ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით გამოწვეული ინფექცია | მკურნალი.გე
  1. ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით გამოწვეული ინფექცია
  2. ინფექციები
ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით გამოწვეული ინფექცია

  • ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ) გადაეცემა ადამიანის ორგანიზმიდან გამოყოფილ ვირუსის შემცველ სითხესთან კონტაქტის გზით;

  • აივი ანადგურებს სისხლის გარკვეული ტიპის თეთრ უჯრედებს და ამის შედეგად ასუსტებს ორგანიზმის დაცვით უნარს ინფექციების და კიბოს მიმართ;

  • პირველად ინფიცირების დროს ადამიანებს აღენიშნებათ ცხელება, გამონაყარი, ლიმფური ჯირკვლების შეშუპება და საერთო სისუსტე, რაც რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში გრძელდება;

  • ბევრი ინფიცირებული ადამიანი კარგად გრძნობს თავს წლების მანძილზე, ათი წლის ფარგლებში, თუმცა ადამიანების თითქმის ნახევარს უვითარდება შიდსი, სხვადასხვა სერიოზული ინფექცია და კიბო. საბოლოო ჯამში ინფიცირებული ადამიანების უმრავლესობა შიდსით ავადდება;

  • დიაგნოზის დადასტურება შეიძლება აივ ანტისხეულების გამოვლენით და მათი რაოდენობის განსაზღვრის საფუძველზე;

  • ანტივირუსული მკურნალობით ჩვეულებრივ, ორი ან სამი მედიკამენტის გამოყენებით შეიძლება შიდსის რეციდივების სიხშირის შემცირება, მაგრამ აივ ვირუსების განადგურება არ ხდება.

აივ ინფექციები ორი რეტროვირუსიდან ერთ-ერთმა შეიძლება გამოიწვიოს: აივ-1 ან აივ-2. აივ-1 იწვევს მსოფლიო მასშტაბის ეპიდემიებს, ხოლო აივ-2-ის გავრცელება აღმოსავლეთ აფრიკით შემოიფარგლება.

აივ ანადგურებს სისხლის გარკვეული ტიპის თეთრ უჯრედებს (სახელწოდებით CD4+ ლიმფოციტი). ლიმფოციტები წარმოადგენენ უჯრედებს, რომლებიც ადამიანის ორგანიზმს უცხო უჯრედების, ინფექციური აგენტების და კიბოსგან დაცვაში ეხმარება. როცა აივ ანადგურებს CD4+ ლიმფოციტებს, ადამიანები ვეღარ უმკლავდებიან სხვადასხვა ინფექციური აგენტების ზემოქმედებას. აივ ინფექციის ბევრი გართულება, სიკვდილის ჩათვლით, ჩვეულებრივ სხვა ინფექციების და არა აივ ინფექციის პირდაპირი ზემოქმედებით ხდება.

შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი (შიდსი) არის აივ ინფექციის ყველაზე მძიმე ფორმა. აივ ინფექცია იმ შემთხვევაში განიხილება როგორც შიდსი, როდესაც ვითარდება სერიოზული გართულებები მძიმე დაავადების ფორმით ან როცა CD4+ ლიმფოციტების რაოდენობის მნიშვნელოვნად დაქვეითებას აქვს ადგილი.

აივ ინფექცია საწყისს იღებს მეოცე საუკუნის პირველი ნახევრიდან, დასავლეთ-ცენტრალური აფრიკიდან, როცა შიმპანზეს ვირუსით პირველად დაინფიცირდნენ ადამიანები. აივ-1 ვირუსის გლობალური გავრცელება აღინიშნა 1970 წელს და შიდსის არსებობა პირველად ოფიციალურად იქნა აღიარებული 1981 წელს. ჩრდილოეთ ამერიკაში 2007 წლის დეკემბრისათვის 1/3 მილიონი ადამიანი აივ ინფექციით იყო დაავადებული და ამავე პერიოდში ახალდაინფიცირებულთა რაოდენობა 46000 – დან 56000-მდე ადამიანს შეადგენდა. ყოველ წელს 21000 სიკვდილის შემთხვევა აღირიცხება. მსოფლიოში, დაახლოებით 33,2 მილიონი ადამიანი აივ ინფიცირებულად ითვლება, აქედან 2,5 მილიონი ახალი დაინფიცირებულია და ყოველ წელს 2,1 მილიონი სიკვდილის შემთხვევა აღინიშნება. ყველაზე ხშირია ინფექციის შემთხვევები (95%) განვითარებად ქვეყნებში, დაინფიცირებულთაგან ნახევარი ქალია და შვიდიდან ერთი – 15 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვი. მოსალოდნელია მთელი თაობის სიცოცხლის ხანგრძლივობის დრამატულად შემცირება.

ინფექციის გადაცემა

აივ ინფექციის გადაცემა ხდება ვირუსების ან ინფიცირებული უჯრედების შემცველ სითხესთან კონტაქტით. აივ არსებობს ორგანიზმის თითქმის ყველა სითხეში, მაგრამ მისი გადაცემა ძირითადად ხდება სისხლიდან, სპერმიდან, ვაგინალური სეკრეტიდან და ქალის რძიდან. მიუხედავად იმისა, რომ აივ-ის მცირე რაოდენობას შეიცავს ცრემლი, შარდი და ნერწყვი ამ სითხეებით ინფექციის გადაცემა იშვიათად ან საერთოდ არ ხდება. აივ არ გადაეცემა სამუშაო ადგილებზე, სკოლაში ან სახლში შემთხვევითი კონტაქტის დროს (როცორიცაა შეხება, ხელის მოხვევა ან "მშრალი კოცნა"), ან ახლო, მაგრამ არა სექსუალური კონტაქტით. აივ-ის გადაცემის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა ინფიცირებული ადამიანის ხველების ან ცემინების ან კოღოს კბენის გზით. ინფიცირებული ექიმიდან ან სტომატოლოგიდან პაციენტზე ინფექციის გადაცემა იშვიათია.

აივ-ის გადაცემის გზები შემდეგია:

  • სექსუალური კონტაქტისას ინფიცირებულ პიროვნებასთან, რომლის დროსაც პირის ღრუს, ვაგინის, პენისის ან ანუსის ლორწოვანზე ხდება დაბინძურებული სითხეების ზემოქმედება (კერძოდ, დაუცველი სექსუალური ურთიერთობების დროს);

  • დასნებოვნებული სისხლის გადასხმის დროს საინექციოდ ნახმარი ნემსების გამოყენებისას ან აივ დაინფიცირებული ნემსის შემთხვევით ჩხვლეტის დროს;

  • ინფიცირებული დედიდან ბავშვზე აივ-ის გადაცემა შეიძლება მოხდეს დაბადებამდე, დაბადების დროს ან დაბადების შემდეგ – დედის რძიდან.

