გონება-სხეულის მეთოდი | მკურნალი.გე
  1. გონება-სხეულის მეთოდი
  2. კომპლემენტური და ალტერნატიული მედიცინა
  3. საგანგებო საკითხები
გონება-სხეულის მეთოდი

გონება-სხეულის მეთოდი ეფუძნება თეორიას იმის შესახებ, რომ გონებრივმა და ემოციურმა ფაქტორებმა, შეიძლება, იმოქმედოს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. აქედან გამომდინარე, ქცევითი, ფსიქოლოგიური, სოციალური და სულიერი მეთოდები გამოიყენება ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და დაავადების პრევენციისა და მკურნალობის მიზნით.

ვინაიდან ამჟამად ბევრი, მტკიცებულებაზე დაფუძნებული, სამეცნიერო კვლევა არსებობს, რომლებიც გონება-სხეულის მეთოდების სარგებლიანობას ადასტურებს, მათი უმეტესობა უპირატეს მეთოდებად განიხილება. მეთოდები შემდეგია:

  • მედიტაცია

  • რელაქსაციის მეთოდი

  • მართვადი წარმოსახვები

  • ჰიპნოთერაპია (ჰიპნოზი)

  • ბიოუკუკავშირი

გონება-სხეულის მეთოდები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ისეთი მდგომარეობების სამკურნალოდ, როგორებიცაა: აღგზნებადობა, პანიკური გამოვლინებები, ქრონიკული ტკივილი, კორონარული არტერიების დაავადება, დეპრესია, თავის ტკივილი, ძილის პრობლემები (ინსომნია) და შარდის კონტროლის უნარის დაკარგვა. გონება-სხეულის მეთოდი, ასევე, გამოიყენება მშობიარობის დროს დასახმარებლად, სიმსივნის დროს დაავადებასთან ან მკურნალობასთან დაკავშირებულ სიმპტომების შესამსუბუქებლად და ადამიანების ქირურგიული ოპერაციისათვის მოსამზადებლად. მისი ეფექტიანობა ისეთი დაავადებების მკურნალობაში, როგორებიცაა ასთმა, სისხლის მაღალი წნევა და ყურებში შუილი, დადგენილი არ არის.

გონება-სხეულის მეთოდთან ასოცირებული ქცევითი მოვლენების რისკები ნაკლებად ცნობილია.

მედიტაცია

მედიტაციის პერიოდში ადამიანები არეგულირებენ თავიანთ ყურადღებას ან სისტემატურად ფოკუსირდებიან მათი შიდა და გარე განცდების სპეციფიკურ ასპექტებზე. მედიტაციის დროს ადამიანი ზის ან წამოწოლილია მშვიდ მდგომარეობაში, ხშირად თვალები დახუჭული აქვს. ზოგჯერ მედიტაცია მოიცავს გარკვეული ფრაზის განმეორებითად წარმოთქმას (მანტრა), რაც ადამიანებს ეხმარება კონცენტრირებაში. უფრო მაღალი დონის მედიტაცია არის ტრანსცენდენტალური მედიტაცია, ანუ გონებრივი მედიტაცია.

მედიტაცია გავლენას ახდენს გულისა და სისხლძარღვების (კარდიოვასკულარული) ფუნქციონირებაზე, იმუნიტეტსა და ტვინის აქტიურობაზე (როგორიცაა ტვინის იმ ნაწილების აქტივაციის გაძლიერება, რომლებიც გავლენას ახდენს მენტალურ აზროვნებაზე). მედიტაცია ხშირად იწვევს ფიზიკურ რელაქსაციას, აზროვნების სიმშვიდეს და სასიამოვნო, ემოციურ მდგომარეობას, როგორიცაა სიყვარული, სიკეთე და თავშეკავებულობა. მედიტაცია აძლიერებს მეტაკოგნიტურ აზროვნებას (უნარს, გაემიჯნოს და დააკვირდეს საკუთარ ქვეცნობიერს). მეტაკოგნიტური აზროვნება ხელს უშლის ჩვეულ და რეფლექსურ რეაქციებს სტრესის დროს და აუმჯობესებს ტოლერანტობას ემოციურ დაძაბულობასთან გამკლავებისას.

