იდაყვის ტრავმები | მკურნალი.გე
  1. იდაყვის ტრავმები
  2. სპორტული ტრავმები
  3. დაზიანებები და მოწამვლები
იდაყვის ტრავმები

შესაძლოა იდაყვზე მიმაგრებული მყესების დაზიანება.

ლატერალური ეპიკონდილიტი

ლატერალური ეპიკონდილიტი (ჩოგბურთელის იდაყვი) მყესების ანთებაა, რომლებიც უზრუნველყოფს მტევნის გაშლას ხელის გულიდან ხელის ზურგის მიმართულებით.

  • ტკივილი აღმოცენდება იდაყვის გარეთა ნაწილზე და წინამხრის უკანა ზედაპირზე;

  • როგორც წესი, ეფექტურია ყინულის დადება, მოსვენება, ანალგეზიური საშუალებების მიღება და ვარჯიშები.

წინამხრის კუნთები, რომლებიც იდაყვის გარეთა ნაწილზეა მიმაგრებული, დატვირთვის შემთხვევაში მტკივნეული შეიძლება გახდეს. ლატერალური ეპიკონდილიტის მიზეზი ზოგჯერ ჩოგბურთის თამაშის დროს უკან წაღებული ხელით განმეორებითი დარტყმების განხორციელებაა. ლატერალური ეპიკონდილიტის გამოწვევა შეუძლია სხვა აქტივობებსაც (მაგალითად, ნიჩბოსნობა და წინამხრის განმეორებითი მოზიდვა მძიმე საგნის ხელში დაჭერის დროს, აგრეთვე, სახრახნისის ძალისმიერი მობრუნება).

ფაქტორები, რომლებიც ჩოგბურთის მოთამაშეებს შორის ზრდის ლატერალური ეპიკონდილიტის განვითარების ალბათობას, შეიძლება იყოს მხრისა და წინამხრის კუნთების სისუსტე, ზედმეტად დაჭიმული ან საჭიროზე მოკლე ჩოგნით თამაში, ჩოგნის პერიფერიული ნაწილის დარტყმა ბურთზე და მძიმე, სველი ბურთით თამაში. ლატერალური ეპიკონდილიტის განვითარების ალბათობას ზრდის უკან წაღებული ხელით დარტყმა და მაჯის მოხრა.

სიმპტომები და დიაგნოზი

ტკივილი წინამხრის გარე ნაწილში ვითარდება მაჯის განზიდვის დროს. ტკივილი შეიძლება ვრცელდებოდეს იდაყვის ირგვლივი არიდან წინამხრის შუა ნაწილამდე. წინამხრის კუნთების დატვირთვის გაგრძელებამ სიმპტომები შეიძლება გააუარესოს და ტკივილი მოსვენებულ მდგომარეობაშიც გამოვლინდეს.

ექიმები დიაგნოზს სიპტომებისა და ფიზიკური გასინჯვის შედეგების საფუძველზე სვამენ. იდაყვის გარე ნაწილში ტკივილი აღინიშნება მაშინ, როდესაც წინამხარი და ხელისგული მაგიდაზეა მოთავსებული და პაციენტი ცდილობს წინააღმდეგობის დაძლევით ხელის აწევას მაჯის უკან გადახრით.

მკურნალობა

იდაყვის გარეთა ნაწილზე ყინული თავსდება, უნდა შეწყდეს ტკივილის გამომწვევი ვარჯიშები. ფიზიკური მოქნილობის შესანარჩუნებლად ისეთი ვარჯიშები, რომლებიც მაჯის განმზიდველი კუნთების გამოყენებას საჭიროებს, უნდა ჩანაცვლდეს ძუნძულით ან ველოსიპედით სეირნობით. ტკივილის შემცირების შემდეგ უნდა დაიწყოს იდაყვისა და მაჯის მოქნილობისა და გამაძლიერებელი ვარჯიშები. სასარგებლოა ჩოგბურთის იდაყვის ფიქსატორის გამოყენება (რამდენიმე კვირით). როდესაც ლატერალური ეპიკონდილიტით გამოწვეული ტკივილი ძლიერია, მკურნალმა ექიმმა შეიძლება კორტიკოსტეროიდი შეიყვანოს ინექციის გზით იდაყვის გარეთა ნაწილში. ქირურგიული ჩარევა იშვიათადაა საჭირო.