აივ ინფექციით დაავადების რისკი მატულობს კანის ან ლორწოვანის დაზიანების (თუნდაც მინიმალური) შემთხვევაში, როგორც ეს შეიძლება მოხდეს უხეში სექსუალური ურთიერთობების დროს. აივ-ის სექსუალური გზით გადაცემის შესაძლებლობა მატულობს, თუ პარტნიორს აქვს ჰერპესი, სიფილისი ან სხვა სქესობრივად გადამდები დაავადებები (სგდ), რომლებიც ხშირად იწვევენ კანის მთლიანობის დარღვევას ან გენიტალიების ანთებას, თუმცა აივ-ის გადაცემა შეიძლება მაშინაც მოხდეს, როცა არც ერთ პატნიორს არ აქვს სგდ ან კანის მთლიანობის გამოხატული დარღვევა. აივ-ის გადაცემა შეიძლება აგრეთვე ორალური სექსუალური ურთიერთობისას, თუმცა ეს უფრო იშვიათად ხდება, ვიდრე ვაგინალური ან ანალური სექსის დროს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპასა და ავსტრალიაში, აივი ძირითადად ვრცელდება ჰომოსექსუალურ მამაკაცებს შორის კონტაქტით და ნარკომანებს შორის ნემსების გაცვლის შემთხვევაში. თუმცა, ჰეტეროსექსუალური კონტაქტის გზით ინფექციის გადაცემის შემთხვევების სიხშირე სწრაფად მატულობს. აფრიკაში, კარიბის ზღვის მიდამოებში და აზიაში აივ-ის გადაცემა ძირითადად ჰეტეროსექსუალებს შორის კონტაქტის გზით ხდება და აივ ინფექცია ერთნაირი სიხშირით გხვდება მამაკაცებსა და ქალებში. ამერიკის შეერთებულ შტატებში აივ ინფექციის მქონე ადამიანებს შორის 30% ქალია. 1992 წლამდე აივ ინფექციის მქონე ქალების უმეტესობა ინფიცირდებოდა წამლების შესაყვანად დაინფიცირებული ნემსების გამოყენების შედეგად. ამჟამად ინფიცირების შემთხვევების უმრავლესობა სექსუალური კონტაქტით არის გამოწვეული.

ჯანდაცვის მუშაკებში აივ დაინფიცირებული ნემსის შემთხვევით ჩხვლეტის შედეგად დაავადების განვითარების რისკი სამასიდან მხოლოდ ერთს შეიძლება ჰქონდეს. რისკი მატულობს ნემსის ღრმად ჩხვლეტისას, თუ ამ ნემსზე არის აივ-ით დაინფიცირებული სისხლი (სისხლის გამოღების დროს გამოყენებული ნემსის ჩათვლით). რისკი შედარებით ნაკლებია, როცა ნემსი უბრალოდ დასვრილია სისხლით (მედიკამენტის შესაყვანად ან ჭრილობის გასაკერად გამოყენებული ნემსები). ინფიცირებული სითხის შხეფების მოხვედრისას პირის ღრუში ან თვალებში ინფექციის განვითარების რისკი შეადგენს 1000-დან ერთ შემთხვევას. ანტივირუსული მედიკამენტების კომბინირებულად გამოყენება, თუ ეს ინფიცირების მომენტიდან მალე მოხდა, ამცირებს დაინფიცირების რისკს სამედიცინო დაწესებულებებში მოულოდნელი ინციდენტის შემთხვევაში, მაგრამ ვირუსის სრულ ელიმინაციას ვერ უზრუნველყოფს.

ჰემოფილიით დაავადებულ ადამიანებში, რომლებსაც ხშირად ესაჭიროებათ სისხლის ან სისხლის შემცველების გადასხმა, ხშირია ინფიცირების შემთხვევები, რადგან გადასასხმელი სისხლი ან მისი შემცვლელები ხშირად შეიძლება იყოს აივ-ით დაინფიცირებული. შიდსით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევები ყველაზე ხშირია ასეთი ადამიანების კონტინგენტში. ამიტომ 1985 წლიდან უმეტესობა განვითარებულ ქვეყნებში გადასასხმელი სისხლი ან მისი შემცვლელები მოწმდება აივ-ის შემცველობაზე და ისინი, როცა საჭიროა, მაღალ ტემპერატურაზე მუშავდება აივ ინფექციის რისკის ელიმინაციის მიზნით. ამჟამად აივ ინფექციის განვითარების რისკი სისხლის (რომელიც შემოწმებულია აივ და სხვა ვირუსების არსებობაზე განვითარებულ ქვეყნებში) ერთჯერადი გადასხმის დროს შეიძლება იყოს 600000-ზე ერთი შემთხვევა.

დედები და ბავშვები: ისეთ შემთხვევებში, როცა ქალების დიდი რაოდენობა, რომლებსაც ბავშვის გაჩენის პოტენცია გააჩნიათ, აივ ინფიცირებულია, არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ მოიმატებს აივ ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა. ზოგადად, ორსულობის 30%-დან – 50% შემთხვევაში, იმ ორსულების ჩათვლით, რომლებიც აივ ინფიცირებული არიან და მკურნალობა არ ჩატარებიათ, აივ ინფექციის გადაცემა ნაყოფზე შესაძლებელია მოხდეს პლაცენტიდან ან მშობიარობის დროს სამშობიარო გზებში გასვლის პროცესში. ჩვილების აივ-ით დაინფიცირება შეიძლება ასევე მოხდეს ქალის რძიდან. ძუძუთი კვების დროს დაინფიცირების რისკი დამოკიდებულია ძუძუთი კვების ხანგრძლივობაზე, თუმცა რისკი მაინც მაღალია და 75% აღწევს.

  • ინფიცირებული ორსულების მკურნალობით, ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში და მშობიარობის დროს სამკურნალო პრეპარატების ინტრავენურად შეყვანით შეიძლება ინფექციის გადაცემის რისკი შემცირდეს 2/3-ით ან მეტად. საკეისრო კვეთა, დედის მკურნალობა მშობიარობის პროცესში და ახალშობილის მკურნალობა დაბადებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში ამცრებს რისკს. ინფიცირებულმა დედებმა არ უნდა კვებონ ბავშვები ძუძუთი, თუ ისინი ცხოვრობენ ისეთ ქვეყნებში, სადაც ხელოვნური კვება უსაფრთხოა და ხელმისაწვდომი. მაგრამ იმ ქვეყნებში, სადაც ინფექციური დაავადებები და შიმშილობა ბავშვთა სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზებია და სადაც არ არის ხელმისაწვდომი ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი მზა საკვები, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით დედებმა უნდა კვებონ ბავშვები ძუძუთი. ასეთ შემთხვევებში გასათვალისწინებელია ძუძუთი კვების გზით პოტენციურად ფატალური სხვა ინფექციებისაგან დაცვის შესაძლებლობა, აივ ინფექციის გადაცემის შესაძლებლობის საპირწონედ.

