სასუნთქი გზების ანთებას (ლარინგოტრაქეობრონქიტი) ან სხვა, ფილტვებში არსებული ბრონქიოლების ინფექციებს (ბრონქიოლიტი). რესპირაციული ინფექციები უფრო მძიმედ მიმდინარეობს ჩვილებში, ასაკოვან ადამიანებში და ფილტვების ან გულის მხრივ დარღვევების მქონე პირებში.
ზოგიერთი ვირუსი (როგორიცაა ცოფის ვირუსი და ენცეფალიტის გამომწვევი რამდენიმე სახეობის ვირუსი) აზიანებს ნერვულ სისტემას. ვირუსული ინფექციები შეიძლება აგრეთვე განვითარდეს კანზე და გამოიწვიოს მეჭეჭების და სხვა დეფექტების წარმოქმნა.
სხვა, გავრცელებულ ვირუსულ ინფექციებს იწვევენ ჰერპესვირუსები. ადამიანის დაინფიცირება ხდება სხვადასხვა ტიპის ჰერპესვირუსით. შვიდი სხვადასხვა ჰერპესვირუსი აინფიცირებს ადამიანებს. სამი მათგანი – მარტივი ჰერპესის ვირუსის ტიპი 1, მარტივი ჰერპესის ვირუსის ტიპი 2 და ჩუტყვავილას გამომწვევი ვირუსი – იწვევს ინფექციებს, რომლებიც ხასიათდებიან კანზე და ლორწოვან გარსებზე ბუშტუკების განვითარებით. კიდევ ერთი ჰერპესვირუსია ეპშტეინ-ბარის ვირუსი, რომელიც იწვევს ინფექციურ მონონუკლეოზს. ციტომეგალოვირუსი არის სერიოზული ინფექციის განვითარების მიზეზი ახალშობილებში და იმ ადამიანებში, რომლებსაც დაქვეითებული იმუნიტეტი აქვთ. მან შეიძლება გამოიწვიოს ინფექციური მონონუკლეოზის მსგავსი სიმპტომები ჯანსაღი იმუნიტეტის მქონე ადამიანებში. ადამიანის ჰერპესვირუსის მე-6 და მე-7 სახეობა იწვევს ბავშვთა ინფექციას, რომელსაც უწოდებენ ბავშვთა როზეოლას ანუ უეცარ ეგზანთემას (roseola infantum). ადამიანის ჰერპესვირუსის მე-8 სახეობას (კაპოშის სარკომას) განიხილავენ, როგორც კიბოს გამომწვევ მიზეზს შიდსით დავადებულ ადამიანებში.
ყველა ჰერპესვირუსი მთელი ცხოვრების მანძილზე არსებულ ინფექციად ითვლება, რადგან ვირუსი სამუდამოდ რჩება პატრონ უჯრედში მთვლემარე ანუ ლატენტურ მდგომარეობაში. ზოგჯერ შეიძლება ვირუსის ხელახლა გააქტიურება მოხდეს და გამოიწვიოს დაავადების განმეორებითი ეპიზოდები. ასეთი რეაქტივაცია შეიძლება განვითარდეს პირველადი ინფექციიდან მალე ან რამდენიმე წლის შემდეგ.
გავრცელებული ვირუსული ინფექციების დიაგნოსტიკა არსებულ სიმპტომებს ეყრდნობა. ისეთი ინფექციების დროს, რომელსაც ეპიდემიური ხასიათი აქვს (მაგალითად გრიპის ეპიდემია) მსგავსი კლინიკური შემთხვევების არსებობა ეხმარება ექიმებს დიაგნოზის დასმაში. სხვა, განსხვავებული ინფექციების დროს უნდა გაკეთდეს სისხლის ანალიზი და დათესვა (სისხლის ან სხეულის სხვადასხვა სითხის ნიმუშებში ან დაინფიცირებული მიდამოებიდან აღებულ მასალაში მიკროორგანიზმების ზრდის დადგენა). სისხლის ანალიზით იკვლევენ ვირუსების საწინააღმდეგო ანტისხეულების (პროტეინები, რომლებიც ასტიმულირებენ ორგანიზმის დამცველ მექანიზმებს) არსებობას. პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქციის მეთოდის გამოყენებით შეიძლება ვირუსის გენეტიკური მასალის ბევრი ასლის გაკეთება, რაც ექიმს აძლევს შესაძლებლობას, სწრაფად და ზუსტად გამოავლინოს ვირუსი. ტესტები ზოგჯერ სწრაფად უნდა გაკეთდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა ინფექცია სერიოზულ საფრთხეს უქმნის მოსახლეობას და როდესაც სიმპტომები მძიმეა. ზოგჯერ საჭიროა სისხლის ან ქსოვილის ნიმუშის გამოკვლევა მიკროსკოპის ქვეშ.
