გაციება | მკურნალი.გე
  1. გაციება
  2. ვირუსული ინფექციები (ინფექციები)
  3. ინფექციები
გაციება

გაციება არის ცხვირის სინუსების, ყელის და სასუნთქი გზების ვირუსული ინფექცია.

  • ჩვეულებრივ, გაციება ვრცელდება, როდესაც ადამიანი ეხება ინფიცირებულის ნაზალურ სეკრეტს;

  • გაციება ხშირად იწყება ყელის ტკივილით და ჩხაპნის შეგრძნებით ან ცხვირში დისკომფორტით, რომელსაც ახლავს ცემინება, ცხვირიდან გამონადენი, ხველა და ზოგადად ავადმყოფობის შეგრძნება;

  • ექიმები დიაგნოზის დასადგენად ეყრდნობიან არსებულ სიმპტომებს;

  • ადეკვატური ჰიგიენა, ხელების ხშირი დაბანის ჩათვლით, საუკეთესო გზაა გაციების პრევენციისათვის;

  • დასვენება, ცხვირის წვეთები, ანტიჰისტამინური პრეპარატები, ხველის დამაწყნარებელი სიროფები და არასტეროიდული ანტიანთებითი მედიკამენტები ხელს უწყობენ სიმპტომების შემსუბუქებას.

გაციება ყველაზე ხშირი დაავადებაა. მას ბევრი სხვადასხვა ტიპის ვირუსი იწვევს, თუმცა რინოვირუსი (რომელიც 100-მდე სუბვირუსს მოიცავს) ყველაზე ხშირია. რინოვირუსებით გამოწვეული გაციება ხშირად გვხვდება გაზაფხულზე და შემოდგომაზე. სხვა ვირუსები იწვევს გაციებას წლის სხვადასხვა დროს.

გაციება უპირატესად ვრცელდება მაშინ, როდესაც ადამიანი ხელებით ეხება ინფიცირებულის ნაზალურ სეკრეტს. ეს სეკრეტი შეიცავს გაციების ვირუსებს. თუ ამის შემდეგ ადამიანი ხელით შეეხება საკუთარ პირის ღრუს, ცხვირს ან თვალებს, ვირუსი შედის ორგანიზმში და იწვევს დაავადებას. შედარებით იშვიათად გაციება ვრცელდება, როდესაც ადამიანი ჩაისუნთქავს ინფიცირებული ადამიანის ხველის, დაცემინების შედეგად ჰაერში მოხვედრილ წვეთებს. გაციება განსაკუთრებით გადამდებია სიმპტომების განვითარებიდან პირველი 2 დღის განმავლობაში. გაოფლიანება არ იწვევს გაციებას, არც ადამიანის მიდრეკილება არსებობს ინფექციისადმი. არ არის დადგენილი, ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა და კვების ჩვევები ახდენს თუ არა რაიმე გავლენას დაავადების განვითარებაზე. ცხვირის ან ყელის პათოლოგიების არსებობა (როგორიცაა გადიდებული ტონზილები ან ადენოიდები) ამ მხრივ მნიშვნელოვანია.

სიმპტომები და დიაგნოზი

სიმპტომები იწყება ინფიცირების შემდეგ 1-დან 3 დღეში. პირველ ეტაპზე გამოვლენილი სიმპტომებია: ფხაჭნის და ტკივილის შეგრძნება ყელში, მოგვიანებით იწყება ცემინება, ცხვირიდან გამონადენი და ავად ყოფნის შეგრძნება. ცხელება ხშირი არ არის, თუმცა ზომიერად გამოხატული ცხელება შეიძლება იყოს გაციების დასაწყისშივე. საწყის ეტაპზე აღინიშნება ცხვირიდან გამონადენი, რომელიც შემაწუხებლად უხვია. ზოგჯერ იგი ხდება სქელი, გაუმჭვირვალე, ყვითელი მომწვანო ფერის და ნაკლებად უხვი. ადამიანების უმეტესობას აღენიშნება სუბუქად გამოხატული ხველა. სიმპტომები ჩვეულებრივ, 4-10 დღეში ქრება, თუმცა ხველა შესაძლოა მომდევნო კვირასაც გაგრძელდეს.

