ბავშვების მძიმე ავადმყოფობა, თუნდაც ხანმოკლე, იწვევს მათი მშობლებისა და ოჯახის სხვა წევრების მძიმე ემოციურ სტრესს. ქრონიკული დაავადებები, როგორიც არის ასთმა, დიაბეტი, სმენის ან მხედველობის გაუარესება, ცერებრალური დამბლა ან უნარშეზღუდულობა, ჩვეულებრივ, კიდევ უფრო დიდი სტრესის შემცველია ბავშვის ახლობელი ადამიანებისთვის.
ავადმყოფობის დაძლევა შესაძლოა გულისხმობდეს ტკივილის დაძლევას, აუცილებელი კვლევების ჩატარებას, მედიკამენტების მიღებას, კვებისა და ცხოვრების წესის შეცვლას. ქრონიკული დაავადებების არსებობისას, ხშირია ბავშვის სწავლაში ჩამორჩენა, სკოლაში გაცდენილი მეცადინეობების გამო. დაავადებამ და ჩატარებული მკურნალობის გვერდითმა მოვლენებმა მოსალოდნელია უარყოფითი გავლენა იქონიოს ბავშვის ათვისების უნარზე. მიუხედავად იმისა, რომ მშობლებსა და მასწავლებლებს ბავშვის ავადმყოფობის გამო დაბალი აკადემიური მოსწრების მოლოდინი აქვთ, მნიშვნელოვანი და აუცილებელია უფროსების მხრიდან ბავშვის მხარდაჭერა და დარწმუნება, რომ მას შეუძლია იყოს საუკეთესო.
ავადმყოფობა და კლინიკაში გატარებული პერიოდი ხელს უშლის ბავშვებს თანატოლებთან ურთიერთობაში, თამაშში. შესაძლებელია ის გახდეს დაცინვის ობიექტიც სხვა ბავშვების მხრიდან ანატომიური და ფუნქციური დარღვევების გამო. პატარა მოსალოდნელია გახდეს მორცხვი და მორიდებული, თუ ავადმყოფობა ცვლის მის გარეგნობას. განსაკუთრებით განიცდის ბავშვი სხეულის ცვლილებას, როდესაც ის ვლინდება არც ისე ადრეული ბავშვობის ან მოზარდობის პერიოდში, განსხვავებით თანდაყოლილი დეფექტისგან. მშობლები და ოჯახის წევრები მაქსიმალურად უნდა ეცადონ, დაიცვან ავადმყოფი ბავშვი სევდისმომგვრელი დამოკიდებულებებისაგან.
ბავშვის ქრონიკული დაავადება დიდ გავლენას ახდენს მშობლების ფსიქოლოგიურ, ემოციურ, ფინანსურ და ფიზიკურ შესაძლებლობებზე. ზოგჯერ წყვილი კიდევ უფრო ახლოვდება, რათა ერთად გადალახონ არსებული წინააღმდეგობა. არის შემთხვევები, როდესაც მშობლებს შორის ურთიერთობა იძაბება, რადგან ბავშვის ავადმყოფობაში თავს გრძნობენ დამნაშავედ, განსაკუთებით, როდესაც საქმე გვაქვს გენეტიკურ დაავადებებთან, ორსულობის დროს არსებულ გართულებებთან, უბედურ შემთხვევებთან (როგორიც არის ავტოავარია ან სხვა სახის ტრავმა) ან მშობლების არასწორ ქცევასთან (თამბაქოს მოხმარება). გარდა ამისა, ბავშვის მკურნალობა შესაძლოა დაკავშირებული იყოს დიდ ფინანსურ ხარჯებთან ან საჭიროებდეს მშობლის მიერ ხშირად სამსახურის გაცდენას. ზოგჯერ ერთ-ერთი მშობელი მთლიანად იღებს ავადმყოფი ბავშვის მოვლის ტვირთს საკუთარ თავზე და მოგვიანებით რჩება ნაწყენი, მაშინ, როცა მეორე მშობელი თავს გრძნობს სრულიად იზოლირებულად. მშობლებს შესაძლოა აღიზიანებდეთ სამედიცინო პერსონალი, საკუთარი თავი, სხვა პირები ან თავად ავადმყოფი ბავშვიც. მოსალოდნელია მათი მხრიდან ბავშვის მძიმე დაავადების უარყოფა. ემოციური სტრესის გამო ხშირად მათთვის ძალზე რთულდება ან შეუძლებელიც კი ხდება მომსახურება, განსაკუთრებით, უნარშეზღუდული და მძიმედ დაავადებული ბავშვების შემთხვევაში.
