შოკი | მკურნალი.გე
  1. შოკი
  2. გულისა და სისხლძარღვების დაავადებები
შოკი

შოკი სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა, რომლის დროსაც სისხლის წნევა იმდენად არის დაქვეითებული, რომ არ არის საკმარისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად.

  • შოკის მიზეზი მრავალგვარია, სახელდობრ: სისხლის მოცულობის შემცირება – იწვევს ჰიპოვოლემიურ შოკს; გულის, როგორც ტუმბოს, ფუნქციის არაადეკვატურობა – იწვევს კარდიოგენულ შოკს; სისხლძარღვების ზედმეტად გაფართოება – იწვევს დისტრიბუციულ (განაწილების) შოკს;

  • სისხლის მოცულობის შემცირებით ან გულის, როგორც ტუმბოს, ფუნქციის დაქვეითებით გამოწვეული შოკის დროს პაციენტს აღენიშნება ლეთარგია (საღათას ძილი), ძილად არის მივარდნილი ან ცნობიერება აქვს დაბინდული, კანი ცივია და ტენიანი, ხშირად ფერმკრთალი და მოლურჯო;

  • სისხლძარღვების ზედმეტად გაფართოებით გამოწვეული შოკის დროს კანი შეიძლება თბილი და წითელი იყოს, პულსი უფრო ხშირად კარგი ავსებისა და დაჭიმულობის არის, ვიდრე სუსტი;

  • შოკში მყოფი ადამიანი სითბოში უნდა მოთავსდეს, ზეაწეული ფეხებით. სამკურნალოდ ინტრავენურად უნდა გადაესხას სითხეები, მიეცეს ჟანგბადი და, ზოგ შემთხვევაში, მედიკამენტები სისხლის წნევის მოსამატებლად.

ამერიკის შეერთებული შტატების ჰოსპიტლებში არსებული გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში შოკის შემთხვევების რაოდენობა ყოველწლიურად ერთ მილიონს აჭარბებს. შოკური მდგომარეობა ვითარდება სისხლის წნევის იმ დონემდე დაქვეითებისას, როდესაც ვეღარ ხდება სხეულის უჯრედების სისხლით და, შესაბამისად, ჟანგბადის საჭირო რაოდენობით უზრუნველყოფა. ამის შედეგად ორგანოების (ტვინი, თირკმლები, ღვიძლი და გული) უჯრედები ნორმულ ფუნქციონირებას წყვეტენ. თუ სისხლის მიდენა (პერფუზია) ამ უჯრედებში დროულად არ აღდგა, შეუქცევადი ცვლილებები ვითარდება და უჯრედები კვდება. ამა თუ იმ ორგანოს უჯრედების დიდი რაოდენობის დაზიანების ან სიკვდილის შედეგად ეს ორგანო წყვეტს ფუნქციონირებას, რასაც შოკში მყოფი ადამიანის სიკვდილი შეიძლება მოჰყვეს. შოკური მდგომარეობისას აუცილებელია გადაუდებელი და ინტენსიური სამედიცინო დახმარება. ზემოაღწერილ მდგომარეობას არაფერი აქვს საერთო უეცარ ემოციურ სტრესთან, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ, როგორც "შოკს".

მიზეზები

შოკის გამომწვევი მიზეზებია: სისხლის მოცულობის შემცირება, რაც ჰიპოვოლემიურ შოკს იწვევს; გულის შეკუმშვების ძალის დაქვეითება, რაც კარდიოგენულ შოკს იწვევს; სისხლძარღვების ზედმეტად გაფართოება, რაც განაწილების (დისტრიბუციულ) შოკს იწვევს.

ჰიპოვოლემიური შოკი: სისხლის მოცულობის შემცირების გამო გულში ჩადენილი სისხლის რაოდენობა იკლებს და, შესაბამისად, ნორმაზე დაბალია გულის მიერ სხეულსა და უჯრედებში გადატუმბული სისხლის მოცულობაც.

