გრიპი (ინფლუენცა) არის ფილტვების და სასუნთქი გზების ინფექცია, რომელსაც იწვევს influenza viruses.
ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში გრიპის ფართომასშტაბიანი აფეთქებები ხდება ძირითადად შემოდგომის მიწურულს და ზამთრის დასაწყისში. გრიპის ეპიდემიურ ზონებში ერთდროულად ბევრი ადამიანი ავადდება. ეპიდემიები შეიძლება ორტალღოვანი იყოს: პირველი – ბავშვებში და იმ ადამიანებში, რომლებიც მათთან ერთად ცხოვრობენ და მეორე – ადამიანებში, რომლებიც სახლის პირობებში ან გახანგრძლივებული მოვლის დაწესებულებებში იმყოფებიან (უმეტესად ასაკოვანი ადამიანები). ყოველი ეპიდემიის დროს, ჩვეულებრივ, გრიპის მხოლოდ ერთი შტამი არის დაავადებაზე პასუხისმგებელი. ასეთი შტამის სახელი ხშირად ასახავს იმ ადგილს, სადაც იგი იქნა აღმოჩენილი (მაგალითად, ჰონგკონის გრიპი) ან ცხოველის სახელით (მაგალითად ღორის გრიპი).
არსებობს გრიპის ვირუსის ორი: A და B ტიპი და მრავალი სხვადასხვა შტამი თითოეული ტიპის შიგნით. გრიპის შემთხვევების 95% გამოწვეულია გრიპის ვირუსის A ტიპით. სხვადასხვა ტიპით და შტამით გამოწვეული დაავადებები კლინიკურად მსგავსია. გრიპის ვირუსის შტამები, რომლებიც ეპიდემიებს იწვევენ, ერთმანეთისგან განსხვავდებიან. ამდენად, ყოველ წელს გრიპის გამომწვევი ვირუსი განსხვავდება წინა წლებში გამოვლენილი გრიპის ვირუსისგან. იგი იმდენად იცვლის სახეს, რომ წელს გამოყენებული ეფექტური ვაქცინა მომდევნო წელს აღარ არის ეფექტური.
გრიპი სრულიად განსხვავდება გაციებისგან. იგი სხვადასხვა ტიპის ვირუსებითაა გამოწვეული და უფრო მძიმედ გამოხატული სიმპტომები ახასიათებს. ამასთან ერთად, გრიპი რესპირაციული ტრაქტის უფრო ღრმად არსებულ შრეებს აზიანებს.
გრიპის ვირუსი ვრცელდება დაინფიცირებული პირის მიერ ხველების და ცემინების დროს გამოყოფილი წვეთებით ან დაინფიცირებულის ნაზალურ სეკრეტთან პირდაპირი კონტაქტით, ასევე მაშინ, როდესაც პიროვნება ეხება საოჯახო ნივთებს, რომელზეც არსებობს დაინფიცირებული პირის სეკრეტი.
დაავადების სიმპტომები იწყება მოულოდნელად, დაინფიცირებიდან 1-დან 4 დღეში. პირველი გამოვლინებაა შემცივნება. პირველ დღეებში ხშირია აგრეთვე ცხელება, რომელიც ზოგჯერ აღწევს 39ºC-ს. ბევრი ადამიანი გრძნობს ისეთ სისუსტეს და დაღლილობას, რომ ისინი დღეების განმავლობაში რჩებიან საწოლში. მათ აღენიშნებათ ტკივილი მთელ სხეულში, განსაკუთრებით ზურგის არეში და ქვედა კიდურებში, თავის ტკივილი, რომელიც ხშირად ძლიერია და თან ახლავს თვალების ირგვლივ ტკივილი. კაშკაშა სინათლემ შეიძლება გააძლიეროს თავის ტკივილი.
რესპირაციული სიმპტომები დასაწყისში შედარებით მსუბუქია. იგი მოიცავს ყელის ფხაჭნითი ხასიათის ტკივილს, სიმხურვალის შეგრძნებას გულმკერდის შიგნით, მშრალ ხველას და ცხვირიდან გამონადენს. მოგვიანებით, ხველა ძლიერდება და მას თან ახლავს ნახველი. კანი შეიძლება იყოს ცხელი და გაწითლებული, განსაკუთრებით სახეზე. პირის ღრუ და ყელი გაწითლებულია, აღინიშნება თვალებიდან გამონადენი და თვალის თეთრ გარსზე შეიძლება გაჩნდეს სისხლჩაქცევები. პაციენტებს, განსაკუთრებით ბავშვებს, აღენიშნებათ გულისრევა და ღებინება. ადამიანების მცირე რაოდენობა კარგავს ყნოსვის უნარს რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში. იშვიათად, იგი შეიძლება მუდმივად დარჩეს.