მშობლები, რომლებიც დიდ დროს ატარებენ ავადმყოფ ბავშვებთან, ხშირად ნაკლებ დროს უთმობენ სხვა შვილებს ოჯახში. შესაბამისად, და-ძმებში ვლინდება პროტესტის, სიბრაზის, დარდის შეგრძნებები ყურადღების დეფიციტის გამო, თავის მხრივ კი, ავადმყოფი ბავშვი, ზოგჯერ თავს დამნაშავედ თვლის ოჯახში არსებული პრობლემის გამო. მშობლები, როგორც წესი, მეტად ლოიალურები არიან ავადმყოფი ბავშვის მიმართ ან არ ითხოვენ მათგან ჩვეულ ოჯახურ რეჟიმს, განსაკუთრებით, როცა ავადობის სიმპტომები გარდამავალია. ჰოსპიტალიზაცია დამატებითი სტრესია ბავშვებისთვის, მიუხედავად საუკეთესო გარემოსი. ამიტომ კლინიკაში გადაყვანის შემთხვევები შეძლებისდაგვარად მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი. აუცილებელი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში კი სასურველია, მოხდეს პაციენტის ხანმოკლე დაყოვნება და თანაც – ბავშვთა მოთხოვნებზე გათვლილ კლინიკაში. უმრავლესობა კლინიკებში დაშვებულია მშობლებისა და პაციენტების ერთად ყოფნა მტკივნეული და მძიმე პროცედურების დროსაც კი. ჰოსპიტალში მყოფი ბავშვების უმრავლესობა ძალიან მიჯაჭვულია მშობლებზე, სავარაუდოდ, პროცედურებით გამოწვეული ტკივილისა და სტრესის გამო.
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის ავადმყოფობა საკმაოდ დიდი სტრესია ოჯახის ყველა წევრისთვის, არსებობს საფეხურებრივი ქმედების გეგმა, რომელიც ხელს შეუწყობს ოჯახს სირთულეების დაძლევაში. მშობლებმა უნდა შეისწავლონ შვილის დაავადება ზედმიწევნით საიმედო საინფორმაციო წყაროების გამოყენებით, როგორიც არის ბავშვის ექიმი და სანდო სამედიცინო რესურსები (ლიტერატურა, ახალი რეკომენდაციები). ინტერნეტწყაროებში მოპოვებული ინფორმაციის გარკვეული ნაწილი არ არის სწორი, ამიტომ მშობლები ხშირად საჭიროებენ ბავშვის ექიმის კონსულტაციას წაკითხულის სანდოობასთან დაკავშირებით. ექიმები ხშირად ამისამართებენ მშობლებს სპეციალურ, პროფესიონალებით დაკომპლექტებულ, ფსიქოსოციალური მხარდაჭერის პროგრამებში ან იმ ოჯახებში, რომელთაც გაიარეს ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და წარმატებით გაუმკლავდნენ სირთულეებს. ამ ღონისძიებებით მშობლები იღებენ დამატებით გამოცდილებას და ემოციურ მხარდაჭერას.
ავადმყოფი ბავშვისთვის აუცილებელი პირობების უზრუნველყოფა, შესაძლოა, თავის მხრივ მოიცავდეს: სამედიცინო სპეციალისტების (ექიმების), ექთნის, სახლის სამედიცინო პერსონალის, ფსიქოლოგის ან ფსიქიატრის და სხვადასხვა სპეციალობის პერსონალის მომსახურებას. შემთხვევის სწორი მართვა გულისხმობს კოორდინირებულ, ბავშვზე ორიენტირებულ სამედიცინო სერვისს, რომელიც გათვლილია ქრონიკულ დაავადებაზე. ბავშვის ექიმი, ექთანი, სოციალური მუშაკი ან სხვა პროფესიონალები, შესაძლოა, მოგვევლინონ არსებული სამედიცინო შემთხვევის მთავარ მმართველ ფიგურებად. შემთხვევის მართვისას აუცილებელია, ამ პერსონამ აიღოს პასუხისმგებლობა, ჯანმრთელობის პრობლემების გარდა, პაციენტისა და მისი ოჯახის წევრებისთვის ფსიქო-სოციალური მომსახურების გაწევაზე, შესაბამისი განათლების მიცემაზე. მიუხედავად იმისა, თუ ვინ მართავს პროცესს, ბავშვი და მისი ოჯახი აქტიურად უნდა თანამშრომლობდეს მასთან.