მუხლის დაზიანება | მკურნალი.გე
  1. მუხლის დაზიანება
  2. სპორტული ტრავმები
  3. დაზიანებები და მოწამვლები
მუხლის დაზიანება

მუხლის გავრცელებულ დაზიანებებს მიეკუთვნება: დაჭიმულობა, მენისკის დაზიანება და მორბენლის მუხლი.

მუხლის დაჭიმულობა და მენისკის დაზიანება

მუხლის გარე (მედიალური და ლატერალური კოლატერალური) ან შიგა (წინა და უკანა ჯვარედინი) იოგების დაჭიმულობის ძირითადი მიზეზებია წონით დატვირთვისას წვივის მობრუნება შიგნითა ან გარეთა მხარეს.

  • მუხლის მყესების დაზიანებები ხშირად გამოწვეულია ზედაპირზე დაბიჯების დროს მუხლის მოხრით ან მობრუნებით;

  • ხშირი სიმპტომებია ტკივილი და შეშუპება;

  • მუხლის დაზიანების სიმძიმის განსაზღვრისთვის საჭიროა გასინჯვა, ზოგჯერ – მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ან ართროსკოპიის ჩატარება;

  • ზოგჯერ, საკმარისია მხოლოდ მოსვენება და იმობილიზაცია, თუმცა მძიმე დაზიანებებისას ქირურგიული ჩარევა ხდება საჭირო.

მუხლის იოგები ხშირად ზიანდება დატვირთვის გამო, მუხლის ბრუნვითი მოძრაობისას, როდესაც ტერფი ზედაპირს ეყრდნობა და ძალა მუხლის გარეთ არის მიმართული, მაგალითად, შებოჭვა ფეხბურთის თამაშის დროს (შებოჭვითი დაზიანება). ამგვარი მოძრაობა ხშირად აზიანებს მუხლის სახსრის წინა ჯვარედინ იოგს. მუხლის მკვეთრი ჰიპერექსტენზია (სახსრის ძალისმიერი გაშლა), როგორც წესი, სახსრის უკანა ჯვარედინ იოგს აზიანებს. დატვირთვა და მობრუნება (როტაცია) ასევე იწვევს მუხლის შიგნით რეზინისებური დარტყმის მშთანმთქმელების (მენისკების) დაზიანებას.

სიმპტომები

სიმპტომების გამოვლენა დამოკიდებულია დაზიანების სიმძიმეზე. შეშუპება და ტკივილი მძიმე ტრავმის დროს შეიძლება რამდენიმე საათში, ხოლო ნაკლებად მძიმე დაზიანების დროს 24 საათის შემდეგ განვითარდეს. დაზიანების აღმოცენებისას ზოგჯერ სპორტსმენს ესმის ან შეიგრძნობს ტკაცუნს. ეს უკანასკნელი იოგის ან მენისკის გაგლეჯაზე მიუთითებს.

მძიმე დაზიანებამ შეიძლება რამდენიმე საათში კუნთოვანი სპაზმი, შეშუპება და დაჭიმულობა გამოიწვიოს. პაციენტს მუხლის არასტაბილურობის შეგრძნება აქვს და დაცემის შიშით თავს არიდებს მის დატვირთვას. ზოგჯერ, თუ გაგლეჯილი მენისკი აფერხებს მუხლის მოძრაობას, მუხლი თითქოს "იკეტება" მისი მოხრა შეუძლებელი ხდება.

დიაგნოზი

იოგების დაზიანების დასადგენად ექიმი ცდილობს მუხლის მოძრაობას გარკვეული მიმართულებებით. გასათვალისწინებელია, რომ კუნთის რიგიდობა მუხლის დაჭიმულობასაც განაპირობებს და ხელს უშლის სახსარში ნორმალური მოძრაობის შემოწმებას. ზოგჯერ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ართროსკოპია (სახსრის დათვალიერება შიგნიდან სპეციალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი მილით) ან ორივე მოხსენიებული გამოკვლევის ჩატარებაა საჭირო. სხვა შემთხვევაში საკმარისია 2 ან 3 დღის შემდეგ ხელახალი გასინჯვა, მას შემდეგ, რაც კუნთოვანი სპაზმი გაივლის.

მკურნალობა

თუ მუხლის სახსარში დიდი რაოდენობით სითხეა დაგროვებული, ტკივილის შესამცირებლად ექიმები სითხეს იღებენ. საშუალო ან მსუბუქი დაზიანებისას საწყისი მკურნალობა შესაძლებელია კიდურის მოსვენებით (rest), ყინულის დადებით (ice), ნახვევით (compression), კიდურის შემაღლებით (elevation) და იმობილიზაციით (RICE). იოგების ან მენისკის მძიმე დაზიანებისას, ჩვეულებრივ, ქირურგიული ჩარევა ხდება საჭირო.

