მარტივი ჰერპესის ვირუსით გამოწვეული ინფექცია | მკურნალი.გე
  1. მარტივი ჰერპესის ვირუსით გამოწვეული ინფექცია
  2. ვირუსული ინფექციები (ინფექციები)
  3. ინფექციები
მარტივი ჰერპესის ვირუსით გამოწვეული ინფექცია

მარტივი ჰერპესის ვირუსით გამოწვეული ინფექციის დროს პერიოდულად ვითარდება პატარა, მტკივნეული, სითხით სავსე ბუშტუკები კანზე, პირზე, ტუჩებზე, თვალებზე და გენიტალიებზე.

  • ეს კონტაგიოზური ინფექცია ვრცელდება აღნიშნულ დაზიანებულ მიდამოებთან პირდაპირი კონტაქტით, მაშინაც კი, თუ კანის მთლიანობა არ არის დარღვეული;

  • ჰერპესით გამოწვეული ბუშტუკების და წყლულების განვითარებას ტუჩებზე და გენიტალიებზე შეიძლება თან ახლდეს ცხელება და ზოგადი სისუსტე;

  • ვირუსი ზოგჯერ აზიანებს სხეულის სხვა ნაწილებს, თვალების და ტვინის ჩათვლით;

  • ჩვეულებრივ, ექიმები ადვილად ამოიცნობენ ჰერპესით გამოწვეულ გამონაყარს, თუმცა ზოგჯერ საჭირო ხდება გაკეთდეს წყლულებიდან აღებული მასალის და სისხლის ანალიზები და ბიოფსია;

  • ვერც ერთი მედიკამენტი ვერ ახდენს ინფექციის აღმოფხვრას, მაგრამ ანტივირუსული მედიკამენტები ხელს უწყობენ სიმპტომების შემსუბუქებას და შედარებით მოკლე დროში ეხმარებიან სიმპტომების ალაგებას.

მარტივი ჰერპესის ვირუსის (მჰვ) ორი სახეობა არსებობს: მჰვ-1 და მჰვ-2. მჰვ-1 ჩვეულებრივ იწვევს გაციების გამონაყარს ტუჩებზე (ტუჩის ჰერპესი) და წყლულებს თვალის რქოვანაზე (ჰერპესული კერატიტი). მჰვ-2 ძირითადად იწვევს გენიტალიების ჰერპესს. ეს განსხვავება პირობითია: გენიტალიების ინფექცია შეიძლება მჰვ-1-მაც გამოიწვიოს. ინფექცია შეიძლება ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილშიც გავრცელდეს, როგორიცაა ტვინი (სერიოზული დაავადება) ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტი. ინფექცია ფართოდაა გავრცელებული ახალშობილებში და დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებში.

მჰვ კონტაგიოზული დაავადებაა, ვრცელდება დაინფიცირებული ადამიანის დაზიანებულ ადგილებთან კონტაქტის გზით და ზოგჯერ იმ ადამიანების პირის ღრუსა და გენიტალიებთან შეხებისას, რომლებიც შეიძლება დაავადების რემისიის პერიოდში იმყოფებოდნენ.

მჰვ ინფექციის დროს ვითარდება მცირე ზომის ბუშტუკოვანი გამონაყარი. პირველადად განვითარებულ გამონაყარს უწოდებენ პირველად ჰერპესს. ბუშტუკოვანი გამონაყარის ჩაცხრომის შემდეგ ვირუსი რჩება მთვლემარე (ლატენტურ) მდგომარეობაში და ლაგდება ნერვულ უჯრედებში, განგლიებში, ზურგის ტვინის ახლოს, საიდანაც ნერვული ქსელი შედის დაზიანებულ ადგილებში. პერიოდულად, როდესაც ვირუსის რეაქტივაცია ხდება, ვირუსები იწყებენ გამრავლებას და ნერვული ქსელის გავლით მიემართებიან უკან, კანში. ზოგჯერ ვირუსი შეიძლება კანზე და ლორწოვან გარსებზე ბინადრობდეს, მაშინაც კი, როდესაც ბუშტუკები არ ჩანს.