სიმპტომების უმეტესობა 2-3 დღეში ქრება, თუმცა მათი მცირე რაოდენობა 5 დღეს გრძელდება. ხველა, სისუსტე, ოფლიანობა და დაღლილობა შეიძლება რამდენიმე დღის და ზოგჯერ რამდენიმე კვირის განმავლობაში შენარჩუნდეს. სასუნთქი გზების მსუბუქად გამოხატული გაღიზიანება და ქოშინი შეიძლება 6 კვირამდე გაგრძელდეს და შემდეგ სრულიად ქრება.
გრიპის ყველაზე ხშირ გართულებას წარმოადგენს პნევმონია, რომელიც შეიძლება იყოს ვირუსული, ბაქტერიული ან ორივე გენეზის ერთად. ვირუსული პნევმონიის დროს გრიპის ვირუსი აღწევს ფილტვებში. ბაქტერიული პნევმონიის შემთხვევაში კი ვირუსული ინფექციით დასუსტებულ იმუნურ სისტემას ბაქტერია (როგორიცაა პნევმოკოკი ან სტაფილოკოკი) ესხმის თავს. ორივე შემთხვევაში ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ გაძლიერებული ხველა, სუნთქვის გაძნელება, მუდმივი ან განმეორებადი ცხელება და ზოგჯერ სისხლი ან ჩირქი ნახველში. პნევმონია უფრო ხშირია ასაკოვან ადამიანებში, განსაკუთრებით მათში, ვისაც გულის ან ფილტვების მხრივ დარღვევები აღენიშნება. გახანგრძლივებული მოვლის დაწესებულებებში მცხოვრები ასაკოვანი ადამიანების 7%, რომელთაც გრიპი უვითარდება, ხვდება სტაციონარში და მათგან 1-დან 4%-მდე შემთხვევაში დაავადება სიკვდილით მთავრდება. უფრო ახალგაზრდა ადამიანები სხვადასხვა ქრონიკული დარღვევებით ასევე არიან გართულების განვითარების რისკის ქვეშ.
იმის გამო, რომ ადამიანების უმეტესობა კარგად იცნობს გრიპის სიმპტომებს და ასევე იმიტომაც, რომ გრიპი ეპიდემიის სახით ვითარდება გარკვეულ რეგიონებში, ხშირად დიაგნოზი ზუსტად ისმება თვით გრიპით დაავადებული პირის ან მისი ოჯახის წევრების მიერ. სიმპტომების სიმძიმე, მაღალი ცხელების და სხეულის ტკივილის არსებობა, საშუალებას იძლევა განვასხვაოთ გრიპი გაციებისგან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დაავადება ვითარდება გრიპის ეპიდემიის დროს. უფრო რთულია ეპიდემიის არარსებობის პირობებში გრიპის ზუსტი იდენტიფიცირება მხოლოდ არსებული სიმპტომების საფუძველზე.
გრიპის ვისურის იდენტიფიცირებისათვის გამოიყენება სისხლის და სასუნთქი გზებიდან აღებული სეკრეტის ნიმუშის ტესტირება. ამგვარი ტესტები ძირითადად მაშინ ტარდება, როდესაც ავადმყოფის მდგომარეობა ძალიან მძიმეა ან როდესაც ექიმი არსებული სიმპტომების სხვა გამომწვევ მიზეზზე ეჭვობს. ასეთი ტესტები შეიძლება გაკეთდეს ექიმის ოფისში.