სისხლის მოცულობის შემცირება შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენამ, ქსოვილოვანი სითხის დაკარგვამ, იშვიათად – სითხის არასაკმარისი რაოდენობით მიღებამ. სისხლის სწრაფი დანაკარგი შეიძლება გარეგანი სისხლდენის შედეგი იყოს, მაგალითად, უბედური შემთხვევის დროს, ან შინაგანი სისხლდენისა, მაგალითად, კუჭის, ან ნაწლავების წყლულოვანი დაზიანების, სისხლძარღვის დაზიანების, ექტოპიური ორსულობის (საშვილოსნოსგარე ორსულობა) გართულების (გასკდომის) დროს. ქსოვილოვანი სითხის (და არა სისხლის) გადაჭარბებული დანაკარგი შესაძლებელია დამწვრობის, პანკრეასის ანთების (პანკრეატიტი), ნაწლავის კედლის პერფორაციის, მძიმე დიარეის, თირკმლების დაავადების ან მარყუჟზე მოქმედი შარდმდენების (სადიურეზო საშუალებების) გადაჭარბებული გამოყენებისას, როდესაც იმატებს შარდის გამოყოფა. ზოგიერთი ფიზიკური (მძიმე სახსროვანი პათოლოგია) ან მენტალური (ალცჰაიმერის ავადმყოფობა) დაავადების დროს პაციენტი ვერ იღებს სითხის ადეკვატურ რაოდენობას, მიუხედავად წყურვილის გრძნობისა.

კარდიოგენული შოკი: გულის, როგორც სისხლის ტუმბოს, არაადეკვატური ფუნქციონირება განაპირობებს ყოველი შეკუმშვისას ნორმაზე ნაკლები სისხლის გადასროლას ქსოვილებისკენ. არაადეკვატურობა შეიძლება გამოწვეული იყოს, როგორც წესი, ან გულის ინფარქტით, ან თრომბით ფილტვებში (ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია). სხვა მიზეზებისგან აღსანიშნავია: გულის სარქვლების დაზიანება (სახელდობრ, ხელოვნური სარქვლისა), გულის ორ ნაწილს შორის არსებული კედლის (ძგიდის) მთლიანობის დარღვევა; გულისცემის რიტმის დარღვევა (არითმია); გულის სისხლით ავსების შეუძლებლობა (ტამპონადა).

დისტრიბუციული (განაწილების) შოკი: სისხლძარღვების გადამეტებული გაფართოებისას (ვაზოდილატაცია) მათში სისხლის გადაადგილებისას ნაკადს ნაკლები წინააღმდეგობა ხვდება. შესაბამისად, გაგანიერებულ სისხლძარღვებში სისხლის წნევა უფრო დაბალია, რის გამოც უჯრედებს, ნორმასთან შედარებით, სისხლის უფრო მცირე რაოდენობა მიეწოდება.

სისხლძარღვების ძლიერი გაფართოება შეიძლება გამოიწვიოს: ძლიერმა ალერგიულმა რეაქციამ (ანაფილაქსია), მწვავე ბაქტერიულმა ინფექციამ (ინფექციით გამოწვეულ შოკს სეპტიკური შოკი ეწოდება), იმ მედიკამენტების ან შხამების ჭარბი დოზით ინტოქსიკაციამ, რომლებიც სისხლძარღვებს აფართოებს, ზურგის ტვინის და, იშვიათად, თავის ტვინის დაზიანებამ. ჩამოთვლილი მდგომარეობების დროს განსხვავებულია შოკის განვითარების მექანიზმები. მაგალითად, ზურგის ტვინის დაზიანებისას ბრკოლდება იმპულსის გატარება ნერვებში, რომლებიც უზრუნველყოფს არტერიების ტონუსის შენარჩუნებას; შხამებს ან ბაქტერიულ ტოქსინებს თავად შეუძლია გამოიწვიოს ვაზოდილატაცია.