ვირუსების რეაქტივაცია შეიძლება მრავალჯერ განმეორდეს. ორალური და გენიტალური მჰვ ინფექციის გამწვავება შეიძლება გამოიწვიოს: ცხელებამ, მენსტრუაციამ, ემოციურმა სტრესმა ან იმუნური სისტემის სუპრესიამ, რომელსაც იწვევს ორგანოს ტრანსპლანტის მოცილების პრევენციის მიზნით დანიშნული მედიკამენტები. ჰერპესის იარების ახალი ეპიზოდი შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკურმა ტრავმამ, როგორიცაა ტენტალური პროცედურები ან მზის სხივების ჭარბი ზემოქმედება ტუჩებზე. ხშირად გამწვავების გამომწვევი მიზეზები უცნობია.

სიმპტომები და გართულებები

ბუშტუკოვანი გამონაყარი ჩნდება კანზე და ლორწოვან გარსებზე – თვალების, საშოს, საშვილოსნოს და პირის ღრუს ლორწოვანზე. ბუშტუკების გარშემო კანი ხშირად წითელი ფერისაა.

ორალური ინფექცია: პირველად ორალური ინფექცია, ჩვეულებრივ იწვევს მტკივნეული წყლულების განვითარებას პირის ღრუს შიგნით (ჰერპესული გინგივოსტომატიტი), გარდა ამისა, ადამიანებს აღენიშნებათ ცხელება, თავის ტკივილი და სხეულის ტკივილი. პირის ღრუს წყლულების არსებობა გრძელდება 10-14 დღე და ზოგჯერ ძალიან მძიმედ მიმდინარეობს. ამ დროს კვება და სითხის მიღება გაძნელებულია და დისკომფორტს უქმნის ადამიანს. ზოგიერთი პირველადი ორალური ინფექციის დროს ერთადერთი სიმპტომი შეიძლება შეშუპებული ღრძილები იყოს. ჰერპესული გინგივოსტომატიტი ყველაზე ხშირად ბავშვებში გვხვდება.

პირველადი ორალური ინფექციისგან განსხვავებით განმეორებითი ეპიზოდის დროს შეიძლება მხოლოდ ერთი წყლული განვითარდეს. ამ წყლულს უწოდებენ გაციების გამონაყარს ან ცხელების ბუშტუკებს (ასეთი სახელწოდება მიეცათ იმიტომ, რომ მათი წარმოქმნის მიზეზს გაციება ან სიცხე წარმოადგენს). სხვა მიზეზებია: ტუჩებზე მზისგან მიღებული დამწვრობა, ზოგიერთი საკვები, სტრესი, დენტალური პროცედურა და ნებისმიერი მდგომარეობა, რომელიც აქვეითებს ორგანიზმის რეზისტენტობას ინფექციის მიმართ. თუ ადამიანებს აქვთ გაციების წყლულები, მათი ვიზიტი სტომატოლოგთან უნდა გადაიდოს.

ტიპურ შემთხვევებში გაციების გამონაყარი ტუჩებზე ვითარდება. მათ გამოჩენამდე ადამიანებს მოცემულ ადგილებში აქვთ ტკივილის შეგრძნება, რომელიც გრძელდება რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე და რასაც შემდეგ მოყვება სიწითლე და შეშუპება. ჩვეულებრივ, კანზე ჩნდება სითხით სავსე ბუშტუკები, რომლებიც შემდეგ სკდებიან და ტოვებენ წყლულებს. იარების ადგილას სწრაფად წარმოიქმნება ნაწიბური. რამდენიმე კვირის შემდეგ ნაწიბური ცილდება და ეპიზოდი ამით მთავრდება. შედარებით იშვიათად შეიძლება იყოს მხოლოდ ჩხვლეტის შეგრძნება და ტკივილი ბუშტუკების წარმოქმნის გარეშე. ზოგჯერ წყლულების პატარა გროვები ვითარდება ღრძილებზე და რბილ სასაზე. ამ წყლულების არსებობა გრძელდება დაახლოებით ერთი კვირა და შემდეგ ხდება მათი ალაგება

გენიტალური ინფექცია: პირველადი გენიტალური მჰვ ინფექცია (გენიტალური ჰერპესი) შეიძლება მიმდინარეობდეს მძიმედ და ხანგრძლივად, მტკივნეული ბუშტუკების განვითარებით გენიტალურ არეში. ხშირია ცხელება, საერთო სისუსტე. ზოგიერთ ადამიანს აღენიშნება წვა შარდვის პროცესში, გაძლიერებული შარდვა და ტკივილი დეფეკაციის დროს. ზოგიერთს კი არავითარი სიმპტომი არ აქვს.

