პრობლემები დანიშნულების ადგილას | მკურნალი.გე
  1. პრობლემები დანიშნულების ადგილას
  2. მოგზაურობა და ჯანმრთელობა
  3. საგანგებო საკითხები
პრობლემები დანიშნულების ადგილას

უცხო ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია პრობლემების თავიდან აცილება. ბევრ ადამიანს ყველაზე მეტად რაიმე ინფექციის გადადების რისკი აწუხებს მსოფლიოს შორ რეგიონებში ყოფნისას, მაგრამ მოგზაურების დაღუპვის ყველაზე ხშირი მიზეზი გულის დაავადებაა. ეს პათოლოგია არამოგზაურთა სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზიცაა, რაც ნიშნავს, რომ საკუთარი ჯანმრთელობისთვის ყურადღების მიქცევა გამგზავრებამდე ყველაზე კარგი საშუალებაა მოგზაურობისას ავადმყოფობის თავიდან ასაცილებლად.

ტრავმები

ახალგაზრდა და შუახნის ასაკის მოგზაურების სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზი ტრავმებია, ძირითადად, სახმელეთო და საზღვაო უბედური შემთხვევები. ამის თავიდან აცილება საღი აზრის მეშვეობითაც შეიძლება. მაგალითად, თუ ადამიანი მიჩვეული არაა უცხო ქვეყანაში მანქანით მოძრაობის წესებს (მაგ. ინგლისში მარცხენა მხარეს ატარებენ, ამერიკის შეერთებულ შტატებში კი – მარჯვნივ), მას შეუძლია საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლოს ან დაიქირაოს გამოცდილი მძღოლი. მოგზაურები უნდა მოერიდონ გადაჭედილ ტაქსებსა და ბორანებს, ღამით ტარებას, ცუდად განათებულ ადგილებში ცურვას. მგზავრის სავარძელზე ჯდომის დროსაც აუცილებელია ღვედის, ხოლო ველოსიპედით გადაადგილებისას ჩაფხუტის გაკეთება. უცხო ქვეყანაში ადამიანები უმჯობესია მოერიდონ მოტოციკლეტებით, მოპედებით, ავტობუსის სახურავზე ან მანქანის ღია საბარგულით მგზავრობას. არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება საჭესთან დაჯდომამდე ან ცურვამდე, მაშინაც კი, თუ კანონით ეს აკრძალული არ არის, კანონები საერთოდ არ არსებობს ან მათ არავინ იცავს.

ბევრ ქალაქში გადაადგილება საშიშია ღამით და ზოგან – დღისითაც კი. შესაბამისად, მოგზაური უნდა მოერიდოს მარტო სიარულს ცუდად განათებულ ან ცარიელ ქუჩებში, განსაკუთრებით კი იმ ქვეყნებში, სადაც აშკარად ჩანს, რომ იგი უცხოელია.

მოგზაურთა დიარეა

მოგზაურთა დიარეა ყველაზე ხშირი ინფექციური დაავადებაა უცხო ქვეყნებში გადაადგილებისას. რისკის შემცირება შემდეგნაირად შეიძლება:

  • დასალევად და კბილების გასახეხად ქარხნული, ბოთლის, გაფილტრული, ადუღებული ან ქლორიანი წყალი გამოიყენეთ;

  • მოერიდეთ ყინულს;

  • ახალმომზადებული საკვები მიირთვით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დუღილის ტემპერატურამდე გაცხელდა;

  • მხოლოდ ის ხილი და ბოსტნეული მიირთვით, რომელსაც თავად ფცქვნით ან თლით;

  • არ მიირთვათ ქუჩაში ნაყიდი საკვები;

  • ხშირად დაიბანეთ ხელები;

  • არ მიიღოთ საკვები, რომელზეც, სავარაუდოდ, ბუზები ისხდნენ.

მოგზაურთა დიარეის თავიდან აცილება ზოგი ანტიბიოტიკის მიღებითაც შეიძლება. თუმცა, ამას გვერდითი მოვლენების რისკი ახლავს თან და იზრდება საშიშროება, რომ ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული მიკრობები განვითარდება. ამიტომ ექიმები პროფილაქტიკურ ანტიბიოტიკოთერაპიას მხოლოდ იმ ადამიანებს ურჩევენ, ვისაც იმუნოდეფიციტი აქვს.

შემთხვევათა უმრავლესობაში მოგზაურთა დიარეა თავისით გაივლის და მხოლოდ სითხეების დიდი რაოდენობით მიღებას საჭიროებს გაუწყლოების თავიდან ასაცილებლად. ჩვეულებრივი, გამჭვირვალე სასმელები (კოფეინისა და ალკოჰოლის გარეშე), როგორც წესი, საკმარისია. პატარა ბავშვებისა და მოხუცებისთვის შესაძლოა უმჯობესი იყოს პერორალური სარეჰიდრატაციო საშუალების ან სპეციალური ფხვნილით დამზადებული ხსნარის მიღება. სხვა მეთოდებიც არსებობს, მაგრამ ყოველთვის საჭირო არ არის.