სიმპტომები და დიაგნოზი

შოკის სიმპტომები იდენტურია სისხლის მოცულობის შემცირების (ჰიპოვოლემიური) ან გულის, როგორც სისხლის ტუმბოს, არაადეკვატური ფუნქციონირების (კარდიოგენული) დროს. დასაწყისში გამოხატულია ლეთარგია (საღათას ძილი), ძილიანობა, ცნობიერების დაბინდვა, კანი ცივია და ოფლიანი, ხშირად მოლურჯო ფერისა და მკრთალი. კანზე ზეწოლისას, ფერი, ნორმასთან შედარებით, უფრო ნელა აღდგება ხოლმე. კანქვეშა სისხლძარღვები უფრო თვალსაჩინოა, პულსი სუსტია და ჩქარი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შოკი გულისცემის გაიშვიათებით არის გამოწვეული. პაციენტი ვერ ძლებს მჯდომარე მდგომარეობაში – თავბრუხვევა აღენიშნება, გული მისდის. სუნთქვა გახშირებულია, თუმცა სუნთქვაც და პულსიც სიკვდილის მოახლოებისას შეიძლება გაიშვიათდეს. წნევა იმდენად ქვეითდება, რომ აღარც იზომება. გამოსავალი ხშირად ფატალურია.

თუ შოკი სისხლძარღვების გადამეტებული გაფართოებით არის გამოწვეული, სიმპტომები რამდენადმე განსხვავებულია. კანი შესაძლებელია თბილი და მოწითალო იყოს, პულსი დაჭიმული, უკეთესი ავსების, განსაკუთრებით დასაწყისში. მოგვიანებით ამ ტიპის შოკის კანი ცივდება და ნამიანი ხდება, გამოხატულია ლეთარგია.

შოკის ადრეულ ეტაპებზე, განსაკუთრებით სეპტიკური შოკის დროს, ბევრი სიმპტომი ან საერთოდ არ არის არის გამოხატული, ან მხოლოდ გულდასმით გამოკვლევისას არის შესამჩნევი. ასაკოვან პაციენტებში ერთადერთი ნიშანი შეიძლება ცნობიერების დაბინდვა იყოს. სისხლის წნევა ძალიან დაბალია. შარდის გამოყოფა მნიშვნელოვნად შემცირებულია (თირკმლების სისხლით მომარაგების დაქვეითების შედეგად), რის გამოც მეტაბოლიზმის ნარჩენი პროდუქტები სათანადოდ ვერ გამოიყოფა და სისხლში გროვდება.

პროგნოზი და მკურნალობა

მკურნალობის გარეშე შოკის გამოსავალი, როგორც წესი, ფატალურია. თუ მკურნალობა ტარდება, გამოსავალი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, სახელდობრ: შოკის გამომწვევ მიზეზზე, თანმხლებ დაავადებებზე, ამა თუ იმ ორგანოს უკმარისობის ხარისხზე, მკურნალობის დაწყების დროულობასა და მკურნალობის სახეზე. კარდიოგენული და სეპტიკური შოკის დროს, მკურნალობის მიუხედავად, სიკვდილის ალბათობა მაღალია, განსაკუთრებით ხანდაზმულებს შორის.

შოკის დროს პირველი დახმარება გულისხმობს რამდენიმე ღონისძიებას, მათ შორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახებას. პაციენტი უნდა მოთავსდეს ჰორიზონტალურად, სითბოში, ოდნავ ზეაწეული (30-60 სმ) ფეხებით, რათა გაადვილდეს გულისკენ სისხლის მიდენა. ნებისმიერი სისხლდენა უნდა შეჩერდეს, სუნთქვა უნდა გაკონტროლდეს. თავი გვერდზე უნდა იყოს მიტრიალებული, რათა პირნაღები მასები სასუნთქ გზებში არ მოხვდეს. არ უნდა მიიღოს საკვები და სითხე.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი პაციენტს ჟანგბადს ასუნთქებს ნიღბით ან სხვა მექანიკური საშუალებებით (მაგალითად, ამბუს პარკი და სხვა) უზრუნველყოფს ადეკვატურ სუნთქვას. სითხეები ინტრავენურად მიეწოდება, ვენაში სწრაფად და დიდი მოცულობით შეჰყავთ, რომ სისხლის წნევამ მოიმატოს. სისხლდენით შეპირობებული შოკის დროს შესაძლებელია სისხლის გადასხმა. როგორც წესი, სისხლის გადასხმამდე ტარდება დონორის სისხლისა და პაციენტის სისხლის თავსებადობის შემოწმება, თუმცა, გადაუდებელი დახმარების აუცილებლობისას, როცა თავსებადობის რეაქციის ჩატარების დრო აღარ არის, ნებისმიერ პირს შეიძლება გადაესხას I (O) ჯგუფის რეზუსუარყოფითი სისხლი. საჭირო მედიკამენტები ინტრავენურად შეჰყავთ. ოპიოიდები და სედაციური მედიკამენტები, როგორც წესი, არ გამოიყენება, ვინაიდან სისხლის წნევას აქვეითებს.