ყოველწლიური ვაქცინაცია საუკეთესო მეთოდია გრიპის დაავადებისაგან დასაცავად. გრიპის ვაქცინა შეიცავს ინაქტივირებულ, დახოცილ გრიპის ვირუსებს ან ვირუსის ნაწილებს და იგი ინექციის გზით შეიყვანება. უფრო ახალი ვაქცინა, რომელიც იჰალაციის გზით გამოიყენება (ნაზალური ინჰალატორის საშუალებით) შეიცავს დასუსტებულ ცოცხალ ვირუსებს. ეს ვაქცინა გამოიყენება მხოლოდ ჯანმრთელ 5-40 წლამდე ასაკის ადამიანებში. გრიპის ვაქცინა ჩვეულებრივ იცავს ადამიანს გრიპის ვირუსის 3 განსხვავებული შტამისაგან. ყოველ წელს გამოიყენება განსხვავებული ვაქცინები ვირუსისათვის დამახასიათებელი ცვლილებების გათვალისწინებით. ექიმები ცდილობენ, წინასწარ განსაზღვრონ იმ ვირუსის შტამი, რომელმაც შეიძლება მომავალში გამოიწვიოს ინფექცია, ამიტომ ითვალისწინებენ ვირუსის იმ შტამს, რომელიც წინა სეზონზე დომინირებდა და ასევე მსოფლიო სხვადასხვა ნაწილში დაავადების გამომწვევი ვისურის შტამის შესახებ დაგროვილ მონაცემებს.
ვაქცინაცია სასარგებლოა ადამიანების უმრავლესობისათვის, მაგრამ იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმათთვის, ვისაც დაინფიცირების შემთხვევაში დაავადების მძიმე ფორმა შეიძლება განუვითარდეთ. ამ ადამიანების ჯგუფს მიეკუთვნებიან: ჩვილები (განსაკუთრებით 24 თვეზე ნაკლები ასაკის, 65 წელს გადაცილებული ადამიანები, ისინი, რომელთაც დაქვეითებული იმუნიტეტი აქვთ და ასევე ადამიანები სხვადასხვა ქრონიკული დარღვევებით, როგორიცაა დიაბეტი ან ფილტვების, გულის და თირკმელების პათოლოგია. გახანგრძლივებული მოვლის დაწესებულებებში მყოფ ასაკოვან ადამიანებში ნაკლებ სავარაუდოა, რომ გრიპის პრევენციის მიღწევა იყოს შესაძლებელი, მაგრამ ვაქცინაცია შეამცირებს მათში პნევმონიის განვითარების ან სიკვდილის რისკს. ვაქცინის ინექციის ადგილას წყლულის შესაძლო განვითარების გარდა, ვაქცინაციით გამოწვეული სხვა გვერდითი მოვლენები იშვიათობას წარმოადგენს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვაქცინაცია კეთდება შემოდგომაზე, ამიტომ ანტისხეულების რაოდენობა ყველაზე მაღალია გრიპის პიკის პერიოდში, ნოემბრიდან მარტის ჩათვლით. ადამიანების უმრავლესობას ორი კვირა სჭირდებათ, რომ ვაქცინაციის შედეგად ვირუსისაგან დაცვა უზრუნველყოფილი იყოს.
გრიპის ვირუსისაგან თავის დასაცავად შეიძლება საჭირო გახდეს რამდენიმე ანტივირუსული მედიკამენტის გამოყენება. ექიმი ნიშნავს ამ მედიკამენტებს, თუ დადასტურდება, რომ ადამიანებს ახლო წარსულში ჰქონდათ შეხება გრიპის მქონე პიროვნებასთან. ეს მედიკამენტები ასევე ეძლევათ ადამიანებს, რომელთაც ფონური მდგომარეობის გამო ვაქცინაციის არაეფექტურობის და გართულების დიდი ალბათობა აქვთ. მედიკამენტების გამოყენება ინფლუენცას ეპიდემიის პერიოდშიც შეიძლება არაინფიცირებული ადამიანების დასაცავად, რომლებსაც აღენიშნებათ გრიპის გართულებების მოსალოდნელი საშიშროება: ასაკოვანი ადამიანები და ადამიანები ქრონიკული დაავადებებით.
ამანტადინი და რიმანტადინი არის შედარებით ძველი ანტივირუსული მედიკამენტები, რომლებიც უზრუნველყოფენ დაცვას გრიპის A ტიპისაგან, მაგრამ არა B ტიპისაგან. ამ მედიკამენტებმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭის გაღიზიანება, ნევროზი, ძილიანობა და სხვა, განსაკუთრებით ასაკოვან ადამიანებში და ტვინის ან თირკმლების მხრივ დარღვევების მქონე პირებში. რიმანტადინს შედარებით ნაკლები გვერდითი მოვლენები აქვს, ვიდრე ამანტადინს. სხვა ნაკლოვანება, რაც ორივე მედიკამენტს ახასიათებს, არის ის, რომ გრიპის ვირუსი სწრაფად გამოიმუშავებს მათ მიმართ რეზისტენტობას. 2005-2006 წლებში, გრიპის სეზონის პერიოდში გავრცელებულმა ინფორმაციამ ამ მედიკამენტების მიმართ რეზისტენტობის არსებობის შესახებ, დაავადებების კონტროლის და პრევენციის ცენტრს უბიძგა მოეწოდებინა, რომ ეს მედიკამენტები აღარ გამოეყენებინათ გრიპის პრევენციისა და მკურნალობისათვის. არსებობს 2 ახალი მედიკამენტი – ოსელტამივირი და ზანამივირი, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ვირუსის A ტიპის ან B ტიპის პრევენციის მიზნით. ამ მედიკამენტებს მინიმალური გვერდითი მოვლენები ახასიათებთ.
