გონებისა და სხეულის, ანუ ფსიქიკურისა და ფიზიკურის მჭიდრო კავშირი დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. საჭმლის მომნელებელ სისტემას მნიშვნელოვანწილად ფსიქიკა (ტვინი) აკონტროლებს; შფოთვა, დეპრესია, შიში ძლიერ ზეგავლენას ახდენს ამ სისტემის ფუნქციონირებაზე. სოციალური ან ფსიქოლოგიური სტრესი შეიძლება ამა თუ იმ ავადმყოფობის აღმოცენების მიზეზი გახდეს ან გააუარესოს არსებული დაავადების მიმდინარეობა (მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა ან შაკიკი). ამავე დროს, ფსიქოლოგიური ფაქტორების ზეგავლენის მნიშვნელობა ფართოდ ვარირებს ერთი და იმავე დაავადების მქონე სხვადასხვა პირს შორის.
ადამიანების უმრავლესობა, ინტუიციისა თუ პერსონალური გამოცდილების საფუძველზე, დარწმუნებულია, რომ ემოციურმა სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე სომატური დაავადება ან შეცვალოს უკვე არსებულის მიმდინარეობა. გაურკვეველია, როგორ ახდენს ასეთ ზეგავლენას სტრესორები. როგორც ჩანს, ემოციები ზემოქმედებს სხეულის გარკვეულ ფუნქციებზე, როგორიცაა გულისცემის სიხშირე, სისხლის წნევა, ოფლის გამოყოფა, ძილის რეჟიმი, კუჭის მჟავას სეკრეცია და ნაწლავების მოძრაობა, თუმცაღა ამ ტიპის სხვა ურთიერთკავშირებზე ნათელი წარმოდგენა არ არსებობს. მაგალითად, სადღეისოდ მხოლოდ საწყისი მონაცემებია იმის თაობაზე, თუ როგორ, რა მექანიზმით ხორციელდება ტვინის და იმუნური სისტემის ურთიერთქმედება. გასაოცარია, რომ თავის ტვინს შეუძლია შეცვალოს სისხლის თეთრი უჯრედების აქტიურობა და, აქედან გამომდინარე, იმუნური სისტემის პასუხი; მიუხედავად იმისა, რომ სისხლის თეთრი უჯრედები სხეულში სისხლძარღვების მეშვეობით ან ლიმფური გზებით გადაადგილდება და არა აქვს შეხება ნერვებთან, კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ ტვინს შეუძლია ზემოქმედება სისხლის თეთრ უჯრედებზე. მაგალითად, დეპრესიამ შეიძლება დათრგუნოს იმუნური სისტემა და ამ გზით პიროვნება უფრო მგრძნობიარე გახადოს ინფექციის, მათ შორის, ვირუსით გამოწვეული "გაციების" მიმართ.
სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური სიმპტომები მაშინაც კი, როცა ადამიანი ავად არ არის. ამისი მიზეზია სხეულის ფიზიოლოგიური რეაქცია ემოციურ სტრესზე. მაგალითად, სტრესი შეიძლება შფოთვის, შიშის მიზეზი გახდეს, რაც, ავტონომიურ ნერვულ სისტემაზე და ჰორმონების, სახელდობრ, ეპინეფრინის გამომუშავებაზე ზემოქმედების გზით, იწვევს გულისცემის გახშირებას, სისხლის წნევის მომატებას, ოფლიანობას. სტრესმა შეიძლება განაპირობოს კუნთოვანი დაჭიმულობა, რამაც კისერში, წელის არეში, თავში ან სხვა მიდამოში ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს.
ფსიქიკურისა და ფიზიკურის ურთიერთქმედება წააგავს ქუჩას ორმხრივი მოძრაობით. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ფსიქოლოგიურ ფაქტორებს კი არ შეუძლია დასაბამი მისცეს ამა თუ იმ ფიზიკურ დაავადებას, არამედ ფიზიკურ დაავადებასაც შეუძლია ზემოქმედება ადამიანის აზროვნებასა ან განწყობაზე. სიცოცხლისთვის საშიში, შებრუნებითი ან ქრონიკული დაავადებების დროს პაციენტების უმრავლესობა დეპრესიით არის შეპყრობილი. თავის მხრივ, დეპრესიას შეუძლია გააუარესოს ფიზიკური დაავადება, გააძლიეროს ტანჯვა.