გენიტალური ჰერპესის რეციდივები იწყება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა საზარდულის მიდამოში ჩხვლეტის შეგრძნება, დისკომფორტი, ქავილი ან ტკივილი. შემდეგ, რამდენიმე საათში ან 2-3 დღეში გენიტალიების მიდამოში კანზე და ლორწოვანზე ვითარდება წითელი რკალით შემოსაზღვრული მტკივნეული ბუშტუკები. ბუშტუკები სწრაფად სკდებიან და ტოვებენ წყლულებს. ისინი შეიძლება გაჩნდეს ბარძაყებზე, დუნდულოებზე და ანუსის ირგვლივ. ქალებში ბუშტუკები შეიძლება განვითარდეს გარეთა სასქესო ორგანოებზე. ეს ბუშტუკები კარგად მოჩანს და ისინი ძალიან მტკივნეულია. ბუშტუკები შეიძლება იყოს ვაგინაში ან საშვილოსნოს ყელში. ისინი ნაკლებ მტკივნეულია და ვიზუალურად არ ჩანს. გენიტალიების ჰერპესის რეციდივის ტიპური შემთხვევები გრძელდება ერთი კვირის განმავლობაში.

მჰვ ინფექციით გამოწვეული იარები შეიძლება ბაქტერიებით დაინფიცირდეს. ასეთ შემთხვევებში იარებზე ვითარდება ანთება და ზოგჯერ იარებიდან გამოდის სქელი ჩირქოვანი გამონადენი.

სხვა ინფექციები და გართულებები: დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებში, ორალური და გენიტალიური ჰერპესის რეციდივებმა შეიძლება გამოიწვიოს წყლულების პროგრესული გადიდება, რომლის მკურნალობას შესაძლოა რამდენიმე კვირა დასჭირდეს. ინფექცია ორგანიზმის შიგნითაც პროგრესირებს, იგი შეიძლება გავრცელდეს ზემოდან ქვემოთ, საყლაპავში და ფილტვებში ან ქვემოდან ზემოთ, მსხვილ ნაწლავში. საყლაპავში განვითარებული წყლულები იწვევენ ტკივილს ყლაპვის დროს. ფილტვებში გავრცელებული ინფექცია იწვევს პნევმონიას, რომელსაც თან ახლავს ხველა და გახშირებული სუნთქვა.

ზოგჯერ შეიძლება მჰვ-1 და მჰვ-2 გავრცელდეს დაზიანებული თითის კანში და გამოიწვიოს თითის წვერის მტკივნეული შეშუპება (ჰერპესული პანარიციუმი). ყველაზე ხშირად ჯანდაცვის მუშაკები ინფიცირდებიან, რადგან მათ ხშირად უხდებათ ადამიანების ნერწყვთან ან სხეულის სხვა სეკრეტებთან კონტაქტი (განსაკუთრებით, სტომატოლოგებს).

მჰვ-1-მა შეიძლება გამოიწვიოს თვალის რქოვანას დაზიანება, ეს ინფექცია (ჰერპესული კერატიტი) იწვევს მტკივნეული წყლულების განვითარებას, ცრემლდენას, სინათლისადმი მგრძნობელობის მომატებას და მხედველობის დაბინდვას. დროთა განმავლობაში, თუ მკურნალობა არ ჩატარდა, ხდება რქოვანას შემღვრევა, რაც მნიშვნელოვნად აქვეითებს მხედველობას და ამ დროს საჭირო ხდება რქოვანას გადანერგვა.

ჩვილებში და მოზრდილებში, რომლებსაც აღენიშნებათ კანის მხრივ ცვლილებები სახელწოდებით, ატოპიური ეგზემა, შეიძლება განვითარდეს პოტენციურად ფატალური მჰვ ინფექცია ეგზემით დაზიანებულ მიდამოებში (ჰერპესული ეგზემა). ამიტომ, ატოპიური ეგზემის მქონე ადამიანები უნდა მოერიდონ მწვავე ჰერპესული ინფექციის მქონე პირებთან სიახლოვეს.