გრიპის ძირითადი მკურნალობა არის ადეკვატური დასვენება, დიდი რაოდენობით სითხის მიღება და დაძაბულობის თავიდან აცილება. ნორმალური ფიზიკური აქტივობის განახლება შესაძლებელია ტემპერატურის ნორმალიზაციიდან 24-48 საათის შემდეგ, მაგრამ ადამიანების უმრავლესობას მეტი დრო სჭირდება გამოჯანმრთელებისათვის. ცხელების და ტკივილების მკურნალობა შეიძლება აცეტამინოფენით ან არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატებით, როგორიცაა ასპირინი და იბუპროფენი. რეიეს სინდრომის შესაძლო განვითარების გამო ბავშვებს ასპირინი არ უნდა მიეცეთ. ბავშვებში შეიძლება გამოყენებულ იქნას აცეტამინოფენი და იბუპროფენი. საჭიროების შემთხვევაში უნდა გატარდეს სხვა ღონისძიებები, რომლებიც მოწოდებულია გაციების შემთხვევებში. ასეთებია დეკონგესტანტები და ორთქლით ინჰალაციები, რომლებიც სიმპტომების შემსუბუქებას უწყობს ხელს.
ანტივირუსული მედიკამენტები, რომლებიც ადამიანებს იცავენ ინფექციისაგან (ამანტადინი, რიმანტადინი, ოსელტამივირი და ზანამივირი) ასევე სასარგებლოა გრიპის სამკურნალოდ. თუმცა, ეს მედიკამენტები მხოლოდ იმ შემთხვევაში მუშაობენ, თუ მათი გამოყენება მოხდება სიმპტომების დაწყების პირველ ან მეორე დღეს. მართალია, ისინი მხოლოდ ერთი დღით ამცირებენ ცხელების ხანგრძლივობას და რესპირაციულ სიმპტომებს, ეს პრეპარატები მაინც ძალიან ეფექტურია ზოგიერთ შემთხვევებში. უმეტესობა ექიმებისა რეკომენდაციას უწევს ზანამივირს და ოსელტამივირს, რომლებიც ეფექტურია გრიპის A ტიპის და B ტიპის შემთხვევებში. თუ განვითარდა ბაქტერიული ინფექცია, მკურნალობაში ირთვება ანტიბიოტიკები.
ფრინველის გრიპი (avian influenza) არის ინფლუენცას შტამებით გამოწვეული ინფექცია, რომელიც ფრინველებში და ზოგჯერ ღორებში გვხვდება.
ფრინველის გრიპს იწვევს A გრიპის რამდენიმე შტამი, რომლებითაც ხდება გარეული ფრინველების დაინფიცირება. ინფექცია ადვილად შეიძლება გავრცელდეს შინაურ ფრინველებზე, ზოგჯერ ღორებზე. თუმცა იგი იშვიათად შეიძლება გავრცელდეს ცხოველებიდან ადამიანზე.
ადამიანების უმრავლესობას, რომლებიც დაინფიცირდნენ ფრინველის გრიპით, ჰქონდათ ახლო კონტაქტი დაინფიცირებულ ფრინველთან. ადამიანის დაინფიცირება გრიპის ვირუსის H5N1 შტამით პირველად აღინიშნა ჰონგ-კონგში, შემდეგ ვიეტნამში, ინდონეზიაში, კამბოჯაში, ჩინეთში, ტაილანდში, თურქეთში, აზერბაიჯანში, ჯიბუტში, ეგვიპტეში და ერაყში. 2003-დან 2006 წლის შუა პერიოდამდე 230 შემთხვევა გამოვლინდა. კანადაში და ნიდერლანდებში შინაურ ფრინველებთან მომუშავე პირებში ფრინველის გრიპის სხვა შტამებმა გამოიწვია თვალის ინფექციები (კონიუნქტივიტი) და რესპირაციული დარღვევები.
