მიუხედავად იმისა, რომ კბენა ყველა ცხოველისგან არის მოსალოდნელი, ამერიკის შეერთებულ შტატებში ნაკბენი ჭრილობის უმრავლესობა ძაღლების, შედარებით ნაკლებად კი კატების კბენის გამო ვითარდება. პოპულარობის გამო ძაღლები, როგორც პატრონისა და ტერიტორიის დამცავი შინაური ცხოველები, ნაკბენი ჭრილობების ძირითადი მიზეზია. ყოველწლიურად 10-20 ადამიანი, მათ შორის უმრავლესობა ბავშვი, იღუპება ძაღლის ნაკბენის გამო. კატები ტერიტორიას არ იცავენ და მათგან კბენა ძირითადად დაჭერის მცდელობის ან კატების ჩხუბში ჩარევის დროსაა მოსალოდნელი. შინაური ცხოველები, როგორებიცაა ცხენები, ძროხები და ღორები, იშვიათად იკბინებიან, თუმცა, მათი ზომისა და ძალიდან გამომდინარე, ჭრილობა შეიძლება საკმაოდ მძიმე იყოს. იშვიათია გარეული ცხოველებისგან კბენა.
ძაღლის ნაკბენს ნაფლეთოვანი შესახედაობა აქვს. კატის ნაკბენი ღრმა ნაჩხვლეტის სახითაა, რომელიც ხშირად ინფიცირდება. ინფიცირებული ნაკბენი მტკივნეული, შეშუპებული და წითელია. ცოფით დასნებოვნებული ცხოველისაგან (ყველაზე ხშირად, ღამურები, ენოტები, მელიები და სკუნსები) დაკბენის შემთხვევაში, შესაძლებელია დაავადების გადაცემა. ცხოველების ვაქცინაციის გამო, ცოფი იშვიათობაა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასევე იშვიათად გადაეცემა ცოფი ციყვის, ზაზუნას და მღრღნელების ნაკბენით.
ჩვეულებრივი პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ ცხოველისაგან დაკბენილმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს. თუ შესაძლებელია, თავდამსხმელი ცხოველი მფლობელმა უნდა დაამწყვდიოს. დაკბენილი პირი ცხოველის დაჭერას არ უნდა ეცადოს. შემთხვევის თაობაზე უნდა ეცნობოს პოლიციას, რომ სათანადო ორგანოებმა, ცოფის გამოვლენის მიზნით, ძაღლზე დაკვირვება შეძლონ.
ექიმები სტერილური ფიზიოლოგიური წყლის ჭავლით რეცხავენ ჭრილობას და შემდეგ საპნით და წყლით ასუფთავებენ. ზოგჯერ, ნაკბენი ჭრილობის კიდიდან ქსოვილს აცილებენ, განსაკუთრებით თუ იგი დაჟეჟილი და ნაფლეთოვანია. სახის ნაკბენი ჭრილობა ქირურგიული წესით იხურება (იკერება). თუმცა, ხელის მცირე ზომის, ნაჩხვლეტ ან ნაკბენ ჭრილობას არ ხურავენ. ინფექციის პრევენციისათვის, ზოგჯერ დასალევი ანტიბიოტიკები ინიშნება. ინფიცირებულ ჭრილობას ზოგჯერ ქირურგიული დრენირება, ინტრავენური ანტიბიოტიკების მიღება ან ორივე მათგანი ესაჭიროება.