ინფიცირების მექანიზმი

სხეულში შესვლისას, აივ მიემაგრება თეთრი უჯრედების რამდენიმე სახეობას. ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის არიან T-ჰელპერი ლიმფოციტები. T-ჰელპერები ააქტიურებენ და კოორდინაციას უწევენ სხვა უჯრედების იმუნურ სისტემას. ამ ლიმფოციტებს ზედაპირზე აქვს რეცეპტორები სახელწოდებით CD4, რომლებიც შესაძლებლობას აძლევენ აივ-ს მათ მიემაგრონ. ეს ჰელპერები ცნობილები არიან როგორც CD4+ .

აივ ინახავს თავის გენეტიკურ ინფორმაციას რიბონუკლეინის მჟავას სახით (რნმ). CD4+-ის შიგნით ვირუსი იყენებს ენზიმს, სახელწოდებით (რევერსაზა), რათა მისი რნმ-ის კოპირება მოახდინოს, თუმცა ეს კოპირება ხდება არა რნმ-ის, არამედ დეზოქსირიბონუკლეაზას (დნმ) სახით. აივ-ი ადვილად განიცდის მუტაციას რევერსაზას შეცდომის დაშვებისადმი მიდრეკილების გამო რნმ-ის დნმ-ად გარდაქმნის პროცესში. ასეთი მუტაციის შედეგად უფრო რთული ხდება აივ-ის გაკონტროლება ორგანიზმის იმუნური სისტემის მხრივ ან მედიკამენტების გამოყენებით.

ვირუსის დნმ-ის ასლი ჩაერთვება ინფიცირებული ლიმფოციტის დნმ-ში. ლიმფოციტების საკუთარი გენეტიკური აპარატის გამოყენებით იწყება ვირუსის გამრავლება. საბოლოო ჯამში ლიმფოციტები ნადგურდება. ათასობით ახალი ვირუსი, რომლებსაც ინფიცირებული უჯრედები გამოიმუშავებენ, აინფიცირებენ სხვა ლიმფოციტებს და მათაც ანადგურებენ. რამდენიმე დღეში ან კვირაში ვირუსების შემცველობა სისხლში და ვაგინის სითხეში საკმაოდ დიდია და ასევე CD4+ ლიმფოციტების რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება. გამომდინარე იქიდან, რომ აივ-ით ინფიცირების შემდეგ ძალიან სწრაფად ხდება ვირუსების დიდი რაოდენობით შესვლა სისხლში და ვაგინალურ სითხეში, ახალინფიცირებულ ადამიანებს ადვილად შეუძლიათ აივ-ის გავრცელება სხვებზე.

როცა აივ ინფექციის ზემოქმედებით ხდება CD4+ ლიმფოციტების დაშლა, ეს ასუსტებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას, რომელიც ჩვეულებრივ ბევრი ინფექციისგან და კიბოს განვითარებისგან იცავს ორგანიზმს. იმუნიტეტის დასუსტების გამო ორგანიზმს აღარ შესწევს აივ ინფექციის ელიმინაციის უნარი. თუმცა მას შეუძლია გარკვეულწილად საპასუხო რეაგირება. ინფიცირებიდან ერთი ან ორი თვის განმავლობაში ორგანიზმი გამოიმუშავებს ლიმფოციტებს და ანტისხეულებს, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლში აივ-ის რაოდენობის დაქვეითებას. მათ შეუძლიათ ინფექციის მიმდინარეობის გაკონტროლება. ამის შედეგად, არანამკურნალები აივ ინფექცია შეიძლება სიმპტომების გარეშე გაგრძელდეს საშუალოდ 10 წელი (2-დან 20 წლამდე).

CD4 დათვლა: სისხლში CD4+ ლიმფოციტების რაოდენობა აჩვენებს, რამდენად კარგად შეუძლია ადამიანის იმუნურ სისტემას, დაიცვას ორგანიზმი ინფექციებისაგან და აგრეთვე, რამდენად მძიმეა აივ-ით გამოწვეული დაზიანება. ჯანმრთელ ადამიანებში CD4-ის რაოდენობრივი მაჩვენებელი არის დაახლოებით 800-დან 1300 უჯრედამდე სისხლის ერთ მიკროლიტრში. დაავადების ტიპურ შემთხვევებში CD4+ ლიმფოციტების რაოდენობა 40%-დან 60%-მდე ნადგურდება ინფექციის პირველ თვეებში. 3-6 თვის შემდეგ CD4 რაოდენობის დაქვეითება ჩერდება, მაგრამ მკურნალობის გარეშე იგი ჩვეულებრივ აგრძელებს შემცირებას სხვადასხვა სისწრაფით.

თუ CD4-ის რაოდენობა დაეცა 200 უჯრედზე ქვევით ერთ მიკროლიტრში, ეს ნიშნავს, რომ იმუნურ სისტემას ნაკლებად შეუძლია ებრძოლოს ინფექციას (როგორიცაა სოკოვანი ინფექცია, რომელიც იწვევს პნევმოცისტურ პნევმონიას). ამგვარი ინფექციები ჩვეულებრივ არ ემართებათ ძლიერი იმუნიტეტის მქონე ადამიანებს. ამ ინფექციებს უწოდებენ ოპორტუნისტულ ინფექციებს, რადგან ისინი იყენებენ დასუსტებულ იმუნურ სისტემას. სისხლის ერთ მიკროლიტრში 50-ზე ნაკლები რაოდენობის უჯრედის არსებობა განსაკუთრებით საშიშია ოპორტუნისტული ინფექციების განვითარების თვალსაზრისით, რომლებიც სწრაფად იწვევენ მძიმე სიპტომების განვითარებას, როგორიცაა წონაში დაკლება, სიბრმავე და სიკვდილი.

