ზოგი დაავადება და მოგზაურობა | მკურნალი.გე
  1. ზოგი დაავადება და მოგზაურობა
  2. მოგზაურობა და ჯანმრთელობა
  3. საგანგებო საკითხები
ზოგი დაავადება და მოგზაურობა

ზოგი დაავადებით მოგზაურობას განსაკუთრებული პრობლემები ახლავს თან.

გულის დაავადება

თუ სტენოკარდიის, გულის უკმარისობის ან რიტმის დარღვევის მქონე ადამიანს სიმპტომები მოსვენების დროსაც უვლინდება, მოგზაურობა არ შეიძლება. ბოლო 4 კვირაში გულის შეტევის ან ბოლო 6 კვირაში შოკის ან გულის უკმარისობის გამომწვევი შეტევის გადატანის შემთხვევაში, უმჯობესია, ადამიანმა არ იმოგზაუროს. ფრენას უნდა მოერიდნენ ისინი, ვისაც მძიმე ან ზრდადი სტენოკარდია აქვს. დიდ სიმაღლეებზე ნაკლები ჟანგბადია ჰაერში, ამიტომ თვითმფრინავში მდგომარეობა შეიძლება დამძიმდეს. გულის დაავადების მქონე ყველა მოგზაურს თან უნდა ჰქონდეს ბოლო დროს გადაღებული ელექტროკარდიოგრამის ასლი. მათ, ვისაც პეისმეიკერი, იმპლანტირებადი დეფიბრილატორი ან კორონარული სტენტი უდგათ, უნდა ატარონ ბარათი ან ფურცელი, სადაც ექიმს უწერია ამ მოწყობილობის ტიპი, მდებარეობა და ელექტრონული თავისებურებები. იმპლანტირებულმა აპარატმა შესაძლოა სიგნალიზაცია გაააქტიუროს აეროპორტში, შემოწმების გავლისას. უსაფრთხოების შემმოწმებელი ელექტრონული დანადგარები იმპლანტირებად დეფიბრილატორებზე, ზოგადად, გავლენას არ ახდენს, მაგრამ მაინც უმჯობესია, ადამიანი მეტალის დეტექტორში 15 წამზე მეტხანს არ იდგეს. პორტატული დეტექტორებიც უსაფრთხოა დეფიბრილატორის მქონე მოგზაურებისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაშიც უკეთესია ხანგრძლივი კონტაქტის თავიდან აცილება, მაგალითად, დეტექტორის დეფიბრილატორთან მაქსიმუმ 5 წამი გაჩერება.

24 საათით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, დიდ ავიაკომპანიებს შეუძლიათ, მგზავრები ნატრიუმისა და ცხიმის დაბალი შემცველობის საკვებით უზრუნველყონ. ეს ბევრ საკრუიზო გემზეცაა შესაძლებელი წინასწარ გაფრთხილებისას.

ფილტვების დაავადება

თვითმფრინავში წნევის ცვლილებებმა შესაძლოა გართულებები გამოიწვიოს იმ მოგზაურებში, რომელთაც ფილტვების ცისტები, მძიმე ემფიზემა, ფილტვების გარშემო დიდი რაოდენობით სითხის დაგროვება (პლევრალური გამონაჟონი) აქვთ, ახლახან გადაიტანეს ფილტვის კოლაფსი (ჩაფუშვა) ან ოპერაცია გულმკერდზე. ექიმის ნებართვის გარეშე მათ თვითმფრინავით არ უნდა იმოგზაურონ.

