როტაციული მანჟეტის ტრავმა და სასახსრე ბაგის გახევა მხრის დაზიანების ყველაზე ხშირი სახეებია.
კუნთები, რომლებიც მხრის ძვალს მხრის სახსარში ამაგრებენ, შეიძლება მოიჭყლიტოს (მხრის დაზიანების სინდრომი) ან მათში ანთებითი პროცესი განვითარდეს (ტენდინიტი), ან ნაწილობრივ, ან სრულად გაიგლიჯოს.
როტაციული მანჟეტის დაზიანება და ტენდინიტი ისეთი სპორტული აქტივობების დროს ვითარდება, რომლებიც თავს ზემოთ ხელების ხშირ, განმეორებით აწევას მოითხოვს, მაგალითად ბეისბოლის თამაშის დროს ბურთის ჩაწოდება, სიმძიმის მხრებს ზემოთ აწევა, ბურთის ჩაწოდება ჩოგნით, ზურგზე ან ბატერფლაის სტილით ცურვა. თავს ზემოთ ხელის მოძრაობის ხშირად გამეორებისას მხრის, ძვლისა და ბეჭის ზედა ნაწილებს შორის როტაციული მანჟეტის კუნთები მოიჭყლიტება და ზიანდება, რაც კუნთების ანთებას და შეშუპებას იწვევს. თუ ანთების მიუხედავად მოძრაობა მეორდება, მყესი შეიძლება დასუსტდეს და გაწყდეს.
ძირითადი სიმპტომია მხრის ტკივილი. თავდაპირველად ტკივილი მხოლოდ იმ აქტივობების დროს ჩნდება, რომლებიც ხელის თავს ზემოთ აწევას მოითხოვს (დაზიანების სინდრომი). ტკივილი უარესდება ხელის 60-120 გრადუსით აწევისას. არაეფექტური მკურნალობის შემთხვევაში მხრის ტკივილი შესაძლოა მოსვენებულ მდგომარეობაშიც ხშირად აწუხებდეს პაციენტს (ტენდინიტი), განსაკუთრებით ღამით და უძილობის მიზეზი გახდეს. მყესის გაწყვეტის შემთხვევაში მხრის გარეთ ტრიალი გაძნელებული ან საერთოდ შეუძლებელია.
ექიმები დიაგნოზს სიმპტომებისა და გასინჯვის შედეგების მიხედვით სვამენ. როტაციული მანჟეტის კუნთების გაგლეჯის გამოსარიცხავად ზოგჯერ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიაა (მრტ) საჭირო.
საშუალო ან ძლიერი ინტენსივობის ტკივილის დროს სასურველია რამდენიმე დღით ორთოპედიული ღვედის გამოყენება ხელის მოსასვენებლად. პაციენტი უნდა მოერიდოს ისეთ ვარჯიშებს, რომლებიც ხელის მხრის ზემოთ აწევას საჭიროებს, განსაკუთრებით წინააღმდეგობის დასაძლევად ძალის გამოყენებით. ტკივილის გარეშე მხრის სრული სიფართით მოძრაობის შესაძლებლობის აღდგენა როტაციული მანჟეტის კუნთების გამაგრებას მოასწავებს.ცალკეული კუნთების გასამაგრებელი ვარჯიშები აღადგენს როტაციული მანჟეტის ბალანსს და ამცირებს დაზიანების შესაძლებლობას ხელის თავს ზემოთ აწევის დროს. ძლიერი ტკივილის შემთხვევაში ექიმებს როტაციული მანჟეტის ზემოთ განთავსებულ სივრცეში (სასახსრე ჩანთა) კორტიკოსტეროიდი შეჰყავთ.
ზოგჯერ როტაციული მანჟეტის გაგლეჯის შემთხვევაში ან თუ ტენდინიტი მკურნალობას არ ექვემდებარება, ქირურგიული ჩარევა ხდება საჭირო. ქირურგიული გზით აცილებენ მხრის ძვლის ნაწილს, აფართოებენ სივრცეს როტაციული მანჟეტისთვის, რაც თავს ზემოთ ხელის აწევისას მანჟეტის მოჭყლეტის პრევენციას უზრუნველყოფს. როტაციული მანჟეტის გაგლეჯისას რეკომენდებულია მისი ქირურგიული წესით აღდგენა.
სასახსრე ბაგე, რომელიც მხრის სახსარში ამორტიზატორის ფუნქციას ასრულებს, ტრავმის შედეგად შეიძლება გაიგლიჯოს.
მხრის სახსარი თავისა და სასახსრე ფოსოსგან შედგება. ეს უკანასკნელი მხარს წინ და უკან ტრიალის, ასევე წინ, უკან და გვერდზე მოძრაობის საშუალებას აძლევს. მხარი არამდგრადია. მას გოლფის ბურთის სადგამზე მოთავსებულ ბურთს ადარებენ, რადგან სასახსრე ფოსო ძალიან თხელი და მცირე ზომისაა ბურთის (მხრის ძვლის თავი) ზომასთან შედარებით. სტაბილურობის გასაზრდელად ფოსო ღრმავდება სასახსრე ბაგის საშუალებით, რომელიც სასახსრე ფოსოს კიდის ირგვლივ შემოვლებულ რეზინისებრ მასას წარმოადგენს. სასახსრე ბაგე შეიძლება გაიხეს ათლეტური აქტივობების, განსაკუთრებით, სპორტის სასროლი სახეობების (ბადროს, შუბის ტყორცნა) ან გამართულ ხელზე დაცემის დროს.
სასახსრე ბაგის გახევისას ათლეტი ტკივილს შეიგრძნობს მხრის სიღრმეში, მაგალითად, ბეისბოლის თამაშის დროს ბურთის ჩაწოდებისას. ამ დისკომფორტს შეიძლება თან ახლდეს როგორც მტკივნეული ტკაცუნის ხმა ან მხრის გაკავების შეგრძნება. საწყისი მკურნალობა ფიზიკური თერაპიით არის რეკომენდებული.
დიაგნოზისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. იმ შემთხვევაში, თუ სიმპტომები არ უმჯობესდება, ქირურგიული ჩარევა ტარდება.