შემთხვევების დაახლოებით 80%-ში სკოლამდელი ასაკის ბავშვის სოციალური უზრუნველყოფა ხორციელდება სახლის გარე რესურსებით. ბევრი ბავშვი 5-დან 12 წლამდე და სკოლის შემდეგაც იღებს სოციალურ მომსახურებას. ამ სერვისს ახორციელებს საბავშვო ბაღები, ლიცენზირებული ან არალიცენზირებული კერძო პირები (ძიძები) და სახლები, ნათესავები ან ოჯახის ახლობლები. ბავშვთა მზრუნველობის სოციალური ცენტრები, შესაძლოა, იყოს ლიცენზირებული, აკრედიტებული ან ორივე ერთად. ცენტრის აკრედიტაცია, როგორც წესი, მოითხოვს დაწესებულების გაცილებით მაღალ სტანდარტებს, ვიდრე ლიცენზირებისთვის არის საჭირო. სახლის გარეთ ბავშვზე მზრუნველობის ხარისხი განსხვავებულია და მერყეობს საუკეთესო მომსახურებიდან არასათანადომდე. გასათვალისწინებელია, რომ სახლის გარეთ მზრუნველობას შესაძლოა ბავშვისთვის ჰქონდეს გარკვეული უპირატესობები, რაც გულისხმობს სოციალურ და აკადემიურ წახალისებას, მაღალკვალიფიციურ მზრუნველობას.
მცირე ასაკიდან მუსიკის, წიგნების, ხელოვნებისა და ენების გაცნობა ასტიმულირებს ბავშვის ინტელექტუალურ და კრეატიულ განვითარებას. ჯგუფური თამაშები აუმჯობესებს თანატოლებთან ურთიერთობების უნარ-ჩვევებს. ღია ცის ქვეშ თამაშები, რომლებსაც ესაჭიროება დამატებითი ფიზიკური ენერგიის ხარჯვა, ხელს უწყობს ბავშვის ნორმალურ ფიზიკურ განვითარებას. პატარებს ეძლევათ შესაძლებლობა, თავად დაიწყონ სასურველი აქტივობები, რაც მათ დამოუკიდებლად ქცევის უნარებს უყალიბებს. ძირითადი კვება და წახემსების შესაძლებლობა ბავშვებს აქვთ 2-3 საათში ერთხელ. ტელე და ვიდეოჩვენებების შესაძლებლობა სახლის გარე მზრუნველობის პირობებში მცირეა, რადგან დადგენილია, რომ მათ არ აქვთ პოზიტიური გავლენა ბავშვის განვითარებაზე, ამიტომ რეკომენდებულია მათი შეძლებისდაგვარად შეზღუდვა. თუ მაინც ხდება ტელე და ვიდეოჩვენებებით ბავშვის დაინტერესება, აუცილებელია ასაკის შესაბამისი და დოზირებული მოხმარება.
არსებობს საკმაოდ ბევრი ადგილობრივი და საერთაშორისო ბერკეტი, რომლის საშუალებითაც მშობელს შეუძლია შეაფასოს სახლის გარეთ ბავშვზე მზრუნველობის ხარისხი. ამერიკის პედიატრთა აკადემია მხარდაჭერას უცხადებს ბავშვის ჯანსაღი მზრუნველობისთვის მატერიალურ უზრუნველყოფას და საკუთარ ინტერნეტგვერდზე აქვეყნებს ბავშვზე მზრუნველობის აუცილებელი კრიტერიუმების ჩამონათვალს.