ვირუსული დატვირთვა: აივ-ის რაოდენობას სისხლში (კერძოდ, აივ-ის რნმ-ის ასლების რაოდენობას) უწოდებენ ვირუსულ დატვირთვას, რომელიც აჩვენებს რა სისწრაფით შეუძლია აივ-ს გამრავლება. ადამიანის პირველადი დაინფიცირების დროს ვირუსული დატვირთვა სწრაფად იმატებს, შემდეგ მკურნალობის გარეშე იგი ეცემა დაბალ საზღვრამდე და რჩება ამ დონეზე თითქმის მუდმივად, რასაც უწოდებენ "სეტპოინტს". ეს დონე ფართოდ ვარირებს სხვადასხვა ადამიანებში. ვირუსული დატვირთვა აჩვენებს, რამდენად კონტაგიოზურია დაავადება და რა სისწრაფით შეიძლება მოხდეს მისი მიმდინარეობის დამძიმება.

წარმატებული მკურნალობის პროცესში, ვირუსული დატვირთვა იწევს დაბლა ან თითქმის შეუმჩნეველ ზღვრამდე. თუმცა აივ-ის არააქტიური ფორმა (Latent) ისევ რჩება უჯრედში და თუ მკურნალობა შეწყდა, აივი იწყებს გამრავლებას. ვირუსული დატვირთვის მაჩვენებლის მომატება მკურნალობის პროცესში მიუთითებს იმაზე, რომ აივ-ი რეზისტენტული გახდა მედიკამენტური მკურნალობის მიმართ ან შესაძლოა ადამიანები თვითნებურად არ იღებენ მედიკამენტებს, ან ორივე ერთად.

სიმპტომები

ინფიცირების საწყის ეტაპზე ადამიანებს არავითარი შესამჩნევი სიმპტომი არ უვლინდებათ, მაგრამ რამდენიმე კვირაში შეიძლება განვითარდეს ცხელება, გამონაყარი, ლიმფური კვანძების გადიდება, დაღლილობა და ზოგიერთი ნაკლებად ხშირი სიმპტომი. პირველადი აივ ინფექცია გრძელდება რამდენიმე დღიდან 1-2 კვირის განმავლობაში. შემდეგ სიმპტომები ქრება, მაგრამ ლიმფური კვანძები გადიდებული რჩება და შეხებით შეიგრძნობა, როგორც პატარა უმტკივნეულო ბურთულები კისერზე, იღლიების მიდამოში ან საზარდულში. ადამიანები შეიძლება წლების განმავლობაში იყვნენ აივ ინფიცირებული – 10 წელი და მეტიც – სანამ სიმპტომები განვითარდება. პირველი სიმპტომები შეიძლება იყოს შიდსისთვის დამახასიათებელი ნიშნები. შიდსის დიაგნოზის ქვეშ იგულისხმება სერიოზული ოპორტუნისტული ინფექციების გამოვლენა, რაც მხოლოდ იმ აივ ინფიცირებულ ადამიანებში ხდება, რომლებსაც CD-ის რაოდენობა 200-ზე ნაკლები აქვს. სანამ შიდსი განვითარდება, ბევრი ადამიანი კარგად გრძნობს თავს, თუმცა ზოგიერთს შეიძლება აღენიშნოს სხვადასხვა გაურკვეველი სიმპტომები, როგორიცაა წონაში დაკლება, დაღლილობა, ცხელების ან დიარეის ეპიზოდები, ანემია და რძიანა (პირის ღრუს ან ვაგინის სოკოვანი ინფექცია) შიდსის სიმპტომები ჩვეულებრივ ისეთივეა, როგორიც ოპორტუნისტული ინფექციების და კიბოს შემთხვევაში ვითარდება. ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ რძიანასთვის დამახასიათებელი ლაქები პირის ღრუში ან სარტყლისებური ლიქენისთვის დამახასიათებელი გამონაყარი და ტკივილი.

შიდსის დროს შეიძლება აგრეთვე გამოვლინდეს სხვადასხვა ორგანოების დაზიანება შესაბამისი სიმპტომებით:

  • ტვინი: მეხსიერების დაკარგვა, აზროვნებისა და კონცენტრაციის უნარის შეფერხება, რაც ზოგჯერ დემენციაში გადადის, ასევე საერთო სისუსტე, ტრემორი, სიარულის გაძნელება;

  • თირკმლები: სახის, ფეხების შეშუპება, დაღლილობა, შარდვის დარღვევა (უფრო ხშირია შავკანიანებში ვიდრე თეთრკანიანებში), თუმცა ეს სიმპტომები არ ვლინდება მანამ, სანამ დაავადება არ დამძიმდება;

  • გული: ქოშინი, ხველა და დაღლილობა (იშვიათია);

  • გენიტალური ორგანოები: სქესობრივი ჰორმონების დონის დაქვეითება, რაც კაცებს სექსისადმი ინტერესს აკარგვინებს (ხშირია).

შიდსი შეიძლება იყოს ზოგიერთი ადამიანის წონაში დაკლების მიზეზი (შიდსით გამოფიტვა). თუმცა შიდსით დაავადებულებში ორგანიზმის გამოფიტვა შეიძლება გამოწვეული იყოს მთელი რიგი სხვა ინფექციებით, მათ შორის კუჭ-ნაწლავის არანამკურნალები პერსისტირებული ინფექციით.

კაპოშის სარკომა, წარმოადგენს კიბოს, რომელსაც იწვევს სექსუალური გზით გადამდები ჰერპესვირუსის გარკვეული სახეობა. ამ დროს ჩნდება უმტკივნეულო წითელი ფერის, ზოგჯერ მეწამული ფერის, კანიდან ამოწეული ლაქები. იგი შიდსის მქონე ბევრ ადამიანს უვითარდება, განსაკუთრებით ჰომოსექსუალურ მამაკაცებს. შეიძლება განვითარდეს იმუნური სისტემის კიბო (ლიმფომა, ტიპური არაჰოჯკინის ლიმფომა), რომელიც შეიძლება თავის ტვინშიც გაჩნდეს. ტვინის კიბომ შეიძლება გამოიწვიოს ხელის და ფეხის ცალმხრივად დასუსტება, თავის ტკივილი, ცნობიერების დარღვევა ან პიროვნული თვისებების შეცვლა. შიდსით დაავადება სხვა სახის კიბოს რისკს აძლიერებს. ჰომოსექსუალი მამაკაცები მიდრეკილი არიან სწორი ნაწლავის კიბოს განვითარებისადმი, რომელსაც იწვევს ადამიანის პაპილომა ვირუსი (აპვ), რომელიც აგრეთვე საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი მიზეზია ქალებში.

ჩვეულებრივ, შიდსით გამოწვეული სიკვდილის მიზეზი არის ოპორტუნისტული ინფექციების, კიბოს, გამოფიტვის ან დემენციის ერთობლივი ზემოქმედების შედეგი.