გართულებებმა შეიძლება დაავადება გაახანგრძლივოს. რინოვირუსული ინფექცია ზოგჯერ ასთმის მქონე პიროვნებებში ასთმის შეგრძნების პროვოცირებას იწვევს. ზოგიერთ ადამიანს უვითარდება ბაქტერიული ინფექციები შუა ყურში (შუა ყურის ანთება) ან სინუსებში. აღნიშნული ინფექციები ვითარდება იმის გამო, რომ ცხვირის დახშობა ბლოკავს სეკრეტის ნორმალურ დრენაჟს და ამის შედეგად ბაქტერიები იწყებენ ზრდას ბლოკირებული სეკრეტის მასაში. ზოგიერთ ადამიანს ბაქტერიული ინფექცია უვითარდება ქვედა სასუნთ გზებში (მეორადი ბრონქიტი ან პნევმონია).

ექიმებს, ჩვეულებრივ, შეუძლიათ გაციების დიაგნოზი დასვან ტიპური სიმპტომების არსებობის საფუძველზე. მაღალი ცხელება, ძლიერი თავის ტკივილი, გამონაყარი, სუნთქვის გაძნელება ან ტკივილი გულმკერდის არეში იმის მაჩვენებელია, რომ ინფექცია არ არის უბრალო გაციება. ლაბორატორიული ტესტები, ჩვეულებრივ, არ არის საჭირო გაციების დიაგნოზის დასადგენად. თუ გართულების არსებობა სავარაუდოა, ექიმები აკეთებენ სისხლის ანალიზებს და რენტგენოლოგიურ გამოკვლევას.

პრევენცია

ვინაიდან გაციებას მრავალი, ერთმანეთისგან განსხვავებული ვირუსები იწვევენ და ვირუსების სტრუქტურა დროთა განმავლობაში იცვლება, ეფქტური ვაქცინის შექმნა დღემდე შეუძლებელია. ყველაზე საუკეთესო პრევენციულ მეთოდს პირადი ჰიგიენის დაცვა წარმოადგენს. იმის გამო, რომ გაციების გამომწვევი ბევრი ვირუსი ვრცელდება ინფიცირებული ადამიანების სეკრეტით, საჭიროა, რომ ადამიანებმა, რომლებსაც აღენიშნებათ გაციების სიმპტომები, ხშირად დაიბანონ ხელები სახლში ან ოფისში. ცემინების და ხველის დროს საჭიროა ხელსახოცების გამოყენება, რომლებიც შემდეგ უსაფრთხო ადგილას უნდა იქნეს გადაგდებული. თუ შესაძლებელია, სიმპტომების მქონე ადამიანებმა უმჯობესია დაიძინონ განცალკევებით. ადამიანები, რომლებსაც გაციების დროს აღენიშნებათ ხველა და ცემინება, არ უნდა წავიდნენ სამსახურში ან სკოლაში, სადაც მათ შეიძლება სხვები დააინფიცირონ. საგნების და ზედაპირების გაწმენდა სადეზინფექციო საშუალებებით ასევე ამცირებს გაციების გამომწვევი ვირუსების გავრცელების შესაძლებლობას.

ექინაცეა და C ვიტამინის მაღალი დოზები (200 მგ-ზე მეტი დღეში), მიუხედავად მათი პოპულარობისა, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს გაციების პრევენციის საშუალებად.

მკურნალობა

გაციების შემთხვევებში ადამიანები უნდა შეეცადონ, იყვნენ თბილად და კომფორტულად და ასევე, ეცადონ არ გადადონ ინფექცია სხვებს. ყველა ადამიანი, რომელსაც აქვს ცხელება ან მძიმე სიმპტომები, უნდა დარჩეს სახლში. სითხის მიღებამ და ორთქლით ან პულვერიზებული წვეთებით ინჰალაციამ შესაძლოა შეამციროს სეკრეტის რაოდენობა და მისი გამოდევნა გააიოლოს.

ამჟამად ხელმისაწვდომი ანტივირუსული პრეპარატები არ არის ეფექტური გაციების დროს. ანტიბიოტიკები არ იძლევიან შედეგს მაშინაც კი, როდესაც ცხვირიდან ან ხველების დროს გამოიყოფა სქელი და შეფერილი ლორწო.

