მთლიანი სამედიცინო სისტემები | მკურნალი.გე
  1. მთლიანი სამედიცინო სისტემები
  2. კომპლემენტური და ალტერნატიული მედიცინა
  3. საგანგებო საკითხები
მთლიანი სამედიცინო სისტემები

მთლიანი სამედიცინო სისტემები დიაგნოსტიკისა და პრაქტიკის გაერთიანებული სრულყოფილი სისტემებია. ამის მაგალითებია ტრადიციული ჩინური მედიცინა, აუერვედა (ტრადიციური ინდური მედიცინა) და არატრადიციული დასავლური, ბუნებრივი, გამაჯანსაღებელი პრაქტიკა.

ტრადიციული ჩინური მედიცინა

2000 წლის წინ ჩინეთში აღმოცენებული ეს სისტემა ეფუძნება თეორიას, რომლის მიხედვით დაავადებები ორგანიზმში არსებული სასიცოცხლო ძალების არასათანადო მიმართულებით გამოყენების შედეგია. Qi (ქი) ბრუნავს ურთიერთსაწინააღმდეგო ძალების – ინ-ის (yin) და იანგ-ის (yang) – საშუალებით, რომლებიც ვლინდება ორგანიზმში, როგორც ცხელი და ცივი, გარეგანი და შინაგანი, დეფიციტური და ჭარბი. სხვადასხვა პრაქტიკული საშუალება არსებობს იმისათვის, რომ შენარჩუნებული და აღდგენილი იქნეს ქი და ამის შედეგად – ჯანმრთელობა. ეს პრაქტიკა მოიცავს დიეტას, სამკურნალო მცენარეებს, მასაჟს, მედიტაციურ ვარჯიშებს სახელწოდებით ქი გონგ და აკუპუნქტურას.

ტრადიციული ჩინური მედიცინა იყენებს სპეციალურ ფორმულას, რომელიც შეიცავს მცენარეულ მიქსტურას სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. მაგალითად, ჩინური მცენარეებით ეფექტიანად მკურნალობენ ართრიტების მრავალ ფორმას და მათ მცირე გვერდითი მოვლენები ახასიათებთ. ერთ-ერთი მცენარეული კომბინაციით, სახელწოდებით შო-საიკო-ტო (sho-saiko-to), შეიძლება ღვიძლში ნახშირების შემცირება და ციროზის მქონე ადამიანებში კიბოს განვითარების პრევენცია. ტრადიციული ჩინური მედიცინის ერთ-ერთ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ მისი სტანდარტიზაცია და ხარისხის კონტროლი ჯერჯერობით არ არსებობს. მაგალითად, ზოგიერთი ჩინური, ტრადიციული სამედიცინო საშუალება შეიძლება შერეული იყოს მედიკამენტთან ან ტოქსიკურ მეტალებთან.

აკუპუნქტურა: აკუპუნქტურა არის თერაპიის ერთერთი მეთოდი ტრადიციული ჩინური მედიცინის ფარგლებში, რომელიც ფართოდ მისაღები ალტერნატიული მედიცინის მეთოდია დასავლეთში. ლიცენზირებულ პრაქტიკოს მედიცინის მუშაკებს, რომელთათვისაც არ არის აუცილებელი, რომ ჰქონდეთ სამედიცინო ხარისხი, ასევე ზოგიერთ ექიმს, უფრო ხშირად ტკივილის სპეციალისტებს უტარდებათ სპეციალური ტრენინგები და იღებენ შესაბამის ლიცენზიას აკუპუნქტურით მკურნალობის განსახორციელებლად. აკუპუნქტურა მოიცავს ორგანიზმის სპეციფიკური წერტილების სტიმულირებას, ჩვეულებრივ, წვრილი ნემსების კანში და მის ქვეშ არსებულ ქსოვილებში მოთავსებით. მათ სჯერათ, რომ აღნიშნული სპეციფიკური წერტილების სტიმულირება ხსნის ბლოკირებული ქი-ს და ენერგიას საშუალებას აძლევს, გაედინოს ბუნებრივი დინების ტრაექტორიაზე ან მერიდიანებზე (არსებობს 350-ზე მეტი ასეთი წერტილი მერიდიანის გასწვრივ). ამის შედეგად ხდება ბალანსის აღდგენა ინ-სა და იანგ-ს შორის. ზოგჯერ სტიმულირება ძლიერდება ნემსების ტრიალით ან მათი გათბობით. აკუპუნქტურის წერტილების სტიმულაცია ასევე შეიძლება წერტილით (აკუპრესურა), ლაზერით, ულტრაბგერით, დაბალვოლტიანი ელექტრობის (ელექტროაკუპუნქტურა) ნემსზე მიერთების გზით. პროცედურა არ არის მტკივნეული, იგი მხოლოდ სუსტი ჩხვლეტის შეგრძნებას იწვევს.