ზოგ ადამიანს დამატებითი ჟანგბადის მიწოდებაც ესაჭიროება თვითმფრინავში ყოფნისას. ექიმი ამის აუცილებლობას პაციენტის სისხლში ჟანგბადის შემცველობის მიხედვით ადგენს. ფრენამდე 48 საათით ადრე, ექიმის დანიშნულების წარდგენის შემთხვევაში, ავიაკომპანიებს შეუძლიათ, უზრუნველყონ მგზავრი ჟანგბადის წყაროთი. თავად მოგზაურებს ეკრძალებათ ჟანგბადის ნებისმიერი სახით ატანა თვითმფრინავში. ერთი ფრენიდან მეორემდე მოსაცდელ პერიოდში ადამიანმა თვითონ უნდა მოიძიოს ჟანგბადის წყარო, თუმცა, ამ სფეროში კომპანიების უმრავლესობა უფასოდ ემსახურება მუდმივ კლიენტებს, თუკი იმ ქალაქში ფილიალი აქვთ. სხვა სასუნთქი აპარატების, მაგალითად, მუდმივი დადებითი წნევით ვენტილაციის მოწყობილობების ატანა თვითმფრინავშიც შეიძლება, თუ ისინი არ აჭარბებს ხელბარგისთვის დაწესებულ ზომებს. თუმცაღა, მოგზაურებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ამ აპარატების თან ქონის შემთხვევაში აეროპორტში უსაფრთხოების შემოწმების პროცედურა უფრო გახანგრძლივდება.

დიდ სიმაღლეზე ფრენის გარდა, მიწაზე მოგზაურობაც ქმნის პრობლემებს, რადგან ჰაერში აქაც ნაკლები ჟანგბადია, ვიდრე ზღვის დონეზე. ზოგადად, ადამიანებს, ვისაც ფილტვის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დაავადებები აქვთ, არ უჭირთ სუნთქვა 5000 ფუტზე ქვემოთ. მაგრამ რაც უფრო დიდია სიმაღლე, მით უფრო მეტია გართულებების რისკი. ასეთ ადგილებში გავლისას ან მოგზაურობისას სიფრთხილის ისეთივე ღონისძიებებია საჭირო, როგორიც ფრენის შემთხვევაში.

ავტობუსით, მატარებლით, მანქანითა და გემით მგზავრობა უსაფრთხოა ფილტვის დაავადების მქონეთათვის, მაგრამ საჭიროა წინასწარი დაგეგმვა ჟანგბადის წყაროს უზრუნველსაყოფად. არსებობს კომერციული კომპანიები, რომელთაც შეუძლიათ მოგზაურებს ჟანგბადი მსოფლიოს ნებისმიერ ნაწილში მიაწოდონ. ასთმის, ემფიზემის ან ბრონქიტის მქონე ადამიანებს სიმპტომები უუარესდებათ ქალაქებში, სადაც ჰაერი ძლიერაა დაბინძურებული. დაავადების გასაკონტროლებლად მათ შესაძლოა, დამატებითი მკურნალობა დასჭირდეთ ინჰალატორებით ან წამლებით, მაგალითად, კორტიკოსტეროიდებით.

შაქრიანი დიაბეტი

მოგზაურობისას სისხლში შაქრის დონის კარგად გასაკონტროლებლად საჭიროა ხშირი გაზომვა, საკვებისა და წამლის დოზის საჭიროებისამებრ შეცვლა. ამ დაავადების მქონე ადამიანებს ხელბარგში უნდა ედოთ შაქრის (გლუკოზის) შემცველი საშუალებები ან წვენი, კრეკერები და ხილი იმ შემთხვევისთვის, თუ სისხლში შაქარი ძალიან დაეცა. თუ მოგზაურობისას ადამიანს რამდენიმე სასაათო სარტყლის შეცვლა მოუწევს, განსაკუთრებით კი, თუ იგი ინსულინს იკეთებს, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია და გარკვევა, რა რეჟიმით უნდა მიიღოს წამალი. ინსულინი მრავალი დღე ინახება მაცივრის გარეთ, მაგრამ მისი ძლიერ სიცხეში გაჩერება არ შეიძლება.

24 საათით ადრე გაფრთხილების შემთხვევაში დიდი ავიაკომპანიების უმრავლესობას შეუძლია, უზრუნველყოს მგზავრები დიაბეტური საკვებით. მნიშვნელოვანია გაუწყლოვნების თავიდან აცილება ფრენისას.

