ჰანტავირუსით გამოწვეული ინფექცია | მკურნალი.გე
  1. ჰანტავირუსით გამოწვეული ინფექცია
  2. ვირუსული ინფექციები (ინფექციები)
  3. ინფექციები
ჰანტავირუსით გამოწვეული ინფექცია

ჰანტავირუსით გამოწვეული ინფექცია არის ვირუსული ინფექცია, რომელიც ადამიანებზე მღრღნელებიდან ვრცელდება.

  • ინფექცია ინფიცირებულ მღრღნელებთან ან მათ ექსკრემენტებთან ადამიანის კონტაქტის შედეგად ვითარდება;

  • ინფექცია იწყება მოულოდნელად, მაღალი ცხელებით, თავის ტკივილით, ზოგჯერ მუცლის ტკივილით. ამას შეიძლება მოჰყვეს ხველება და ქოშინი ან გამონაყარი და თირკმლების პრობლემები;

  • სისხლის ანალიზში ვირუსების აღმოჩენა ადასტურებს დიაგნოზს;

  • გამოიყენება ჟანგბადი და მედიკამენტები სისხლის წნევის სტაბილიზაციის მიზნით და იმ შემთხვევაში, როცა ინფექცია აზიანებს ფილტვებს, ხოლო როდესაც თირკმლები ზიანდება, საჭირო ხდება დიალიზის გაკეთება.

ჰანტავირუსები აინფიცირებენ სხვადასხვა სახეობის მღრღნელებს მთელ მსოფლიოში. ვირუსი არსებობს მღრღნელების შარდში, განავალში და ნერწყვში. ინფექცია ვრცელდება, როდესაც ადამიანს კონტაქტი აქვს მღრღნელებთან ან მათ ექსკრემენტებთან ან შესაძლოა მაშინ, როდესაც ისინი ჩაისუნთქავენ ვირუსების ნაწილაკებს, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში ყოფნისას, სადაც მღრღნელების ექსკრემენტების დიდი რაოდენობაა. არსებობს მონაცემები, რომლებიც ადასტურებენ ვირუსის გავრცელების შესაძლებლობას ადამიანიდან ადამიანზე. დღესდღეობით ჰანტავირუსებით გამოწვეული ინფექციების შემთხვევები გახშირებულია.

არსებობს ჰანტავირუსების რამდენიმე სახეობა. ზოგიერთი მათგანი აზიანებს ფილტვებს და იწვევს ფილტვის სინდრომს. სხვები აზიანებენ თირკმლებს და იწვევენ ჰემორაგიულ ცხელებას თირკმლის სინდრომით, თუმცა ორივე ინფექციის შემთხვევაში, სიმპტომები მსგავსია. ფილტვის სინდრომი პირველად 1993 წელს აღმოაჩინეს ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ დასავლეთში. მას შემდეგ დაახლოებით 450 შემთხვევა აღირიცხა ამერიკის შეერთებულ შტატებში, უმეტესად დასავლეთ შტატებში. დაავადებების შემთხვევები იყო აგრეთვე ამერიკის ზოგიერთ ჩრდილო და სამხრეთ ქვეყანაში. თირკმლის სინდრომი აღწერილია ევროპის ნაწილში და კორეაში.

სიმპტომები

სიმპტომები იწყება მოულოდნელად, ცხელებით, თავის ტკივილით და კუნთების ტკივილით. ტიპურ შემთხვევებში ეს სიმპტომები ვითარდება მღრღნელების ექსკრემენტებთან ან შარდთან კონტაქტის შემდეგ 1-დან 5 კვირაში. ინფიცირებულ ადამიანებს ასევე შეიძლება აღენიშნებოდეთ მუცლის ტკივილი და დიარეა ან ღებინება.

ეს სიმპტომები გრძელდება რამდენიმე დღე (ჩვეულებრივ, 4 დღე, თუმცა ზოგჯერ შეიძლება გაგრძელდეს 5 დღეზე მეტხანს). ფილტვის სინდრომის მქონე ადამიანებს შეიძლება განუვითარდეთ ხველა და ქოშინი, რომელიც შეიძლება რამდენიმე საათში ძლიერ დამძიმდეს. ეს სინდრომი 50-75% ადამიანში იწვევს სიკვდილს.

თირკმლის სინდრომის მქონე ზოგიერთ ადამიანში ინფექცია მსუბუქად მიმდინარეობს და არ იწვევს სიმპტომებს. თუმცა ზოგს აღენიშნება გაურკვეველი დაღლილობის შეგრძნება 3-4 დღის განმავლობაში. შემდეგ ადამიანების უმეტესობას სახეზე უჩნდება დამწვრობის მსგავსი სიწითლე და ურტიკალური ელემენტები. გამონაყარი შეიძლება სხეულზეც გავრცელდეს. სისხლის წნევის დაცემა (შოკი) პაციენტთა მცირე ნაწილში აღინიშნება. შეიძლება განვითარდეს თირკმლის უკმარისობა და შარდის პროდუქციის შეჩერება (ანურია). ზოგიერთ ადამიანს აქვს მსუბუქად გამოხატული ინფექცია და ისინი სრულიად იკურნებიან. სხვებში დაავადება მძიმედ მიმდინარეობს და ამ დროს სიკვდილის შემთხვევები 6-დან 15%-ს შეადგენს.

დიაგნოზი და მკურნალობა

დიაგნოზზე ეჭვის მიტანა შეიძლება, როდესაც ადამიანები სავარაუდოდ ვირუსის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ და ამჟამად გამოხატული აქვთ დამახასიათებელი სიმპტომები. სისხლის ანალიზში ვირუსების იდენტიფიცირებას დიაგნოზი ადასტურებს.

მკურნალობა უმეტესად სიმპტომურია და მხარდამჭერი ღონისძიებებით შემოიფარგლება. სისხლის წნევის სტაბილიზაციის მიზნით ჟანგბადის და მედიკამენტების გამოყენება ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანის გამოსაჯანმრთელებლად. თირკმლის სინდრომის დროს სიცოცხლის გადასარჩენად შეიძლება საჭირო იყოს დიალიზი. ამასთანავე, რიბავირინის ინტრავენური შეყვანის გზით შესაძლოა სიმპტომების სიმძიმის შემსუბუქება და სიკვდილის რისკის შემცირება. ადამიანების უმრავლესობა იკურნება 3-6 კვირაში, თუმცა გამოჯანმრთელების პერიოდი შეიძლება 6 თვეზე მეტხანს გაგრძელდეს.