ელვით გამოწვეული დაზიანებები | მკურნალი.გე
  1. ელვით გამოწვეული დაზიანებები
  2. ელექტროტრავმა და ელვით გამოწვეული დაზიანებები
  3. დაზიანებები და მოწამვლები
ელვით გამოწვეული დაზიანებები

ელვით გამოწვეული ტრავმები ჩნდება ძალიან მაღალი ძაბვის ხანმოკლე ზემოქმედების შედეგად.

  • ელვის ზემოქმედების შედეგად ადამინების დაახლოებით 10% ადგილზე იღუპება, გულის და სუნთქვის გაჩერების გამო;

  • გადარჩენილი პაციენტების გარკვეულ ნაწილს უტარდება ელექტროკარდიოგრაფიული გამოკვლევა გულისცემის შეფასებისთვის; საჭიროა სისხლის ანალიზისა და გამოსახულებითი კვლევების ჩატარებაც;

  • სასიცოცხლო ფუნქციების აღდგენის შემდეგ იწყება დამწვრობებისა და სხვა სახის დაზიანებების მკურნალობა.

ელვის დროს ძალზე ძლიერი ელექტრული მუხტი სწრაფად, მილიწამების განმავლობაში ვრცელდება. ელვა ხანმოკლე ზემოქმედების გამო ხშირად მხოლოდ კანის გარეთა ფენას აზიანებს დამწვრობის სახით. ამასთან, ელვით გამოწვეული შინაგანი ორგანოების დამწვრობა გაცილებით იშვიათია ხელოვნურად გამომუშავებული ელექტროენერგიის ზემოქმედებასთან შედარებით. გასათვალისწინებელია, რომ ელვის ზემოქმედებამ შესაძლოა წამებში გამოიწვიოს ადამიანის სიკვდილი თავის ტვინსა და გულზე მოკლე ჩართვის (დამოკლების) გამო. ამერიკის შეერთებულ შტატებში, სტიქიური უბედურებების (შტორმი: ქარიშხალი, წვიმა და ჭექა-ქუხილი) დროს დაფიქსირებული სიკვდილის შემთხვევებიდან ელვით გამოწვეული სიკვდილი მეორე ადგილზეა. ელვა ყოველწლიურად 30-დან 50-მდე ადამიანის გარდაცვალებას იწვევს და კიდევ 10-ჯერ მეტ ადამიანს აზიანებს. ელვით მიყენებული დაზიანებების გამო პაციენტების გარკვეულ ნაწილს მყარი შეზღუდულობა უვითარდება.

ელვა (მეხი) უფრო ხშირად ზემოქმედებს მაღალ ან იზოლირებულ საგნებზე, მაგალითად, ხეებზე, კოშკებზე, კარვებზე, დროშის ანძებზე, ტრიბუნებსა და ღობეებზე. ადამიანი ღია სივრცეში შეიძლება ყველაზე მაღალი წერტილი იყოს. მეტალის საგნები და წყალი ელვას არ იზიდავს, მაგრამ ადვილად ატარებს ელექტროენერგიას და გადასცემს მიმდებარე საგნებს. ელვა შეიძლება სახლის გარეთ განლაგებული სადენებით ან სატელეფონო ხაზების საშუალებით შენობის შიგნით გავრცელდეს და მიაღწიოს საყოფაცხოვრებო ტექნიკამდე და ტელეფონის შიდა გაყვანილობამდე.

ელვა ადამიანს სხვადასხვა გზით აზიანებს. მან შეიძლება ადამიანი პირდაპირ დააშავოს. ელექტრომუხტი ადამიანზე შეიძლება იმ საგნებთან შეხებისას ან მიახლოებისას გადავიდეს, რომელსაც მეხი დაეცა. ზოგჯერ დენი ადამიანამდე მიწის გავლითაც აღწევს. მეხის დარტყმამ შესაძლოა ადამიანის ძლიერი გადასროლა გამოიწვიოს და დახურული ტრავმების მიზეზიც გახდეს.

სიმპტომები

ელვის (მეხის) დარტყმის შედეგად გულის მუშაობა შეიძლება დაირღვეს, ან გულისცემა სრულიად შეწყდეს (გულის გაჩერება); ხშირად სუნთქვაც ჩერდება. გულისცემა შეიძლება თავისით განახლდეს, მაგრამ, თუ სუნთქვაც არ აღდგა, სხეულის ჟანგბადით მომარაგება შეწყდება. ჟანგბადის ნაკლებობისა და, სავარაუდოდ, ნევროლოგიური დარღვევების გამო შესაძლოა გული კვლავ გაჩერდეს.

თავის ტვინის დაზიანება ხშირად გონების დაკარგვას, უფრო მძიმე შემთხვევებში კი კომას იწვევს. გონზე მოსვლის შემდეგ ხშირია მეხსიერების ხანმოკლე დაკარგვა (ამნეზია), მოძრაობის და საუბრის გაძნელება, პერსონალური ცვლილებები.

მოსალოდნელია ყურის დაზიანებაც, კერძოდ, დაფის აპკის მთლიანობის დარღვევა (გახვრეტა). მხედველობის ცვლილებებიდან აღსანიშნავია ტრავმული კატარაქტა. ხშირად ორივე ქვედა კიდურის გარდამავალი დამბლა, დაბუჟება და კანის სილურჯე (მეხით გამოწვეული დამბლა) ვითარდება. კანზე შეიძლება დაზიანების არავითარი ნიშანი არ იყოს, ან მსუბუქი დამწვრობის კვალი გამოჩნდეს დატოტვილი ზოლების ან წერტილოვანი სიწითლის სახით, სიგარეტით გამოწვეული დამწვრობის მსგავსად. ხერხემლის სვეტიდან გამომავალი ნერვული დაბოლოების დაზიანების შედეგად დაბუჟება, ყურებში ხმაური და საერთო სისუსტე ვითარდება (ე.წ. პერიფერიული ნეიროპათია).