ადრე სამკურნალოდ მოწოდებული იყო ექინაცეას, თუთიის პრეპარატების და C ვიტამინის გამოყენება, მაგრამ მცირე რაოდენობით ჩატარებული კვლევების მხოლოდ ნაწილმა აჩვენა, რომ ეს საშუალებები ეფექტურია, სხვა კვლევები კი მათ არაეფექტურად მიიჩნევს. ჯერჯერობით არ ჩატარებულა ფართო კლინიკური კვლევები ამ პრეპარატების ეფექტურობის დასადასტურებლად. ექსპერტების უმრავლესობა მათ სამკურნალოდ გამოყენებას უწევს რეკომენდაციას.

არსებობს რამდენიმე პოპულარული პრეპარატი, რომლებიც რეცეპტის გარეშე გაიცემა და ისინი ხელს უწყობენ სიმპტომების შემსუბუქებას. თუმცა ეს პრეპარატები არ კურნავენ დაავადებას, რომელიც 1 კვირაში თავისთავად იკურნება. ექიმები მიიჩნევენ, რომ მათი გამოყენება არჩევითია და დამოკიდებულია სუბიექტის დისკომფორტის ხარისხზე. სადღეისოდ რამდენიმე სხვადასხვა ტიპის ასეთი პრეპარატი გამოიყენება, მათ შორის:

  • დეკონგესტანტები (ადგილობრივად სისხლძარღვთა შემავიწროებლები), რომლებიც ხსნიან ცხვირის დახშობას;

  • ანტიჰისტამინური პრეპარატები, რომლებიც ხსნიან სურდოს;

  • ხველების დროს გამოსაყენებელი სიროფები, რომლებმაც შეიძლება შეამსუბუქონ ხველის ინტენსივობა ნახველის გათხევადების გზით ან ხველის დათრგუნვით.

ეს მედიკამენტები უფრო ხშირად კომბინაციაში გამოიყენება, თუმცა ისინი ცალ-ცალკეც შეიძლება დაინიშნოს. დეკონგენსანტების ინჰალაციის გზით გამოიყენება უფრო ეფექტურია, ვიდრე მათი ორალურად მიღება. ამავე დროს, საინჰალაციო მედიკამენტების 3-5 დღით გამოყენებამ და შემდეგ მათმა შეჩერებამ შეიძლება ცხვირის დახშობა გააძლიეროს. საინჰალაციო იპრატროპიუმი, რომელიც მხოლოდ რეცეპტით არის ხელმისაწვდომი, შესაძლოა დაეხმაროს პაციენტს ცხვირის ლორწოვანის გამოშრობაში. ძველი თაობის ანტიჰისტამინური მედიკამენტები, როგორიცაა ქლორფენირამინი, ძილიანობას იწვევენ. ახალი თაობის ანტიჰისტამინური მედიმედიკამენტები, რომლებიც რეცეპტითაა ხელმისაწვდომი, ნაკლებად იწვევს ძილიანობას, მაგრამ არაეფექტურია გაციების დროს.

არასტეროიდულმა ანტიანთებითმა მედიკამენტებმა, როგორიცაა ასპირინი, იბუპროფენი და ნაპროქსანი, შეიძლება შეასუსტოს ტკივილი და შეამციროს ცხელება. ასეთივე მოქმედებისაა აცეტამინოფენი. ასპირინი ზოგადად არ არის რეკომენდებული ბავშვებისათვის, რადგან მან შესაძლოა ბავშვებში რეიეს სინდრომის განვითარების რისკი გააძლიეროს. ხველების სუპრესანტების რუტინულად გამოყენება არ არის რეკომენდებული, გამომდინარე იქიდან, რომ ხველება ხელს უწყობს სასუნთქი გზების სეკრეტისაგან განთავისუფლებას. ამიტომ მათი გამოყენება შეიძლება მხოლოდ მძიმედ გამოხატული ხველების შემთხვევაში, როდესაც იგი ხელს უშლის ნორმალური ძილის პროცესს და დისკომფორტს უქმნის პაციენტს.