მჰვ-მ შეიძლემა დააზიანოს ტვინი. ეს ინფექცია (სახელწოდებით, ჰერპესული ენცეფალიტი) იწყება გონების დაბინდვით, ცხელებით და კრუნჩხვებით და შეიძლება ფატალურად დამთავრდეს. შედარებით იშვიათად, მჰვ ინფექცია დედიდან შეიძლება გადავიდეს ბავშვზე (ნეონატალური ჰერპესი). დაინფიცირება ჩვეულებრივ ხდება მშობიარობის დროს, როდესაც ბავშვი სამშობიარო გზებში გავლისას ხვდება ინფიცირებული სეკრეტის გარემოცვაში და ეხება მას. იშვიათად, მჰვ ინფექცია შეიძლება გადაეცეს ნაყოფს ორსულობის პერიოდში. მშობიარობის დროს ინფექციის გადაცემის მეტი შესაძლებლობა არსებობს მაშინ, როდესაც დედა ახლახან დაინფიცირდა ჰერპეს ინფექციით და როდესაც მას გამოხატული ჰერპესული წყლულები აღენიშნება საშოში. თუმცა, ბავშვი შეიძლება დაინფიცირდეს დედიდან, რომელსაც კლინიკურად გამოხატული წყლულები არ აქვს. მშობიარობის პროცესში დაინფიცირების შედეგად, ინფექცია ვლინდება სიცოცხლის პირველ და მეოთხე კვირის შორის პერიოდში. ახალშობილები მჰვ ინფიცირების შემდეგ მძიმედ ავადდებიან. მათ შეიძლება განუვითარდეს გენერალიზებული დაავადება ტვინის და კანის ინფექციის სახით. მკურნალობის გარეშე ბავშვების ორი მესამედი კვდება და მკურნალობის შემთხვევაში უმრავლესობას ტვინის დაზიანება აღენიშნება.

დიაგნოზი

მჰვ ინფექცია ექიმებისათვის ადვილად სადიაგნოსტიკო დაავადებაა. თუ ექიმი არ არის დიაგნოზში დარწმუნებული, იგი წყლულებიდან იღებს მასალას და ლაბორატორიაში დასათესად აგზავნის ვირუსის იდენტიფიცირების მიზნით. ზოგჯერ ექიმი მიკროსკოპის ქვეშ იკვლევს ბუშტუკიდან აღებულ ანაფხეკს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივ ვირუსის დანახვა ვერ ხერხდება აღებულ მასალაში შესაძლოა აღმოჩნდეს გადიდებული ინფიცირებული უჯრედები (გიგანტური უჯრედები), რაც მჰვ ინფექციისათვისაა დამახასიათებელი. მნიშვნელოვანია აგრეთვე სისხლის ანალიზის გაკეთება მჰვ ანტისხეულების იდენტიფიცირებისათვის და ასევე წყლულების ბიოფსია. სისხლის ზოგიერთი ტესტის საშუალებით შესაძლებელია მჰვ-1-ს და მჰვ-2-ს ერთმანეთისაგან გარჩევა. აღნიშნული ინფორმაციის მიღებით ექიმებს საშუალება ეძლევათ განსაზღვრონ ინფექციის გადაცემის რისკი; მაგალითად, სექსუალურ პარტნიორებში.

იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ეჭვი ტვინის ინფექციაზე, შეიძლება გაკეთდეს ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა ან კომპიუტერული ტომოგრაფია და სპინალური პუნქცია თავ-ზურგტვინის სითხიდან ნიმუშის ასაღებად.

მკურნალობა

ანტივირუსული მედიკამენტები: არსებული ანტივირუსული მკურნალობის მეთოდებით ვერ ხერხდება მჰვ ინფექციის აღმოფხვრა. ასევე, პირველადი ორალური და გენიტალური ინფექციის მკურნალობა მომავალში ნერვების ქრონიკული ინფექციისაგან ვერ იცავს. თუმცა, ინფექციის რეციდივების დროს, ანტივირუსული მედიკამენტები, როგორიცაა აციკლოვირი, ვალაციკლოვირი ან ფამციკლოვირი ამცირებენ სიმპტომების სიმწვავეს და ხელს უწყობენ სიმპტომების 2-3 დღით ადრე ალაგებას. მკურნალობა უფრო ეფექტურია, როდესაც იგი დროულად არის დაწყებული ჩვეულებრივ, სიმპტომების გამოჩენიდან რამდენიმე საათში. უმჯობესია ჩხვლეტის ან დისკომფორტის გამოვლენისთანავე, სანამ ბუშტუკები გაჩნდება. ადამიანებს, რომლებსაც აღენიშნებათ ხშირი შეტევები, მათი სიხშირის შემცირება შეიძლება, ანტივირუსული მედიკამენტების ხანგრძლივად გამოყენებით (სუპრესია). ანტივირუსული მედიკამენტები მხოლოდ რეცეპტითაა ხელმისაწვდომი.