სისხლძარღვების დილატაციით გამოწვეული შოკის დროს შეიძლება საჭირო გახდეს სისხლძარღვების შემავიწროებელი მედიკამენტების, როგორიცაა ეპინეფრინი (ადრენალინი), გამოყენება. ანაფილაქსიური შოკის ან დოფამინის შოკის სხვა ტიპის დროს, საჭიროა სისხლძარღვების დილატაციის გამომწვევ მიზეზებზე ზემოქმედება, მაგალითად, ბაქტერიული ინფექციის მკურნალობა ანტიბიოტიკებით.

სითხეებისა და სისხლის გადასხმა შოკის მკურნალობისას არ არის საკმარისი იმ შემთხვევებში, როდესაც სისხლდენა ან სითხის დაკარგვა გრძელდება, ან შოკი გამოწვეულია გულის ინფარქტით, ან სხვა მიზეზით, რომელიც არ იწვევს სისხლის მოცულობის შემცირებას. სისხლძარღვების შემავიწროებელმა მედიკამენტებმა შეიძლება გააძლიეროს ტვინისა და გულის სისხლით მომარაგება, თუმცა ისინი შეძლებისდაგვარად მცირე ხნის განმავლობაში გამოიყენება, რადგანაც ამცირებს ორგანიზმის სხვა ქსოვილების სისხლით მომარაგებას.

როდესაც შოკი გამოწვეულია გულის, როგორც ტუმბოს, ფუნქციის დაქვეითებით, ძალისხმევა მის გასაუმჯობესებლად უნდა იყოს მიმართული. გულისცემის სიხშირე და რიტმი უნდა მოწესრიგდეს, საჭიროების შემთხვევაში სისხლის მოცულობის კორექციაა აუცილებელი. გულისცემის სიხშირის გასაზრდელად შეიძლება ატროპინის გამოყენება, გულის კუმშვადობის გასაუმჯობესებლად სხვა მედიკამენტები იხმარება.

თუ გულის ინფარქტისა და შოკის მიზეზები ინტენსიური თერაპიით არ აღიკვეთა, შოკის პროგრესირების დროებით შესაფერხებლად აორტაში შეიძლება ჩაიდგას ბალონი-ტუმბო, ამის შემდეგ კი, საჭიროებისამებრ, ჩატარდეს კორონარული ანგიოპლასტიკა ან აორტულ-კორონარული შუნტირება. დახშული სისხლძარღვის განვლადობის აღდგენით კორონარული ანგიოპლასტიკა აუმჯობესებს გულის, როგორც ტუმბოს, ფუნქციას და ზოგჯერ შოკის უკუგანვითარებას ხდის შესაძლებელს. თუ კორონარული ანგიოპლასტიკა ან აორტულ-კორონარული შუნტირება არ ტარდება, მაშინ გამოიყენება მედიკამენტები, რომლებიც თრომბული მასების დაშლას (თრომბოლიზური მედიკამენტები) უწყობს ხელს. ამ მკურნალობის დაწყება რაც შეიძლება ადრეა საჭირო, გარდა იმ სიტუაციებისა, როცა მათმა გამოყენებამ შეიძლება გააუარესოს პაციენტის მდგომარეობა (მაგალითად, სისხლმდენი წყლული, ახალგადატანილი ინსულტი და ა.შ.).

თუ შოკის მიზეზი სარქვლის დაზიანება ან ძგიდის გაგლეჯაა, შეიძლება ქირურგიული ჩარევა გახდეს საჭირო. თუ გულში სისხლის ჩადენა დაბრკოლებულია პერიკარდიუმის ღრუს (გულის გარშემო არსებული სივრცე) სისხლით ან სითხით გადავსების გამო, სითხის გამოღებაა საჭირო ნემსის საშუალებით.