მედიტაციური პრაქტიკის უმეტესი ნაწილი განვითარდა რელიგიურ და სულიერ კონცეფციაში. მისი საბოლოო მიზანი იყო სულიერების გაზრდა, პერსონალური ტრანსფორმაცია და ტრანსცენდენტალური გამოცდილებების მიღება. ჯანმრთელობაზე ზრუნვის თვალსაზრისით მედიტაცია, შეიძლება, სასარგებლო იყოს, მიუხედავად ადამიანების კულტურული თუ რელიგიური შეხედულებებისა და წარსული გამოცდილებებისა. მედიტაცია ადამიანებს სთავაზობს ჯანმრთელობისათვის ბევრ სასარგებლო შედეგს, როგორიცაა სტრესის, აღგზნების, დეპრესიის, უძილობის, ტკივილის, კიბოთი და კარდიოვასკულარული სისტემის ქრონიკული დარღვევებით გამოწვეული სიმპტომების შემსუბუქება. მედიტაცია ხელს უწყობს ადამიანის კარგად ყოფნას.

რელაქსაციის მეთოდები

რელაქსაციის მეთოდები არის სპეციალურად შემუშავებული ტექნიკა დაძაბულობისა და სტრესის მოსახსნელად. მისი მიზანი შეიძლება იყოს იმ ნერვების აქტივობის შემცირება, რომლებიც სტრესზე რეაქციებს აკონტროლებენ (სიმპათიკური ნერვიული სისტემა), სისხლის წნევის დაქვეითებით, კუნთების დაძაბულობის შემცირებით, მეტაბოლური პროცესების შენელებითა და ტვინის აქტივობის შეცვლით. რელაქსაციის მეთოდები შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა მეთოდებთან ერთად, როგორიცაა მართული წარმოსახვა და ჰიპნოთერაპია.

მართული წარმოსახვა

მართული წარმოსახვა გულისხმობს მენტალური წარმოსახვების გამოყენებას, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს რელაქსაციასა და კარგ ჯანმრთელობას, ტკივილის შემცირებასა და ისეთი დაავადებებისა და მდგომარეობის მკურნალობას, როგორიცაა კიბო და ფსიქოლოგიური ტრავმა. წარმოსახვა შეიძლება მოიცავდეს ნებისმიერ შეგრძნებას და იგი, შეიძლება, თვითმართვით განხორციელდეს ან წარიმართოს სპეციალისტის მიერ, შეიძლება ჯგუფურადაც ჩატარდეს. მაგალითად, კიბოთი დაავადებულ ადამიანს შეიძლება უთხრათ, რომ წარმოიდგინოს სისხლის თეთრი უჯრედებისგან შემდგარი არმია, რომელიც იბრძვის კიბოს უჯრედების წინააღმდეგ.

მართული წარმოსახვის მეთოდის მნიშვნელობა სრულყოფილი სამეცნიერო კვლევით არ არის დადასტურებული, მაგრამ ბევრი ადამიანი მიუთითებს, რომ მათ წარმატებით ისარგებლეს ამ მეთოდით.

ჰიპნოთერაპია

ალტერნატიული თერაპია დასავლური მედიცინის პრაქტიკიდან წარმოიშვა. ჰიპნოთერაპიის (ჰიპნოზი) საშუალებით ადამიანები გადაჰყავთ რელაქსაციის საწყის სტადიაზე და მათში ყურადღების გამახვილების უნარს აძლიერებენ. ჰიპნოტიზებული პიროვნება ითვისებს ჰიპნოთერაპევტის მიერ შეთავაზებულ წარმოსახვას. აქედან გამომდინარე, მათი ყურადღება უფრო კონცენტრირებულია და ისინი უფრო ღია ხდებიან შეთავაზებების მიმართ. ჰიპნოთერაპიით შეიძლება დახმარება გაუწიონ ადამიანებს, რომ მათ შეიცვალონ ჩვევები და ამით გაიუმჯობესონ ჯანმრთელობა. ჰიპნოთერაპია შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ფსიქოლოგიური პრობლემების სამკურნალოდ.