დიაგნოზი

ექიმები ეკითხებიან პაციენტს შიდსის გადაცემის რისკფაქტორების არსებობის შესახებ, როგორიცაა, პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული სარისკო შემთხვევები, სექსუალური აქტივობები და საინექციო მედიკამენტების გამოყენება და აგრეთვე სპეციფიკური სიმპტომების არსებობა, როგორიცაა დაღლილობა, გამონაყარი, წონაში დაკლება. ისინი ფიზიკური გამოკვლევით ადგენენ ოპორტუნისტული ინფექციებისთვის დამახასიათებელი ნიშნების არსებობას, როგორიცაა ლიმფური კვანძების შეშუპება და თეთრი ლაქები პირის ღრუში (რომელიც მიუთითებს რძიანას არსებობაზე). ადრეული დიაგნოსტიკა მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ამით შესაძლებელია ინფიცირებული პირის სიცოცხლის გახანგრძლივება, ჯანმრთელობის შენარჩუნება და აგრეთვე იმისათვის, რომ მან არ დააინფიციროს სხვა პიროვნება აივ-ით.

თუ ექიმები ეჭვს მიიტანენ შიდსის დიაგნოზზე, ტარდება მარტივი, ზუსტი სკრინინგ ტესტი, რომლის საშუალებით დგინდება შიდსის საწინააღმდეგო ანტისხეულიების არსებობა. ამ ტესტით გამოიკვლევა სისხლის ნიმუში ლაბორატორიულად ან სისხლის და ნერწყვის ნიმუშები ექიმის ოფისში. თუ სკრინინგ-ტესტების შედეგები დადებითია, მათი დიაგნოზის დადასტურება ხდება უფრო ზუსტი სპეციფიკური ტესტით, როგორიცაა ანტისხეულების განმსაზღვრელი ვესტერნ ბლოტის მეთოდი. ხშირად ტესტები დადებით შედეგს არ იძლევა აივ ინფექციის დაწყებიდან პირველი ორი კვირის ან ორ თვეზე მეტი პერიოდის განმავლობაში, რადგან ანტისხეულების გამომუშავება ჯერ კიდევ არ არის დაწყებული. ეს ტესტები შემდეგია:

  • ენზიმთან დაკავშირებული იმუნოსორბენტული შეფასება. (ELISA) ეს სკრინინგ-ტესტი ხშირად გამოიყენება აივ ანტისხეულების გამოსავლენად, მაგრამ იგი მოითხოვს სპეციალურ აღჭურვილობას;

  • უახლესი სწრაფი სკრინინგ-ტესტი: ეს ტესტი ამჟამად სულ უფრო ხშირად გამოიყენება ანტისხეულების არსებობის დასადგენად. იგი შეიძლება გაკეთდეს ნებისმიერ დაწესებულებაში და სწრაფად ხდება შედეგის მიღება;

  • ვესტერნ ბლოტი: ეს ტესტი ჩვეულებრივ გამოიყენება დიაგნოზის დასაზუსტებლად, როცა სკრინინგ-ტესტები დადებითია. მისი გაკეთება უფრო რთულია, ვიდრე სკრინინგ-ტესტების, მაგრამ იგი უფრო ზუსტია.

სხვა ტესტები, როგორიცაა ვირუსული დატვირთის ან P24 ანტიგენის ტესტი, რომლებიც გამოიყენება სისხლში აივ-ის გამოსავლენად, შეიძლება გაკეთდეს დაინფიცირებიდან უფრო ადრეულ პერიოდში, ვიდრე აივ ანტისხეულების განმსაზღვრელი ტესტები. თუმცა P24 ანტიგენის ტესტით დაბალი შემცველობის დროს მისი გამოვლენა რთულია.

ყველას, ვისაც აწუხებს ეჭვი, რომ არის აივ-ით დაინფიცირებული, შეუძლია, მოითხოვოს ტესტირების ჩატარება. ასეთი ტესტირება კონფიდენციალურია.

თუ აივ ინფექციის დიაგნოზი დადგენილია, რეგულარულად უნდა ჩატარდეს სისხლის ტესტირება CD4-ის რაოდენობის და ვირუსული დატვირთვის დონის განსასაზღვრავად. როცა CD4-ის დონე დაბალია, საფიქრებელია, რომ არსებობს სერიოზული ინფექციის განვითარების საშიშროება. ვირუსული დატვირთვის ტესტით შეიძლება წინასწარ განისაზღვროს, როგორი სისწრაფით შეიძლება მოიმატოს CD4 რაოდენობამ მომდევნო წლებში. ეს ორი მეთოდი ეხმარება ექიმებს დაადგინონ, თუ როდის დაიწყონ ანტირეტროვირუსული მედიკამენტების გამოყენება, როგორი იქნება მკურნალობის ეფექტი და საჭირო არის თუ არა სხვა მედიკამენტების დანიშვნა ინფექციებით გართულებების პრევენციისათვის. თუ მკურნალობა წარმატებულია, ვირუსებით დატვირთვის დონე ეცემა ძალიან დაბლა რამდენიმე კვირაში, ხოლო CD4-ის რაოდენობა თანდათან იწყებს აღდგენას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

ექიმებს შუეძლიათ სხვა ტესტების გაკეთება შესაძლო პათოლოგიების გამოსავლენად, რომლებიც ხშირად გვხვდება აივ ინფიცირებულებში (მაგალითად, ლიმფომა) და რომლებიც გავლენას ახდენენ ძვლის ტვინში სისხლის უჯრედების პროდუქციაზე. სპინალური პუნქცია (ლუმბარული პუნქცია) ან კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) ან მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა (მრკ) თავის მიდამოში – შეიძლება გაკეთდეს ისეთი დარღვევების გამოსავლენად, რომლებიც აზიანებენ თავისა და ზურგის ტვინს.

შიდსის დიაგნოზი ისმება, როცა CD4 სისხლის მიკროლიტრში 200 უჯრედზე უფრო დაბლაა ან როცა ვითარდება ძლიერი გამოფიტვა ან გარკვეული სერიოზული ოპორტუნისტული ინფექციები ან კიბო.

პრევენცია

აივ-ის გადაცემის ყველაზე ხშირი, რუტინული გზა, როგორიცაა სექსუალური კონტაქტი და საინექციო ნემსების გაცვლა, ადვილად შეიძლება იქნას თავიდან აცილებული. მაგრამ სექსუალური ურთიერთობისგან თავის შეკავება, კონდომის გამოყენება ან სუფთა ნემსების მოპოვება/გამოყენება პიროვნების გადასაწყვეტია და სოციალურად არაპოპულარულია. ბევრი ადამიანისათვის რთულია სექსუალური ჩვევების შეცვლა და ისინი აგრძელებენ აივ დაინფიცირების რისკის ქვეშ ყოფნას. ასევე, უსაფრთხო სექსისათვის მოწოდებული პრაქტიკული მეთოდები ყოველთვის არ არის მყარად საიმედო. მაგალითად, კონდომიდან შეიძლება მოხდეს გაჟონვა ან იგი შეიძლება დაზიანდეს.