დიაგნოზი

ელვით გამოწვეულ დაზიანებებს უხშირესად თვითმხილველები ჰყავს. თუმცა, თუ ჭექა-ქუხილის შემდეგ ადამიანს უგონო მდგომარეობაში პოულობენ, აუცილებელია ამ პათოლოგიის გამორიცხვა.

კლინიკაში მოთავსების შემდეგ, თუ დაზიანება მძიმეა (მაგალითად, როცა პაციენტი ელვის დარტყმის შედეგად უგონოდ ეცემა და გულის გაჩერებაა სავარაუდო), პაციენტს ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ) უტარდება. საჭიროების შემთხვევაში კეთდება სისხლის ანალიზები და გამოსახულებითი კვლევები, როგორიც არის კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) თუ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ).

პრევენცია

მეტეოროლოგიური პროგნოზი მოსალოდნელი ჭექა-ქუხილის თაობაზე საშუალებას აძლევს მოსახლეობას, უარი თქვან ღია ცის ქვეშ საქმიანობასა და დასვენებაზე, თავიდან აიცილონ ელვით გამოწვეული ტრავმები და მოემზადონ შესაძლო გადაუდებელი მდგომარეობებისთვის. ძლიერი ქარი, წვიმა და ღრუბლები ჭექა-ქუხილის მომასწავებელია. მისი ხმის გაგონების შემთხვევაში რეკომენდებულია თავშესაფრის მოძებნა, შენობა იქნება ეს თუ მანქანა (ჩვეულებრივი ან სატვირთო მანქანა, ვაგონი), რომელსაც, სასურველია, დახურული ფანჯრები ჰქონდეს. თავის შეფარება ღია მომცრო ადგილზე, მაგალითად ღია პავილიონი, არ არის საიმედო. არ შეიძლება ჭექა-ქუხილის გაგონებიდან, თუ ელვის დანახვიდან, სულ მცირე, 30 წუთის გასვლამდე ღია ცის ქვეშ საქმიანობის განახლება.

შენობაში ყოფნისას ელვით გამოწვეული დაზიანებების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია მოვერიდოთ კანალიზაციის სისტემასთან და ელექტროგაყვანილობასთან შეხებას, სახლის (კაბელიან) ტელეფონზე საუბარს, კომპიუტერთან მუშაობას, ვიდეოთამაშების სადენიანი პულტით სარგებლობას ან ყურსასმენების გამოყენებას, რომელიც კაბელით დაკავშირებულია ხმოვან მოწყობილობებთან. ჭექა-ქუხილის დროს სასურველია, არ მიუახლოვდეთ ფანჯრებს და კარებს და უმჯობესია, გამორთოთ შენობაში არსებული ელექტრომოწყობილობები შტეფსელიდან. მობილური ტელეფონების, პეიჯერების და MP3-მოწყობილობების გამოყენება არ ზრდის ელვით გამოწვეული ტრავმების რისკს.

პროგნოზი

ელვით გამოწვეული ტრავმების შედეგად ადამიანების 10% იღუპება. სიკვდილის ერთადერთი მიზეზი მეხის დაცემისას გულისცემისა და სუნთქვის გაჩერებაა. გულის მუშაობისა და სუნთქვის აღდგენის შემთხვევაში პაციენტი გადარჩება. თუ ადამიანს ავიწყდება ბოლოს განვითარებული მოვლენები ან აზროვნება შენელებულია, თავის ტვინის მყარი დაზიანებაა სავარაუდო. ელვით გამოწვეული დამბლა გარდამავალია და რამდენიმე საათში აღდგება, თუმცა, სისუსტე და მოუქნელობა შეიძლება ხანგრძლივად დარჩეს. ნერვის დაზიანების დროს დაშავებულს დიდი ხნის განმავლობაში აქვს ქრონიკული ტკივილი, ძილთან დაკავშირებული პრობლემები და ერექციული დისფუნქცია (იმპოტენცია).

მკურნალობა

ელვის ზემოქმედების შემდეგ ადამიანის ორგანიზმში ელექტრული მუხტი არ რჩება და პირველადი გადაუდებელი დახმარების გაწევა გარეშე პირებისთვის საფრთხეს არ წამოადგენს. გულისცემის შეწყვეტის ან სუნთქვის გაჩერების შემთხვევაში დაუყოვნებლივ იწყება გულ-ფილტვის რეანიმაცია (კარდიოპულმონური რეანიმაცია – კპრ) ან ტარდება ავტომატური გარეგანი დეფიბრილაცია, თუ დეფიბრილატორის აპარატი ხელმისაწვდომია. ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებად ითვლება სასწრაფო დახმარების გამოძახება, რათა პაციენტს დროულად აღმოუჩინონ კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება. პაციენტების უმრავლესობა ელვით გამოწვეული ტრავმის შემდეგ თავს სრულიად ჯანმრთელად გრძნობს, რაც საჭიროებისას დროულად დაწყებული და სწორად ჩატარებული გულ-ფილტვის რეანიმაციის დიდი დამსახურებაა.

დამწვრობების და სხვა სახის დაზიანებების მკურნალობა სიმპტომურია. თუ პირველადი დახმარება არაეფექტური აღმოჩნდა პირველი ოცი წუთის განმავლობაში (იგულისხმება გულისცემის და სუნთქვის აღდგენა), დახმარება წყდება.