შავი ჭირი (ვარიოლა) არის ძლიერ კონტაგიოზური, ხშირად სასიკვდილო დაავადება, რომელსაც იწვევს შავი ჭირის ვირუსი.
შავი ჭირის ვირუსი არსებობს მხოლოდ ადამიანში – და არა ცხოველებში. არსებობს ვირუსის ორი ფორმა – ყველაზე ხშირია მძიმე ფორმა და ის მეტად პრობლემურია. მეორე ფორმა ნაკლები სიხშირით არსებობს და ნაკლებ პრობლემურია.
200 წლის წინ შემუშავდა შავი ჭირის საწინააღმდეგო ვაქცინა. გამოცდილებით დადასტურდა მისი მაღალეფექტურობა და ვაქცინაცია მთელ მსოფლიოში ყველა ადამიანს ჩაუტარდა. შავი ჭირის ბოლო შემთხვევის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა 1977 წელს. 1980 წელს მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გაკეთდა განაცხადი დაავადების ელიმინაციის შესახებ და გამოიცა რეკომენდაცია ვაქცინაციის შეწყვეტის შესახებ.
გამომდინარე იქიდან, რომ ვაქცინის დაცვითი ეფექტი თანდათან კლებულობს, თითქმის ყველა ადამიანი (მათ შორის ადრე ვაქცინირებული) ამჟამად მიდრეკილია დაავადებისადმი. პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ვირუსის ნიმუშები შენახულია და ზოგიერთები გამოთქვამენ წუხილს იმის გამო, რომ ტერორისტების ჯგუფებს შეუძლიათ ვირუსის საცავების აღმოჩენა და მისი გავრცელება პოპულაციაში. ასეთ შემთხვევაში განვითარებული ეპიდემია დამანგრეველი იქნება. ვირუსი შენახულია ორი ქვეყნის კვლევით დაწესებულებებში, ერთი – ამერიკის შეერთებულ შტატებში და მეორე – რუსეთში.
შავი ჭირის ვირუსი ვრცელდება უშუალოდ ადამიანიდან ადამიანზე და გადაეცემა ინფიცირებული ადამიანის ამოსუნთქვისას, ან ხველის დროს ჰაერში მოხვედრილი წვეთებით. დაავადება შეიძლება გადაეცეს ტანსაცმლიდან თეთრეულთან შეხებითაც. შავი ჭირი იშვიათობაა. ჩვეულებრივ ვრცელდება ადამიანებში, რომლებსაც ახლო კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულ პიროვნებასთან. დაავადების ფართომასშტაბიანი აფეთქება სკოლებში ან სამუშაო ადგილებში იშვიათობას წარმოადგენს. ვირუსი ცოცხლობს არა უმეტეს ორი დღისა და ნაკლები ხანგრძლივობით მაღალი ტემპერატურის ან მაღალი ტენიანობის პირობებში.
სიპტომები ჩვეულებრივ ჩნდება ინფიცირებიდან 7-დან 17 დღეში. ინფიცირებულ ადამიანებს უვითარდებათ ცხელება, თავის და ზურგის ტკივილი და ზოგადად მდგომარეობა მძიმეა. მათ შეიძლება აღენიშნოთ მუცლის ძლიერი ტკივილი და ბოდვა. ორი ან სამი დღის შემდეგ ჩნდება ბრტყელი, წითელი ლაქოვანი გამონაყარი სახეზე და მხრებზე, პირის ღრუში, რომელიც მალე ვრცელდება სხეულზე და ქვედა კიდურებზე. ადამიანები კონტაგიოზურები არიან მხოლოდ გამონაყრის გამოვლენის შემდეგ და განსაკუთრებით გამონაყრის გამოჩენიდან პირველი 7-10 დღის განმავლობაში. 1-2 დღის შემდეგ ლაქების ადგილას ჩნდება ჩირქით სავსე ბუშტუკები. 8 ან 9 დღის შემდეგ ბუშტუკების ადგილას ჩნდება ფუფხები. შავი ჭირით დაავადებული ადამიანების 30% კვდება, ჩვეულებრივ დაავადებიდან მეორე კვირას. ზოგიერთ გადარჩენილ ადამიანებს რჩებათ ფართო დამახინჯებული ნაწიბურები.