სხვა მეთოდების გამოყენებამ შეიძლება გარკვეულწილად დახმარება გაუწიოს ადამიანს. მაგალითად, მამაკაცში ჩუჩის მოცილებამ, რომელიც იაფი და უსაფრთხო პროცედურაა, ინფექციის რისკი ადამიანებში შეიძლება გაანახევროს.

გამომდინარე იქიდან, რომ აივ არ გადაეცემა ჰაერით ან შემთხვევითი კონტაქტით (როგორიცაა, შეხება, ხელის მოხვევა ან "მშრალი კოცნა"), ჰოსპიტლებსა და კლინიკებში არ ხდება ინფიცირებული ადამიანების იზოლაცია, თუ მათ არ აქვთ სხვა კონტაგიოზური ინფექცია. აივ-ით დაინფიცირებული ნივთების დასუფთავება და დეზინფიცირება ადვილად შეიძლება, რადგან აივ-ის ინაქტივირება ხდება მაღალ ტემპერატურაზე და გავრცელებული სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით, როგორიცაა წყალბადის ზეჟანგი და ალკოჰოლი. ადამიანებმა, რომლებსაც თავისი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე შეიძლება ჰქონდეთ შეხება სისხლთან ან სხეულის სხვა სითხეებთან, უნდა ატარონ ლატექსის ხელთათმანები, ნიღბები და თვალების დამცველი საშუალებები. ამგვარი სიფრთხილის ღონისძიებების გატარება ეხება არა მარტო აივ ინფიცირებულის, არამედ ნებისმიერი ადამიანის სხეულის სითხესთან შეხებას ორი მიზეზის გამო: აივ-ით ინფიცირებულმა ადამიანებმა შეიძლება არ იცოდნენ, რომ ისინი დაინფიცირებულნი არიან და გარდა ამისა, სხეულის სითხიდან შეიძლება სხვა ვირუსების გადაცემაც მოხდეს.

ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ შეხება აივ-თან სისხლის შხეფების ან ნემსის ჩხვლეტის გზით ან სექსუალური კონტაქტით, შეუძლიათ შეამცირონ ინფექციის განვითარების რისკი, ანტი-აივ მედიკამენტების (ანტივირუსული მედიკამენტები) მიღებით ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში. ამ მედიკამენტების მიღება უნდა დაიწყოს რაც შეიძლება სწრაფად. რეკომენდებულია ორი ან სამი მედიკამენტის ერთდროულად მიღება 4 კვირის განმავლობაში. ვინაიდან ინფექციის განვითარების რისკი სხვადასხვა ადამიანებში განსხვავებულია, ექიმებმა და ინფიცირებულმა ადამიანებმა ერთად უნდა გადაწყვიტონ პრევენციული მკურნალობის საკითხი ინდივიდუალური შერჩევით, იმის მიხედვით, თუ რა ტიპის ექსპოზიციას ჰქონდა ადგილი.

მკურნალობა

ანტირეტროვირუსული მედიკამენტები: მედიკამენტების რამდენიმე ჯგუფი გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ. ყველა ეს მედიკამენტი ცნობილია, როგორც ანტირეტროვირუსული მედიკამენტები. ისინი ბლოკავენ ერთ-ერთი იმ ენზიმის აქტივობას, რომლითაც ხდება აივ-ის გამრავლება ადამიანის უჯრედების შიგნით. აღნიშნული მედიკამენტები მოიცავენ შემდეგს:

  • შებრუნებითი ტრანსკრიპტაზის ინჰიბიტორები: ეს მედიკამენტები აფერხებენ აივ-ის ენზიმის, ტრანსკრიპტაზას მიერ აივ-ის რნმ-ის დნმ-ად გარდაქმნის პროცესს. არსებობს ამ მედიკამენტების სამი ტიპი: ნუკლეოზიდები, ნუკლეოტიდები და არა-ნუკლეოზიდები;

  • პროტეაზას ინჰიბიტორები: ეს მედიკამენტები აფერხებენ ახალწარმოქმნილ ვირუსების უჯრედების შიგნით პროტეაზას მიერ გარკვეული პროტეინების აქტივაციის პროცესს, რის შედეგადაც მოუმწიფებელი დეფექტური ვირუსები ვერ ახდენენ ახალი უჯრედების ინფიცირებას;

  • ინტეგრაციის ინჰიბიტორები: ეს მედიკამენტები აფერხებენ აივ-ის შესვლას უჯრედში. აივ ადამიანის უჯრედში შესვლისას უერთდება CD4-ის რეცეპტორს და აგრეთვე, ერთ სხვა რეცეპტორს, როგორიცაა CCR-5. ინჰიბიტორები ბლოკავენ ამ რეცეპტორს და ამით ხელს უშლიან აივ-ის შესვლას უჯრედში;

  • ინტეგრაზის ინჰიბიტორები: ეს მედიკამენტები აფერხებენ აივ-ის დნმ-ის ადამიანის დნმ-თან ინტეგრირების პროცესს.

ეს მედიკამენტები ხელს უშლიან ვირუსების გამრავლებას. როდესაც ვირუსების გამრავლების პროცესი ფერხდება, აივ-ის მიერ CD4+ ლიმფოციტების დესტრუქცია მცირდება და CD4-ის რაოდენობა იწყებს მომატებას და შედეგად აივ-ით გამოწვეული იმუნური სისტემის დარღვევების აღდგენა იწყება. ექიმებს პროცესის უკუგანვითარების დადგენა შეუძლიათ CD4-ის რაოდენობის განსაზღვრით, რომელიც ამ დროს ნორმალურ დონეს უბრუნდება.

აივ მუდმივად ავითარებს რეზისტენტობას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს მედიკამენტები ცალ-ცალკე გამოიყენება. ვირუსის რეზისტენტობა ვითარდება რამდენიმე დღის ან თვის მკურნალობის შემდეგ და იგი დამოკიდებულია მედიკამენტის და ვირუსის სახეობებზე. ვირუსების სახეობები განსხვავებულია იმის გამო, რომ ისინი გამრავლების პროცესში მუტაციას განიცდიან. მკურნალობა უფრო ეფექტურია, როცა თუნდაც ორი ან სამი მედიკამენტის კომბინაცია გამოიყენება ჩვეულებრივ, ერთ-ერთი ქვემოთ მოცემული კომბინაციებიდან:

  • შებრუნებითი ტრანსკრიპტაზის სამი ინჰიბიტორები (ორი ნუკლეოზიდი პლუს არა-ნუკლეოზიდი);

  • შებრუნებითი ტრანსკრიპტაზის ორი ნუკლეოზიდი ინჰიბიტორი და ერთი ან ორი პროტეაზას ინჰიბიტორი.

