განქორწინება | მკურნალი.გე
  1. განქორწინება
  2. სოციალური საკითხები, რომლებიც გავლენას ახდენს ბავშვებსა და მათ ოჯახებზე
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
განქორწინება

მშობლების განქორწინება ან ცალ-ცალკე ცხოვრება რადიკალურად ცვლის ბავშვის სტაბილურ გარემოს და მის საჭიროებებს. ოჯახის წევრის უეცარი სიკვდილის შემდეგ, განქორწინება იკავებს მეორე ადგილს ბავშვის ფსიქო-ემოციური სტრესის სიმძიმის თვალსაზრისით. ირღვევა ბავშვის არსებული სამყარო. ეს მოვლენა ხშირად დიდ ტკივილთან ასოცირდება და ბავშვს ეწყება შფოთვა, გაღიზიანება და ხდება სევდიანი. მას ეშინია მიტოვების ან მშობლების სიყვარულის დაკარგვის. ბევრი მიზეზის გამო, განქორწინებასთან ერთად, ხშირად უარესდება ბავშვის აღზრდის მეთოდები. მშობლები გაღიზიანებული და გაბრაზებული არიან ერთმანეთზე. ბავშვი ზოგჯერ თავს დამნაშავედ გრძნობს განქორწინების გამო. როდესაც მშობლები იგნორირებას უკეთებენ, იშვიათად ნახულობენ ან შემთხვევით, ეპიზოდურად აქვთ მათთან ურთიერთობა, ბავშვები თავს მიტოვებულად გრძნობენ.

როდესაც მშობლები გადაწყვეტენ განქორწინებას, ურთიერთობების რეგულირება რამდენიმე ეტაპისაგან შედგება. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი და მწვავეა საწყისი ეტაპი (ეს არის პერიოდი გადაწყვეტილებიდან განხორციელებამდე). ამ პერიოდშია ყველაზე მეტი კონფლიქტი და ხმაური. ეს სტადია შეიძლება გაგრძელდეს 2 წელიც. შემდეგი არის გარდამავალი ეტაპი (რეალური განქორწინების პროცესი, რომელიც რამდენიმე კვირა გრძელდება), როდესაც ბავშვს აქვს შეგუების პერიოდი მშობლების ახალ ურთიერთობასთან, მათ მოსანახულებელ ვიზიტებთან და მზრუნველობის ახალ ფორმებთან. განქორწინების შემდეგ (განქორწინების საბოლოო სტადია) ვითარდება სტაბილიზაციის განსხვავებული პერიოდი.

განქორწინების პერიოდში ბავშვებსა და მოზარდებს ნაკლებმნიშვნელოვნად მიაჩნიათ თავიანთი სასკოლო დავალებები და ხშირად უარესდება ბავშვის აკადემიური მოსწრება. მათ აქვთ ფანტაზიები, რომ მშობლების ურთიერთობა დარეგულირდება. 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში შესაძლოა დაიწყოს პრობლემები ძილის მხრივ, ისტერიული გამოვლინებები და განქორწინებით გამოწვეული შფოთვები. ზოგჯერ უარესდება საპირფარეშოს უნარები. 2-15 წლის ასაკობრივ ჯგუფში ზოგჯერ იწყება ძლიერი დარდი, სევდა, აგრესია, არარეალური შიშები (ფობიები). მოზარდებში ხშირია თავდაჯერებულობის დეფიციტი, მარტოობისა და მოწყენილობის შეგრძნებები. ზოგიერთი იწყებს მაღალი რისკის ქმედებებს, როგორიც არის ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარება, სექსი, ქურდობა და ძალადობა. მოზარდების სხვა ჯგუფში შესაძლოა გამოვლინდეს კვებითი ქცევის დარღვევები, ბავშვის ქცევა გახდეს გამომწვევი, დაიწყოს სკოლის გაცდენა ან შეუერთდეს ქცევითი დარღვევების მაღალი რისკის მოზარდების ჯგუფებს.

ბავშვებს უნდა შეეძლოთ გამოხატონ თავიანთი გრძნობები უფროსებთან, რომლებიც ყურადღებითა და თანაგრძნობით ეკიდებიან მათ. შესაძლოა, ბავშვმა უფრო გულახდილად გამოხატოს თავისი წუხილი იმ პირთან, რომელიც მშობლების მსგავსად არ ბრაზდება ბავშვის ნააზრევის გამო.

ბავშვი ყველაზე კარგად ეგუება განქორწინების ფაქტს, როდესაც მშობლები ერთმანეთთან ნორმალურად ურთიერთობენ და ფოკუსირებულნი არიან ბავშვის მოთხოვნილებებზე. მათ უნდა ახსოვდეთ, რომ განქორწინება გულისხმობს წყვილის, როგორც ცოლ-ქმრის, დაშორებას და არა როგორც საერთო შვილის მშობლების გამიჯვნას. ყოველთვის, როცა შესაძლებელია, მშობლები განქორწინების შემდეგ უნდა ცხოვრობდნენ ერთმანეთთან ახლოს, ჰქონდეთ ერთმანეთთან ურთიერთპატივისცემის გამომხატველი ურთიერთობა ბავშვის დასანახად. მათ ხელი უნდა შეუწყონ სხვა ადამიანების ყოფნას ბავშვის ცხოვრებაში და გააანალიზონ ბავშვის მოთხოვნილებები ყოველი შეხვედრისას. მოზრდილი ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისათვის აუცილებელია უფრო ხშირი და ხანგრძლივი კომუნიკაცია და მაღალი საცხოვრებელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. არ არის გამართლებული მშობლების მოთხოვნა, ბავშვმა გააკეთოს არჩევანი დედის ან მამის სასარგებლოდ და გამოხატოს ნეგატიური განწყობა რომელიმე მხარის მიმართ.

სასურველია, რომ მშობლებმა ღიად და გულახდილად განიხილონ ყველა ოჯახური საკითხი შვილებთან ერთად. იყვნენ მათთან მოსიყვარულეები, გააგრძელონ ჩვეული წესრიგის რეჟიმში ბავშვის აღზრდა სახლისა და სასკოლო დავალებების თვალსაზრისით. ბავშვების უმრავლესობას უბრუნდება დაცულობისა და მხარდაჭერის შეგრძნება განქორწინებიდან 1 წლის განმავლობაში, თუ მშობლები ადეკვატურად აკმაყოფილებენ მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ მოთხოვნილებებს.

ნებისმიერი მშობლის ახალი ქორწინება ხშირად ხდება ბავშვისთვის ახალი კონფლიქტის მიზეზი, თუმცა, თუ ბავშვის აღზრდაში მონაწილე მოზრდილები სათანადო სიფრთხილით ეკიდებიან ამ პერიოდში ბავშვთან ურთიერთობას, მალევე აღდგება ბავშვისთვის სტაბილურობისა და მუდმივობის შეგრძნება. ბავშვების გარკვეულ კატეგორიაში ჩნდება ნეგატიური დამოკიდებულება ერთ-ერთი მშობლის მიმართ, როდესაც შეეთვისება მეორე მშობლის პარტნიორს.