ექიმები ვარაუდობენ შავი ჭირის არსებობას იმ შემთხვევაში, როცა ადამიანებს აღენიშნებათ დაავადებისათვის დამახასიათებელი ლაქები – განსაკუთრებით დაავადების მწვავე პერიოდში. დიაგნოზი შეიძლება დადასტურდეს ვირუსის აღმოჩენით ბუშტუკებიდან ან პუსტულებიდან აღებული ნიმუში, მათი მიკროსკოპის ქვეშ გამოკვლევისას ან ლაბორატორიულად მასალის დათესვის და ანალიზის საფუძველზე.
პრევენცია ყველაზე საუკეთესო საშუალებაა შავი ჭირის გავრცელების საშიშროებისაგან დასაცავად. ვირუსის ზემოქმედებიდან პირველ რამდენიმე დღეში ჩატარებული ვაქცინაცია იცავს დაავადებისაგან ან ამცირებს დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეს. ადამიანები ისეთი სიმპტომებით, რომლებიც ეჭვს ბადებენ შავი ჭირის არსებობაზე, საჭიროებენ იზოლაციას, ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით. დასაშვებია იმ ადამიანებთან კონტაქტი, რომლებიც იზოლაციას არ საჭიროებენ, ვინაიდან მათ არ შეუძლიათ ინფექციის გავრცელება, სანამ არ გამოუვლინდებათ დაავადება და არ განუვითარდებათ გამონაყარი. თუმცა მათზე მუდმივი მეთვალყურეობა აუცილებელია და ინფექციის პირველი ნიშნის გამოვლენისთანავე საჭიროა მათი იზოლირება.
ვაქცინაცია სახიფათოა ზოგიერთი ადამიანისათვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც დაქვეითებული იმუნიტეტი აქვს. იშვიათად ჯანმრთელ ადამიანებსაც შეიძლება გამოუვლინდეთ ვაქცინაციაზე გვერდითი მოვლენები. ასეთი გვერდითი მოვლენები უფრო იშვიათად აღინიშნება ადრე აცრილ ადამიანებში, ვიდრე იმათში, ვისაც ვაქცინაცია არასოდეს ჩატარებია. ზოგადად, ვაქცინაციის შედეგად ერთი ადამიანი კვდება 1 მილიონიდან, ხოლო ადრე ვაქცინირებული ადამიანებიდან ერთი კვდება 4 მილიონიდან. ვირუსის ზემოქმედებამდე ვაქცინაციის ჩატარება რეკომენდებულია იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც ვირუსთან კონტაქტის შესაძლებლობის მაღალი რისკი გააჩნიათ. ასეთები არიან: ლაბორატორიის თანამშრომლები და სამედიცინო პერსონალი, რომლებიც უშუალოდ ეხებიან ვაქცინას და ვირუსის შემცველ მასალებს. ვირუსის ზემოქმედების შემდეგ ჩატარებული ვაქცინაცია ამცირებს სიმპტომებს. ვირუსის ზემოქმედებიდან ოთხ დღემდე მეტ-ნაკლებად ეფექტურია ვაქცინაციის ჩატარება, მაგრამ იგი უფრო წარმატებულია, როცა კეთდება ვირუსის ზემოქმედებიდან რაც შეიძლება სწრაფად.
შავი ჭირის მკურნალობა სიმპტომურია. იგი მოიცავს სითხეების მიღებას, სიმპტომების შემსუბუქებას, დახმარებას სუნთქვის გასაუმჯობესებლად (მაგალითად, ჟანგბადის მიწოდება სახის ნიღბის საშუალებით) და ნორმალური სისხლის წნევის შემანარჩუნებელ მკურნალობას.