  • ამ მედიკამენტების კომბინაციით მკურნალობას მოიხსენიებენ, როგორც მაღალაქტიურ ანტირეტროვირუსულ თერაპიას (მაათ). იგი გამოიყენება იმიტომ, რომ:

  • მედიკამენტების კომბინაციების გამოყენება უფრო ძლიერმოქმედია, ვიდრე ერთი მედიკამენტით მკურნალობა სისხლში აივ-ის დონის შესამცირებლად;

  • კომბინაცია ხელს უწყობს მედიკამენტებისადმი რეზისტენტობის განვითარების პრევენციას;

  • ზოგიერთი აივ-ის სამკურნალო მედიკამენტის (როგორიცაა რიტონავირი) გავლენით სისხლში სხვა მედიკამენტის (როგორიცაა პროტეაზას ინჰიბიტორები) მაღალი დონის შენარჩუნება ხდება მათი ორგანიზმიდან გამოსვლის შენელების გზით.

მაღალაქტიური ანტირეტროვირუსული თერაპიის (მაათ) საშუალებით შეიძლება შიდსის პრევენცია ან აივ ინფიცირებულ პირებში მისი განვითარების შენელება და შედეგად, მათი სიცოცხლის გახანგრძლივება.

ანტირეტროვირუსული მედიკამენტების კომბინაციას სერიოზული, არასასიამოვნო გვერდითი მოვლენები ახასიათებს, პირველ რიგში პროტეაზას ინჰიბიტორებს: ცხიმის თანდათანობითი დაგროვება მუცელზე და ქალების სარძევე ჯირკვლებში (სახელწოდებით ცენტრალური სიმსუქნე) და ცხიმის გაქრობა სახეზე, მკლავებზე და ფეხებზე. სისხლში მატულობს ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების (სისხლის ორი ტიპის ცხიმი) დონე, რის შედეგადაც იზრდება გულის შეტევების და ინსულტის განვითარების რისკი. ბევრი მედიკამენტი იწვევს გამონაყარს (კანის რეაქცია). ზოგჯერ კანის რეაქცია შეიძლება იყოს სახიფათო, განსაკუთრებით, თუ მისი გამომწვევი მიზეზი არის ნევირაპინი.

ნუკლეოზიდები (reverse transcriptase-ის ინჰიბიტორები) აზიანებენ მიტოქონდრიებს, რომლებიც ნორმაში ეხმარებიან უჯრედებს ენერგიის გამომუშავებაში. გვერდითი მოვლენები მოიცავს: ანემიას, ტერფების ტკივილს, რომელიც გამოწვეულია ნერვის დაზიანებით (ნეიროპათია), ღვიძლის დაზიანებას, რომელიც შემდეგ პროგრესირებს და ვითარდება ღვიძლის უკმარისობა, გულის დაზიანებას, რომლის შედეგად ვითარდება გულის უკმარისობა. თითოეული მედიკამენტი ხასიათდება ინდივიდუალური მიდრეკილებით ამა თუ იმ ორგანოს დაზიანებისადმი. მუდმივი მონიტორინგით და მედიკამენტების შეცვლით, ჩვეულებრივ შეიძლება სერიოზული პრობლემების თავიდან აცილება.

როდესაც მაღალაქტიური ანტირეტროვირუსული თერაპია წარმატებულია, ამან შეიძლება გამოიწვიოს იმუნური აღდგენითი ანთებითი სინდრომის განვითარება. ამ სინდრომის ფარგლებში შეიძლება გამოვლინდეს ზოგიერთი ინფექციის სიმპტომების გაუარესება, შესაძლოა იმიტომ, რომ იმუნური პასუხი გაუმჯობესდა (ადგა) და ამან გამოიწვია საპასუხო რეაქცია ანთებითი პროცესის სახით ან შეიძლება იმის გამო, რომ მკვდარი ვირუსების ნაწილებმა, რომლებიც ორგანიზმში პერსისტირებენ, შესაძლოა შეასრულონ იმუნური პასუხის გამომწვევის როლი:

მედიკამენტური მკურნალობა ეფექტურია მხოლოდ მაშინ, როდესაც მედიკამენტების მიღება დანიშნული სქემის მიხედვით ტარდება. დოზის გამოტოვება ვირუსებს აძლევს გამრავლების შესაძლებლობას და რეზისტენტობის გამომუშავების უნარს. არც ერთი მკურნალობის მეთოდი არ ახდენს სხეულიდან ვირუსების ელიმინაციას, თუმცა აივ-ის დონე ხშირად იკლებს იმდენად მკვეთრად, რომ მათი აღმოჩენა ვეღარ ხერხდება. მკურნალობის მიზანი რა თქმა უნდა ვირუსების არ არსებობაა. თუ მკურნალობა შეჩერდა, აივ-ის დონე მატულობს და CD4-ის რაოდენობა იწყებს დაქვეითებას.

რომელია მკურნალობის დაწყებისათვის საუკეთესო დრო, ბოლომდე არ არის ნათელი. ასევე უცნობია, მკურნალობის დაწყებამ რა სარგებლობა შეიძლება მოუტანოს იმ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ მწვავედ გამოხატული დაავადება ან იმ ადამიანებს, რომლებსაც CD4-ის რაოდენობა თითქმის ნორმაში აქვთ. თუმცა, იმ შემთხვევაში, როცა CD4-ის დონე დაბალია (200-ზე ნაკლები), ვირუსული დაცვისათვის კი მაღალი, საჭიროა მკურნალობის დაწყება, თუნდაც სიმპტომები არ იყოს გამოხატული. სანამ მკურნალობის კურსი დაიწყება, ადამიანებს უნდა აეხსნათ, რომ აუცილებელია მედიკამენტების მიღება დანიშნულების სქემის შესაბამისად და რომ არ შეიძლება დოზის გამოტოვება და საჭიროა აგრეთვე იმაში დარწმუნება, რომ მკურნალობა უნდა გაგრძელდეს დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში დანიშნულების მიხედვით. მედიკამენტების მიღება მთელი სიცოცხლის მანძილზე საკმაოდ რთულია, ვინაიდან მათ ბევრი მნიშვნელოვანი და არასასიამოვნო გვერდითი მოვლენები ახასიათებთ და ძალიან ძვირია. მაგრამ, ვინაიდან აივ-ის საწინააღმდეგო მედიკამენტების არარეგულარული მიღება იწვევს მედიკამენტებისადმი რეზისტენტობას, პრაქტიკოსმა ექიმებმა უნდა დაარწმუნონ ადამიანები, რომ საჭიროა სურვილების და შესაძლებლობების თანხვედრა და მათი კარგად გაცნობიერება, რომ არ დაიღვას მკურნალობის რეჟიმი.

