ბავშვის მინდობით აღზრდა ხორციელდება, როდესაც ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახს დროებით არ აქვს ბავშვზე მზრუნველობის შესაძლებლობა. ადგილობრივ სახელმწიფო სტრუქტურებსა და მიმღებ ოჯახს შორის ფორმდება ხელშეკრულება გარკვეული ვადით, ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის უზრუნველყოფის მიზნით. მინდობით აღზრდის ფორმა ფართოდაა გავრცელებული ამერიკის შეერთებულ შტატებში, დაახლოებით 75000 ბავშვი ყოველწლიურად ხვდება სხვადასხვა მიმღებ ოჯახში.
მიმღები მშობლები უზრუნველყოფენ ბავშვის ყოველდღიურ საჭიროებებს. ამასთანავე, ბიოლოგიური მშობლები, ჩვეულებრივ, რჩებიან ბავშვის კანონიერ მეურვეებად, რაც ნიშნავს, რომ ბიოლოგიურ დედ-მამას აქვს ბავშვზე ყველა იურიდიული გადაწყვეტილების მიღების უფლება. მაგალითად, თუ ბავშვს სამედიცინო მომსახურებისას სჭირდება ქირურგიული ჩარევა, აუცილებელია, რომ თანხმობა მიღებულ იქნეს ბიოლოგიური მშობლებისგან.
მინდობით აღზრდის შემთხვევების უმრავლესობა განპირობებულია ბიოლოგიური ოჯახების ეკონომიკური პრობლემებით. ბავშვების დაახლოებით 70% მიმღებ ოჯახებში მიყვანილია ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების მიერ, რადგან მათ ბიოლოგიურ ოჯახებში სასტიკად ექცეოდნენ ან იყვნენ მიტოვებულები. დარჩენილი 30% მოიცავს მოზარდებს, რომლებიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის გადაწყვეტილებით მოხვდნენ მიმღებ ოჯახებში. ბავშვების ძალიან მცირე ნაწილი ხდება მინდობით აღზრდით მოსარგებლე ბიოლოგიური მშობლების მოთხოვნით. მიმღებ ოჯახებში ბავშვები ცხოვრობენ დედობილ-მამობილთან ერთად. ზოგჯერ მიმღები ოჯახები საკმაოდ დიდია, ბევრი წევრისგან შედგება და საერთო საცხოვრებელს და სანატორიუმს წააგავს.
საკუთარი ოჯახიდან მოცილება ძალიან მტკივნეულია პატარებისთვის. მიმღებ ოჯახში ცხოვრებისას ბავშვს ეძლევა შესაძლებლობა, ხშირად მოინახულოს თავისი ბიოლოგიური ოჯახის წევრები, თუმცა, ზოგჯერ შეხვედრები, გარკვეული გარემოებების გამო, შეზღუდულია და ხორციელდება მხოლოდ მეთვალყურეობის მიზნით. ახალ მიმღებ ოჯახებში გადასვლისას ბავშვი, გარდა ბიოლოგიური ოჯახის წევრებისა, ტოვებს მეზობლებს, მეგობრებს, გარშემო მყოფ ადამიანებს, სკოლასა და საკუთარი ნივთების ნაწილს. მოზარდების დიდი ნაწილი ახალ მიმღებ ოჯახში თავს გრძნობს მოუსვენრად, არასაიმედოდ და უუნაროდ, მართოს საკუთარი ცხოვრება. ბევრი მათგანი გრძნობს სიბრაზესა და აგრესიას, თავს მიიჩნევს გამოუსადეგარ არსებად, იტანჯება დაშორებისა და მშობლების დაკარგვის შეგრძნებით. ზოგს აქვს დანაშაულის გრძნობა ბიოლოგიური ოჯახის დაშლის გამო. თანატოლები ხშირად დასცინიან ბავშვებს მიმღებ ოჯახში ცხოვრების გამო. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი აძლიერებს ბავშვის აღქმას, რომ ის არის განსხვავებული და უღირსი. მიმღებ ოჯახებში მცხოვრები ბავშვების გარკვეულ ნაწილს აქვს თანმხლები ქრონიკული დაავადებები, ქცევითი, ემოციური და განვითარების პრობლემები. მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობისა, საბოლოოდ, ბავშვების დიდი ნაწილი ეჩვევა მიმღებ ოჯახებს, რადგან თავს გრძნობენ სტაბილურად და დაცულად. მიმღები მშობლები უკვე გამოცდილნი და კვალიფიციურნი არიან, სწორად მიმართავენ აღმზრდელობით სამუშაოებს და ბავშვის ემოციურ საჭიროებებს. მინდობით აღზრდით მოსარგებლე ბავშვების უმრავლესობა დიდ სარგებელს ნახულობს ამ სერვისით.
მიმღებ ოჯახებში მყოფი ბავშვების ნახევარზე მეტი, საბოლოო ჯამში, უბრუნდება ბიოლოგიურ ოჯახებს. დაახლოებით 20% რჩება მიმღებ ოჯახში, დანარჩენი ბავშვები გადანაწილდებიან ნათესავებთან ან ახალ მიმღებ ოჯახებში. სამწუხაროდ, მოზარდების 18% მინდობით აღზრდის შემთხვევებში ვერ ეგუება ვერც ერთ მიმღებ ოჯახს.