ფრინველის გრიპის შტამით (H5N1) დაინფიცირებული ადამიანებისგან ინფექცია არ ვრცელდება სხვა ადამიანებზე, თუმცა ექსპერტები გამოხატავენ წუხილს იმის გამო, რომ ვირუსის გენეტიკური სტრუქტურა შეიძლება შეიცვალოს, განიცადოს მუტაცია და ვირუსული ინფექცია შეიძლება გავრცელდეს ადამიანიდან ადამიანზე. აქედან გამომდინარე, ფრინველს შეეძლება ინფექციის გავრცელება უფრო დიდი მასშტაბით მთელ მსოფლიოში ეპიდემიის სახით (პანდემია).
სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე, თუ ვირუსის რომელი შტამი არის ინფექციის მიზეზი. ადამიანებს შეიძლება განუვითარდეთ სუნთქვის გაძნელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები (როგორიცაა ცხელება, ხველება, ყელის დაზიანება და კუნთების ტკივილი). ამ შემთხვევაში სიკვდილის რისკი მაღალია: დაავადების პირველი აფეთქების შემთხვევაში 30%, ხოლო განმეორების შემთხვევაში – 80%.
ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ გრიპის მსგავსი სიმპტომები და ქონდათ კონტაქტი ფრინველებთან იმ გარემოში, სადაც ცნობილია, რომ არიან ინფექციის მტარებელი ფრინველები, უნდა მიმართონ ექიმს. ექიმი ცხვირიდან და ყელიდან აღებულ ნიმუშს გამოსაკვლევად აგზავნის.
დაავადების გავრცელება შეიძლება შეჩერდეს შინაური ფრინველის ინფიცირებულ ბუმბულში ვირუსის იდენტიფიცირების შემთხვევაში მათი განადგურებით. ინფიცირებულ ადამიანებს ეძლევათ ოსელტამივირი ან ზანამივირი, რომლებიც ჩვეულებრივ ეფექტურია. ამანტადინი და რიმანტადინი არაეფექტურია ფრინველის ვირუსის ბევრი შტამის მიმართ. ფრინველის გრიპის ვაქცინის შექმნაზე მიმდინარეობს მუშაობა.
ღორის გრიპი H1N1არის გრიპის A ვირუსის შტამით გამოწვეული გრიპოზული ინფექცია.
ღორებს შეიძლება განუვითარდეთ გრიპი. ღორები უფრო ხშირად ინფიცირდებიან გრიპის ვირუსის შტამით, რომელიც განსხვავდება იმ შტამებისაგან, ადამიანებს რომ აინფიცირებს. ღორის შტამები ძალიან იშვიათად ვრცელდება ადამიანებზე და თუ ეს მაინც მოხდება, ძალიან იშვიათად გადაედება ადამიანიდან ადამიანს. ღორის გრიპის H1N1 ვირუსი კი არის ღორის, ფრინველის და ადამიანის გრიპის ვირუსების კომბინაცია. ღორის გრიპის H1N1 ვირუსი, ადვილად, ჩვეულებრივი გრიპის მსგავსად ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე. ადამიანები H1N1 გრიპიით არ ინფიცირდებიან ღორის ხორცის ჭამის გზით და არასოდეს ინფიცირდებიან ღორთან კონტაქტის შედეგად.
2009 წელს ღორის გრიპი H1N1 პანდემიის მიზეზი იყო, რომელიც მიაკუთვნეს კატეგორია 6-ს. ეს კატეგორია მიუთითებს დაავადების ძალიან ფართო გავრცელებაზე, მაგრამ არ გულისხმობს დაავადების სიმძიმეს. ვინაიდან H1N1-ის ვირუსი ადამიანებში ახალი აღმოჩენილია, ზოგიერთი დეტალი იმის შესახებ, თუ როგორ აზიანებს ის ადამიანებს, ჯერ კიდევ არ არის ნათელი. მაგრამ სიმპტომები ძალიან გავს გრიპს. აღინიშნება: ცხელება, ხველა, ყელის დაზიანება, სხეულის ტკივილი, თავის ტკივილი, შემცივნება, ცხვირიდან გამონადენი და დაღლილობა. ასევე ხშირია გულისრევა, ღებინება და დიარეა.
