ნახშირწყალბადით მოწამვლა | მკურნალი.გე
  1. ნახშირწყალბადით მოწამვლა
  2. დაზიანებები და მოწამვლები
ნახშირწყალბადით მოწამვლა

  • ნახშირწყალბადით მოწამვლა შეიძლება გამოიწვიოს წებოს შესუნთქვამ და ბენზინის, საღებავის გამხსნელის, ზოგიერთი გამწმენდი საშუალების გადაყლაპვამ;

  • ნახშირწყალბადის შესუნთქვამ ან გადაყლაპვამ შესაძლებელია ფილტვების გაღიზიანება გამოიწვიოს, რაც ხველით, მოხრჩობით, სუნთქვის უკმარისობით და ნევროლოგიური პრობლემებით მიმდინარეობს;

  • კვამლის შესუნთქვამ გულის რიტმის დარღვევა, აჩქარება ან უეცარი სიკვდილი შეიძლება გამოიწვიოს, განსაკუთრებით გადაღლის ან სტრესის დროს;

  • დიაგნოზი ეფუძნება შემთხვევის აღწერილობას, ბენზინის დამახასიათებელი სუნის არსებობას სუნთქვის დროს ან ტანსაცმელზე და ზოგჯერ გულმკერდის რენტგენოგრაფიას;

  • მკურნალობა მოიცავს დასვრილი ტანსაცმლის მოცილებას, კანის ჩამორეცხვას და ჟანგბადისა და ანტიბიოტიკების დანიშვნას სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების ან პნევმონიის მქონე პირებისათვის.

ნახშირწყალბადს (ნივთიერებები, რომლებიც უპირატესად წყალბადისა და ნახშირბადისაგან შედგება) შეიცავს ნავთობპროდუქტები, გამწმენდი საშუალებები და წებო. 5 წლამდე ასაკის მრავალი ბავშვი იწამლება ნავთობპროდუქტების – ბენზინის, ნავთის და საღებავის გამხსნელების გადაყლაპვის გამო, თუმცა, მათი უმრავლესობა სრულებით გამოჯანმრთელდება. მოწამვლის განვითარების უფრო მაღალი რისკი აქვთ მოზარდებს, რომლებიც განზრახ ისუნთქავენ აღნიშნულ პროდუქტებს ინტოქსიკაციის გამოწვევის მიზნით. ეს არის ტოქსიკომანიის ერთ-ერთი სახეობა, როდესაც ხდება წებოს, ქიმიური გამხსნელების ბოროტად გამოყენება – მათი ყნოსვა.

გადაყლაპულ ნახშირწყალბადებს შეუძლია ფილტვებში მოხვედრა და მათი გაღიზიანება, რომელიც თავისთავად მძიმე მდგომარეობაა (ქიმიური პნევმონიტი) და მძიმე ფილტვების ანთება (პნევმონია) შეიძლება გამოიწვიოს. პროცესში ფილტვების ჩართვა განსაკუთრებით პრობლემურია თხელი, ადვილად დენადი ნახშირწყალბადების გამოყენებისას, როგორიცაა ე.წ. "მძიმე ნავთი", რომელიც ავეჯის საპრიალებლის შემადგენლობაში შედის. მძიმე მოწამვლის შედეგად შეიძლება დაზიანდეს ტვინი, გული, ძვლის ტვინი და თირკმლები. სქელი, ნაკლებადთხიერი ნახშირწყალბადები, როგორიცაა სანათის ზეთი და მინერალური ზეთი, ნაკლებად აღწევენ ფილტვებში, თუმცა, შეღწევის შემთხვევაში მძიმე და გახანგრძლივებულ გაღიზიანებას იწვევენ.

სიმპტომები

ნახშირწყალბადების შესუნთქვის შემდეგ, ხველა და სულის ხუთვა ვითარდება. აღნიშნულს შეიძლება კუჭის არეში წვის შეგრძნება და ღებინება დაემატოს. ფილტვების დაზიანების შემთხვევაში, ინტენსიური ხველა გრძელდება. სუნთქვა ჩქარია და სისხლში ჟანგბადის შემცირებული რაოდენობის გამო, კანი მოლურჯო შეფერილობას იღებს (ციანოზი). პატარა ბავშვებში შეიძლება ციანოზი, სუნთქვის შეკავება და გახანგრძლივებული ხველა გამოვლინდეს.

ნახშირწყალბადის მიღება ნევროლოგიურ სიმპტომებსაც იწვევს, მათ შორის, ძილიანობას, კოორდინაციის დარღვევას, სტუპორს ან კომას და კრუნჩხვებს. ზოგიერთი ნახშირწყალბადის შესუნთქვამ, განსაკუთრებით, გადაღლის ან სტრესის შემდეგ, ფატალური გულის რიტმის დარღვევა ან გულის გაჩერება შეიძლება გამოიწვიოს.

დიაგნოზი და მკურნალობა

ნახშირწყალბადით მოწამვლის დიაგნოზის დასმა შემთხვევის აღწერილობით და დაზარალებულის სუნთქვის დროს ან ტანსაცმელზე არსებული ბენზინის სუნით ან მის მახლობლად კონტეინერის აღმოჩენითაა შესაძლებელი. საღებავის კვალი ხელებზე ან პირის ირგვლივ, საღებავების დაყნოსვის შესახებ ბადებს ეჭვს. პნევმონიისა და ქიმიური პნევმონიტის დიაგნოზი გულმკერდის რენტგენოგრაფიით და სისხლში ჟანგბადის დონის განსაზღვრით ისმება.

მოწამვლის სამკურნალოდ, უნდა მოსცილდეს დასვრილი ტანსაცმელი და კანი ჩამოიბანოს. ხველისა და სულის ხუთვის შეჩერების შემთხვევაში, განსაკუთრებით, თუ ნივთიერების მიღება მცირე რაოდენობით და შემთხვევით მოხდა, მკურნალობა სახლის პირობებშიც არის შესაძლებელი. სახლში მკურნალობის საკითხის განხილვა, მოწამვლების ცენტრის წარმომადგენელთან ერთად უნდა მოხდეს. სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პირები კლინიკაში თავსდებიან. პნევმონიის ან ქიმიური პნევმონიტის განვითარების შემთხვევაში, კლინიკაში მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს ჟანგბადის მიწოდებას, ხოლო მძიმე შემთხვევაში – ხელოვნურ სუნთქვას. ანტიბიოტიკები ეფექტურია პნევმონიის განვითარების შემთხვევაში. პნევმონიისაგან გამოჯანმრთელებას, ჩვეულებრივ, ერთი კვირა სჭირდება. გამოსაჯანმრთელებლად უფრო მეტი დროა საჭირო, თუ ფილტვებში სქელი, სიროფის კონსისტენციის ნახშირწყალბადი მოხვდება, როგორიცაა სანათის ან მინერალური ზეთი.