გულის სარქვლები გულის საკნებში სისხლის ნაკადის მიმართულებას არეგულირებს. ადამიანის გული 4 საკნისგან შედგება. ორი შედარებით მცირე ზომისაა და მდებარეობს გულის ზედა ნაწილში (წინაგულები), დანარჩენი ორი, უფრო ფართო და დიდი საკანი, განლაგებულია გულის ქვედა ნაწილში (პარკუჭები). თითოეულ პარკუჭს სისხლის შემავალი ნაკადისთვის თითო გზა აქვს (შემავალი ხვრელი) და ასევე თითო გზა – გამავალი ნაკადისთვის (გამავალი ხვრელი). მარჯვენა პარკუჭში შემავალ ხვრელში მდებარეობს ტრიკუსპიდული სარქველი. ის კარის მსგავსად იხსნება მარჯვენა წინაგულიდან პარკუჭში და სისხლი მარჯვენა პარკუჭში ჩამოედინება. მარჯვენა პარკუჭიდან გამავალ ხვრელში მდებარეობს ფილტვის არტერიის სარქველი, რომელიც იხსნება ფილტვის არტერიის მიმართულებით.
მარცხენა პარკუჭში შემომავალ ხვრელში მდებარეობს მიტრალური სარქველი, ის მარცხენა წინაგულიდან პარკუჭის მიმართულებით იხსნება და სისხლი მარცხენა წინაგულიდან მარცხენა პარკუჭში ჩამოედინება. გამავალ ხვრელში მდებარეობს აორტის სარქველი, რომელიც აორტის მიმართულებით იხსნება.
თითოეული სარქველი კარედებისაგან (მახვილი დაკბილული ან ფოთლისმაგვარი) შედგება, რომლებიც ნორმაში მხოლოდ ერთი მიმართულებით იხსნება და იხურება. გულის დაზიანებული სარქვლები შესაძლოა მჭიდროდ არ იხურებოდეს ან ნაკადის საწინააღმდეგო მიმართულებით იხსნებოდეს (რეგურგიტაცია), ან სათანადოდ არ იხსნებოდეს, რაც აფერხებს სისხლის ნაკადის მოძრაობას (სტენოზი). ნებისმიერი ეს დარღვევა აძნელებს გულიდან სისხლის გადატუმბვის პროცესს. ზოგჯერ სარქვლებში ორივე ზემოთ მოხსენიებული პრობლემა ერთდროულად არის გამოხატული. დაზიანებული სარქვლები გამოსცემს შუილს და სხვა პათოლოგიურ ხმიანობებს, რომლებიც ექიმმა აუსკულტაციით (ფონენდოსკოპით მოსმენა ფიზიკური გასინჯვისას) შეიძლება აღმოაჩინოს. სარქვლის პათოლოგია ექოკარდიოგრაფიული გამოკვლევით შეიძლება დადგინდეს, განსაკუთრებით, უმნიშვნელო ხარისხის დაზიანებები, რომლებიც აუსკულტაციურად არ იდენტიფიცირდება.
დაზიანებული სარქვლები შეიძლება ან აღდგეს, ან შეიცვალოს. მოხსენიებულთაგან პირველი ოპერაციულ ჩარევას მოითხოვს, თუმცა ზოგჯერ გულის კათეტერიზაციის მეთოდითაც არის შესაძლებელი, განსაკუთრებით, თუ სარქვლის სტენოზის კორექციაა საჭირო. სტენოზირებულ სარქველს აფართოებენ ბალონური ვალვულოპლასტიკის გამოყენებით. ამ პროცედურის დროს ბალონიანი კათეტერი მაგისტრალური სისხლძარღვების გავლით გულში შეჰყავთ. სარქვლის დაზიანების ადგილზე ბალონი იბერება და აფართოებს სარქვლის ხვრელს. პროცედურის ჩასატარებლად არ არის საჭირო ზოგადი ანესთეზია, აღდგენის პერიოდი ხანმოკლეა.
რაც შეეხება სარქვლის შეცვლას, ცნობილია ხელოვნური სარქვლის ორი სახეობა – მექანიკური და ბიოლოგიური პროთეზი. ეს უკანასკნელი დამზადებულია ღორის გულის სარქვლის ქსოვილისგან (ბიოპროთეზი). მექანიკური სარქველი უკვე მრავალი წელია, რაც გამოიყენება. ამ შემთხვევაში პაციენტმა მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა მიიღოს ანტიკოაგულაციური მედიკამენტები, რათა თავიდან იქნეს აცილებული მექანიკურ სარქველზე სისხლის კოლტის წარმოქმნა. ბიოსარქველი დროთა განმავლობაში ცვდება და 10-12 წელიწადში ერთხელ უნდა შეიცვალოს; სამაგიეროდ, ანტიკოაგულანტების მიღება მხოლოდ ოპერაციის შემდგომი რამდენიმე თვის განმავლობაშია საჭირო. დაზიანებული ან ჩანაცვლებული სარქვლის ინფიცირების ალბათობა მაღალია. ამიტომ ამ პაციენტებს, ამა თუ იმ სამედიცინო პროცედურის (მაგალითად, კბილის ამოღება ან მცირე ქირურგიული ჩარევა) წინ პრევენციისთვის ანტიბიოტიკები ეძლევათ. ეს ღონისძიება თავიდან აცილებს მათ სარქვლის ბაქტერიულ ანთებას (ინფექციური ენდოკარდიტი).
ასაკობრივი ცვლილებები: ასაკის მატებასთან ერთად მიტრალური და აორტული სარქვლები სქელდება და უხეშდება. აორტის სარქვლის ცვლილებებს ხშირად თან ახლავს წნევის ციფრების მატება და მიტრალური სარქვლის გადაძაბვა. ასეთ დროს გულის კუნთი მეტ ჟანგბადს საჭიროებს ტუმბოს ფუნქციის ეფექტურად განხორციელებისთვის. იქმნება მანკიერი წრე, რომლის გახანგრძლივების შემთხვევაში ჩნდება სიმპტომები, გართულებები. ზემოაღნიშნული უმეტესწილად მოხუცებისთვის არის დამახასიათებელი.