წყალში ღრმად ყვინთვისას შესაძლოა ორგანიზმზე დამაზიანებელი ზემოქმედება მოახდინოს გარკვეულმა აირებმა. ტოქსიკური ეფექტი განპირობებულია აზოტით, ჟანგბადით, ნახშირორჟანგით და მხუთავი აირით (ნახშირჟანგით).
ჰაერი წარმოადგენს გაზების ნაზავს, რომლის ძირითადი შემადგენელია აზოტი და ჟანგბადი. მასში მცირე კონცენტრაციით სხვა გაზებიც არის. თითოეულ აირს ჰაერში აქვს საკუთარი პარციალური წნევა, რომელიც დამოკიდებულია მის კონცენტრაციასა და ატმოსფერული წნევის ზემოქმედებაზე. აზოტსაც და ჟანგბადსაც ორგანიზმზე შეუძლია დამაზიანებლად იმოქმედოს მათი მაღალი პარციალური წნევის პირობებში.
ჟანგბადის ტოქსიკურობა: ვლინდება პაციენტების უმრავლესობაში, როდესაც მისი ატმოსფერული წნევა აღწევს 1.4 ატმოსფეროს, რაც შეესაბამება წყალში 57 მეტრის სიღრმეზე ჩასვლისას ჰაერის ჩასუნთქვას. მიუხედავად იმისა, რომ ჰიპერბარიული ჟანგბადის კამერაში ყოფნისას ჟანგბადით ინტოქსიკაცია იშვიათია, მისი განვითარების რისკი მაღალია პირებში, რომლებიც ღრმა წყალში ყვინთვისას ჟანგბადის არასწორ კონცენტრაციას იყენებენ.
სიმპტომებიდან საყურადღებოა ყურებში ხმაური, ფოკალური (კეროვანი) კრუნჩხვები (სახის, ტუჩის ან ერთი კიდურის კუნთების შეკუმშვები), თავბრუხვევა, გულისრევა, ღებინება, მხედველობის ველის დავიწროება. შემთხვევათა დაახლოებით 10%-ში ვითარდება გულის წასვლა და გენერალიზებული გულყრა, რაც პაციენტის დახრჩობის მიზეზი ხდება. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ჟანგბადით ინტოქსიკაცია ღმად ყვინთვისას, აუცილებელია სპეციალური გაზების ნარევის ჩატანა და წინასწარი მომზადება წყალქვეშ საქმიანობისათვის.
აზოტით ინტოქსიკაცია – აზოტის ნარკოზი: აზოტის ნარკოზი ("თრობა სიღრმეში") ვითარდება ჩასუნთქულ ჰაერში აზოტის მაღალი პარციალური წნევის გამო. სიმპტომები ალკოჰოლური თრობის დროს არსებული სურათის მსგავსია. ვლინდება აზროვნების მკვეთრი დაქვეითება, დეზორიენტაცია და ხშირად ეიფორიული განწყობა. აზოტით ინტოქსიკაციისას პაციენტს შესაძლოა ზედაპირზე ცურვის შეგრძნება ჰქონდეს ან სიღრმიდან ამოსვლის ნაცვლად კვლავ ფსკერისკენ დაეშვას, რაც დეზორიენტაციის შედეგია. აზოტით ინტოქსიკაცია (ნარკოზი) შესამჩნევია წყალქვეშ მყოფი ადამიანების გარკვეულ ნაწილში, როდესაც ისინი შეკუმშული ჰაერით სუნთქავენ 30 მეტრის სიღრმეზე. ინტოქსიკაციის მძიმე სურათის განვითარება თითქმის გარდაუვალია 90 მეტრი სიღრმეზე შეკუმშული ჰაერით სუნთქვისას.
აზოტის ტოქსიკური ზემოქმედებისგან თავის დასაცავად მყვინთავები, რომლებიც ღრმად წყალში ხანგრძლივად დაყოვნებას საჭიროებენ, სუნთქვისათვის იყენებენ გაზების სპეციალურ ნარევს და არა ჩვეულებრივ შეკუმშულ ჰაერს. ასეთ შემთხვევებში გამოიყენება დაბალი კონცენტრაციის ჟანგბადი, რომელიც ჰელიუმში ან წყალბადშია განზავებული, ნაცვლად აზოტისა. საქმე ის არის, რომ ჰელიუმი და წყალბადი, აზოტისგან განსხვავებით, არ იწვევს ანესთეზიას. გასათვალისწინებელია, რომ ჰელიუმის მაღალი კონცენტრაციის პირობებში იზრდება მაღალ წნევასთან დაკავშირებული ნევროლოგიური სინდრომის განვითარების რისკი.
ნახშირორჟანგის დაგროვება: სისხლში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის მატება იწვევს სუნთქვის ცენტრის გაღიზიანებას და სუნთქვის აქტის სტიმულირებას. ხშირად მოყვარული მყვინთავები, რომლებიც აკვალანგის აპარატის ნაცვლად სასუნთქ მილს იყენებენ და ღრმად ჩაყვინთვისას სუნთქვას იკავებენ, წყლის სიღრმეში ჩასვლამდე მიმართავენ ჰიპერვენტილაციის მანევრს. ამ დროს ისინი სუნთქავენ სწრაფად და ღრმად, რის საშუალებითაც ამოისუნთქავენ დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგს. თუმცა, ამ დროს სისხლი ნაკლებად მდიდრდება ჟანგბადით. ჰიპერვენტილაციის მანევრი მათ სუნთქვის უფრო ხანგრძლივად შეკავების საშუალებას აძლევს, რადგან ნახშირორჟანგის შემცველობა მათ ორგანიზმში დაბალია. თუმცა, ეს მანევრი საშიშროების შემცველია, ვინაიდან ჟანგბადის მარაგის ამოწურვისას მყვინთავმა შესაძლოა გონება დაკარგოს მანამ, სანამ ნახშირორჟანგის კონცენტრაცია სისხლში სათანადო დონემდე არ მოიმატებს და გამაფრთხილებელ ნიშანს არ მისცემს ორგანიზმს, რომ ჩაისუნთქოს ჰაერი. ამ მოვლენით უნდა აიხსნას დახრჩობის მრავალი აუხსნელი შემთხვევა, რომელიც წყალქვეშ თევზებზე ნადირობის კონკურსში მონაწილე პირებს შორის აღინიშნება. იგივე ეხება დახრჩობის შემთხვევებს სხვა ადამიანებში, რომლებიც ყვინთვისას სუნთქვას იკავებენ.