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ აკუპუნქტურის დროს ტვინში თავისუფლდება სხვადასხვა ქიმიური მესენჯერი (ნეიროტრანსმიტერები), რომლებიც წარმოადგენენ ტკივილის "მკვლელებს", ენდორფინების ჩათვლით. აკუპუნქტურას აგრეთვე იყენებენ ქირურგიული ან დენტალური პროცედურების ჩატარების შემდეგ გამოვლენილი ტკივილის შესამცირებლად. გარდა მისი ასეთი პოტენციური ეფექტიანობისა, როგორიცაა ტკივილის შემსუბუქება, აკუპუნქტურით შეიძლება გულისრევისა და ღებინების მოხსნა, რომელიც აღინიშნება ორსულობის დროს ან ქირურგიული ოპერაციის ან ბიოთერაპიის შემდეგ. როგორც ზოგადი მკურნალობის გეგმის ნაწილი, აკუპუნქტურა შეიძლება სასარგებლო იყოს ნარკომანიისა და ხელის მტევნების არხების სინდრომის, ფიბრომიალგიის, თავის ტკივილის, ზურგის ქვედა ნაწილის ტკივილის, ოსტეოართრიტისა და პირის სიმშრალის შემთხვევებში. აკუპუნქტურა შეიძლება გამოყენებულ იქნეს, აგრეთვე, ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესში და, შეიძლება, აგრეთვე გაზარდოს in vitro ორსულობის წარმატებული შემთხვევების სიხშირე. ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული, აკუპუნქტურის გამოყენებით შეიძლება თუ არა გაძლიერდეს ფილტვების ფუნქცია ასთმით დაავადებულ ადამიანებში ან შემცირდეს სახსრების ტკივილი და გაუმჯობესდეს სახსრის ფუნქციონირება რევმატოიდული ართრიტით დაავადებულებში. აკუპუნქტურა არაეფექტიანია მწეველებში თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის მიზნით და წონაში დაკლების მსურველებისათვის.

ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი მკურნალობს აკუპუნქტურის გამოყენებით. გვერდითი მოვლენები აკუპუნქტურაზე იშვიათობაა, თუ იგი ტექნიკურად ზუსტად კეთდება, თუმცა ზოგჯერ, შეიძლება, განვითარდეს შემდეგი მოვლენები:

  • არსებული სიმპტომების დროებითი გამწვავება;

  • ინფექციის განვითარება უკიდურესად იშვიათია, ვინაიდან ჯანდაცვის მუშაკების უმრავლესობა ერთჯერად ნემსებს იყენებს. ნემსების განმეორებითი გამოყენებისას საჭიროა მათი შესაბამისად სტერილიზაცია;

  • როგორც სხვა სახის მკურნალობის დროს, როდესაც ნემსები გამოიყენება, ადამიანს შეიძლება აღენიშნოს გულის წასვლის შეგრძნება და იგი იძულებული გახდეს, წამოწვეს;

  • აკუპუნქტურამ, შეიძლება, გამოიწვიოს სისხლჩაქცევები და სისხლდენა იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ სისხლის შედედების პრობლემები ან იღებენ ვარფარინს (ანტიკოაგულანტს);

  • ადამიანებმა, რომლებსაც ჩანერგილი აქვთ გულის ელექტროსტიმულატორი ან დეფიბრილატორი, არ უნდა ჩაიტარონ აკუპუნქტურით მკურნალობა;

  • აკუპუნქტურა ბევრი მიზეზით გამოიყენება ორსულობის დროს, მათ შორის არის ღებინების მოხსნა და მშობიარობის პროცესის რეგულირება, მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ მან შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს შეკუმშვა, აკუპუნქტურა უნდა გაკეთდეს სპეციალურად ტრენირებული პროფესიონალის მიერ;

  • იშვიათად, ნემსების ღრმად ჩადებამ შეიძლება გამოიწვიოს ფილტვების კოლაფსი და შიდა დაზიანება.