იმ ადამიანებს, ვისაც საშუალო სიმძიმის ან მძიმე სიმპტომები აქვს (8 საათის განმავლობაში კუჭის მოქმედება 3-ჯერ და მეტჯერ, ჩამოუყალიბებელი განავლით), შეიძლება დასჭირდეთ ანტიბიოტიკების მიღება, განსაკუთრებით კი, თუ გამოხატულია ღებინება, ცხელება, მუცლის მოვლითი ტკივილი ან სისხლიანი განავალი. მსოფლიოს რეგიონების უმრავლესობაში მიზანშეწონილია ციპროფლოქსაცინის ან ოფლოქსაცინის მიღება. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ინდოეთის ნახევარკუნძულზე აზითრომიცინია შედეგიანი. მოგზაურობამდე საჭიროა ექიმთან დაკავშირება ანტიბიოტიკის რეცეპტისთვის. 6 წლის ასაკის ზემოთ, თუ სისხლიანი განავალი, ცხელება და მუცლის ტკივილი არ ვლინდება, შეიძლება დიარეის საწინააღმდეგო წამლის, ლოპერამიდის მიღებაც (იგი ურეცეპტოდ იყიდება).

უფროსი ასაკის მოგზაურებისა და პატარა ბავშვებისთვის არსებობს სარეჰიდრატაციო ხსნარის დასამზადებელი სპეციალური ფხვნილები. მათი არქონის შემთხვევაში ხსნარის დამზადება შეიძლება ცოტა მარილის, სოდის და შაქრის ან თაფლის წყალში გარევით. თუმცაღა, ისინი ყურადღებით უნდა დამზადდეს, რადგან პატარა ბავშვები ძალიან ავად შეიძლება გახდნენ, თუ არასწორად მომზადებული ხსნარი დიდი რაოდენობით მიიღეს (მაგალითად, თუ იგი კარგად არ იქნება გაზავებული).

მალარია

მალარია ტროპიკულ სარტყელშია გავრცელებული. მისი პრევენცია შეიძლება კოღოებისგან თავის დაცვითა და ანტიმალარიული მედიკამენტის მიღებით. კოღოს კბენისგან დასაცავად არსებობს შემდეგი მეთოდები:

  • გრძელმკლავიანი ზედატანისა და გრძელი შარვლის ტარება (განსაკუთრებით, გამთენიისას და საღამოს, როცა კოღოები ყველაზე აქტიურნი არიან);

  • კოღოების საწინააღმდეგო ბადის ქვეშ ძილი;

  • პერმეთრინით გაჟღენთილი ტანსაცმლის ტარება;

  • მწერების საწინააღმდეგო ისეთი საშუალების გამოყენება, რომელიც დიეთილტოლუამიდს (DEET) შეიცავს.

მწერების საწინააღმდეგო საშუალებები ადამიანებს იცავს კოღოების გადატანილი სხვა დაავადებებისგანაც, როგორიცაა დენგეს და ყვითელი ცხელება. თუმცაღა, ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც საჭიროა მალარიის საწინააღმდეგო წამლის (მეფლოქვინი, ქლოროქვინი ან ატავაქვინი/პროგუანილი) მიღება.

შისტოსომოზი

შისტოსომოზი გავრცელებული და პოტენციურად მძიმე ინფექციაა, რომელსაც მტკნარ წყლებში არსებული პარაზიტი იწვევს აფრიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ჩინეთსადა სამხრეთი ამერიკის აღმოსავლეთ რეგიონში. მისი თავიდან აცილება შეიძლება გავრცელების ადგილებში მტკნარ წყალთან დაკავშირებული აქტივობებისგან თავის შეკავებით.

ტილები და მუნი

ტილები და მუნი ხშირი პრობლემაა ადამიანების მჭიდრო დასახლებებში, ნაკლებგანვითარებულ ადგილებსა და იმ რეგიონებში, სადაც ჰიგიენა ცუდადაა დაცული. მკურნალობა ტარდება პერმეთრინით, მალათიონით ან ლინდანის ლოსიონებით. თუმცა, ეს საშუალებები პრევენციისთვის არ გამოიყენება.

სქესობრივად გადამდები ინფექციები

სქესობრივად გადამდები ინფექციები უფრო გავრცელებულია განვითარებად ქვეყნებში. ეს დაავადებებია, მათ შორის, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) ინფექცია, გონორეა, სიფილისი, ტრიქომონიაზი და B ჰეპატიტი. ყველა მათგანის თავიდან აცილება შეიძლება სქესობრივი კავშირისგან თავის შეკავებით ან პრეზერვატივის სწორად და მუდმივად გამოყენებით. აივინფექცია და B ჰეპატიტი სისხლითა და ნემსებითაც გადაეცემა, ასე რომ, მოგზაური არ უნდა დათანხმდეს უცხო ქვეყანაში სისხლის გადასხმას, თუ არ დარწმუნდება, რომ იგი შემოწმებულია ინფექციებზე. მან, ასევე, უნდა მიაქციოს ყურადღება, რომ ინექციები მხოლოდ ერთჯერადი და უხმარი შპრიცებით გაუკეთდეს.