ზოგიერთ მყვინთავს აღენიშნება ნახშირორჟანგის დაგროვება, რადგან გაზრდილი ფიზიკური დატვირთვის შესაბამისად არ აძლიერებენ სუნთქვას. ზოგიერთს სასუნთქ გზებში ნახშირორჟანგი მომატებული რაოდენობით იმიტომ უნარჩუნდებათ, რომ დიდ სიღრმეზე შეკუმშული ჰაერი გაცილებით მკვრივია და სასუნთქ გზებსა და სუნთქვის აპარატში მის გადაადგილებას მეტი ძალისხმევა სჭირდება. ნახშირორჟანგის დაგროვების სხვა მიზეზებია სასუნთქი მოწყობილობის რეგულატორის გაუმართავობა, სასუნთქი აირის დაბინძურება ამონასუნთქი გაზებით, მთელ ტანზე მკვეთრად შემოჭერილი მყვინთავის საცურაო კოსტიუმი და ფიზიკური გადაღლა. სიმპტომებიდან ვლინდება თავის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, გულისრევა, ღებინება და წამოხურება. ნახშირორჟანგის კონცენტრაციის მატებამ შეიძლება ასევე გამოიწვიოს მხედველობის დაბინდვა, კრუნჩხვების განვითარების ალბათობის გაზრდა ჟანგბადით ინტოქსიკაციის გამო და აზოტით გამოწვეული ინტოქსიკაციის (აზოტის ნარკოზის) გაღრმავება. მყვინთავებს, რომელთაც ხშირად აქვთ თავის ტკივილი წყალქვეშ ყოფნის შემდეგ ან ტრაბახობენ მოხმარებული ჟანგბადის დაბალი მაჩვენებლებით, მოსალოდნელია, სისხლში ნახშირორჟანგის დაგროვება აღენიშნებოდეთ.
მხუთავი აირით ინტოქსიკაცია: მხუთავი აირი (ნახშირჟანგი) წვის პროდუქტია. ნახშირჟანგი მყვინთავის სასუნთქ გზებში ხვდება, როდესაც დაზიანებულია სუნთქვის მოწყობილობა; კერძოდ, როცა კომპრესორის ჰაერის მიმღები სარქველი ძალიან ახლოს არის ძრავის გამონაბოლქვის მილთან ან კომპრესორის არასწორი ფუნქციონირების პროცესში საპოხი ზეთი იმდენად ცხელდება, რომ ნაწილობრივ იწვის და გამოყოფს ნახშირჟანგს.
მხუთავი აირით მოწამვლის სიმპტომები მოიცავს ღებინებას, თავის ტკივილს, გონების დაბინდვას, საერთო სისუსტეს. მძიმე ინტოქსიკაცია იწვევს კრუნჩხვებს, გონების დაკარგვას და კომურ მდგომარეობას. დიაგნოზი დასტურდება სისხლის ანალიზის საშუალებით. დროის გასვლასთან ერთად ანალიზის სიზუსტე მცირდება, შესაბამისად, ლაბორატორიული კვლევა შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა ჩატარდეს. მხუთავი აირის არსებობაზე მყვინთავის მიერ გამოყენებული ჰაერიც უნდა შემოწმდეს.
პაციენტს ეძლევა ჟანგბადი მაღალი წნევით, სისხლში ჟანგბადის მაღალი კონცენტრაცია ხელს უწყობს მხუთავი აირის ორგანიზმიდან გამოდევნას, თუმცა, ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს ორგანოების დაზიანების პრევენციას. პაციენტებს ძლიერი ინტოქსიკაციის დროს ათავსებენ ჰიპერბარიულ პალატაში და ეძლევათ ჟანგბადი. ჯერ კიდევ გრძელდება ექსპერტთა დებატები აღნიშნულ მკურნალობასთან დაკავშირებით.
მაღალი გარემო წნევით განპირობებული ნევროლოგიური სინდრომი: მყვინთავი, რომელიც წყალქვეშ 180 მეტრ სიღრმეზე ეშვება, უვითარდება რთულად ასახსნელი ნევროლოგიური სიმპტომები. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პროფესიონალი სწრაფად ეშვება წყალქვეშ და ჩაისუნთქავს ჰელიუმისა და ჟანგბადის ნარევს. სიმპტომები მოიცავს: ღებინებას და გულისრევას, ტრემორს, სიტლანქეს, თავბრუხვევას, დაღლილობას, ძილიანობას, კუნთების კრთომას, მუცლის კუნთების კრუნჩხვებს და გონების დაბინდვას. სიმპტომები თავისით გაივლის, როდესაც პაციენტი ამოდის წყლის ზედაპირზე ან სიღრმეში ჩასვლის სიჩქარე მცირდება.