აიურვედა

აიურვედა არის ჩინური ტრადიციული სამედიცინო სისტემა, რომელიც 4000 წლის წინ შეიმუშავეს. იგი ეფუძნება თეორიას იმის შესახებ, რომ დაავადებები ვითარდება სასიცოცხლო ძალების ან პრანის დისბალანსის შედეგად. ორგანიზმის სასიცოცხლო ძალების წონასწორობას განაპირობებს სხეულის სამი თვისება, რომლებსაც დოშებს უწოდებენ: ვატა, პიტა და კაფა. ადამიანების უმეტესობას აქვს დომინანტური დოშა და სამ დოშას შორის სპეციფიკური წონასწორობა უნიკალურია თითოეული ადამიანისათვის.

ჯანდაცვის მუშაკები სპეციალური კითხვების გამოყენებით აფასებენ ადამიანების მდგომარეობას, კერძოდ, ეკითხებიან მათ სიმპტომების არსებობის და ქცევითი თვისებებისა და ცხოვრების სტილის შესახებ. ისინი იკვლევენ გარეგან გამოვლინებებს თვალების, ენისა და კანის ჩათვლით, აფასებენ მაჯისცემას და აკონტროლებენ შარდს და განავალს. დოშების ბალანსის დადგენის შემდეგ, სამედიცინო მუშაკები გეგმავენ მკურნალობის მეთოდს, რომელიც სპეციფიკურია თითოეული პიროვნებისათვის. აიურვედა იყენებს დიეტას, სამკურნალო მცენარეებს, მასაჟს, მედიტაციას, იოგას და შინაგანი გასუფთავების მეთოდებს (თერაპიული ელიმინაცია). გასუფთავების პროცესი მოიცავს სითხის შეყვანას სწორ ნაწლავში (ოყნით) და კუჭის მოქმედების გამოწვევას, ასევე, ცხვირის გამორეცხვას წყალით (ნაზალური ლავაჟი). ეს პროცედურები ტარდება ადამიანის ორგანიზმში და ორგანიზმსა და ბუნებას შორის წონასწორობის აღდგენის მიზნით.

აიურვედას პრაქტიკის შესასწავლად მცირერიცხოვანი კვლევებია ჩატარებული.

ზოგიერთი სამკურნალო მცენარეების ნაკრები, რომელიც აიურვედაში გამოიყენება, შეიცავს მძიმე მეტალებს (ძირითადად, ტყვიას, ვერცხლისწყალსა და დარიშხანს), რადგან ფიქრობენ, რომ მათ თერაპიული ეფექტები აქვთ, თუმცა ზოგიერთ ადამიანს შეიძლება განუვითარდეთ მძიმე მეტალებით მოწამვლა.

ჰომეოპათია

ჰომეოპათია, რომელიც 1700 წელს შეიქმნა გერმანიაში, ეფუძნება პრინციპს იმის შესახებ, რომ მსგავსი კურნავს მსგავსს (აქედან მოდის მისი სახელწოდება: homeo [ბერძნულად ნიშნავს "მსგავსს"] dapatho [ბერძნულად – "დაავადებას"]). სხვა სიტყვებით, ფიქრობენ, რომ სუბსტანცია, რომელიც დიდი დოზებით იწვევს დაავადებას, მინიმალური დოზებით მიცემის შემთხვევაში კურნავს იმავე დაავადებას. მიაჩნიათ, რომ მინიმალური დოზები ასტიმულირებს ორგანიზმის გამაჯანსაღებელ მექანიზმებს. მკურნალობის მეთოდი ეფუძნება ცალკეული პიროვნებების უნიკალურ თვისებებს, რაშიც იგულისხმება პერსონალურობა და ცხოვრების სტილი, ასევე, არსებული სიმპტომები და ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ჰომეოპათიაში, მიიღება ბუნებაში არსებული სუბსტანციებისაგან, როგორიცაა მცენარეები, ცხოველების ექსტრაქტები და მინერალები. ეს სუბსტანციები გამოიყენება ორგანიზმის გაჯანსაღებისათვის საჭირო შინაგანი ძალების სტიმულირების მიზნით. სამკურნალო საშუალებები მზადდება ამ სუბსტანციების მაქსიმალურად განზავების გზით, ცალ-ცალკე შენჯღრევით. ფიქრობენ, რომ, რაც უფრო მეტადაა განზავებული ჰომეოპათიური საშუალება, მით მეტია მისი სამკურნალო პოტენციალი. ზოგიერთი ჰომეოპათიური პრეპარატი იმდენად ძლიერ არის განზავებული, რომ მასში საწყისი სუბსტანცია შეიძლება არც იყოს დარჩენილი. თუმცა ბევრი მათგანი ინარჩუნებს ფარმაკოლოგიურ აქტივობას.