შემთხვევათა უმეტესობაში სიმპტომები ვითარდება ვირუსების ზემოქმედებიდან 1-5 დღეში და გრძელდება მომდევნო კვირის განმავლობაში. დაავადებული ადამიანი ინფექციის გამავრცელებელია დაახლოებით 8 დღის მანძილზე – იგი ვირუსებს ავრცელებს კლინიკური სიმპტომების განვითარებამდე 1 დღით ადრე და სიმპტომების ალაგებამდე პერიოდში. სიმპტომები ჩვეულებრივ მსუბუქია, მაგრამ შეიძლება დამძიმდეს და გართულდეს პნევმონიით ან სხვა რესპირაციული დარღვევებით. ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს ფონური ქრონიკული პათოლოგიების (როგორიცაა გულის და ფილტვების ქრონიკული დაავადებები და დიაბეტი) დამძიმება. ორსულობის პერიოდში ასევე შეიძლება განვითარდეს გართულებები (როგორიცაა თვითნებური აბორტი ან ნაადრევი მშობიარობა). ასევე რისკის ქვეშ არიან ადამიანები თირკმლების ან ღვიძლის უკმარისობით ან დაქვეითებული იმუნიტეტით, რომელიც შეიძლება განპირობებული იყოს მედიკამენტებით ან შიდსით. მძიმე გართულებები შეიძლება სწრაფად პროგრესირებდეს ზოგჯერ ახალგაზრდა ჯანმრთელ ადამიანებშიც.
ცხვირიდან და პირის ღრუდან არსებული სეკრეტების ტესტირებით შესაძლებელია – H1N1 ინფექციის არსებობის დადასტურება.
გრიპის მსგავსი სიმპტომების მქონე ადამიანები უნდა დარჩნენ სახლში, დაიფარონ პირის ღრუ ქსოვილით, როდესაც აცემინებენ ან ახველებენ და ხშირად დაიბანონ ხელები. ადამიანებმა, რომლებსაც ჰქონდათ ახლო კონტაქტი ღორის გრიპით დაავადებულ პიროვნებასთან, უნდა მიიღონ ანტივირუსული მედიკამენტები. ჯერჯერობით არ არსებობს ღორის გრიპის ვაქცინა, თუმცა ამჟამად ერთ-ერთ მათგანზე მუშაობენ.
ადამიანებმა სასწრაფოდ უნდა მიმართონ ექიმს, თუ მათ აღენიშნებათ ღებინება, სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულ-მკერდის ან მუცლის არეში, მოულოდნელი ძილიანობა ან ცნობიერების დაბინდვა. ბავშვები სასწრაფოდ უნდა მიიყვანონ ექიმთან, თუ მათ აღენიშნათ ტუჩების ან კანის სილურჯე, თუ ვერ იღებენ საკმარის სითხეს ან აქვთ გახშირებული ან გაძნელებული სუნთქვა, აქვთ არაბუნებრივი ძილიანობა ან გაღიზიანება (უქრებათ ხელში აყვანის სურვილი), ან აღენიშნებათ ცხელება, გამონაყარი. გართულებების მაღალი რისკის მქონე ადამიანებმა უნდა მიმართონ ექიმს, თუნდაც სიმპტომები სუსტად იყოს გამოხატული. ეს აგრეთვე ეხება 5 წლამდე ასაკის ბავშვებს და ორსულ ქალებს. თუ ცხელება და ხველა განვითარდა გრიპის მსგავსი სიმპტომების გაქრობის შემდეგ, აუცილებელია ექიმის ყურადღება და მეთვალყურეობა.
მკურნალობა მიმართულია სიმპტომების შემსუბუქებისკენ. აცეტამინოფენის მიცემა ამცირებს ცხელებას და ტკივილს. საკმარისი დასვენება და დიდი რაოდენობით სითხის მიღება აუმჯობესებს მდგომარეობას. ანტივირუსული მედიკამენტები – ოსელტამივირი ან ზანამივირი შეიძლება დაენიშნოს იმ ადამიანებს, რომლებსაც გართულების განვითარების რისკი ან დაავადების მძიმე სიმპტომები აქვთ. ეს მედიკამენტები ყველაზე ეფექტურია, როდესაც მათი გამოყენება სიმპტომების გამოჩენიდან 48 საათში იწყება. თუმცა არსებობს მონაცემები, რომლის მიხედვითაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ღორის გრიპით დაავადებული ბევრი ადამიანი ამ მედიკამენტების მიღების გარეშეც სრულად გამოჯანმრთელდა.