პენციკლოვირის მალამოს გამოყენებამ ყოველ 2 საათში ერთხელ დღის საათებში შეიძლება შეამოკლოს მკურნალობის ხანგრძლივობა და შეამციროს სიმპტომები გაციების წყლულების დროს დაახლოებით ერთ დღეში. რეცეპტის გარეშე ხელმისაწვდომი მალამოები, რომლებიც შეიცავენ დოკოზანოლს (დღეში 5-ჯერ წასასმელად) გარკვეულწილად უმსუბუქებენ ადამიანებს მდგომარეობას. აციკლოვირის, ვალაციკლოვირის ან ფამციკლოვირის რამდენიმე დღით მიღება უფრო ეფექტური სამკურნალო მეთოდია.

მძიმე მჰვ ინფექციების მკურნალობა, როგორიცაა ჰერპესული ენცეფალიტი და ახალშობილთა ინფექციები, ტარდება აციკლოვირით ინტრავენურად. თუ ვირუსი ხდება რეზისტენტული აციკლოვირის მიმართ, შეიძლება გამოყენებულ იქნას ფოსკარნეტი.

ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მჰვ-თი გამოწვეული კერატიტი, ჩვეულებრივ, ენიშნებათ ტრიფლურიდინის წვეთები თვალებში ჩასაწვეთებლად. მკურნალობის პერიოდში ისინი უნდა იმყოფებოდნენ ოფთალმოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.

მკურნალობის სხვა მეთოდები: იმ ადამიანებმა, რომლებსაც მინიმალურად აქვთ გამოხატული დისკომფორტი და იტარებენ ტუჩის ან გენიტალური ჰერპესის რეციდივის საწინააღმდეგო მკურნალობას, უნდა დაიცვან დაზიანებული მიდამოების სისუფთავე წყლის და საპნის ფაქიზად მოხმრებით. ყინულის დადებით შეიძლება შეშუპება შემცირდეს.

ტოპიკური ანესთეთიკების (როგორიცაა ტეტრაციკლინის შემცველი ან ბენზოკაინის მალამო) გამოყენებამ შეიძლება ტკივილი შეამციროს. თუ პირის ღრუში განვითარდა მრავლობითი წყლულები, პირის ღრუ უნდა გამოირეცხოს ლიდოკაინით, მაგრამ არ უნდა მოხდეს მისი გადაყლაპვა. ტოპიკური ანესთეტიკების გამოყენება შეიძლება რამდენიმე საათში ერთხელ. უფრო ხშირად გამოყენებისას შეიძლება გვერდითი მოვლენები განვითარდეს.

ტკივილგამაყუჩებლები ტკივილის არსებობის შემთხვევაში გამოიყენება.

პრევენცია: ადამიანებმა თავი უნდა აარიდონ ისეთ აქტივობებს და საკვებს, რომლებიც ცნობილნი არიან, როგორც ჰერპესის რეციდივების მაპროვოცირებლები. მაგალითად, მათ თავი უნდა დაიცვან მზის სხივების ზემოქმედებისაგან რამდენადაც ეს შესაძლებელია.

ვინაიდან მჰვ ინფექცია კონტაგიოზური დაავადებაა, ადამიანები, რომლებსაც აქვთ ტუჩების ჰერპესი, უნდა მოერიდონ კოცნას იმ მომენტიდან, როდესაც გაუჩნდებათ ჩხვლეტის შეგრძნება (ან იმ შემთხვევაშიც, როდესაც ჩხვლეტას არ გრძნობენ, მაგრამ ბუშტუკები გამოაჩნდათ), სანამ იარები მთლიანად არ მორჩება მათ არ უნდა გადასცენ სხვას ნახმარი ჭიქა ან შეეცადონ არ შეეხონ ჭიქას ტუჩებით. გენიტალური ჰერპესის არსებობის შემთხვევაში უნდა გამოიყენონ კონდომები. მაშინაც კი, როდესაც ვიზუალურად არ ჩანს ბუშტუკები და არ არის სიმპტომები, ვირუსი შეიძლება არსებობდეს გენიტალიებზე და იგი შესაძლოა გადაეცეს სექსუალურ პარტნიორს. მჰვ-ს ვაქცინის შექმნაზე ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა.