მენჯის ძვლების მოტეხილობა | მკურნალი.გე
  1. მენჯის ძვლების მოტეხილობა
  2. მოტეხილობები
  3. დაზიანებები და მოწამვლები
მენჯის ძვლების მოტეხილობა

მენჯის ძვალი წყვილი ფართო (თეძოს) ძვლისგან შედგება, რომლებიც უკან ორი მცირე ზომის შემაერთებელი ძვლითაა დაკავშირებული და წინ მდებარე ძვლების (ბოქვენის და საჯდომი ტოტები) საყრდენია. ახალგაზრდა მოზრდილებში მენჯის ძვლების მოტეხილობა ავტოსაგზაო შემთხვევების ან სიმაღლიდან ვარდნის შედეგია. ამ ტიპის ტრავმამ, სიცოცხლისთვის საშიში სისხლდენა და შინაგანი ორგანოების დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს. ხანდაზმულებს შორის ძვლოვანი ტოტები ხშირად გათხელებულია ოსტეოპოროზის გამო და შეიძლება მოტეხილობა მსუბუქად დაცემის შედეგად განვითარდეს.

სიმპტომები

მენჯის ძვლების მოტეხილობის დროს პაციენტების უმრავლესობა საზარდულის არეში ტკივილს შეიგრძნობს, მაშინაც კი, როცა პაციენტი წევს ან ზის. ტკივილი უარესდება სიარულის მცდელობისას, თუმცა, ზოგჯერ პაციენტს სიარული შეუძლია.

მენჯის მძიმე მოტეხილობის დროს ტკივილი ძლიერია და სიარული – შეუძლებელი.

დიაგნოზი

მენჯის ძვლების მოტეხილობაზე ეჭვის საფუძველი სიმპტომებია. დიაგნოზი დასტურდება რენტგენოგრაფიული გამოკვლევით. ზოგჯერ კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიაა საჭირო.

პროგნოზი და მკურნალობა

პაციენტს კლინიკაში ან რეაბილიტაციის განყოფილებაში მოთავსება სჭირდება.

მენჯის ძვლების ტოტების სტაბილური მოტეხილობა, ჩვეულებრივ, ფუნქციის შეზღუდვის გარეშე ხორცდება და ქირურგიულ ჩარევას იშვიათად საჭიროებს. ანალგეზიური და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ხელს უწყობს ტკივილისა და ანთებითი პროცესის შემცირებას. სისუსტის, რიგიდობის და ხანგრძლივად მწოლიარე მდგომარეობის სხვა გართულებების თავიდან ასაცილებლად პაციენტმა სიარული შეძლებისდაგვარად მალე უნდა დაიწყოს. მენჯის ძვლის ტოტების მოტეხილობის მქონე პირებმა სიარულის დაწყება უნდა სცადონ იმ პირობით, რომ თავიდან აირიდებენ დაზიანებული მიდამოს ტრავმირებას. პაციენტების უმრავლესობას მოკლე მანძილზე სიარული გადაადგილების საშუალების დახმარებით 1 კვირაში შეუძლიათ; 1-2 თვის შემდეგ სიარულის დროს ზომიერად კომფორტულად გრძნობენ თავს.

მენჯის მძიმე მოტეხილობა ხშირად არასტაბილურია და იმობილიზაციას საჭიროებს. ექიმები ზოგჯერ მენჯის ძვალზე ჭანჭიკების საშუალებით მეტალის არშიას ამაგრებენ. უნარების მუდმივი შეზღუდვა მენჯ-ბარძაყის სახსრის დაზიანების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს. იმის გამო, რომ ძალა, რომელიც მენჯის ძვლების დაზიანებას იწვევს, საკმაოდ დიდია, შინაგანი ორგანოებიც ხშირად ზიანდება. ამგვარი სახის ტრავმით გამოწვეული სიკვდილიანობის სიხშირე მაღალია.