ადამიანის სხეული განსაცვიფრებლად არის მოწყობილი. მისი ორგანოების უმრავლესობას საკმარისად დიდი შესაძლებლობები და რეზერვი გააჩნია. დაზიანებულ ორგანოსაც კი აქვს სათანადოდ ფუნქციონირების უნარი. მაგალითად, ღვიძლის ორ მესამედზე მეტი უნდა დაზიანდეს, რომ სერიოზული შედეგები დადგეს; ადამიანმა შეიძლება იცოცხლოს ერთადერთი ფილტვით ან თირკმლით. მეორე მხრივ, ზოგიერთი ორგანოს მცირედი დაზიანებაც კი მისი ფუნქციის მნიშვნელოვან დარღვევას და ჩივილების აღმოცენებას იწვევს. მაგალითად, თავის ტვინის არტერიის დახშობის ან გასკდომისას (ინსულტი, დამბლა), თუნდაც მცირე ზომის ქსოვილის დაზიანების გამო, ტვინის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ნაწილში, ადამიანს შეიძლება წაერთვას მეტყველების, კიდურების მოძრაობის, წონასწორობის დაცვის უნარი. გულის შეტევის შემდეგ, გულის ქსოვილის მცირე ნაწილის დაზიანებისას იმ უბანში, სადაც გამომუშავდება ან ტარდება სიგნალი გულის შესაკუმშად, გულისცემა შეიძლება სიცოცხლისთვის საშიშ მაჩვენებლებამდე შენელდეს და ადამიანი, შესაძლოა, მოკვდეს კიდევაც.
ავადმყოფობა ხშირად ახდენს გავლენას ანატომიაზე; თავის მხრივ, ანატომიურმა ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიოს დაავადება. თუ ქსოვილის სისხლით მომარაგება შეფერხებულია ან შეწყვეტილი, ქსოვილი კვდება (ინფარქტი), როგორც ეს ხდება გულის შეტევისას (მიოკარდის, გულის კუნთის ინფარქტი) ან ინსულტის დროს (თავის ტვინის ინფარქტი). ანატომიურად შეცვლილი გულის სარქველი გულის ფუნქციის დაქვეითების მიზეზი შეიძლება გახდეს. კანის დაზიანება აქვეითებს მის ბარიერულ ფუნქციას, რაც, შესაძლოა, სხეულში ინფექციის შეჭრის მიზეზი გახდეს. კიბოს დროს გადაჭარბებული ზრდა ან ზეწოლა აზიანებს და, საბოლოო ჯამში, შლის ნორმალურ ქსოვილს.
ავადმყოფობასა და ანატომიას შორის კავშირი დაედო საფუძვლად სხეულის ნაწილების ვიზუალიზაციის მეთოდების გამოყენებას დაავადების დიაგნოზისა და მკურნალობისთვის. პირველი მიღწევა ამ სფეროში დაკავშირებულია X-სხივების გამოყენებასთან, რამაც ექიმებს, ქირურგიული ჩარევის გარეშე, სხეულში ჩახედვისა და შინაგანი სტრუქტურის შესწავლის შესაძლებლობა მისცა. შემდეგი მნიშვნელოვანი მიღწევა იყო კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ), რომელშიც იგივე სხივები დაკავშირებულია კომპიუტერთან. კტ სკანირება შესაძლებელს ხდის სხეულის შიგა ნაწილების დეტალურ ჯვარედინ, ორგანზომილებიან გამოკვლევას.
შიდა სტრუქტურის გამოსახულების მიღების სხვა მეთოდებია ულტრაბგერით გამოკვლევა, რომელიც ბგერითი ტალღების გამოყენებას ეფუძნება; მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახულების მიღება, რისთვისაც გამოიყენება ატომების მოძრაობა მაგნიტურ ველში; რადიონუკლიდური კვლევა – რადიოაქტიური ნივთიერებების შეყვანა სხეულში. ყველა ჩამოთვლილი სხეულის შიდა ნაწილების გამოკვლევის არაინვაზიური მეთოდებია, განსხვავებით ქირურგიული ჩარევისგან, რომელიც ინვაზიური პროცედურაა.