ბარძაყის უკანა ჯგუფის კუნთების დაზიანება | მკურნალი.გე
  1. ბარძაყის უკანა ჯგუფის კუნთების დაზიანება
  2. სპორტული ტრავმები
  3. დაზიანებები და მოწამვლები
ბარძაყის უკანა ჯგუფის კუნთების დაზიანება

ბარძაყის უკანა ჯგუფის კუნთების დაჭიმულობა შესაძლებელია სირბილთან დაკავშირებული ნებისმიერი აქტივობის დროს განვითარდეს.

ბარძაყის უკანა ჯგუფის კუნთები ბარძაყის ძვალს და მუხლს უკანა მიმართულებით ამოძრავებენ. მათი დაზიანება ვითარდება კუნთების უეცარი ძლიერი შეკუმშვისას, ისე, როგორც სირბილის დროს. აღინიშნება უეცარი ტკივილი ბარძაყის უკანა ზედაპირზე. ბარძაყის უკანა ჯგუფის კუნთების დაზიანება ზოგჯერ თანდათან შეიძლება განვითარდეს, ძირითადად მოქნილობის გამაუმჯობესებელი ვარჯიშების არასათანადოდ შესრულების გამო.

დიაგნოზი ეფუძნება სიმპტომებისა და ფიზიკური გასინჯვით მიღებულ მონაცემებს. ზოგჯერ საჭირო ხდება მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.

მკურნალობა

დაზიანებისთანავე საჭიროა ყინულის დადება და, კომპრესისა და ფიქსაციის მიზნით, ბარძაყის ფიქსატორის გამოყენება. ტკივილის შესამსუბუქებლად ინიშნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო ან სხვა ანალგეზიური საშუალებები. სიარულის დროს ტკივილის შემთხვევაში პაციენტს საწყის ეტაპზე შესაძლოა ყავარჯნები დასჭირდეს.

ტკივილის შემცირებასთან ერთად, საჭიროა ბარძაყის უკანა ჯგუფის კუნთების ფრთხილი დაჭიმვა. მას შემდეგ, რაც ტკივილი გაივლის, ბარძაყის ოთხთავა და უკანა ჯგუფის კუნთები

თანდათანობით უნდა გაძლიერდეს. პაციენტმა არ უნდა ირბინოს ან იხტუნოს მანამ, სანამ არ აღდგება კუნთების ძალა და სრული სიფართოვით მოძრაობის უნარი. გამოჯანმრთელებას რამდენიმე დღე ან კვირა, კუნთების მძიმე დაზიანებისას კი შესაძლოა რამდენიმე თვეც დასჭირდეს.