დანიშნულების ადგილზე ჩასვლისას სისხლში შაქრის დონე ხშირად უნდა გაიზომოს, რადგან საქმიანობა და საკვები განსხვავებულია მშობლიურისგან. თუმცაღა, მოგზაურობისას გლუკოზის შემცველობის ზუსტად გაკონტროლება სისხლში უფრო რთულია, ამიტომ ეს მაჩვენებელი უფრო დიდ დიაპაზონში იცვლება ხოლმე. შაქრის დონის ნორმასთან ძალიან მიახლოების მცდელობა ზრდის მისი დაცემის რისკს. ამიტომ, მოგზაურობისას სამიზნე მაჩვენებელი იდეალურზე მეტნაკლებად მაღალი უნდა იყოს. ადამიანებს შესაძლოა სურდეთ, გასინჯონ ახალი საჭმელები, მიირთვან უფრო ხშირად ან რეჟიმის დარღვევით, მაგრამ ისინი მაინც უნდა ეცადონ, დაიცვან ჩვეული დიაბეტური დიეტა. მათ უნდა ეცვათ კომფორტული წინდები და ფეხსაცმელები, ყოველდღიურად დაითვალიერონ ტერფები და მოერიდონ ფეხშიშველა სიარულს, რათა არ მიიღონ მსუბუქი ტრავმებიც კი, რომლებიც შეიძლება ინფიცირდეს ან ნელა შეხორცდეს.

ორსულობა

ორსულობის მიმდინარეობაზე მოგზაურობა, როგორც წესი, გავლენას არ ახდენს. თუმცაღა, ის ქალები, რომლებმაც მალე უნდა იმშობიარონ (36 კვირაზე მეტია ვადა), ვისაც თვითნებური აბორტის, ნაადრევი მშობიარობის ან პლაცენტის ნაადრევი აცლის რისკი აქვს მომატებული, უნდა მოერიდონ ფრენას და დიდ მანძილზე მოგზაურობას. ავიაკომპანიების უმრავლესობას სპეციალური წესები აქვს ორსულ მგზავრებთან დაკავშირებით, რასაც ადამიანი ბილეთის ყიდვამდე უნდა გაეცნოს. დიდ მანძილზე გადაადგილებისას ფეხმძიმე ქალები უნდა ეცადონ, რომ შეამცირონ გაუწყლოებისა და თრომბების წარმოქმნის რისკი (მაგალითად, თვითმფრინავში ხშირად წამოდგომით, მანქანით მგზავრობისას კი ხშირად გაჩერებით და მოკლე მანძილზე გასეირნებით). ღვედი მუცლის ქვემოთ, თეძოებზე უნდა იყოს გადაჭერილი ნაყოფის დაშავების თავიდან ასაცილებლად.

ვაქცინები, რომლებიც დასუსტებულ და არა მკვდარ ვირუსებს შეიცავენ – მაგ. ყვითელი ცხელებისა და წითელა-წითურა-ყბაყურა ვაქცინები – სახიფათოა ორსულთათვის.

ეს ქალები, ასევე, უნდა მოერიდონ იოდის შემცველი წყლის გამწმენდი აბების ხანგრძლივად გამოყენებას, რადგან ეს ნივთიერება გავლენას ახდენს ნაყოფის ფარისებრი ჯირკვლის განვითარებაზე. ფეხმძიმეებმა, ვისაც აუცილებლად უწევს მსოფლიოს იმ რეგიონში წასვლა, სადაც მალარიაა გავრცელებული, უნდა აწონ-დაწონონ ორი გამოსავალი: მიიღონ ამ დაავადებისგან დამცავი წამლები, რომელთა გავლენაც ორსულობაზე უცნობია, თუ არ მიიღონ მედიკამენტები და არ იყვნენ დაცულნი მოგზაურობისას. ზოგადად, მალარია უფრო მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშია ორსულებისთვის, მაშინაც კი, თუ ისინი წამლებს იღებენ.

