ინსექტიციდებით მოწამვლა | მკურნალი.გე
  1. ინსექტიციდებით მოწამვლა
  2. დაზიანებები და მოწამვლები
ინსექტიციდებით მოწამვლა

  • მრავალი ინსექტიციდი (მწერების საწინააღმდეგო საშუალება) იწვევს მოწამვლას გადაყლაპვის, ინჰალაციის ან კანიდან შეწოვის გზით;

  • სიმპტომები შეიძლება იყოს თვალებიდან ცრემლდენა, ხველა და სუნთქვის გაძნელება;

  • დიაგნოზი სიმპტომების, სისხლის ანალიზებისა და შემთხვევის აღწერილობის მიხედვით ისმება;

  • მძიმე მოწამვლის სამკურნალოდ ეფექტურია რამდენიმე საშუალება.

ინსექტიციდების თვისება, რომელიც ნივთიერებას მწერებისათვის მომაკვდინებელს ხდის, შეიძლება მომწამლავი ადამიანისთვისაც გახდეს. ყველაზე მძიმე მოწამვლა ფოსფორორგანული და კარბამატის ტიპის ინსექტიციდებისაგან ვითარდება, განსაკუთრებით, როდესაც თვითმკვლელობის მიზნითაა გამოყენებული. ფოსფორორგანული ნაერთების მაგალითია მალათიონი, პარათიონი, დიაზინონი, დიქლორვოსი, ქლორპირიფოსი და ზარინი. ჩამოთვლილთაგან, ზოგიერთი ნაერთი ნეიროტოქსიკური აირია. პირეთრინი და პირეთროიდები, ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული ინსექტიციდი, მცენარეებისგანაა მიღებული და ჩვეულებრივ, ადამიანისათვის მომწამლავი არაა.

მრავალი ინსექტიციდი მოწამვლას გადაყლაპვის, შესუნთქვის ან კანიდან შეწოვის გზით იწვევს. ზოგი მათგანი უსუნოა, ამიტომ ზოგჯერ ადამიანმა არც კი იცის, რომ კონტაქტი ჰქონდა მომწამლავ ნივთიერებასთან. ფოსფორორგანული ნაერთები და კარბამატი ზოგიერთი ნერვის ზედმეტად აგზნებას, სხვადასხვა ორგანოს ფუნქციის გაძლიერებას და შემდეგ შეწყვეტას იწვევს. პირეთრინმა იშვიათად ალერგიული რეაქციები შეიძლება გამოიწვიოს. პირეთროიდები ასევე იშვიათად ქმნიან რაიმე პრობლემას.

სიმპტომები

ფოსფორორგანული ნაერთები და კარბამატი ცრემლდენას, მხედველობის დაბინდვას, გაძლიერებულ ნერწყვდენას, ოფლიანობას, ხველას, ღებინებას და ნაწლავთა მოქმედებისა და შარდვის გახშირებას იწვევენ. სუნთქვა შეიძლება გაძნელდეს, კუნთების კრუნჩხვა და შემდეგ მათი სისუსტე ვითარდება. იშვიათად, სუნთქვის უკმარისობა ან კუნთოვანი სისუსტე შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს. კარბამატის ზემოქმედების დროს სიმპტომები საათების ან დღეების განმავლობაში გრძელდება, თუმცა, ფოსფორორგანული ნაერთების შემთხვევაში – კვირების მანძილზე შეიძლება გაგრძელდეს.

პირეთრინმა ცემინება, ცრემლდენა, ხველა და იშვიათად სუნთქვის გაძნელება შეიძლება გამოიწვიოს. მძიმე სიმპტომები იშვიათად ვითარდება.

დიაგნოზი და მკურნალობა

ინსექტიციდებით მოწამვლის დიაგნოზი სიმპტომების და შემთხვევის აღწერილობის მიხედვით ისმება. სისხლის ანალიზები ადასტურებს ფოსფორორგანული ნაერთებით ან კარბამატით მოწამვლას.

ინსექტიციდის კანთან კონტაქტის შემთხვევაში, ტანსაცმელი უნდა მოსცილდეს და კანი წყლით ჩამოიბანოს. ფოსფორორგანული ნივთიერებებით მოწამვლის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა ექიმისათვის მიმართვა. სიმპტომების უმრავლესობის მოხსნა ინტრავენური ატროპინის საშუალებითაა შესაძლებელი. ინტრავენურად პრალიდოქსიმის მიღება აჩქარებს ნერვების ფუნქციის აღდგენას და სიმპტომების მიზეზს აღმოფხვრის. ასევე ატროპინით მსუბუქდება კარბამატით მოწამვლის სიმპტომები, თუმცა, პრალიდოქსიმი არაეფექტურია. პირეთრინით მოწამვლის სიმპტომები თავისთავად გაივლის.