ოპორტუნისტული ინფექციების პრევენცია: როდესაც CD4-ის რაოდენობა დაბალია, რუტინულად ინიშნება ოპორტუნისტული ინფექციების პრევენციისთვის მოწოდებული მედიკამენტები.

  • თუ CD4-ის რაოდენობა დაეცემა 200 უჯრედზე დაბლა ერთ მიკროლიტრში, ინიშნება ანტიბიოტიკი-ტრიმეტოპრიმ-სულფამეტაქსაზოლი, Pneumocystis jiroveci პნევმონიის პრევენციის მიზნით. ეს ანტიბიოტიკი ასევე იცავს ტოქსოპლაზმოზისაგან, რომელიც იწვევს ტვინის ლოკალურ დაზიანებას;

  • თუ CD4-ის რაოდენობა ეცემა 50 უჯრედზე დაბლა სისხლის ერთ მიკროლიტრში აზითრომიცინი ეძლევა ყოველკვირეულად ან კლარიტრომიცინი ან რიფაბუტინი ყოველდღიურად, Mycobacterum avium ინფექციების პრევენციის მიზნით;

  • ადამიანებს, რომლებმაც გადაიტანეს კრიპტოკოკული მენინგიტი და იმათ, ვისაც აქვს რძიანა და პირის ღრუს საყლაპავის და ვაგინის ინფექცია, გამოწვეული Candida-თი, შეიძლება მიეცეთ ანტიფუნგური მედიკამენტი – ფლუკონაზოლი ხანგრძლივი პერიოდით;

  • ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მორეციდივე herpes simplex ინფექცია პირის ღრუში, ტუჩებზე, გენიტალიებზე ან სწორი ნაწლავის მიდამოში, შეიძლება ესაჭიროებოდეთ ანტივირუსული მედიკამენტით, როგორიცაა აციკლოვირი, ხანგრძლივი მკურნალობა დაავადების რეციდივის პრევენციის მიზნით.

სხვა მედიკამენტები: სხვა მედიკამენტები გამოიყენება, როგორც დამხმარე საშუალებები შიდსთან ასოცირებული ისეთი სიმპტომების არსებობისას, როგორიცა ზოგადი სისუსტე და დაქვეითებული წნევა. მეგესტროლი და დრონაბინოლი (მარიხუანას დერივატი) აძლიერებენ მადას. შიდსით დაავადებული ბევრი ადამიანი აცხადებს, რომ ნატურალური მარიხუანა აღნიშნული მიზნისთვის უფრო ეფექტურია, ვიდრე სხვა საშუალებები. აქედან გამომდინარე, ბევრ შტატში ასეთ შემთხვევებში მარიხუანას გამოყენება ლეგალიზებულია. ანაბოლური სტეროიდები (როგორიცაა ტესტოსტერონი) ეხმარება ადამიანებს კუნთების ქსოვილის აღდგენაში. თუ მამაკაცებში ტესტოსტერონის დონე დაქვეითებულია, შეიძლება ტესტოსტერონის ინექციის გზით გამოყენება მისი დონის ასამაღლებლად.

პროგნოზი

აივ-ის ექსპოზიცია ყოველთვის არ იწვევს ინფექციას. ზოგიერთ ადამიანს, რომლებსაც ჰქონდათ ვირუსთან განმეორებითი კონტაქტი, არაინფიცირებულნი რჩებიან მრავალი წლის განმავლობაში. უფრო მეტიც, ბევრი ინფიცირებული ადამიანი თავს კარგად გრძნობს ათწლეულების მანძილზე. აივ ინფიცირებული ადამიანების მცირე რაოდენობა მკურნალობის გარეშე ჯანმრთელად გრძნობს თავს 20 წელზე მეტ ხანს. რატომ ხდება ზოგიერთი ავად უფრო სწრაფად, ვიდრე სხვები, ბოლომდე არ არის ცნობილი, თუმცა შესაძლოა გარკვეული ინდივიდუალური გენეტიკური ფაქტორები გავლენას ახდენს ინფექციისადმი მიდრეკილებასა და მის პროგრესირებაზე.

თუ ინფიცირებულ ადამიანებს არ უტარდებათ მკურნალობა შიდსის გამოვლენა შემდეგი სიხშირით ხდება:

  • ინფიცირების შემდეგ პირველ რამდენიმე წელში: 1-დან 2%-მდე

  • ინფიცირების შემდეგ ყოველ წელს 5%

  • 10-დან 11 წლის განმავლობაში: 50%

  • საბოლოო ჯამში: 95%-ზე მეტი ადამიანი და შესაძლოა ყველა, თუ ისინი საკმარისად დიდხანს იცოცხლებენ

ადრე, შიდსის ეპიდემიის დროს, შიდსის მქონე ადამიანების უმეტესობას, მას შემდეგ, რაც ისინი პირველად იყვნენ ჰოსპიტალიზებული ინფექციის გამო, აღენიშნებოდათ ცხოვრების ხარისხის სწრაფი დაქვეითება. უმრავლესობა ცხოვრების უმეტეს ნაწილს კლინიკაში ატარებდა და კვდებოდა 2 წელიწადში. თუმცა, ამჟამად თანამედროვე მკურნალობის მეთოდები შიდსის უკეთესად მართვის საშუალებას იძლევა. შიდსის დიაგნოსტირების შემდეგ ბევრი ადამიანი ცოცხლობს წლების მანძილზე და ისინი აგრძელებენ პროდუქტიულ და აქტიურ ცხოვრებას. მიუხედავად ამისა, ინფექციით გამოწვეული დაავადებები და მკურნალობის და მედიკამენტების სიმძიმე და აგრეთვე მედიკამენტების გვერდითი მოვლენები, ამცირებს ცხოვრების ხარისხს. თუ ადამიანებს არ შეუძლიათ მედიკამენტების მუდმივად მიღება, შიდსი პროგრესირებს და გამოჯანმრთელება შეუძლებელია. თუმცა, ამ მიმართულებით კვლევები გრძელდება.