მედიალური ეპიკონდილიტი

მედიალური ეპიკონდილიტი (გოლფის მოთამაშის იდაყვი) მტევნის ხელის გულის მიმართულებით მომხრელი ან მომზიდავი მყესების ანთებაა, რომელიც იდაყვისა და წინამხრის შიდა მხარეს ტკივილს იწვევს.

  • ძირითადი მიზეზია ისეთი აქტივობები, რომლებიც მაჯის ხელისგულის მიმართულებით განმეორებით მოხრას საჭიროებს;

  • ტკივილს ამცირებს მოსვენება, ყინულის დადება და ანალგეზიური საშუალებების გამოყენება;

  • ტკივილის ჩაცხრომის შემდეგ, პრობლემის განმეორებით განვითარების თავიდან ასაცილებლად, დაჭიმვითი და გამაძლიერებელი ვარჯიშები ტარდება.

დაზიანება გამოწვეულია წინააღმდეგობის დასაძლევად მაჯის ხელისგულის მიმართულებით მრავალჯერადი მოხრით. ხშირია ჩოგბურთელებს შორის თამაშის დროს ძლიერად დარტყმებისას, მძიმე, სველი ბურთით თამაშისას, მძიმე ან მოკლე ტარის მქონე ან ძალზედ მოჭიმული ჩოგნის გამოყენებისას. იგივე ითქმის ბურთის სროლაზე ბეისბოლის თამაშის დროს, შუბის სროლაზე.

ანთება შეიძლება გამოიწვიოს გოლფის თამაშის დროს ბურთზე დარტყმის არასწორმა ტექნიკამ; ამიტომ ეწოდება დაავადებას გოლფის მოთამაშის იდაყვი. დაზიანება ვითარდება "ზემოდან დარტყმისას", მაშინ, როდესაც მარცხენა ხელისა და ტანის მოძრაობით, ზემოდან ჯოხის წამოღების ნაცვლად დარტყმა ხორციელდება მარჯვენა ხელის გამოყენებით (გოლფის მარჯვენა ხელით მოთამაშე) სათამაშო ჯოხის ძლიერად მოქნევით, ზემოდან ქვემოთ მიმართულებით, რითიც უკიდურესად იძაბება მარჯვენა იდაყვის მომხრელი კუნთები. მედიალური ეპიკონდილიტის გამომწვევი არასპორტული აქტივობებია აგურების დაგება, ჩაქუჩით დაჭედება და ბეჭდვა.

ტკივილი შეიგრძნობა იდაყვისა და წინამხრის შიდა მხარეს, ძლიერდება მაჯის ხელისგულის მიმართულებით მოძრაობისას.

დიაგნოზი

ექიმები დიაგნოზს სიმპტომებისა და ფიზიკური გასინჯვის შედეგების მიხედვით სვამენ. ექიმი სთხოვს პაციენტს სკამზე დაჯდომას და დაზიანებული ხელის მაგიდაზე მოთავსებას, ხელისგულით ქვემოთ. ექიმი აფიქსირებს მაჯას და სთხოვს პაციენტს მაჯის მოხრით ხელის მტევნის აწევას. მედიალური ეპიკონდილიტის მქონე პაციენტი იდაყვის შიდა მხარეს ტკივილს შეიგრძნობს.

მკურნალობა

საწყისი მკურნალობა მოიცავს ისეთი აქტივობების შეზღუდვას, რომლებიც მაჯის ხელისგულის მიმართულებით მოხრისას ტკივილს იწვევს. მტკივნეულ უბანზე ყინულის მოთავსება და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღება ტკივილს ამცირებს. ამის შემდეგ იწყება ვარჯიშის პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს მაჯისა და მხრის კუნთების გაძლიერებას. ქირურგიული ჩარევა იშვიათადაა საჭირო.