მედიკამენტებს, რომლებიც გამოიყენება ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ, უწოდებენ ანტივირუსულ მედიკამენტებს. ბევრი ანტივირუსული მედიკამენტი მოქმედებს ვირუსის გამრავლების პროცესში ჩართვის გზით. შიდსის დროს გამოსაყენებელი მედიკამენტების უმეტესობა ასეთ მიდგომას ეფუძნება. გამომდინარე იქიდან, რომ ვირუსი ძალიან პატარაა და იგი უჯრედის შიგნით მრავლდება თვით უჯრედის მეტაბოლური ფუნქციების გამოყენების გზით, ინფექციის დროს ამ ფუნქციებიდან მხოლოდ ლიმიტირებული რაოდენობა რჩება, რომლებზეც შეიძლება ანტივირუსული მედიკამენტებით ზემოქმედება. ამის საწინააღმდეგოდ, ბაქტერიები შედარებით უფრო დიდი ზომის ორგანიზმებია, ისინი ძირითადად უჯრედების გარეთ მრავლდებიან და ინარჩუნებენ ბევრ მეტაბოლურ ფუნქციას, რომლებზეც ანტიბაქტერიულმა მედიკამენტებმა (ანტიბიოტიკები) შეიძლება იმოქმედოს. ამდენად, ანტივირუსული მედიკამენტების შექმნა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ანტიბაქტერიული მედიკამენტების. გარდა ამისა, ანტივირუსულ მედიკამენტებს ახასიათებს ტოქსიკურობა ადამიანის საკუთარ უჯრედებთან მიმართებაში. ზოგჯერ ვირუსებს შეუძლიათ ანტივირუსული მედიკამენტების მიმართ რეზისტენტობის გამომუშავება.
ზოგიერთი ანტივირუსული მედიკამენტი აძლიერებს იმუნურ პასუხს ვირუსული ინფექციის მიმართ. ამ მედიკამენტებს მიეკუთვნებიან: ინტერფერონის ზოგიერთი სახეობა, იმუნოგლობულინები და ვაქცინები. ინტერფერონი არის ბუნებრივად არსებული სუბსტანციის მსგავსი ნივთიერება, რომელიც ვირუსის გამრავლებას ანელებს ან აჩქარებს. იმუნოგლობულინი არის ანტისხეულებისაგან შემდგარი სტერილური ხსნარი, რომელსაც იღებენ ადამიანის სისხლიდან. ვაქცინა არის მასალა, რომელიც გამოიყენება ინფექციის პრევენციის მიზნით, ორგანიზმის საკუთარი დაცვითი მექანიზმების სტიმულირების გზით. ბევრი იმუნოგლობულინი და ვაქცინა გამოიყენება ვირუსის ზემოქმედებამდე ინფექციის პრევენციის მიზნით. ზოგიერთი იმუნოგლობულინი და ვაქცინა, როგორიცაა ცოფის და B ჰეპატიტის ვაქცინები, გამოიყენება ვირუსის ზემოქმედების შემდეგ, რათა თავიდან იქნეს აცილებული ინფექციის გავრცელება ან შემცირდეს ინფექციის სიმძიმე. იმუნოგლობულინები ასევე შეიძლება ეფექტური იყოს ზოგიერთი არსებული ინფექციის სამკურნალოდ და მომავალში ვირუსის შესაძლო ზემოქმედების შედეგად განვითარებული ინფექციის პრევენციის მიზნით.
ანტივირუსული პრეპარატების უმეტესობა დასალევად ინიშნება. ზოგიერთი ინტრავენურად ან კუნთებში შეიყვანება, ზოგი მათგანი გამოიყენება მალამოს ან თვალის წვეთების სახით ან ფხვნილის სახით ინჰალაციისათვის.
ანტიბიოტიკები არ არის ეფექტური ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ, მაგრამ თუ ადამიანს ვირუსულ ინფექციასთან ერთად გამოუვლინდება ბაქტერიული ინფექცია, ხშირად აუცილებელია ანტიბიოტიკების დანიშვნა.