ჰიპნოთერაპია, ასევე, შეიძლება სასარგებლო იყოს ბევრი ისეთი მდგომარეობების და სიმპტომების არსებობის დროს, როდესაც ფსიქოლოგიური ფაქტორები ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობაზე ახდენენ უარყოფით გავლენას, როგორიცაა:

  • ფობიები

  • ზოგიერთი ტკივილის სინდრომი

  • მოწევის შეწყვეტა

  • მეტყველების დარღვევები (რომელთა დროს ფიზიკური დარღვევები, ძირითადად გამოწვეულია ფსიქოლოგიური სტრესითა და კონფლიქტით)

  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი

  • თავის ტკივილები

  • ასთმა

  • კანის ზოგიერთი დაავადება (როგორიცაა მეჭეჭები და ფსორიაზი)

  • მაღალი წნევა

  • გულისრევა და ღებინება, გამოწვეული ქიმიოთერაპიით, განსაკუთრებით, გულისრევა, რომელიც ზოგიერთ ადამიანს ქიმიოთერაპიის დაწყების წინ უვითარდება (ნაადრევი გულისრევა)

  • აღგზნებადობა და ცხოვრების ხარისხის დაქვეითება კიბოთი დაავადებულ ადამიანებში

ჰიპნოთერაპიის გარკვეული წარმატებით გამოყენება შეიძლება იმ ადამიანებში, რომლებსაც სურთ მოწევისთვის თავის დანებება ან წონის დაკლება. ზოგიერთ ადამიანს შეუძლია, ჰიპნოთერაპია საკუთარ თავს თვითონ ჩაუტაროს. ჰიპნოთერაპიის მექანიზმი მეცნიერული პოზიციიდან ბოლომდე ცნობილი არ არის.

ბიოუკუკავშირი

ბიოუკუკავშირი არის მეთოდი, რომლის საშუალებით გაუცნობიერებელი ბიოლოგიური პროცესების გაცნობიერება და გაკონტროლება ხდება. ბიოუკუკავშირის დროს გამოიყენება ელექტრომოწყობილობა, რომლის საშუალებით განისაზღვრება გულისცემის სიხშირე, სისხლის წნევა, კუნთების დაჭიმულობა და ტვინის ელექტრული აქტივობა და მიღებული ინფორმაცია უკან გადაეცემა გონებაში გასაცნობიერებლად. შემდეგ, თერაპევტის დახმარებით ან ტრენინგის ჩატარების გზით, ადამიანებს შეუძლიათ გაერკვნენ, რატომ შეიცვალა ეს ფუნქციები, და სწავლობენ მათ რეგულირებას.

ტიპურად, ბიოუკუკავშირი გამოიყენება ისეთი სიმპტომებისა და პრობლემების სამკურნალოდ, როგორებიცაა თავის ტკივილი და ქრონიკული აბდომინალური ტკივილი, სტრესი, უძილობა, განავლისა და შარდის შეუკავებლობა, ყურადღების დეფიციტი/ჰიპერაქტივობის დარღვევები, კოგნიტური უნარის დაქვეითება, შუილი ყურებში და რეინოდსის სინდრომი.

კლინიკურად დადგენილია ბიოუკუჩვენების ეფექტიანობა გარკვეული პრობლემების სამკურნალოდ (მაგალითად, თავის ტკივილები, შარდისა და განავლის შეუკავებლობა და ყურადღების დეფიციტი/ჰიპერაქტივობის დარღვევები).