ტკივილი მუხლის წინა ნაწილში

  • მუხლის წინა ნაწილში ტკივილის გამოწვევა შეუძლია ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ბარძაყის კუნთების სისუსტე, ზომაგადასული პრონაცია და ფეხის კუნთებისა და მყესების დაჭიმულობა;

  • ტკივილი შეიძლება შეიგრძნობოდეს დაღმართზე სიარულისას, თუმცა საბოლოოდ ის ნებისმიერ ზედაპირზე გადაადგილების დროს აწუხებს ადამიანს;

  • დიაგნოზისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და ართროსკოპია;

  • სირბილი მანამ უნდა შეწყდეს, სანამ ტკივილი არ გაივლის; ამის შემდეგ იწყება მუხლის გარშემო არსებული კუნთების გამაძლიერებელი და წონასწორობის აღმდგენი ვარჯიშები;

  • ზომაგადასული პრონაციით გამოწვეული ტკივილის შემთხვევაში სასარგებლოა ფეხსაცმლის საფენების გამოყენება.

კვირისტავი მომრგვალო ფორმის ძვალია, რომელიც მიმაგრებულია მუხლის ირგვლივ არსებულ იოგებსა და მყესებზე და სირბილის დროს განაპირობებს ბარძაყის ძვლის ზედა და ქვედა მიმართულებით მოძრაობას.

ტკივილი მუხლის წინა ნაწილში (წინა მუხლის ტკივილი) შეიძლება გამოწვიოს:

  • მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე კვირისტავის ზედმეტად მაღლა ან დაბლა მდებარეობამ;

  • კვირისტავის ირგვლივი კუნთების პერიფერიულმა განლაგებამ;

  • დაჭიმულმა, მოკლე ბარძაყის ქვედა კუნთებმა;

  • აქილევსის მყესის დაჭიმულობამ;

  • ბარძაყის კუნთების სისუსტემ; ეს კუნთები ნორმაში ხელს უწყობს მუხლის სტაბილურობას.

მორბენლის მუხლი: ბარძაყის კუნთების სისუსტე მორბენლის მუხლის ჩვეული მიზეზია. ეს უკანასკნელი მუხლის წინა ნაწილში ტკივილს იწვევს. განკურნება შესაძლებელია. ბარძაყის კუნთების სისუსტე კვირისტავის გვერდით მოძრაობას და ბარძაყის ძვალზე მის პათოლოგიურ ხახუნს იწვევს. მორბენლის მუხლი, როგორც წესი, იწყება ტკივილით დაღმართზე სირბილისას. მოგვიანებით მტკივნეული ხდება სირბილი, სიარული, განსაკუთრებით კიბეზე ჩასვლა.

ჭარბი პრონაცია: სიარულის ან სირბილის დროს ტერფის ზომაგადასულმა პრონაციამ (ტერფის შებრუნება შიდა მიმართულებით) შესაძლებელია მუხლში ტკივილი გამოიწვიოს. პრონაციის გამო ბარძაყის კუნთები (ოთხთავა კუნთი) წინისკენ წევს კვირისტავს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი ზედმეტად ეხახუნება ბარძაყის ძვლის ბოლოს.

დიაგნოზი

ექიმი კითხვებს სვამს სიმპტომების შესახებ, სინჯავს პაციენტს. ზოგჯერ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ან ართროსკოპია (სახსრის დათვალიერება შიგნიდან სპეციალური დრეკადი მილის გამოყენებით), ან კვლევის ორივე მეთოდის გამოყენებაა საჭირო.

მკურნალობა

სირბილი არ არის რეკომენდებული მანამ, სანამ ტკივილი არ ჩაცხრება. ეფექტურია დაზიანებულ უბანზე ყინულის მოთავსება, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღება და მუხლის ფიქსატორის ან ელასტიკური სამაგრის დროებითი გამოყენება. სხვა სავარჯიშოები, როგორიცაა ველოსიპედის ტარება (მაღალი დასაჯდომი, დაბალი სიჩქარე და დაბალი წინაღობა) ან ცურვა, მუხლის დასაცავად და გამოჯანმრთელების პროცესში მოქნილობის შესანარჩუნებლად ტარდება. სასარგებლოა ბარძაყის უკანა და წინა (ოთხთავა კუნთი) კუნთების გამაძლიერებელი და წონასწორობის აღმდგენი ვარჯიშები.

"მორბენლის მუხლის" არსებობისას ვარჯიშის დაწყებამდე გაჭიმვებმა შეიძლება ხელი შეუწყოს კუნთების დაჭიმულობით გამოწვეული გადამეტებული ზემოქმედების გათანაბრებას და დაზიანების შემცირებას.

ჭარბი პრონაციის გამოსწორებას, ხელს უწყობს ფეხსაცმლის საფენის გამოყენება.

Str