ფეხმძიმე ქალებში, ასევე, უფრო მეტია რისკი E ჰეპატიტით ინფიცირებისა ღვიძლის ვირუსული ინფექციით, რომელიც იშვიათია ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ გავრცელებულია აზიაში, ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და მექსიკაში. დაავადება ზოგჯერ იწვევს თვითნებურ აბორტს, ღვიძლის უკმარისობას და სიკვდილსაც კი. მკურნალობა არ არსებობს, ამიტომ უმჯობესია ორსულმა თავი შეიკავოს იმ რეგიონებში მოგზაურობისგან, სადაც E ჰეპატიტი გავრცელებულია. თუ სხვა გზა არ არის, ქალმა ძალიან ხშირად და კარგად უნდა დაიბანოს ხელები.

სხვა დაავადებები

მოგზაურობა და მგზავრობა ჯანმრთელობის სხვა პრობლემებზეც ახდენს გავლენას. ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის მქონე ადამიანებში თვითმფრინავით მგზავრობისას მტკივნეული კრიზის განვითარების რისკი იმატებს, რადგან კაბინაში ტენიანობა და ჟანგბადის შემცველობა დაბალია. საშიშროების შემცირება შეიძლება საკმარისი სითხეებითა და ჟანგბადით.

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფექციის (აივ-ინფექციის) და შიდსის სამკურნალო წამლები ურთიერთქმედებს იმ მედიკამენტებთან, რომლებსაც მოგზაურები მალარიისა და დიარეის თავიდან ასაცილებლად იღებენ. ამიტომ, ინფიცირებულმა პირებმა ეს საკითხი ექიმთან და ფარმაცევტთან უნდა განიხილონ.

კოლოსტომის მქონე ადამიანებმა დიდი შემგროვი ჩანთა ან დამატებითი მარაგი უნდა ატარონ თან, რადგან განავლის გამოყოფა იზრდება ფრენისას ნაწლავებში არსებული აირების გაფართოების გამო. ამავე მიზეზით, ჰაერი წყლით უნდა შეიცვალოს იმ სამედიცინო აღჭურვილობებში, რომლებიც გასაბერი მანჟეტით ფიქსირდება ადგილზე, მაგალითად, ზონდებსა და შარდის ბუშტის კათეტერებში.

მათ, ვინც კონტაქტურ ლინზებს ატარებს, უმჯობესია სათვალე ეკეთოთ მგზავრობისას ან ლინზები ხშირად დაასველონ ხელოვნური ცრემლით, თვითმფრინავში არსებული დაბალი ტენიანობის გამო. ხელოვნური ცრემლი, ასევე, შეუძლიათ გამოიყენონ თვალის სიმშრალის პრობლემის მქონეებმაც. ზოგადად, ალბათ, კარგი აზრია დამატებითი სათვალის, ლინზების ან რეცეპტის თან წაღება იმ შემთხვევაში, თუ მათი შეცვლა გახდა საჭირო. ასევე,უმჯობესია სასმენი აპარატების დამატებითი ელემენტების წაღებაც.

იმ ადამიანებმა, ვისაც მძიმე ფსიქიკური დაავადება აქვს, მაგალითად, ცუდად ნამკურნალები შიზოფრენია, საფრთხე შეიძლება შეუქმნან საკუთარ თავსაც და სხვებსაც, ამიტომ მათ თან გამყოლი პირიც უნდა ახლდეთ. ამ დროს უმჯობესია სედაციური საშუალებების თან წაღებაც.

ავიაკომპანიების უმრავლესობა უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მგზავრებს სავარძლით ან საწოლით კომერციულ რეისებზე. ზოგ კომპანიას ისიც შეუძლია, სპეციალური აღჭურვილობის, მაგალითად, ინტრავენური კათეტერების ან სასუნთქი აპარატის საჭიროების მქონე მგზავრებიც განათავსოს, თუ მათ თან ახლავთ სამედიცინო პერსონალი და ყველაფერი წინასწარ დაიგეგმა.

ზოგადი რჩევები სხვადასხვა დაავადებით მოგზაურობის შესახებ ადამიანმა შეიძლება მიიღოს დიდი ავიაკომპანიების სამედიცინო დეპარტამენტებისგან, ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციისგან (www.faa.gov), მოგზაურობაზე ინფორმაციის ინტერნეტწყაროებიდან ან ადგილობრივი სამოგზაურო კლინიკებისგან.