არავითარი მეცნიერული აღწერა-დახასიათება არ აქვს იმ ფაქტს, თუ როგორ ხდება მაქსიმალურად განზავებული ჰომეოპათიური პრეპარატით განკურნება. რაც შეეხება ჰომეოპათიურ პრეპარატზე გვერდითი მოვლენების შესაძლო არსებობას, მათი განვითარების რისკი მცირეა და ნაკლებად ასოცირდება ჰომეოპათიურ მკურნალობასთან, თუმცა ზოგჯერ შეიძლება ადგილი ჰქონდეს ალერგიულ და ტოქსიკურ რეაქციებს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰომეოპათიური მედიცინის პროდუქტები აღრიცხულია საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ, როგორც ლეგალური და რეცეპტით ხელმისაწვდომი მედიკამენტები. ჰომეოპათიური ინგრედიენტების მდგრადობისა და პოტენციალის განმსაზღვრელი მაღალი ხარისხის ტესტირების შესაძლებლობა შეზღუდულია. ჰომეოპათიურ საშუალებებში შეიძლება აღინიშნოს ალკოჰოლის არსებობა, რომელიც ზოგჯერ მედიკამენტის განსაზავებლად გამოიყენება. ჰომეოპათიური პრეპარატის სტიკერზე უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:

  • სიტყვა "ჰომეოპათიური"

  • მწარმოებლის დასახელება

  • აღნიშნული უნდა იყოს, როგორ შეიძლება მედიკამენტის გამოყენება, თუნდაც ერთი მეთოდი

  • ინსტრუქცია უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ

  • აქტიური ინგრედიენტები და განსაზავებლად გამოყენებული სითხის რაოდენობა

ზოგიერთი ჰომეოპათიური მედიკამენტი მხოლოდ რეცეპტითაა ხელმისაწვდომი.

ჰომეოპათია არ შექმნილა, როგორც რომელიმე სპეციფიკური პათოლოგიის საწინააღმდეგო ეფექტიანი საშუალება.

ნატუროპათია

ნატუროპათია, რომელიც მრავალი სხვადასხვა კულტურის პრაქტიკულ გამოცდილებაზეა დაფუძნებული, პირველად 1900 წელს გახდა ამერიკის შეერთებული შტატების ჯანმრთელობის მომსახურების სისტემის ოფიციალური ნაწილი. ნატუროპათია ეყრდნობა ორგანიზმებზე ბუნების გამაჯანსაღებელი ზემოქმედების იდეას, დაავადების პრევენციასა და მკურნალობაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ცხოვრების ჯანსაღ წესს, ადამიანის, როგორც მთლიანი ინდივიდის, მკურნალობას და ორგანიზმისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი გაჯანსაღების უნარს. ეს სისტემა ასევე ფოკუსირებულია დაავადების გამომწვევი მიზეზის დადგენაზე და არა მხოლოდ სიმპტომების მკურნალობაზე. აღნიშნული სისტემის ძირითადი პრინციპები არსებითად არ განსხვავდება დასავლეთის თანამედროვე მედიცინის პრინციპებისგან.

ნატუროპათია იყენებს თერაპიის სხვადასხვა მეთოდის კომბინაციას, როგორიცაა:

  • დიეტა და კვებითი დანამატები

  • სამკურნალო მცენარეები

  • ჰომეოპათია

  • ფიზიკური თერაპია (როგორიცაა ცხელისა და ცივის მონაცვლეობის თერაპია, ულტრასონოგრაფია და მასაჟი)

  • გონება-სხეულის ერთდროული თერაპია

  • ვარჯიშებით თერაპია

  • კონსულტაციები დიეტის, ცხოვრების წესისა და სტრესის მართვის საკითხებში

  • ბუნებრივი გზით მშობიარობა

  • ჰიდროთერაპია (ცხელი და ცივი წყლის აპლიკაციები)

სპეციფიკურად ნატუროპათიის საკითხებზე მხოლოდ მცირერიცხოვანი კლინიკური კვლევები არსებობს.